აფაზია, როცა მეტყველების უნარი იკარგება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აფაზია, როცა მეტყველების უნარი იკარგება

ამ შემთხვევაში პაციენტებს ხანგრძლივი თერაპიის სახით უტარდებათ აფაზიოლოგიური რეაბილიტაცია.

რა იწვევს აფაზიას, როგორ ვებრძოლოთ მის შედეგებს - პრობლემასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებზე “ლოგომედი - მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის” ხელმძღვანელი, ექიმი ეკა ჭავჭავაძე გვესაუბრება.

- თავის ტვინის დაზიანების შედეგად განსხვავებული სიმძიმისა და ხარისხის მეტყველების დარღვევები ვითარდება და მათ ძირითადად ისეთი ფაქტორები განაპირობებს, როგორებიცაა თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები (იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი), თავის ტვინის სიმსივნური ახალწარმონაქმნები და ქალა-ტვინის ტრავმები.

ყველაზე ხშირად აფაზიის მიზეზი იშემიური ინსულტია, მოგეხსენებათ, ამ დროს თავის ტვინის კონკრეტული უბნების სისხლმომარაგება ირღვევა, რაც შესაბამისი უბნის ფუნქციათა, ამ შემთხვევაში კი მეტყველების მოშლის მიზეზი ხდება.

- აფაზია განსხვავებულად გამოვლინდება, როგორ დაგვიხასიათებდით მის კლინიკურ ფორმებს?

- ცნობილია ტოტალური აფაზია, მეტყველების უნარის სრული მოშლა, როდესაც პაციენტი ვერც თავად საუბრობს და ვერც მისადმი მიმართულ მეტყველების გაგებას ახერხებს. იგი დამახასიათებელია მწვავე პერიოდისთვის როგორც ინსულტების, ისე ქალა-ტვინის ტრავმების შემდგომ პირველ ეტაპზე. ტოტალურ აფაზიას მოგვიანებით ანაცვლებს მოტორული, დინამიკური აფაზია - პაციენტი ნელ-ნელა იწყებს მისადმი მიმართული მეტყველების გაგებას, თუმცა თავად ვერ ახერხებს გარშემომყოფებთან ვერბალურ კონტაქტს, ეს ექსპრესიული მეტყველების დარღვევაა, როდესაც პაციენტისთვის კომუნიკაციის ძირითად საშუალებას ე.წ. სამეტყველო ემბოლი წარმოადგენს, ანუ სტერეოტიპულად განმეორებადი ბგერათა კომპლექსები, მარცვალი ან სიტყვა, რომელიც შესაძლოა როგორც კარგი, ისე რამდენადმე გაუგებარი ინტონაციის იყოს.

დინამიკური აფაზია ვითარდება მარცხენა ნახევარსფეროს შუბლისა და საფეთქლის წილების დაზიანებისას, ანუ იმ ზონაში, სადაც მეტყველების აქტივაციის, რეგულაციისა და დაგეგმვის ცენტრებია. ამ შემთხვევაში მეტყველება მარტივია, ვლინდება ზმნების დეფიციტი ან მათი სრული უქონლობა, პაციენტი მეტყველებს მოკლე ფრაზებით და სიტყვათა შორის დიდი პაუზებით.

მეტყველება ერთფეროვანია, ზოგჯერ ვლინდება ექოლალიებიც.

ცნობილია სენსორული აფაზია - პაციენტს ეკარგება მისადმი მიმართული სიტყვებისა თუ წინადადებების შინაარსის გაგების უნარი. მისთვის გარშემომყოფთა საუბარი ერთგვარ ბგერათა ნაკადად აღიქმება, რომლის მნიშვნელობაც მისთვის გაუგებარია. ირღვევა რეცეპტული ტიპის მეტყველება. ასეთ დროს პაციენტებს მსგავსი სიტყვები ერთნაირად ესმით, მაგალითად, ქალი - ქარი, ლომი – რომი, შესაძლოა ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვანაირად ესმოდეთ, ან მსგავსი სიტყვების მნიშვნელობა ერეოდეთ ერთმანეთში, მაგალითად, რუკა - ლუკა.

მოტორულისა და სენსორულის გარდა არსებობს სემანტური და ამნესტური ფორმები. სემანტური ფორმისას პაციენტები საკმაოდ კარგად მეტყველებენ, თავისუფლად ლაპარაკობენ, არცთუ ურიგოდ ესმით სხვათა საუბარი, მაგრამ გარკვეულ სიძნელეებს აწყდებიან ანდაზების, გამოცანების, იუმორის, რთული სამეტყველო კონსტრუქციის ინსტრუქციების გაგებისას.


ამნესტური ფორმისას პაციენტებს შედარებით ურთულდებათ საგნების სახელდება, მათი თვისებრივ-ხარისხობრივი ნიშნით სორტირება.

- თუ არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი ამნეზიის გამომწვევ ფაქტორსა და მის კლინიკურ გამოვლინებას შორის?

- გამომწვევი ფაქტორის მიხედვით განსხვავებულია აფაზიის ფორმები და ფაქტორის შესაბამისად, განსხვავებულია მისი დამახასიათებელი ნიშნებიც. მაგალითად, პაციენტების დიდ ნაწილს იშემიურ ინსულტამდე რამდენიმე ხნით ადრე ერღვევათ მეტყველების ფუნქცია: საუბრისას ავიწყდებათ საგანთა სახელები, უშუალოდ ინსულტის შემდგომ, მწვავე პერიოდში კი ვითარდება ტოტალური აფაზია – სრულად იკარგება მეტყველების უნარი.

ასევე ტოტალური აფაზია ვითარდება ქალა-ტვინის ტრავმების შემდგომ, გამოჯანმრთელების პროცესის პარალელურად ტოტალურს ცვლის მოტორული ან სენსორული ფორმები.

ქალა-ტვინის ტრავმების შემდგომ, პირველ კვირაში, ტრავმით გამოწვეული ტვინის ფუნქციების დამუხრუჭების პარალელურად ვითარდება აფაზიის დინამიკური ფორმა.

თავის ტვინის სიმსივნური პროცესის განვითარებისას მეტყველების დისფუნქცია ორ ძირითად შემთხვევაში იჩენს თავს: 1. როდესაც ავთვისებიანი სიმსივნე ლოკალიზებულია ქერქში; 2. იგი იზრდება და მთელი ტვინის მუშაობას არღვევს.

კეთილთვისებიანი სიმსივნეებისას აფაზია ნელ-ნელა ვითარდება და მეტყველების დარღვევები მხოლოდ მოგვიანებით ეტაპზე იჩენს თავს, მაშინ როცა ავთვისებიანისას ეს სიმპტომი ადრეულ სტადიაზევე შეიმჩნევა და სიმსივნის ლოკალიზაციის მიხედვით, შესაძლოა დასაწყისშივე ტოტალური აფაზია გამოიწვიოს.

- როგორ მიმდინარეობს მეტყველების უნარის აღდგენა, რომელი ფაქტორების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს აფაზიისას რეაბილიტაცია?

- ვიდრე პაციენტთან აფაზიის საკორექციო მუშაობა დაიწყება, აუცილებელია შედგეს მასთან სამოქმედო ინდივიდუალური პროგრამა, რომელსაც ენისა და მეტყველების სპეციალისტი, ექიმი-აფაზიოლოგი ადგენს და ბავშვთა ლოგოპედის საქმიანობისგან მისი მუშაობა პრინციპულად განსხვავებულია. მეტყველების თერაპიის მიმდინარეობას მის შინაარსს, სავარჯიშოთა ტიპებს, უპირველესად, განსაზღვრავს დაზიანების სახე და გამომწვევი მიზეზი.

პროგრამის შედგენისას აფაზიოლოგი ითვალისწინებს როგორც პაციენტის ინდივიდუალიზმს, მის მეტყველების დარღვევის თავისებურებებს, ასევე პიროვნულ თვისებებს, მის ინტერესებსა და მოთხოვნებს.

  • აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს აფაზიოლოგიური მუშაობა, ტრავმისა და ინსულტის შემდგომ ყველაზე შედეგიანია პირველი სამი თვის მანძილზე ჩატარებული მუშაობა, რაც მეტყველების როგორც სენსორული, ისე მოტორული ნაწილის სრული აღდგენის საშუალებას იძლევა.
  • საკორექციო სამუშაოთა სასურველი სიხშირეა სულ მცირე 3-ჯერ კვირაში. პირველ კვირებში სასურველია პაციენტთან ყოველდღიური მუშაობა.
  • საკორექციო სამუშაო ორ ნაწილად იყოფა: სპეციალისტის მიერ ჩასატარებელი და დამოუკიდებლად განსახორციელებელი, ეს უკანასკნელი პაციენტთან ოჯახის წევრის მუშაობას გულისხმობს.

მუშაობა უნდა ტარდებოდეს რეგულარულად, ხანგრძლივი პაუზების გარეშე.

- ოჯახის წევრის დამოუკიდებელი მუშაობა კონკრეტულად რა ღონისძიებებს ითვალისწინებს?

- მოტორული აფაზიისას გვეხმარება ლექსების კითხვა, მოკლე ფრაზების გამეორება, სიმღერები. აფაზიას ხშირად თან სდევს კითხვისა და წერის უნარის დარღვევაც, ამ მხრივ ტარდება სპეციფიკური სავარჯიშოები, რომელთაც ოჯახის წევრებს აფაზიოლოგი რეკომენდაციათა სახით სთავაზობს.

მსუბუქი ფორმის მოტორული ალალიისას პაციენტებს შენარჩუნებული აქვთ საუბრის ტემპი, შეუძლიათ კითხვა და კარნახით წერა, თუმცა დარღვეულია კომუნიკაციური მხარე, ვერ ახერხებენ წინადადებების ერთმანეთთან დაკავშირებას და აზრის ჩამოყალიბებას, ამიტომ ამ შემთხვევაში აფაზიოლოგის მთავარი ამოცანაა, პაციენტს დაეხმაროს წაკითხული ტექსტების შინაარსის მოყოლაში, წინადადებაში სიტყვების დალაგებაში და ფრაზეოლოგიური მეტყველების განვითარებაში.

სენსორული აფაზიისას კი სპეციალისტის მთავარი ამოცანაა მიმართული მეტყველების გაგებასთან დაკავშირებული სირთულეების აღმოფხვრა, თუ ეს მხარე შენარჩუნებულია, მაშინ აუცილებელია პაციენტს გაუადვილოთ მეტყველების აზრობრივი სტრუქტურის დალაგება და შემეცნება.

- რა რჩევებს მისცემდით აფაზიის მქონე ადამიანის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს?

- დასაწყისშიც აღვნიშნეთ, რომ მუშაობის პროცესში ოჯახის წევრებისა და ნათესავების ჩართულობა აუცილებელი და გადამწყვეტია.

უნდა გვახსოვდეს, რომ აფაზია ფსიქიკური დაავადება არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტის მეტყველება აზრს მოკლებულია და იგი თავადაც ვერ აცნობიერებს ხარვეზს, მას ხშირად კარგად ესმის გარშემომყოფთა საუბარი და მისი შინაარსი.

  • პაციენტთან საუბრისას არ არის საჭირო ხმის მომატება, აფაზიისას სმენის ფუნქცია შენარჩუნებულია და ხმამაღალი საუბარი ვერაფრით ვერ აუმჯობესებს ურთიერთობას.
  • აფაზიის მქონენი ძალზე მტკივნეულად რეაგირებენ ხმაურზე, არ არის სასურველი რამდენიმე ადამიანი ერთდროულად ესაუბრებოდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოთახში ტელევიზორი ან რადიოა ჩართული.
  • პაციენტს გაცილებით რთულად ესმის გრძელი და სწრაფი წინადადებები, ამიტომ ესაუბრეთ მას ნელა, მარტივი წინადადებებით, გაუმეორეთ ფრაზები, თუმცა არაფრით მიმართოთ ბავშვივით, ენის მოჩლექით, მოფერებით, განსხვავებული დიქციითა და მომატებული, გაძლიერებული ჟესტიკულაციით. დაუსვით ისეთი კითხვები, რომლებზეც მას შეუძლია გიპასუხოთ “კი” ან “არა”.

პაციენტებზე ძლიერ დამთრგუნველი ეფექტი აქვს ახლობლებთან ურთიერთობის შეზღუდვას, პირიქით, ისინი რაც შეიძლება ხშირად უნდა ჩართოთ საზოგადო საუბრებში, მიმართეთ რაც შეიძლება ბევრი კონკრეტული კითხვითა და მარტივი თხოვნებითაც.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ შეუძლია ელემენტარული მარცვლების წარმოთქმაც კი, შეგიძლიათ ის ავტომატიზებული სამეტყველო რიგებით ავარჯიშოთ: თვლა, კვირის დღეების ჩამოთვლა, წელიწადის დროები, თვეები, წაუკითხეთ მისთვის კარგად ნაცნობი ლექსები და სიმღერების ტექსტები.

ამ დროს იგი თვალს უნდა ადევნებდეს თქვენი ტუჩების მოძრაობას, არტიკულაციას და ეცადოს ნელ-ნელა იმეოროს ყოველივე.

სამეტყველო რიგების ჩამოთვლა 2-3 კვირის შემდგომ უკვე გარკვეულად შედეგიანია, დასაწყისში შესაძლოა საუბარი არ იყოს გარკვევით, მაგრამ დროთა განმავლობაში ის დაიხვეწება.

პარალელურად აუცილებელია წერისა და კითხვის უნარებზე მუშაობა. თუ მყარი პარეზის გამო შეუძლებელია მარჯვენა ხელით წერის აღდგენა, მაშინ მარცხენა ხელით წერა ვასწავლოთ.

პაციენტთან დამოუკიდებელი სამეტყველო მეცადინეობები პირველ კვირებში გრძელდება 7-დან 15 წუთის განმავლობაში, 1-2 თვის შემდეგ - 30 წუთი, ზოგჯერ მიზანშეწონილია მეცადინეობები დაიყოს და დღეში 2-3-ჯერ ჩატარდეს.

არ დაგვავიწყდეს, აფაზიის მქონე ადამიანებთან წარმატებული შედეგის საწინდარი თანასწორუფლებიანი, პარტნიორული ურთიერთობაა როგორც დიალოგის, ისე სავარჯიშოების შესრულებისას.

უსმინეთ მას – ეს ლოდინს ნიშნავს! მათ დიდი დრო სჭირდებათ აზრის ფორმირებისთვის. იყავით დიალოგის ინიციატორი, მაგრამ ნუ დაეხმარებით ფრაზების შეშველებით, მიეცით საკუთარი აზრების გამოხატვის საშუალება.

გაუგებარი გამონათქვამებისას ან სიტყვების სტერეოტიპული გამეორებისას აკრძალულია ყოველგვარი კომენტარი, თუნდაც ხუმრობით ნათქვამი. თავაზიანად შეაწყვეტინეთ საუბარი ყურადღების სხვა თემაზე გადატანით.

ყოველი მეცადინეობის დაწყებისას გახსოვდეთ, რომ შეძლებთ ერთმანეთის გაგებას და ყოველ ჯერზე მზად იყავით ყველაფრის თავიდან დასაწყებად.