რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ვულვოვაგინიტი

მყავს 11 წლის გოგონა. ზაფხულში ზღვაზე ვისვენებდით, რის შემდეგაც ბავშვს დაეწყო საშოს შემაწუხებელი ქავილი, წვა. ხანდახან გამონადენიც აქვს. ტემპერატურა ნორმალურია. რისი ბრალი შეიძლება იყოს? გვირჩიეთ, როგორ მოვიქცეთ.

საშოსა და საშვილოსნოს ანთებითი დაავადებები ბავშვთა ასაკის გინეკოლოგიურ სნეულებებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება, მაგრამ მათი კლინიკური მნიშვნელობა იმდენად გავრცელებით არ განისაზღვრება, რამდენადაც იმით, რომ შეუძლიათ, რეპროდუქციული სისტემის დაზიანების მიზეზად იქცნენ და დიდ პრობლემებს დაუდონ სათავე. სქესობრივ მომწიფებამდე, საშუალოდ 10 წლამდე, სასქესო ორგანოები და საშვილოსნო მიდრეკილია ანთებითი პროცესებისკენ - ვულვიტებისა და ვაგინიტებისკენ. უმეტესად გვხვდება შერწყმული ანთება - ვულვოვაგინიტი. ის აფერხებს გოგონას სასქესო გზების მიკროფლორის ეტაპობრივ ჩამოყალიბებას და ცვლის მის ფიზიოლოგიურ თავისებურებებს.

საზოგადოდ, საშოსა და საშვილოსნოს მიკროფლორა ასაკის მიხედვით იცვლება. მისი ფორმირება რთული პროცესია. იგი დამოკიდებულია ორგანიზმის იმუნოლოგიური თავისებურებებისა და ჰორმონული სისტემის ურთიერთქმედებაზე. უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება საკვერცხეების ფუნქციურ მდგომარეობას, ლაქტოფლორას და ადგილობრივ იმუნურ ფონს. დაბადებისას გოგონას საშვილოსნო სტერილურია, 12 საათის შემდეგ კი მის ლორწოვანზე დასახლებას იწყებენ ბაქტერიები, რომელთა შორის ჭარბობენ ლაქტობაცილები. ისინი საშვილოსნოს ლორწოვანის გლიკოგენს რძემჟავად შლიან და ხელს უწყობენ მჟავა რეაქციის ფორმირებას. სწორედ მჟავა რეაქცია იცავს საშვილოსნოს გარეგანი, ეგზოგენური მიკროორგანიზმებისგან. სიცოცხლის მე-20 დღიდან დედის ჰორმონები (პროგესტერონი, ესტროგენი) ახალშობილის ორგანიზმს ტოვებს, რის გამოც ლაქტობაქტერიები ქრება, რეაქცია ხდება სუსტი ტუტე ან ნეიტრალური. ამავე დროს საშოში სახლდებიან კოკები და ბაცილები. ორი თვიდან პირველ მენსტრუაციამდე გოგონას საშოში უპირატესად ჭარბობს შემდეგი ფლორა:

  • 84%-ში - ეპიდერმული სტაფილოკოკები;
  • 80%-ში - დიფტეროიდები (კორინებაქტერიები);
  • 56%-ში - პეპტოსტრეპტოკოკები;
  • 32%-ში - ეუბაქტერიები;
  • 32%-ში (სკოლის ასაკში) - საშოს გარდნერელა;
  • 9%-ში (ძირითადად - 9 წლამდე) - მიკოპლაზმა.

ვულვოვაგინიტები უმთავრესად ნეიტრალურ (სქესობრივ მომწიფებამდე) პერიოდში გვხვდება. მათ წილად გინეკოლოგიური დაავადებების 82-85% მოდის. 9 წლიდან ორგანიზმში იმატებს საკუთარი ესტროგენების ოდენობა (ძლიერდება მათი სეკრეცია) და საშოს ლორწოვანი შრე კვლავ იცვლება, 10 წლიდან კი იწყება მისი ლაქტობაცილებით დასახლება და რეაქციის მჟავასკენ გადახრა. 13-14 წლისთვის ეპითელიუმი უკვე მომწიფებულია, ჩამოყალიბებულია მჟავა გარემო და ლაქტოფლორა. გოგონებში სასქესო გზების ინფიცირებას ხელს უმთავრესად შემდეგი ფაქტორები უწყობს:

  • სასქესო ორგანოების ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურება;
  • არასასქესო სისტემების (ექსტრაგენიტალური) ზოგიერთი დაავადება;
  • გარეშე (ეგზოგენური) პათოლოგიური ფაქტორები.

უარყოფით გავლენას ახდენს ჰიგიენის დაუცველობაც. 10 წლამდე ვულვოვაგინიტის გამომწვევად ყველაზე ხშირად გვევლინება:

  • ნაწლავის ჩხირი (60%-ში);
  • ოქროსფერი სტაფილოკოკი (21%-ში);
  • დიპლოკოკი (11%-ში);
  • ენტეროკოკი (7%-ში);
  • ქლამიდია (13%-ში);
  • ანაერობული ფლორა (7%-ში).

10-დან 15 წლამდე გაცილებით ხშირია სოკოვანი ვულვოვაგინიტები, რაც ანტიბიოტიკების არასწორი, ხშირი, უსისტემო გამოყენებით აიხსნება. ამ ასაკში ვულვოვაგინიტის გამომწვევია:

  • სოკო კანდიდა (47%-ში);
  • ნაწლავის ჩხირი (37%-ში);
  • სტაფილოკოკი (14,5%-ში)
  • სტრეპტოკოკი (20%-ში);
  • ასოცირებული (შერეული) მიკროორგანიზმები (7%-ში).

გოგონებს ხშირად ერიდებათ, დედას გაუმხილონ, რომ დისკომფორტი აქვთ. მხოლოდ დაკვირვებული მშობლები ამჩნევენ უხერხულ საქციელს. გოგონა პატარაობიდანვე ისე უნდა აღვზარდოთ, რომ არ მოერიდოს და არ დაუმალოს დედას, რა აწუხებს, რათა დროულად მიმართონ ექიმს - პედიატრს, ბავშვთა გინეკოლოგს, ინფექციონისტს. ვულვოვაგინიტის დროს გოგონა უჩივის:

  • შარდვის დროს წვას;
  • შარდვის პროცესის დარღვევას;
  • ქავილს;
  • გამონადენს (თეთრად შლას);
  • ტკივილს შორისის მიდამოში სიარულის დროს.

გარეთა სასქესო ბაგეები შეშუპებული და შეწითლებულია, ხშირად აქერცლილიც (ქავილის გამო). მუცლის, ბარძაყის კანზე შესაძლოა შეიმჩნეოდეს

სიწითლე, შესივება, სითხიანი ბუშტუკები - პაპულები და პუსტულები. ვულვოვაგინიტების მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. მძიმე ანთების დროს, ხშირი რეციდივის შემთხვევაში, მხოლოდ პირადი ჰიგიენის დაცვა და ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა საკმარისი არ არის. აუცილებელია ძირითადი დაავადების თერაპია, ქრონიკული ინფექციის კერების სანაცია, ორგანიზმის დამცველობითი ძალების გაძლიერება. საშვილოსნოს ნორმალური ფლორის აღსადგენად და ადგილობრივი იმუნიტეტის საკორექციოდ კომპლექსური მკურნალობის შემდეგ მიზანშეწონილია ეუბიოტიკების (ლაქტობაქტერინი და ა.შ.) დანიშვნა სანთლების სახით. თანამედროვე პრაქტიკაში იხმარება კომბინირებული ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური პრეპარატები, რომლებმაც ვულვოვაგინიტების მკურნალობის ეფექტურობა გაზარდა და მინიმუმამდე დაიყვანა პროცესის გაქრონიკულების ალბათობა.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. „დემენციის გენის“ არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
რედაქციაში ბევრი წერილი შემოდის, როდესაც მკითხველს აინტერესებს როგორ მოიშორონ კოჟრები. გეტყვით, რომ აფთიაქებში იყიდება კოჟრის (ე.წ. "მაზოლის") საწინააღმდეგო "პლასტირები". მის გამოყენებამდე უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც კოჟრი გაქვთ
იაპონია მოსახლეობის დღეგრძელობის კუთხით მსოფლიო ლიდერის პოზიციებს კარგავს. მას მალე სამხრეთ კორეა გადაასწრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადახედა თავის პროგნოზებს და მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთა 35 განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.
17 მაისი 2017
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
27 აპრილი 2017
მამაკაცები, რომლებსაც ქრონიკული შფოთვა აღენიშნებათ, 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით, ვიდრე ის პირები, რომლებსაც ფსიქიკური დარღვევები არ აწუხებთ. ამაზე მეტყველებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ მიღებული კვლევის შედეგები.
აშშ-ის რამდენიმე შტატში ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ დასაქმებულთა ნახევარზე (60 %-ზე) მეტი სამუშაო დღეების ყველაზე დიდ მინუსად მიღებულ სტრესს ასახელებს. გამოკითხულთა 25 %-ს მიაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას სამუშაო პირობები ახდენს.
ალკოჰოლის მოხმარება მრავალი დაავადების პროვოცირებას უწყობს ხელს. ეთანოლის გარდა, ალკოჰოლური სასმელების შემადგენლობაში შეიძლება სხვა მავნე ნივთიერებებიც იყოს. განსაკუთრებით საყურადღებოა, ზოგიერთი სახეობის სპირტიან სასმელში, შაქრის მაღალი შემცველობა, რაც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებას იწვევს.
რეგულარულ ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობის, ნერვული სისტემის განმტკიცების, ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ყველამ კარგად იცის. ვარჯიშის მოყვარულ ფიზიკურად აქტიურ პირებს ბევრ გამორჩეულ ნიშანთან ერთად კუნთოვანი სისტემა და კანიც უფრო ჯანსაღი აქვთ.