დიაბეტი რომ არ გართულდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტი რომ არ გართულდეს

- ქალბატონო მარიამ, რა არის შაქრიანი დიაბეტი?

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებული ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, I ტიპის დიაბეტი (ადრე მას ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს უწოდებდნენ) ვითარდება, როდესაც კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედები, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებს, მთლიანად ან თითქმის მთლიანად ნადგურდება.

ამის მიზეზად აუტოიმუნურ პროცესს მიიჩნევენ: იმუნური სისტემა, რომელიც ორგანიზმს დაავადებებისგან იცავს, პათოლოგიურად რეაგირებს ბეტა-უჯრედებზე და ანადგურებს მათ. აუტოიმუნური პროცესი "ირთვება" ერთი ან მეტი გარეგანი ფაქტორის ზემოქმედებით იმ ადამიანებში, რომლებსაც განსაზღვრული განწყობა აქვთ მის მიმართ. გარეგან ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • ვირუსული ან სხვა ინფექციური დაავადებები;
  • ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება;
  • მძიმე სტრესი.

I ტიპის დიაბეტი უმთავრესად ბავშვებსა და მოზარდებს აღენიშნებათ, თუმცა ბოლო ხანს ამ დიაგნოზს ხშირად უსვამენ ასაკოვან ადამიანებსაც.

II ტიპის დიაბეტს წინათ ინსულინდამოუკიდებელ ან ხანდაზმულთა დიაბეტს უწოდებდნენ, ვინაიდან უმეტესად 40 წლის შემდეგ ვითარდება. ამ დროს კუჭქვეშა ჯირკვალი ინსულინის გამოყოფას განაგრძობს, მაგრამ ის ან საკმარისი არ არის, რაც ბეტა-უჯრედების დეფექტის ბრალია, ან ორგანიზმი სათანადოდ არ რეაგირებს საკუთარ ინსულინზე, ვერ ახერხებს გლუკოზის ათვისებას. ამ უკანასკნელ მდგომარეობას ინსულინრეზისტენტობა ეწოდება.

- რომელია განსაკუთრებით საყურადღებო II ტიპის დიაბეტის გამომწვევ ფაქტორებს შორის?

- II ტიპის დიაბეტის განვითარებაში (უფრო ხშირად, ვიდრე I ტიპის დიაბეტისა) დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორი - მისი განვითარების ალბათობა იზრდება, როცა სისხლით ნათესავებს აქვთ II ტიპის დიაბეტი. მნიშვნელობა აქვს ასევე ასაკსა და ჭარბ წონას.

- როგორია შაქრიანი დიაბეტის ადრეული და გვიანი გართულებები?

- შაქრიანი დიაბეტის ადრეული გართულებებია ჰიპო და ჰიპერგლიკემია, დიაბეტური კეტოაციდოზი. გვიანი გართულებებიდან საყურადღებოა მაკროანგიოპათია (რეტინოპათია, დიაბეტური ტერფი, ერექციის დისფუნქცია), ჰიპერტენზია, დისლიპიდემია, ნეიროპათია.

- რა არის და რატომ ვითარდება დიაბეტური ნეიროპათია?

- დიაბეტური ნეიროპათია დიაბეტით დაავადებულთა 50%-ზე მეტს აღენიშნება. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმაა პერიფერიული ნეიროპათია. ამ დროს ზიანდება ნერვები, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას (ტვინს) არ ეკუთვნის.

პერიფერიული ნეიროპათია ტერფების დაზიანებას და დაინფიცირებას იწვევს. საქმე ის არის, რომ ტერფის ნერვების დაზიანებისას ადამიანმა შესაძლოა ტერფი გაიჭრას და ვერ იგრძნოს, მოუვლელი ჭრილობა კი გაიზარდოს და დაინფიცირდეს. დიაბეტური ნეიროპათიის დროს შესაძლოა იმ ნერვების დაზიანებაც, რომლებიც არეგულირებს სისხლის წნევას, გულის რიტმს, საოფლე ჯირკვლების, შარდის ბუშტის მუშაობას, ნაწლავების პერისტალტიკას, ერექციას (აუტონომიური ნეიროპათია).

დიაბეტის დროს ნეიროპათიის უშუალო მიზეზი ჰიპერგლიკემიაა. ჰიპერგლიკემიის დროს იზრდება გლუკოზის ფერმენტდამოკიდებული დაკავშირება თავისუფალ ამინომჟავებთან, რაც მრავალ ცილას, მათ შორის ფერმენტებსაც მოიცავს. ამის შედეგად ირღვევა უჯრედში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესები, რაც ნეირონების დეგენერაციისა და აქსონოპათიის მიზეზად იქცევა.

- როგორია ნეიროპათიის სიმპტომები?

- თავდაპირველად - ფეხის თითებზე, მერე კი მთელ ტერფებზე, კოჭებსა და ხელებზეც თავს იჩენს მჩხვლეტი ტკივილი, რომელიც დროდადრო ძლიერდება და ისევ სუსტდება. დროთა განმავლობაში მცირდება ტემპერატურის, ტაქტილური და ვიბრაციის შეგრძნება, დაზიანებული კიდური სუსტდება, ბუჟდება, რაც ვლინდება ფეხების მწველი ტკივილით, ძირითადად მოსვენებისას ან ღამით დაბუჟებით, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნებით, მომატებული წნევის ზონებში გარქოვანებული კანის არსებობით. ამის შედეგად ხდება ტერფების ტრავმირება და წყლულოვანი დეფექტების, განგრენის განვითარებაც კი.

აუტონომიური ნეიროპათია აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ამ დროს თავს იჩენს ქრონიკული გულისრევა, უმადობა, მუცლის შებერვა, ცუდი მონელება, ნაწლავების მოუწესრიგებელი პერისტალტიკა. გულისრევა, გონების დაკარგვა, თავბრუხვევა (ფეხზე სწრაფად ადგომისას) და სისხლის დაბალი წნევა აღენიშნებათ იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ გულის კუნთის ნეიროპათია.

- რა უნდა გაკეთდეს ნეიროპათიის თავიდან ასაცილებლად? საზოგადოდ, შესაძლებელია თუ არა ამ გართულების პრევენცია?

- სისხლში შაქრის კონტროლით დიაბეტური ნეიროპათიის განვითარების რისკი შეიძლება 40-60%-ით შევამციროთ.

- ალბათ, ყველას გაუგონია ტერმინი "დიაბეტური ტერფი". რა არის ეს?

- სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა, როგორც გითხარით, ნერვის დაზიანებას იწვევს, რის გამოც ადამიანმა შესაძლოა ტკივილი ვერ იგრძნოს, ჭრილობა, დამწვრობა ან მოყინულობა შეუმჩნეველი დარჩეს და გაუმიზეზდეს.

მეორე პრობლემა, რომელიც დიაბეტური ტერფის ჩამოყალიბებას განაპირობებს, სისხლის მიწოდების დარღვევაა, რის გამოც წყლული ძნელად ხორცდება. თამბაქოს წევა სისხლის მიდენას კიდევ უფრო ამცირებს. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ფეხზე კოჟრები, ბებერები და სხვა. თუ სისხლში შაქრის დონე მაღალია, ეს წარმონაქმნები შეიძლება დაჩირქდეს.

- რა არის საჭირო ჯანმრთელი ფეხების შესანარჩუნებლად?

  • უპირველეს ყოვლისა, სისხლში შაქრის დონის ლაბორატორიული შემოწმება არანაკლებ 2 თვეში ერთხელ;
  • შემდეგ - რეგულარული სიარული ექიმთან დაწყებული გართულებების (ქვედა კიდურების ტკივილი, ვიბრაციული, ტაქტილური და ტემპერატურული მგრძნობელობის შეცვლა) გამოსავლენად;
  • ფეხების მოვლის წესების მკაცრი დაცვა;
  • თავჩენილი გართულებების დროული მკურნალობა.


- რას გულისხმობს ფეხების ყოველდღიური მოვლა?

- ფეხების ყოველდღიური მოვლისათვის საჭირო რეკომენდაციები ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

  • ისეირნეთ ყოველდღე 3 წუთი მაინც.
  • ფეხები ყოველდღე დაიბანეთ თბილი წყლით. წყლის ტემპერატურა სასურველია 30-35 გრადუსი იყოს.
  • გამოიყენეთ თქვენი კანის შესაფერისი საპონი.დაბანის შემდეგ ტერფები კარგად გაიმშრალეთ, განსაკუთრებით - თითებს შორის.
  • ტერფებზე ყოველდღე წაისვით ნეიტრალური საცხი.
  • არ წაისვათ საცხი თითებს შორის.
  • კოჟრები გაიქლიბეთ ან ფაქიზად გაიხეხეთ პემზის ქვით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დაბანის ან შხაპის შემდეგ. პემზა ხშირად გამოცვალეთ (სასურველია, 3 თვეში ერთხელ), რადგან შესაძლოა, მასზე სოკო გაჩნდეს.
  • კვირაში ერთხელ დაიჭერით ფრჩხილები - აუცილებლად დაბანის შემდეგ, დარბილებული.Aარ დაიჭრათ მეტისმეტად ღრმად. კიდეები დაიმუშავეთ ქლიბით. კუთხეებს ნუ დაუმოკლებთ, რომ არ ჩაგიბრუნდეთ.
  • არ გამოიყენოთ კოჟრის საწებარა.
  • ყოველდღე დაითვალიერეთ ტერფები სარკის დახმარებით.
  • ფრჩხილების ან კანის სოკოვანი დაზიანებისას (სიწითლე, თეთრი ნადები) აუცილებელია სპეციალური ანტიმიკოზური საშუალებით მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
  • ყოველდღე შეასრულეთ სისხლძარღვების ვარჯიში წვივებისა და ტერფებისათვის.
  • კანის დაზიანებისას (ნაკაწრის, ჭრილობის გაჩენისას) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
  • ყოველთვის ჩაიცვით წინდები, უმჯობესია ბამბისა, თეთრი - მათზე ადვილად შეამჩნევთ ჭრილობის (თუ გაჩნდა) კვალს (სისხლს ან ჩირქს). წინდები ყოველდღე გამოიცვალეთ.
  • არ ჩაიცვათ მოჭერილი ფეხსაცმელი. ფეხსაცმელი შეიძინეთ დღის ბოლოს, როცა ფეხები შეშუპებულია.
  • არ იყიდოთ მაგარი ვიწრო ფეხსაცმელი. ფეხების მგრძნობელობის დაქვეითებისას საყიდლებზე მუყაოს ჩასაფენით იარეთ.
  • თუ სამოგზაუროდ მიდიხართ, შეიძინეთ მოხერხებული და სეზონის შესაფერისი ფეხსაცმელი.
  • არასოდეს იაროთ ფეხშიშველმა და არ ჩაიცვათ ფეხსაცმელი შიშველ ფეხზე!
  • ფეხსაცმელი ყოველდღე დაითვალიერეთ - ხომ არ არის მასში უცხო სხეული, ხომ არ ჩაიკეცა ჩასაფენი... ამ ყოველივემ შესაძლოა ტერფების კანის დაზიანება გამოიწვიოს.

- როგორ მკურნალობენ დღეს ამ გართულებებს?

- დიაბეტური ნეიროპათიის მკურნალობა კომპლექსური პროცესია და გულისხმობს ისეთი ამოცანების გადაწყვეტას, როგორიც არის დიაბეტისთვის დამახასიათებელი ნივთიერებათა ცვლის მაქსიმალური კომპენსაცია, ნეირონებში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებით დაზიანებული ნერვული სტრუქტურების რეგენერაციისათვის ხელის შეწყობა და სიმპტომების ლიკვიდაცია.

დიაბეტური პოლინეიროპათიის დროს ინიშნება კომპლექსური მედიკამენტური მკურნალობა:

  • ალფა-ლიპოის მჟავა ინტრავენურად;
  • ალფა-ლიპოის მჟავა პერორალურად;
  • ბენფოთიმიანი (თიამინის ანალოგი);
  • B ჯგუფის ვიტამინები;
  • გაბაპენტინი;
  • ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.

მედიკამენტებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კომპლექსურ თერაპიას ფიზიკური ფაქტორების, ბალნეოთერაპიული და ფიზიოთერაპიული მეთოდების გამოყენებით. ნახშირწყლოვანი ცვლის გასაუმჯობესებლად კარგია გოგირდის აბაზანები, ფიზიოთერაპიული მეთოდის, კერძოდ ამპლიპულსის გამოყენება კუჭქვეშა ჯირკვლის საპროექციო არეზე პაციენტების დიაბეტის კომპენსაციის მისაღწევად.

პოლინეიროპათიების დროს გამოიყენება: ელექტროფორეზი, კომბინირებული მაგნიტოთერაპია, ელექტრომიოსტიმულაცია, დარსონვალი. ფიზიოთერაპიული მეთოდების გამოყენების შემდეგ უმჯობესდება ნეიროპათიული სუბიექტური სიმპტომები (ტკივილი, წვა, დაბუჟება, მგრძნობელობის დარღვევები), ისე ობიექტური გამოხატულებები (მცირდება ნერვული იმპულსების გამავლობა).

- როგორ უნდა მოუაროს თავს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა?

დაიცვას ჯანსაღი კვების რეჟიმი, რომელსაც ენდოკრინოლოგი ან დიეტოლოგი შეუდგენს.

  • ყოველდღე ივარჯიშოს 30 წუთის განმავლობაში. ჰკითხოს ექიმს, რა ტიპის ვარჯიშია მისთვის უმჯობესი.
  • მიიღოს წამლები დანიშნულებისამებრ.
  • ყოველდღიურად გაიზომოს და ჩაინიშნოს სისხლში შაქრის შემცველობა.
  • ყოველდღიურად დაითვალიეროს ტერფები. შეწითლების, შეშუპების, ბუშტუკების, ნაკაწრების, წყლულების აღმოჩენის შემთხვევაში სასწრაფოდ დაუკავშირდეს ენდოკრინოლოგს.
  • გამუდმებით იკონტროლოს სისხლის წნევა და ქოლესტერინის შემცველობა.
  • თავი დაანებოს მოწევას.