მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი

მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი გამოწვეულია მუცლის ქვედა ნაწილისა და მენჯის ღრმა ვენების ვარიკოზული გაგანიერებით. რადგანაც ამ სინდრომის გამომწვევი ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები ღრმად მდებარეობს, ეს ცვლილება თვალისათვის უხილავი რჩება. მენჯის სისხლსავსეობა დაკავშირებულია მენჯის ღრმა ვენებში, უხშირესად კი საკვერცხის ვენებში სისხლის რეფლუქსთან, ანუ უკუდინებასთან.

ცნობილია, რომ მენჯის ვენების გაგანიერება შვილოსნობის ასაკის ქალების 15%-ს აქვს, თუმცა მენჯის სისხლსავსეობის სინდრომისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ყველას არ უვითარდება.

მენჯის სისხლსავსეობის სინდრომისას პაციენტებს აქვთ შემაწუხებელი ხანგრძლივი ტკივილი ან ქაჩვის შეგრძნება, რომელიც მენჯის არეს მოიცავს, უარესდება დგომისა და ჯდომისას და მცირდება წოლისას. გარდა ამისა, მენჯის სისხლსავსეობა შეიძლება გახდეს გაღიზიანებული ნაწლავისა და შარდის ბუშტის, სქესობრივი კავშირისას ტკივილის მიზეზი, გამოიწვიოს გარეთა სასქესო ორგანოების, შორისის, სწორი ნაწლავის, საშოს არეში ზედაპირული ვენების გაგანიერება.

ბრიტანეთის მონაცემებით, მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი იმ ქალების 13-40%-ს აღენიშნება, რომელთაც მენჯის არის ქრონიკული ტკივილი აქვთ. მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი ციფრებისა, უდავოა, რომ მდგომარეობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი.

რა არის მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი

სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მდგომარეობის სახელწოდება სრულად აღწერს მის არსს. პრობლემა მართლაც სწორედ მენჯის სისხლსავსეობაა, რაც, თავის მხრივ, ვენებში სისხლის მიმოქცევის შეფერხებას უკავშირდება. როგორც არაერთხელ გვითქვამს, ორგანოებს სისხლი მიეწოდება არტერიებით, სისხლის უკუდინება კი ხდება ვენების მეშვეობით. თუ ვენაში სისხლის მოძრაობა შეფერხდა, სისხლი ორგანოში შეგუბდება და მის სისხლსავსეობას გამოიწვევს, რაც კლინიკურად სხვადასხვა სიმპტომით გამოვლინდება.

მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი უმთავრესად დაკავშირებულია მუცლის ქვედა ნაწილისა და მენჯის ღრმა, ჩვენთვის უხილავი ვენების ვარიკოზულ გაგანიერებასთან.

მენჯის ანატომიური თავისებურებების გამო აღწერილი მდგომარეობა გაცილებით ხშირია ქალებთან. ამ განსხვავებას ისიც განაპირობებს, რომ მამაკაცებთან მენჯის ოთხი ვენიდან ორი - სათესლე ჯირკვლის ვენები - ზედაპირულად მდებარეობს და გაგანიერებისას ვარიკოცელეს იწვევს. სამწუხაროდ, ანალოგიური ვენები ქალებთან ღრმადაა განლაგებული და მათი გამოვლენა მხოლოდ სპეციალური კვლევებითაა შესაძლებელი.

არსებული მონაცემებით, მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი უხშირესად 20-45 წლის ასაკში გვხვდება და უფრო ხშირია ორი და მეტი ორსულობა-მშობიარობის მერე. ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ ის გვხვდება იმ ქალებთანაც, რომლებიც ორსულად არასოდეს ყოფილან. ორსულობისა და მენჯის სისხლსავსეობის სინდრომის ურთიერთკავშირს მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის აღსანიშნავია:

  • სხეულის წონისა და მოცირკულირე სისხლის მოცულობის მატება, რაც ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას უწობს ხელს;
  • ორსულობისას ვენა უფრო მიდრეკილია დაზიანებისა და ვარიკოზების აღმოცენებისაკენ;
  • ორსულობისას ჰორმონული ცვლილებები ასუსტებს ვენების კედელს და განაპირობებს მათ ვარიკოზულ გაგანიერებას.

რა არის მიზეზი

მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი ვითარდება, როცა მენჯის ვენები განიერდება, კედელი შუპდება. უფრო ზუსტად თუ აღვწერთ არსებულ ცვლილებებს, ვენების სარქვლები სათანადოდ ვეღარ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას, აღარ იხურებიან და სისხლი, რომელიც მენჯიდან უნდა მიედინებოდეს ქვედა ღრუ ვენისა და შემდეგ გულისაკენ, ისევ ორგანოს უბრუნდება და მენჯის გაგანიერებულ ვენებში დეპონირდება (გროვდება), რაც კიდევ უფრო აგანიერებს ვენებს. მენჯის გაგანიერებული ვენები აწვებიან მენჯის საკმაოდ მგრძნობიარე სტრუქტურებს, მის ქვედა კედელს და პაციენტის ჩივილებს იწვევენ. მენჯის ვენებში სისხლის გაუარესებული მიმოქცევა ზრდის ფლებიტის - ვენების ანთების რისკს.

როგორ ვლინდება მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი

მენჯის სისხლსავსეობის სინდრომის დროს პაციენტები გრძნობენ ტკივილს მენჯის სიღრმესა და საშვილოსნოს არეში, რაც უხშირესად ყრუ, შემაწუხებელი ხასიათისაა. ტკივილი უარესდება დღის განმავლობაში, უმთავრესად დგომისა და ვარჯიშის დროს, მენსტრუაციის წინა პერიოდში. ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს სხეულის პოზიციის შეცვლის, სიარულის, მძიმე საგნების აწევის, მუცლის პრესის დაძაბვის დროს. შესაძლოა მენჯის სისხლსავსეობის დროს ქალს აღენიშნებოდეს ტკივილი მენსტრუაციის დროს, დისკომფორტი სქესობრივი კავშირისას, მის მერე ან ორსულობის დროს.

ზოგ შემთხვევაში მენჯის სისხლსავსეობის დროს პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ჩივილები საშარდე სისტების მხრივ - გაღიზიანებული შარდის ბუშტის სიმპტომები, შარდის შეუკავებლობა, გახშირებული შარდვა ღამის განმავლობაში. ერთ-ერთი ხშირი სიმპტომი მენჯის სისხლსავსეობის სინდრომისას არის სასქესო ბაგეების ან საშოს ვენების გაგაგნიერება.

გარდა აღწერილისა, შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა არასპეციფიკური სიმპტომი:

  • საშოს არის შეშუპება;
  • ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • ანომალიური მენსტრუალური სისხლდენა;
  • მუცლის ქვედა ნაწილის მტკივნეულობა ზეწოლისას;
  • საშოდან გამონადენი;
  • ტკივილი ზურგის არეში;
  • ძილიანობა;
  • დეპრესიულობა.

რამდენად რთულია დიაგნოზის დადგენა

მენჯის სისხლსავსეობის სინდრომის დიაგნოზის დადგენა იოლი არ არის, რადგანაც ზემოთ აღწერილი სიმპტომები მრავალ სხვა დაავადებასა თუ მდგომარეობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ანალოგიური ნიშნებით შეიძლება გამოვლინდეს:

  • ენდომეტრიოზი - მდგომარეობა, როცა საშვილოსნოს შიგნითა გარსის - ენდომეტრიუმის ქსოვილი იწყებს ზრდას ორგანოს გარეთ;
  • საშვილოსნოს მიომა;
  • საშოს პროლაფსი - დაწევა;
  • გინეკოლოგიური ანთებითი დაავადებები;
  • ნაწლავების, საშარდე სისტემის დაავადებები;
  • ხერხემლისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები;
  • დეპრესია, სქესობრივი დისფუნქცია.

ექიმი დეტალურად იკვლევს პაციენტს ამ დაავადებების გამოსარიცხად. თუ მათი არსებობა არ დადასტურდა, იწყება კვლევა მენჯის სისხლსავსეობის სინდრომის დიაგნოზის დასადასტურებლად. ეს შეიძლება იყოს:

  • ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია) - ის გვეხმარება სისხლის დინებისა და მენჯის ვენების ვარიკოზის არსებობის შეფასებაში, ამავე დროს ზოგიერთი გინეკოლოგიური დაავადების გამორიცხვაში.
  • ვენოგრაფია - ამ კვლევის დროს საზარდულის არიდან სპეციალური საკონტრასტო ნივთიერება შეჰყავთ ერთ-ერთ ვენაში და ვენების მდგომარეობის შესასწავლად ტარდება რენტგენოგრაფია. ვენოგრაფია მენჯის სისხლსავსეობის სინდრომის სადიაგნოზო “ოქროს სტანდარტია” - გვაძლევს დიაგნოზის ზუსტად დადგენის საშუალებას.
  • კომპიუტერული ტომოგრაფია - მართალია, მენჯის არის კომპიუტერული ტომოგრაფიით შეიძლება გამოვავლინოთ ვენების ვარიკოზული გაგანიერება, მაგრამ ის არ არის იდეალური დიაგნოსტიკისათვის, რადგანაც კვლევის დროს პაციენტი უნდა იწვეს. ეს ამცირებს წნევას ვენებში, რის გამოც ვარიკოზის გამოვლინება გართულებულია. იგივე შეიძლება ითქვას მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევაზეც.
  • ლაპაროსკოპია - თუ ტკივილი შემაწუხებელია, მისი გამომწვევი სხვა მიზეზები არ ვლინდება და ზემოთ მითითებულმა კვლევებმა შედეგი არ მოგვცა, შეიძლება ჩატარდეს ლაპაროსკოპია - მუცლის ზედაპირზე ტარდება პატარა განაკვეთი, რომლიდანაც სპეციალური ხელსაწყოთი - ლაპაროსკოპით, ათვალიერებენ მენჯის ღრუს.

მენჯის სისხლსავსეობის სინდრომის მკურნალობა

მენჯის სისხლსავსეობის სინდრომის მედიკამენტური მკურნალობის ეფექტურობა დაზუსტებული არ არის, თუმცა შეიძლება გამოყენებული იყოს:

  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები - მაგალითად, იბუპროფენი, რომელიც ამცირებს ტკივილსა და ანთებას;
  • ჰორმონული საშუალებები - მოქმედებენ საკვერცხის ფუნქციაზე და ამცირებენ მენჯის სისხლსავსეობას;
  • ვენების კედლებზე მოქმედი საშუალებები.

თუ ეს ყველაფერი უეფექტოა, შესაძლოა ჩატარდეს მანიპულაციები ვარიკოზულ ვენებში სისხლის ნაკადის შესამცირებლად და სისხლის შეგუბების თავიდან ასაცილებლად. ამ მიზანს ემსახურება:

  • ვენის ემბოლიზაცია - სპეციალური კათეტერით ვენაში შეჰყავთ გარკვეული საშუალებები, რაც ვენას ახშობს;
  • სკლეროთერაპია - ანალოგიურად ხდება ვენის ბლოკირება გარკვეული სითხით.

არსებული მონაცემების თანახმად, ემბოლიზაცია წარმატებული პროცედურაა, დაავადების რეციდივი აღენიშნება მხოლოდ პაციენტთა 8%-ს, პროცედურიდან 2-4 კვირის განმავლობაში პაციენტთა 70-85%-ის მდგომარეობა უმჯობესდება, რაც შემდგომი 4 წლის განმავლობაში შემთხვევათა 83%-თან ნარჩუნდება.