სტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი

- რა იწვევს მწვავე გლომერულონეფრიტს?

- გლომერულონეფრიტი თირკმლის გორგლოვანი აპარატის იმუნური ანთების შედეგია. ის პოლიეტიო-ლოგიური დაავადებაა - მის განვითარებას მრავალი მიზეზი აქვს. მწვავე პოსტსტრეპტოკოკული გლომე-რულონეფრიტი შედარებით კეთილთვისებიანია, თუმცა გვხვდება მისი საკმაოდ მძიმე ვარიანტებიც. ისინი, წესისამებრ, არასწორი, დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში ვითარ-დება. პათოლოგიას წინ უძღვის რომელიმე სტრეპტოკოკული ინფექცია, მაგალითად, ანგინა, ქუნთრუშა, კანის ჩირქოვანი დაზიანება (სტრეპტოდერმია). წელიწადის ცივ პერიოდში გლომერულონეფრიტი უმეტესად ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური პროცესის შემდეგ იჩენს თავს, ხოლო ზაფხულობით - კანის სტრეპტოკოკული დაზიანების შემდეგ.

- სტრეპტოკოკული ინფექციის გადატანის შემდეგ გლომერულონეფრიტის ჩამოყალიბება გარდაუვალია?

- პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის ასეთი გავრცელება ჩვენში სტრეპტოკოკთან არასაკმარისი და არასწორი ბრძოლის შედეგია, მშობლები ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას - მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს ბავშვს სრულიად გაუმართლებლად აძლევენ ანტიბიოტიკებს, ხოლო სტრეპტოკოული ანგინის დროს უპირატესობას ანიჭებენ რეკლამირებულ სავლებს ან საწუწნ აბს, რომელთა ეფექტურობა მხოლოდ სუბიექტური ჩივილების უმნიშვნელო შემსუბუქებით თუ შემოიფარგლება. სტრეპტოკოკულ ინფექციას მხოლოდ ანტიბიოტიკებით უნდა ვუმკურნალოთ, ისიც - ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატებით. ამასთანავე, მკურნალობა საშუალოდ 10 დღე უნდა გაგრძელდეს, თუნდაც ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყოს, მშობლები კი, ტემპერატურა დაიწევს თუ არა, ბავშვს ანტიბიოტიკებს უწყვეტენ. პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის გავრცელების კიდევ ერთი მიზეზი სტრეპტოდერმიის არასწორი მკურნალობაა. კანის ამ ინფექციის ადგილობრივად, მხოლოდ მალამოთი მკურნალობა არ არის მართებული. აუცილებელია სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია. თუ სტრეპტოკოკული ინფექციის მკურნალობა სწორად ჩატარდა, მწვავე პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტიც საგრძნობლად გაიშვიათდება.

- უმეტესად რა ასაკის ბავშვები ხდებიან ავად?

- გლომერულონეფრიტი უპირატესად სასკოლო, უფრო ზუსტად, 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ხვედრია. შედარებით იშვიათად გვხვდება მოზარდებში, ვაჟებში - ორჯერ უფრო ხშირად, ვიდრე გოგონებში. სტრეპტოკოკი უშუალოდ არ აზიანებს თირკმლის ქსოვილს. სტრეპტოკოკის უჯრედშიგა სპეციფიკური ცილის (ანტიგენის), მის საწინაღმდეგოდ გამომუშავებული ანტისხეულისა და კომპლიმენტის (ანტიგენ-ანტისხეულთან დაკავშირებული სუბსტრატის) ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი იმუნური კომპლექსი ილექება თირკმლის გორგლებში და მათ იმუნურ ანთებას იწვევს. ამას მოჰყვება გორგლოვანი აპარატის ფუნქციის (ფილტრაციის) დაქვეითება და მისი კაპილარების განვლადობის მომატება ცილისა და ერითროციტების მიმართ. სწორედ ამის შედეგია გლომერულო-ნეფრიტის ნიშნები: ჰემატურია (სისხლი შარდში) და პროტეინურია (ცილები შარდში).

- კიდევ რა ნიშნებით ვლინდება მწვავე პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი?

- გლომერულონეფრიტის სიმპტომები ინფექციის გადატანიდან 1-3 კვირის შემდეგ იჩენს თავს. ესენია:

  • შეშუპება, რომელიც სახის არეში ლოკალიზდება, თუმცა შესაძლოა, მიიღოს მასიური ხასიათი და მთელ სხეულს მოედოს (ანასარკა);
  • ცვლილებები შარდში - მცირდება მისი გამოყოფა, შესაძლოა, მიიღოს მოწითალო ფერი (ხორცის ნარეცხის ფერი). აქვე გეტყვით, რომ გვხვდება, თუმცაღა იშვიათად, დაავადების შემთხვევები შარდის ცვლილებათა გარეშეც;
  • არტერიული ჰიპერტენზია - ის დაავადებული ბავშვების უმრავლესობას - 60-85% აღენიშნება.

როგორც შეშუპება, ისე ჰიპერტენზია თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით განპირობებული სითხის შეკავების შედეგია. ამ პერიოდში შესაძლოა განვითარდეს მძიმე გართულებები:

  • გულის შეგუბებითი მოვლენები;
  • კრუნჩხვითი სინდრომი, რომელიც ასიდან დაახლოებით 5-6 შემთხვევაში იჩენს თავს;
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა.

არც ის არის გამორიცხული, დაავადება მსუბუქად, მხოლოდ შარდის სინდრომით, თირკმლის ფუნქციის დარღვევის გარეშე მიმდინარეობდეს.

- როგორია მკურნალობის ტაქტიკა?

- მწვავე პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ექსტრარენული ნიშნების - ჰიპერტენზიის, შეშუპების - გაქრობამდე. ამის შემდეგ წოლა საჭირო არ არის. რაც შეეხება კვებას, დროებით, ვიდრე ჰიპერტენზია და შეშუპება გაივლის, რეკომენდებულია სუფრის მარილისა და ცილის შეზღუდვა. შემდგომში დიეტის დაცვას არავითარი აზრი არ აქვს. სამკურნალოდ ძირითადად ის მედიკამენტები ინიშნება, რომლებიც შეშუპებასა და ჰიპერტენზიასთან ბრძოლაში დაგვეხმარება. რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, მათ გამოყენებას მხოლოდ პროფილაქტიკური მიზანი აქვს, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი სტრეპტოკოკული აგრესია.

- როგორია მწვავე ანტისტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის პროგნოზი?

- თუ დაავადებას დროულად გამოვავლენთ და ადეკვატურად ვუმკურნალებთ, გართულებებს თავიდან ავიცილებთ. მწვავე პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის პროგნოზი უმეტესად საიმედოა, ასიდან 95 შემთხვევაში დაავადება სრული გამოჯანსაღებით სრულდება. რაც შეეხება ქრონიკულ გლომერულონეფრიტს, აქ საქმე გაცილებით რთულადაა. ჯერ ერთი, უნდა აღინიშნოს, რომ ქრონიკული გლომერულონეფრიტი კრებითი ცნებაა და აერთიანებს ოცამდე სხვადასხვა მორფოლოგიის, კლინიკისა და შედეგის მქონე დაავადებას, რომლებიც არ წარმოადგენს არასწორად ნამკურნალევი მწვავე გლომერუ-ლონეფრიტის საბოლოო შედეგს. ქრონიკული გლომერულონეფრიტის განვითარების მიზეზი უმეტესად უცნობი რჩება, ხოლო დიაგნოსტიკა მხოლოდ თირკმლის ბიოფსიური მასალის შესწავლას ემყარება. გამონაკლისია ლიპოიდური ნეფროზი, რომლის ძირითად სადიაგნოზო კრიტერიუმს კორტიკოსტერო-იდული (ჰორმონული) თერაპიის მაღალი ეფექტურობა წარმოადგენს: თუ ჰორმონოთერაპიის შედეგად ბავშვი გამოჯანმრთელდა, ვთვლით, რომ ლიპოიდურ ნეფროზთან გვქონდა საქმე. მიუხედავად ხანგრძლივი, მუდმივად მორეციდივე მიმდინარეობისა, ქრონიკული გლომერულონეფრიტის ამ ფორმას საიმედო პროგნოზი აქვს. სხვა შემთხვევებში მკურნალობის ტაქტიკა და შედეგი დაავადების კლინიკურ-მორფოლოგიურ ვარიანტზეა დამოკიდებული.

- რას ურჩევთ მშობლებს?

- ჩემი რჩევა ასეთი იქნება: სტრეპტოკოკული ინფექციის გადატანიდან სამი კვირის განმავლობაში ბავშვს დროდადრო უზომეთ წნევა და გაუკეთეთ შარდის საერთო ანალიზი. რატომღაც მიღებულია, რომ ბავშვებს წნევა არ უნდა გაუზომონ, რაც შეცდომაა. თუ რამე იეჭვეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს პედიატრს, რათა დროულად მოხდეს სიტუაციის შეფასება, დიაგნოზის დასმა და მკურნალობის პროცესში სპეციალისტის ჩართვა.