რუბრიკები
როგორ ზრუნავენ საქართველოში დიაბეტით დაავადებულ ბავშვებზე

დიაბეტის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადების, თავისებურებებსა და გართულებებზე არაერთი საინტერესო ინფორმაცია დაბეჭდილა ჩვენს ჟურნალში. ეს რომ მსოფლიო დონის პრობლემაა და მოწინავე ქვეყნებში განსაკუთრებულად ზრუნავენ დიაბეტით დაავადებულ მოსახლეობაზე, ესეც კარგად მოეხსენება ჩვენს მკითხველს. ამჯერად გვინდა, თქვენი ყურადღება საქართველოში არსებულ ვითარებასა და მოქმედ პროგრამებზე შევაჩეროთ. სამწუხაროდ, დიაბეტი საქართველოსთვისაც
სერიოზული სატკივარია - ზრდასრულ მოსახლეობასთან ერთად ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილსაც მოიცავს, თუმცა უკანასკნელი კატეგორია მეტ-ნაკლებად დაცულია და უზრუნველყოფილია სათანადო პაკეტით. სწორედ ამ პროგრამის ცალკეული დეტალების გასარკვევად ვეწვიეთ დიაბეტიან ბავშვთა
სარეაბილიტაციო ცენტრს და დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტს, ქიმიის
მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ კობა ამირხანაშვილს გავესაუბრეთ:


- ჩვენი ორგანიზაცია 19 წლის წინ შეიქმნა. ის ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია გახლდათ, რომელიც ქველმოქმედებისთვის  დაარსდა. იმხანად ჩემს სამი წლის ვაჟს, გიორგის, დიაბეტი აღმოაჩნდა და ჩვენი ოჯახი აღმოჩნდა პირველი, ვინც მასშტაბურად შეეჭიდა ამ პრობლემას. მოგეხსენებათ, რთული დრო იყო, ინგრეოდა საბჭოთა კავშირი და მედიკამენტების ნაწილი, რომელსაც საქართველო რუსეთიდან იღებდა, დეფიციტური გახდა, მომარაგება შეწყდა და ავადმყოფებს დიდი სირთულეები შეექმნათ. მაშინ ასოციაციამ მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. 1993-1995 წლებში, მართლაც რომ უმძიმეს პერიოდში, ინსულინის კრიზისის დროს, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ. მე მაშინ შევარდნაძეს მივმართე თხოვნით, ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ - ბეიკერს და ფაქტობრივად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეძენილი ინსულინი გამოიგზავნა საქართველოში. იმ ომის წლებში ხალხი დედაქალაქში ვერ ჩამოდიოდა და მე საკუთარი ავტომანქანით ჩამქონდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ინსულინი. მიუხედავად მძიმე პერიოდისა, ბავშვებში ლეტალობის ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა. არ ვაჭარბებ - ყოფილა ფაქტები, რომ ჰიპერგლიკემიურ კომაში ჩავარდნილი ბავშვებისთვის სულზე მიგვისწრია (ყველა პაციენტი აღრიცხული გვყავდა).


- დღეს რა ვითარებაა? დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის გამიზნულ ამჟამად მოქმედ სახელმწიფო პროგრამებზე რას გვეტყვით?
- 1995 წლიდან მე სახელმწიფო საბჭოში გახლდით, მოგვიანებით პარლამენტის წევრი გავხდი. ჩემი ამოცანა იყო, სახელმწიფო დონეზე მომეგვარებინა ეს პრობლემები. იმდენი მოვახერხე, რომ ავთანდილ ჯორბენაძის მინისტრობის პერიოდში,  ჯანდაცვის სისტემისთვის დამანგრეველი იმ რეფორმის დროს,  ჩემი თხოვნითა და შევარდნაძის დავალებით ბიუჯეტში ჩაიდო დიაბეტიანთა დაფინანსება. ფაქტობრივად, ინსულინით პაციენტთა უზრუნველყოფა სახელმწიფო პროგრამის სახით 1996 წლიდან ამოქმედდა. ჩემი მრავალწლიანი საპარლამენტო მოღვაწეობის დროს არაერთი პროგრამის ლობირება შევძელი. ეს ეხება არა მხოლოდ შაქრიან დიაბეტს, არამედ უშაქრო დიაბეტს, ფენილკეტონურიას, კარდიოქირურგიას, ონკოლოგიას. არ მინდა, თავის ქებაში ჩამომართვათ, მაგრამ არაერთი პროგრამა განისაზღვრა მაშინ ჩემი თაოსნობით სახელმწიფო დონეზე, მათ შორის - მზრუნველობას მოკლებული ბავშვების სამედიცინო დახმარების პროგრამაც. ეს ყოველივე დიდი ბრძოლით გამქონდა. მრავალ მათგანს ასეთივე ბრძოლითა და ძალისხმევით ვინარჩუნებთ დღემდე. ისიც უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ ბევრმა პროგრამამ განიცადა ტრანსფორმაცია, ბევრი დაიხვეწა და გაუმჯობესდა. პროგრესი განიცადა დიაბეტიანთა პროგრამამაც, მოხდა მისი განვითარება. დღეს ეს უკანასკნელი მოიცავს 18 წლამდე ასაკის პაციენტებს, თანაც თუ ადრე დიაბეტით დაავადებულები მხოლოდ ინსულინს იღებდნენ, დღეს პაკეტიც გაზრდილი და გაფართოებულია.


- თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით გვითხარით, რას მოიცავს ეს პაკეტი.
- პაკეტი მოიცავს:

  • ინსულინით უზრუნველყოფას - ჩვენ ბავშვებს განსაკუთრებულ, საუკეთესო, ყველაზე მაღალი ხარისხის ინსულინს ვაძლევთ. გვამარაგებს დანიური კომპანია "ნოვო-ნორდისკი", მსოფლიოს უდიდესი, წამყვანი ფარმაცევტული ფირმა, რომელმაც პირველმა შექმნა ინსულინი. ჩემი დევიზია: რაც ექნება ჩემს გიორგის, ის ექნება ყველას შვილს! ამ პრინციპით ვმოქმედებდი, ვმოქმედებ და მუდამ ვიმოქმედებ, ვიდრე ცოცხალი ვარ და ამ საქმეს ვემსახურები.
  • მომარაგებას საზომი-საანალიზო საშუალებებით - ბავშვებს ვურიგებთ "როშის" ფირმის "აკუ-ჩეკ-გოუს" მოდელის გლუკომეტრებს, ჩხირებს აცეტონურიის (შარდში აცეტონის) გამოსავლენად, აგრეთვე გლუკაგონს ჰიპერგლიკემიური კომის პროფილაქტიკისთვის.
  • განათლებას - შექმნილია დიაბეტური სკოლა, სადაც პაციენტები ან მათი მშობლები სწავლების ორკვირიან კურსს გადიან. სწავლება რამდენიმესაფეხურიანია. ერთი წლის შემდეგ ისევ ხდება ტრენირება. სასწავლო კურსი  კომპლექსური ხასიათისაა. კავშირი გვაქვს ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკასთან. იქ არის ასოციაციის  ძირითადი ბაზა. აღნიშნულ კლინიკაში, გარდა იმისა, რომ ხდება დიაბეტიან ბავშვთა სამედიცინო მომსახურება, მიმდინარეობს იმის სწავლებაც, თუ როგორ უნდა მომზადდეს საკვები დიაბეტით დაავადებული ბავშვისათვის, როგორი მოვლა სჭირდება მას, რის ცოდნა და გათვალისწინებაა საჭირო და ასე შემდეგ. ადრე სკოლის მედდებსაც ვამზადებდით. ჩვენი წარმომადგენლები დადიან ქუთაისისა და აჭარის ფილიალებში.
  • ლაბორატორიულ გამოკვლევებს - ცენტრში ხდება გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა (ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ანალიზია), რისთვისაც ვიყენებთ საუკეთესო ამერიკულ აპარატს. კავშირი გვაქვს ოფთალმოლოგიის ცენტრთან. რამდენიმე წლის წინ ჩვენ მათ გადავეცით აპარატი, რომლითაც ჩვენს პაციენტებს იკვლევდნენ და სისტემატურად ამოწმებდნენ. ცხადია, თავიანთი საჭიროებისთვისაც იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს აპარატი მწყობრში არ არის, ოფთალმოლოგიის ცენტრი ჩვენთან თანამშრომლობას არ წყვეტს და დიაბეტიან ბავშვებს მაინც უფასოდ ემსახურება. მართლაც რომ საუკეთესო და თავდადებული კოლექტივია. დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს წელიწადში ორჯერ უფასოდ უტარებენ თვალის მონიტორინგს, ფსკერის გადაღებას, კატარაქტის ოპერაციას, საჭიროებისამებრ - სხვა გამოკვლევებსა და მანიპულაციებს. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ასევე ხელშეკრულება გვაქვს დადებული ტუბერკულოზის ცენტრთან, სადაც ფლუროგრაფია, რენტგენოგრაფია და სხვა გამოკვლევები ჩვენი ბავშვებისთვის უფასოა.
  • ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას - სარეაბილიტაციო ცენტრი შემოდგომაზე გაიხსნა. მუშაობა წარმოებს როგორც პაციენტებთან, ასევე მათ მშობლებთან. ბავშვებისთვის გვაქვს სპორტული და სააქტო დარბაზები. სარეაბილიტაციო პროგრამის მთავარი მიზანია დიაბეტით დაავადებული ბავშვების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია. სახელმწიფო ყოველწლიურად აფინანსებს ე. წ. დიაბეტურ ბანაკსაც, სადაც დაავადებული ბავშვები ისვენებენ.


- რამდენ ბავშვს ემსახურება ასოციაცია, რეალურად რამდენი ბავშვია დღეს დიაბეტით ავად?
- ჩვენ გვაქვს ვრცელი რეგისტრი, რომელსაც 1994 წლიდან მოყოლებული ვადგენთ. ამ ბაზაში შეყვანილია ყველა დაავადებული. გარდა საპასპორტო მონაცემებისა, ჩანიშნული გვაქვს, რა გამოკვლევა ჩაუტარდა თითოეულ მათგანს, რა დაავადებები გადაიტანა, რა გართულება ჰქონდა და ასე შემდეგ. ამ მონაცემთა ბაზაზე არაერთი დისერტაცია, სამეცნიერო შრომა და მოხსენება მომზადებულა. ამჟამად 18 წლამდე ასაკის 600 ბავშვს ვუწევთ მეთვალყურეობას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პაციენტები 18-დან 25 წლამდე ასაკშიც ფაქტობრივად ჩვენივე მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. ყველა დიაბეტიანი ჩემი შვილია! მიხარია მათი გაბედნიერება, წარმატება, გამრავლება და ჯანმრთელი შთამომავლობის დაბადება (ბატონმა კობამ "ასოციაციის შვილებთან" ერთად გადაღებული არაერთი ფოტო გვაჩვენა). მეამაყება, რომ 1996 წლიდან ლეტალობის ერთი შემთხვევაც კი არ გვქონია. ასეთი შედეგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის. მაგალითად, დსთ-ის ქვეყნებში ლეტალობა 7-8%-ია, ევროკავშირის ქვეყნებში - 3-4%, საქართველო კი არის ქვეყანა, სადაც დიაბეტიანი ბავშვების ლეტალობა ნულოვანია. მოგეხსენებათ, 2007 დიაბეტის წელი იყო, ამასთან დაკავშირებით გაერომ სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები გამოაცხადა და ჩვენ პირველ ადგილზე აღმოვჩნდით. და ეს - იმ პირობებში, როდესაც ერთ სულ დიაბეტიან მოსახლეზე დახარჯული თანხით ზიმბაბვეს დონეზეც არ ვართ. აფრიკის ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი, სადაც ჯერ კიდევ კანიბალიზმია, თითო დიაბეტიანზე საშუალოდ 400-700 დოლარს ხარჯავენ, ჩვენთან კი დღემდე არ არის დამტკიცებული აქტები, რომლებიც შესაბამის პროგრამებსა და პაკეტებს დაარეგულირებს.

არ მინდა, უმადური გამოვჩნდე, ამიტომ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ დღევანდელმა მინისტრმა დიდი წვლილი შეიტანა სარეაბილიტაციო პროგრამის დამატებაში. მარტო ინსულინის დარიგება ხომ არ არის!
სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარ თავზე აიღოს დიაბეტიანთა სხვა, მათ შორის სარეანიმაციო მკურნალობის ხარჯები, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა დაფინანსება. რა დააშავა ამ კატეგორიამ, რომელიც ინსულინს არ იღებს და აბებზეა?! მაგალითად, გვყავდა ენცეფალიტით დაავადებული ორი ბავშვი, რომლებსაც რეანიმაციაში ხანგრძლივად მკურნალობა მოუწიათ. მოგეხსენებათ, ჩვენთან ქრონიკულ პაციენტებს არ აზღვევენ, არადა რა ქნას ათასობით ასეთმა პაციენტმა? თავის დროზე პრეზიდენტიც შეცდომაში შეიყვანეს ამ უაზრო სადაზღვევო პაკეტის შემოღებით. რა გამოდის: აზღვევენ პოლიციელებს - რომ გამოვიდნენ და მიტინგები დაარბიონ, სამხედროებსა და პედაგოგებს - საარჩევნოდ ხმები რომ მოიპოვონ, უბრალო ხალხი კი იტანჯება! საბედნიეროდ, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაშვებული შეცდომა ჯანდაცვის სამინისტრომ ასე თუ ისე გამოასწორა და აამოქმედა რეფერალური პროგრამა მძიმე მდგომარეობაში მყოფი გაჭირვებული ბავშვების დასაფინანსებლად, რომელთაც სტაციონარული მკურნალობა სჭირდებათ. როგორც ხედავთ, მრავალი საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება და  მრავალი პრობლემაა გადასაჭრელი. მე ჩემი მხრივ ძალისხმევას არ დავაკლებ და ბოლომდე ვიბრძოლებ. როგორც უკვე გითხარით, ყველა დიაბეტიანი ბავშვი ჩემი შვილია და ვიდრე ცოცხალი ვარ, მათზე ზრუნვას არ შევწყვეტ!

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები