დიაბეტი გაახალგაზრდავდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტი გაახალგაზრდავდა

- წინათ ბავშვებთან უპირატესად შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 გვხვდებოდა, ამჟამად კი ტიპი 2-იც ხშირია. ამის ერთ-ერთ მიზეზად ჭარბწონიანი ბავშვების მომრავლებას მიიჩნევენ. ჭარბწონიანობა მსოფლიო პრობლემად იქცა და ექიმები მკაცრად გვაფრთხილებენ, მასთან ბრძოლა ბავშვობიდანვე დავიწყოთ. როგორ გავიგოთ, ბავშვს ნორმალური წონა აქვს თუ ჭარბი?

ნორმალური წონის სქემატური გამოთვლისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი ფორმულა ასეთია:

  • 1-დან 6 წლამდე - მასა=ასაკი (წლებში)X2+8;
  • 7-დან 12 წლამდე - მასა=((ასაკი(წლებში)X7)-5)/2.

თუმცა ბავშვობაში სიმაღლისა და წონის მატება არათანაბარია. 2-და 4 წლამდე და 8-დან 10 წლამდე ასაკს ჩამრგვალების პერიოდს უწოდებენ, - ამ დროს წონა უფრო ინტენსიურად იმატებს, - 5-დან 7 წლამდე და სქესობრივი მომწიფების ასაკს კი აჭიმვის პერიოდს; ამ დროს სიმაღლის მატება უფრო შესამჩნევია. ესენი მხოლოდ საშუალო, სქემატური მაჩვენებლებია. წონის ნორმისა თუ სიჭარბის დადგენისას ასაკთან ერთად, ბუნებრივია, სქესსა და სიმაღლესაც აქვს მნიშვნელობა, ამიტომ ექიმები ამ მონაცემების შესაფასებლად სპეციალურ ცხრილებს იყენებენ. სიმსუქნედ ითვლება სხეულის მასის მატება 10%-ით და მეტით სიმაღლის, სქესისა და ასაკის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით.

  • წონის 10%-25%-ით მატება I ხარისხის სიმსუქნედ მიიჩნევა;
  • 26-49%-ით მატება - II ხარისხის სიმსუქნედ;
  • 50-99%-ით - III ხარისხის სიმსუქნედ;
  • 100%-ით და მეტით - IV ხარისხის სიმსუქნედ.

ალბათობა იმისა, გაიყოლებს თუ არა ბავშვი ჭარბ კილოგრამებს მოწიფულ ასაკში, დამოკიდებულია: ასაკზე, როდესაც მას პირველად დაუდგინეს სიმსუქნე, სიმსუქნის ხარისხზე და იმაზე, მსუქნები არიან თუ არა მისი მშობლები. განსაკუთრებით თვალსაჩინოა კავშირი დედის ხაზთან. სამ წელზე უმცროსი ასაკის ბუთხუზებს, რომელთა მშობლებსაც სიმსუქნე არ აღენიშნებათ, ზრდასრულ ასაკში ამ დაავადების განვითარების არც ისე დიდი ალბათობა აქვთ, მაგრამ თუ ბავშვს ექვს წლამდე გაჰყვა სიმსუქნე, მოწიფულ ასაკში ჭარბი წონისა და სიმსუქნის რისკი 80%-ს გაუტოლდება. თუ, ამასთანავე, ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ჭარბწონიანი ან მსუქანია, ალბათობა   იზრდება.

- არის თუ არა დიაბეტი ტიპი 2-ის გაახალგაზრდავების მიზეზი ჭარბი წონა?

- დიაბეტის შემთხვევათა 90% პირველი ტიპისაა. მისი განვითარების ძირითად მიზეზად ჭარბი წონა ან სიმსუქნეა მიჩნეული. წინათ ეს დაავადება, ჩვეულებრივ, 40-45 წლის შემდეგ იჩენდა თავს. დღეს ასეთ დიაგნოზს 11-19 წლის მოზარდებსაც ვუსვამთ. ჩემთვის, როგორც პედიატრისთვის, დედისთვის, მოქალაქისთვის, შემაშფოთებელია, რომ II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა სიცოცხლის ხანგრძივობა საერთო პოპულაციასთან შედარებით 20-25 წლით ნაკლებია. ამავე დროს უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ფიზიკური აქტივობითა და დიეტით შესაძლებელია ამ ტიპის დიაბეტის თავიდან აცილება ან გადავადება.

- სიმსუქნის რისკფაქტორები თუ არსებობს და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება?

- ენერგიის დაგროვებისა და ხარჯვის ინტენსივობა, რომლის დარღვევა, საბოლოო ჯამში, სიმსუქნეს განაპირობებს, გენეტიკურად არის დეტერმინირებული. მემკვიდრეობით გადაეცემა ორგანიზმში ცხიმის განაწილების ხასიათიც (ჭარბი ცხიმი უპირატესად თეძოებზე, დუნდულებსა და მუცელზე იყრის თავს). მაგრამ გენები ბედისწერა არ გახლავთ. სწორი კვებითა და ადეკვატური ფიზიკური დატვირთით ყველა ბავშვს, გარდა იშვიათი გამონაკლისისა (განსაკუთრებით - სიმსუქნის სინდრომული გენეტიკური ფორმებისა და ენდოკრინული დაავადებების ფონზე), შეუძლია დაიბრუნოს და შეინარჩუნოს ჯანსაღი წონა. მაგრამ სწორედ კვება და ფიზიკური დატვირთვაა თანამედროვე ბავშვის აქილევსის ქუსლი. არახალია, რომ ჩვენი შვილები დამალობასანასა და დაჭერობანას კომპიუტერულ თამაშებს ამჯობინებენ, მათ მენიუში კი ვაშლი და სტაფილო ჩიპსებმა და კოკა-კოლამ შეცვალა. ეს პრობლემა ერთი და ორი ადამიანისა თუ ოჯახის ძალისხმევით ვერ მოგვარდება, ეს მთელი საზოგადოების საქმეა და ურიგო არ იქნება, ამ მხრივ მაგალითი განვითარებული ქვეყნებისგან ავიღოთ. მაგალითად, მრავალ ქვეყანაში ბავშვებზე გათვლილი არაჯანსაღი საკვების რეკლამების ტელევიზიით ჩვენება საერთოდ აკრძალულია.


- შეიძლება თუ არა ბავშვისთვის დიეტა და თუ შეიძლება, როგორი უნდა იყოს ის?

- დიეტა აუცილებლად ბალანსირებული და პროფესიონალის მიერ შერჩეული უნდა იყოს. არ შეიძლება მოზარდი ორგანიზმისთვის აუცილებელი ინგრედიენტების რაციონიდან ამოღება, თუმცა კარგი იქნება, თუ უარს ვიტყვით რაფინირებულ ნახშირწყლებზე - საკონდიტრო ნაწარმზე, კანფეტებზე, მურაბებზე. დიეტის ფონზე აუცილებელია ცხიმში ხსნადი ვიტამინების მიღება, ზოგ შემთხვევაში - კალციუმის პრეპარატებისაც. არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული დოზირებული ფიზიკური აქტივობა, წყლის პროცედურები. ძლიერი ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ბავშვები მოზრდილებზე ადვილად იკლებენ წონას, მთავარია სწორი ფსიქოლოგიური მიდგომა, მოტივირება. პუბერტატული ასაკის გოგონასთან შეიძლება გარეგნობის გაუმჯობესებაზე გავაკეთოთ აქცენტი, ბიჭებთან კი მამაკაცურ თვისებებზე. თუ გასაღები მოიძებნა, წონის კორექცია ძნელი არ იქნება.  მინდა, მივმართო ბებიებსა და ბაბუებს, რომელთა გვერდით დგომა აუცილებელია დადებითი შედეგის მისაღებად: ენდეთ პროფესიონალების რჩევას, კანფეტები, ნამცხვრები და სხვა ტკბილეული თქვენს შვილიშვილს სარგებლობას ნამდვილად არ მოუტანს!

- რა ვიღონოთ ბავშვობიდანვე შაქრიანი დიაბეტის პრევენციისთვის, რომ შემდეგ დაავადებასთან ბრძოლა არ მოგვიხდეს?

- მოსაზრება, რომ მკურნალობას პრევენცია სჯობია, ჭარბ წონასთან მიმართებითაც მართებულია. თუ გსურთ, ბავშვის წონა ყველა ასაკში ნორმალური დარჩეს, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ოჯახურ ტრადიციად აქციეთ. ნებისმიერ ქადაგებას და ნოტაციას სჯობია,  შვლებს თავად მისცეთ მაგალითი. დართეთ ნება, თავიანთი წვლილიც შეიტანონ ჯანსაღი საკვების დაგეგმვასა და მომზადებაში, მიეცით არჩევანი. ხშირად ბავშვებს მავნე ჩვევებს ჩვენ თვითონვე ვუყალიბებთ. ამიტომ გირჩევთ:

  • ნუ მიაჩვევთ ბავშვს ბეკონს, შებოლილ ხორცს, სოსისს, ძეხვს და სხვა დელიკატესებს - ისინი ასოცირებულია გულის დაავადებებისა და დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების მაღალ რისკთან. ახალი ხორცი ასეთ შედეგებს არ იწვევს.
  • ნუ ამოიღებთ მენიუდან ფაფას. მართალია, ის ერბოკვერცხივით გემრიელი არ არის, მაგრამ აუცილებელია. თუ ბავშვს ჭარბი წონა აქვს, მოუმზადეთ ფაფები, რომლებიც ნაკლებ შაქარსა და მეტ ბოჭკოს შეიცავს.
  • ნუ აუკრძალავთ ბავშვებს თხილეულს. თხილი, კაკალი, ნუში, გოგრის თესლი, მზესუმზირა ამცირებს ორგანიზმში “ცუდი” ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს, რაც თავისთავად აქვეითებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს. უმჯობესია, ბავშვმა ნაჯერი ცხიმების ნაცვლად თხილი მიიღოს, ვიდრე ზეითუნის ზეთი და ნახშირწყლები. ოღონდ ეცადეთ, მიიღოს მოუხალავი და ზომიერად.
  • ნუ დააჯილდოებთ ბავშვს ტკბილეულით კარგი საქციელისთვის, ნუ ეცდებით, კანფეტებით აღკვეთოთ მისი ცელქობა.
  • ნუ მოსთხოვთ, კერძი ბოლოდე შეჭამოს, მიაჩვიეთ, ჭამოს მხოლოდ მაშინ, როცა მოშივდება.
  • ბევრს ნუ ილაპარაკებთ “მავნე საკვებზე”, ნურც საყვარელ ტკბილეულს გამორიცხავთ ბავშვის რაციონიდან - აკრძალული ხილი, ხომ იცით, ტკბილია, ბავშვებს კი პროტესტი სჩვევიათ.
  • თუ შესაძლებელია, ჩვილს აუცილებლად აწოვეთ ძუძუ. ბუნებრივი კვება, მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად, წონის ჭარბ მატებასაც უშლის ხელს.
  • რაც შეიძლება ადრე დაიწყეთ სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბებისთვის ზრუნვა. მცირე ასაკიდანვე შესთავაზეთ ბავშვს მრავალფეროვანი და ჯანსაღი რაციონი.
  • ზოგჯერ ათი ცდაც არ კმარა, რომ ბავშვი ახალ გემოს მიეჩვიოს. ასე რომ, მოთმინებით აღიჭურვეთ.
  • ყოველდღე ასაუზმეთ.
  • ეცადეთ, მთელმა ოჯახმა ერთად ისადილოთ, ყოველდღე მიირთვით ხილი და ბოსტნეული.
  • ნუ მისცემთ ბავშვს უფლებას, დიდხანს იჯდეს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან.
  • გადააჩვიეთ ტელევიზორის ყურებისას ჭამას.
  • ხელი შეუწყვეთ ფიზიკურ აქტიურობას. დაეხმარეთ, შეარჩიოს სპორტის სახეობა, რომელიც შეუყვარდება და არ მიატოვებს. ნუ აიძულებთ, მაინცდამაინც თქვენ მიერ ამორჩეულ სექციაში იაროს.
  • თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვმა დროის მცირე მონაკვეთში მკვეთრად მოიმატა წონა, კანზე გაუჩნდა პიგმენტური ლაქები, ნახეთქები, დაერღვა სქესობრივი მომწიფების ვადები - აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს.
  • დაბოლოს, მთავარი - აგრძნობინეთ პატარას, რომ განურჩევლად იმისა, რამდენს იწონის, ძალიან გიყვართ და გინდათ იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული.