როგორ ვმართოთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვმართოთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2

დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევაში ძირითად მიზეზად მიჩნეულია ჭარბი წონა (მეტადრე - სიმსუქნე), ადინამია და ცხიმითა  და კალორიებით მდიდარი დიეტა. რაც უფრო ჭარბწონიანია ადამიანი, მით უფრო მაღალია დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკი. დაავადება უმეტესად 40 წლის შემდეგ ვლინდება. ამრიგად, დიაბეტი ტიპი 2-ის რისკფაქტორებია:

  • ჭარბი წონა და სიმსუქნე;
  • ადინამია;
  • ეთნიკური კუთვნილება;
  • ასაკი;
  • საკვებში ცხიმის მაღალი და ბოჭკოს დაბალი შემცველობა.

- დიაბეტის მანიფესტირებას ხშირად სტრესს უკავშირებენ. შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს?

- სტრესი შეიძლება რისკის ფაქტორად მივიჩნიოთ.

- როგორ შეიძლება გამოვლინდეს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2?

- ძირითადი სიმპტომებია:

  • შარდის გამოყოფის მომატება (პოლიურია);
  • გაძლიერებული წყურვილი (პოლიდიფსია);
  • გაძლიერებული მადა (პოლიფაგია);
  • წონის კლება;
  • კანისა და სასქესო ორგანოების ქავილი;
  • ფურუნკულოზისადმი მიდრეკილება;
  • მხედველობის დაბინდვა;
  • პარესთეზიები.

დიაბეტი ტიპი 2-ის სიმპტომები თანდათანობით ვითარდება. ზოგჯერ დიაგნოზს შემთხვევით, რუტინული გამოკვლევის შედეგად სვამენ.

- დიაბეტზე ეჭვის შემთხვევაში რომელი გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს პაციენტმა?

- შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დიაგნოსტიკა ძნელი არ არის. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გაანალიზებისა, საჭიროა სისხლის პლაზმაში გლუკოზის განსაზღვრა - უზმოზე და საკვებით დატვირთვიდან 2 საათის შემდეგ. გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა რეგულარულად, 2-3 თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს. ვისაც დიაბეტი არ აქვს, მას ანალიზმა გლიკოჰემოგლობინი 4,0-6,0% უნდა უჩვენოს. ეს მნიშვნელოვანი სადიაგნოზო მონაცემია დიაბეტის ახალი შემთხვევების გამოსავლენად და წარმატებით გამოიყენება დაავადების კონტროლის ხარისხის შესაფასებლადაც.

- რა გართულებაა მოსალოდნელი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს?

- სათანადო მართვის გარეშე დიაბეტმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია, რომელსაც, თავის მხრივ, მოჰყვება ორგანიზმის ხანგრძლივი დაზიანება, სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილის ფუნქციის დაქვეითება. მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თირკმელების უკმარისობა, ნერვების დაზიანება და სიბრმავე. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ყველაზე გავრცელებული გამოვლინებებია სტენოკარდია, ინფარქტი, გულის უკმარისობა და ინსულტი. სწორედ ეს დაავადებებია დიაბეტიანთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. დიაბეტურ ნეფროპათიას შარდში ცილის მატება იწვევს. საბოლოოდ საქმე თირკმლის უკმარისობამდე მიდის. ეს გართულება დიაბეტის დადგენიდან მრავალი წლის შემდეგ ყალიბდება. მისი გადავადება შესაძლებელია არტერიული წნევისა და სისხლში გლუკოზის მკაცრი კონტროლის მეშვეობით. დიაბეტი ყველაზე გავრცელებული მიზეზია თირკმლის ტერმინალური უკმარისობისა, რომელიც დიალიზს ან თირკმლის გადანერგვას მოითხოვს. დიაბეტური ნეიროპათია დიაბეტით გამოწვეული ნერვული ბოჭკოების დაზიანებაა. ტერფის დაბუჟება და მგრძნობელობის დაკარგვა ნეიროპათიის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებებია. მათაც მსხვილი ნერვების დაზიანება იწვევს. ნეიროპათიის დროს დიდია ალბათობა, ტერფი დაწყლულდეს და ამპუტაცია გახდეს საჭირო. რეტინოპათია თვალის ფსკერის სისხლძარღვების დაზიანებაა. დიაბეტის დიაგნოზის დასმიდან დაახლოებით რვა წლის შემდეგ რეტინოპათია ტიპი 2-ით დაავადებულთა 50%-ს აღენიშნება. ამჟამად განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში დიაბეტი სიკვდილის მნიშვნელობით მეოთხე მიზეზია.

- როგორია ამ გართულებათა კლინიკური ნიშნები?

- კლინიკური ნიშნებიდან საყურადღებოა:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • კიდურების ტკივილი, დაბუჟება, წვისა და სიმხურვალის შეგრძნება;
  • მხედველობის დაქვეითება;
  • წონასწორობის დარღვევა;
  • ყურების შუილი.

- გარდა ენდოკრინოლოგისა, რომელი პროფილის ექიმთა მეთვალყურეობა სჭირდება დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულს და რატომ?

- გართულების შესაბამისად, მას შესაძლოა დასჭირდეს კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი. ნევროლოგი, ანგიოლოგი.


- სხვადასხვა პროფილის ექიმების მეთვალყურეობა მაშინაც საჭიროა, როდესაც სისხლში შაქრის მაჩვენებლები მოწესრიგებულია?

- ამ შემთხვევაში რეკომენდებულია წელიწადში ერთი ვიზიტი.

- როდის და რატომ დგება დღის წესრიგში პაციენტის ინსულინზე გადაყვანის საკითხი?

- პაციენტის ინსულინზე გადაყვანის საკითხი დგება:

  • მაშინ, როდესაც შაქრის დამწევი აბებით გლიკემიის კომპენსირება ვერ ხერხდება;
  • კეტოაციდოზის შემთხვევაში;
  • ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერი მწვავე პროცესის დროს.

- როგორი კვება სჭირდება დიაბეტი ტიპი 2-იან პაციენტს?

- დიეტა დიაბეტის მკურნალობის ძირითადი კომპონენტია. რეკომენდებულია კვალიფიციური დიეტოლოგის კონსულტაცია. ჭარბწონიანმა პაციენტმა უნდა დაიკლოს წონა. საკვების ენერგეტიკული Gღირებულება ქოლესტერინისა და ცხიმების ხარჯზე უნდა შემცირდეს. ვინაიდან დიაბეტიანები ათეროსკლეროზის განვითარებისადმი არიან მიდრეკილნი, სასურველია შეიზღუდოს ცხოველური ცხიმები და ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები (შაქარი, კანფეტი, მურაბა, საკონდიტრო ნაწარმი). უპირატესობა მიანიჭეთ დაბალი ენერგეტიკული ღირებულების საკვებს. ცხიმით მდიდარი საკვები გემრიელია, მაგრამ კალორიულია და რთული ნახშირწყლებით ღარიბი, გარდა ამისა, ნაკლებად ანაყრებს და თერმული ეფექტიც დაბალი აქვს. დიეტაში დაბალი ენერგეტიკული ღირებულების საკვების წილის გაზრდა ადამიანს საშუალებას აძლევს, მიირთვას ჯანსაღი საკვები და იმავდროულად ჭამის შემდეგ თავი დანაყრებულად იგრძნოს. ამასთან, სასურველია, რაციონი მრავალფეროვანი იყოს.

- როგორია ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობის ტაქტიკა?

- წონის მართვა და ფიზიკური აქტივობა დიაბეტი ტიპი 2-ის მკურნალობის ქვაკუთხედია. თუ ამ გზით შედეგი ვერ მივიღეთ, ვიწყებთ მკურნალობას პერორალური ჰიპოგლიკემიის გამომწვევი პრეპარატებით, რომლებსაც პაციენტს ინდივიდუალურად შეურჩევს ენდოკრინოლოგი.

- რა გზით შეიძლება ამ დაავადების პროფილაქტიკა?

- ჭარბი წონის და სიმსუქნის თავიდან აცილებით. საამისოდ კი საჭიროა დაბალკალორიული, ნაკლებცხიმიანი საკვების მიღება და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. თუ ეს ჩვევები ადრეულ ასაკში ჩავუნერგეთ ადამიანს, დიდია ალბათობა, ისინი მოზრდილ ასაკშიც შეინარჩუნოს. საზოგადოდ, სიმსუქნის რისკის შესამცირებლად გამიზნული ნებისმიერი ქმედება დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკის შესამცირებლადაც არის მიმართული. წონის მართვა დიაბეტი ტიპი 2-ის პროფილაქტიკის საუკეთესო სტრატეგიაა. ცხოვრების წესის შეცვლას, რაც დიეტასა და ზომიერ ფიზიკურ აქტივობასაც გულისხმობა, შეუძლია, 40-60%-ით შეამციროს დიაბეტი ტიპი 2-ის რისკი.

- რას ურჩევდით შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულებს?

- დიაბეტიანმა უნდა ითანამშრომლოს ექიმთან. იცოდეს მოსალოდნელი გართულებების შესახებ. ცუდად კონტროლირებულ დიაბეტს მრავალი გართულება მოჰყვება.

  • რეგულარულად აკონტროლეთ სისხლში შაქარი. ის ნორმასთან ახლოს უნდა იყოს.
  • სწორად იკვებეთ.
  • რეგულარულად ივარჯიშეთ.
  • ეცადეთ დაიკლოთ ზედმეტი წონა.
  • წამლები და ინსულინი ისე მიიღეთ, როგორც ექიმმა გირჩიათ.
  • რეგულარულად იარეთ ექიმთან.
  • აკონტროლეთ წნევა.
  • 2-3 თვეში ერთხელ გაიკეთეთ გლიკოჰემოგლობინის ანალიზი.
  • ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი გაიგოთ დიაბეტზე - ვინც გაფრთხილებულია, დაცულია.