ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლები და მინერალების ცვლა ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლები და მინერალების ცვლა ორგანიზმში

- ქალბატონო ქეთევან, ავუხსნათ მკითხველს, როგორ არეგულირებს ფარისებრი ჯირკვალი იოდის ცვლას, რა მნიშვნელობა აქვს ამ მინერალს ორგანიზმისთვის, რითია საშიში მისი დეფიციტი.

- საზოგადოდ, საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მიმართ ინტერესი განსაკუთრებით დიდია. ეს არ არის შემთხვევითი - ჩვენი ქვეყანა ხომ ოდითგანვე იოდდეფიციტურ რეგიონად მიიჩნევა. ამთავითვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ ცნებას არაფერი აქვს საერთო ისეთ დაავადებებთან, როგორებიცაა თირეოტოქსიკოზი ან ჰიპოთირეოზი, რომელთა გავრცელება საქართველოში ჩამოუვარდება კიდეც სხვა ქვეყნების, მაგალითად, რუსეთის, უკრაინის, მაჩვენებლებს (1000 სულზე გადაანგარიშებით). საქმე ეხება იოდის დეფიციტით გამოწვეულ მდგომარეობებს ანუ იმას, რა გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე ნიადაგსა და წყალში იოდის ნაკლებობა. იოდი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია ფარისებრი ჯირკვლის ფიზიოლოგიური ფუნქციობისთვის. მისი ნაკლებობისას მცირდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა ძირითადი ცილის, თირეოგლობულინის, სინთეზი, რასაც მოჰყვება ჯირკვლის ფუნქციობის გააქტიურება და მისი ზრდა - ე. წ. ჩიყვის ჩამოყალიბება. ენდემურ ზონებში (უმეტესად - მაღალმთიან რეგიონებში) მცხოვრებ ბავშვებს შორის ხშირია ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, ხოლო მოზრდილებთან არცთუ იშვიათად ვაწყდებით კვანძოვან ჩიყვს. მოკლედ მიმოვიხილოთ ენდემური ჩიყვის გამოვლენა. უწინარეს ყოვლისა, აღსანიშნავია მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, რომელიც ადამიანს გაღვიძებისთანავე აწუხებს, თავის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში. თუ ფარისებრი ჯირკვალი დიდ ზომას აღწევს, არ არის გამორიცხული, ტრაქეაზე ზეწოლის შედეგად განვითარდეს მოხრჩობის შეგრძნება, მშრალი ხველა, საყლაპავ მილზე ზეწოლის შედეგად - ყლაპვის გაძნელება. ამრიგად, ყველა ზემოხსენებული ჩივილის შემთხვევაში საჭიროა გამოკვლევა - ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, იოდის კლირენსის განსაზღვრა - და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

- რას გულისხმობს პროფილაქტიკა, როგორ მოვიქცეთ, რომ იოდის დეფიციტი თავიდან ავიცილოთ?

- პროფილაქტიკა გულისხმობს ენდემურ რეგიონებში იოდიზებული მარილის შეტანას, რაც უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, და პურის პროდუქციაში იოდის დამატებას.

- რა პათოლოგიური ცვლილებები ხდება ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლის დროს?

- არანაკლებ მნიშვნელოვანია კალციუმისა და ფოსფორის დისბალანსით გამოწვეულ დაავადებათა სტატისტიკა. აღნიშნულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელნი არიან ფარისებრახლო ჯირკვლები. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ფარისებრახლო ჯირკვალს აქვს ფუნქციობის მკაცრად განსაზღვრული არეალი და ფარისებრ ჯირკვალთან მხოლოდ, ასე ვთქვათ, ტერიტორიული სიახლოვე აერთიანებს. ფარისებრახლო ჯირკვალი უმეტესად წყვილი ორგანოა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ქვედა ზედაპირზე მდებარეობს. სწორედ ეს განაპირობებს იმ სამწუხარო ფაქტს, რომ ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციული ჩარევისას, იშვიათად, მაგრამ მაინც, ზიანდება ფარისებრახლო ჯირკვალიც და ორგანიზმში კალციუმის დისბალანსი ვითარდება. ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის ფუნქციაა, შეიმაგროს სისხლში არსებული კალციუმი, მოახდინოს მისი ფიქსაცია ძვალში. იგივე ჰორმონი ახდენს კალციუმისა და ფოსფორის კრისტალების ერთგვარ რაოდენობრივ გადანაწილებას ძვლოვან სტრუქტურასა და სისხლს შორის და ამ გზით უზრუნველყოფს მინერალური ჰომეოსტაზის შენარჩუნებას. აქედან გამომდინარე, იმისდა მიხედვით, რა დაზიანება მიიღო ფარისებრახლო ჯირკვალმა, მოხდა მისი ჰიპერპლაზია - გადიდება, ფუნქციის გააქტიურება თუ, პირიქით, შესუსტება, სხვადასხვა კლინიკურ სურათს ვიღებთ. განვიხილოთ ფარისებრი ჯირკვლის ადენომის ანუ სიმსივნური ზრდის კლინიკური გამოხატულება. სურათი ყალიბდება ეტაპობრივად. იწყება ხანგრძლივი სისუსტით, ტკივილით, უმეტესად - ქვედა კიდურებში, საღი კბილები ირყევა, უმნიშვნელო ტრავმაც კი მოტეხილობას იწვევს, ზოგჯერ - საწოლში გადაბრუნებაც კი. დიაგნოზს ხშირად რენტგენოლოგები სვამენ, ვინაიდან რენტგენოგრამაზე აისახება დამახასიათებელი ძვლოვანი კისტები, რომლებიც არღვევს ძვლოვან სტრუქტურას და მოტეხილობამდე მივყავართ. მკურნალობა ადენომის ოპერაციული გზით მოშორებას გულისხმობს. განსხვავებული კლინიკური სურათი აქვს ფარისებრახლო ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობით გამოწვეულ დაავადებებს. ეს დაავადებები იშვიათადაა თანდაყოლილი და, სამწუხაროდ, ხშირად გვევლინება ფარისებრ ჯირკვალზე წარმოებული ოპერაციული ჩარევის გართულებად. ვითარდება სწრაფად, იწყება მთელი სხეულის დაბუჟებით. თავს იჩენს კრუნჩხვითი მოვლენები როგორც ქვედა, ისე ზედა კიდურების არეში. სახის მიმიკური კუნთები იჭიმება. დიაგნოსტიკა არ არის რთული, მეტადრე - თუ აღნიშნულ სიმპტომებს წინ უძღოდა ოპერაციული ჩარევა. მკურნალობა ითვალისწინებს თავდაპირველად კალციუმის პრეპარატების როგორც ინტრავენურ შეყვანას, ასევე ტაბლეტების სახით მიღებას. შემდგომ ხანგრძლივად ინიშნება კალციუმისა და D ვიტამინის კომბინირებული პრეპარატები (მხოლოდ აბების სახით). პროფილაქტიკა კალციუმით მდიდარი პროდუქტების მიღებას გულისხმობს.

- რას გვეტყვით მენოპაუზის შემდგომ პერიოდში კალციუმის ცვლასა და დეფიციტზე? რატომ არის, რომ ასაკოვნებთან ხშირად იჩენს თავს ქსოვილებში მინერალების დეპონირების პრობლემა? რითია ეს გამოწვეული და რა არის საჭირო მისი პრევენციისთვის?

- მენოპაუზის პერიოდში ოსტეოპოროზი, სამწუხაროდ, ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. საზოგადოებაში ხშირად არასწორადაა განმარტებული მისი ეტიოპათოგენეზი. საქმე ის გახლავთ, რომ ამ პერიოდში ორგანიზმში არსებული კალციუმის დეფიციტი არის ამ მინერალის ძვლოვანი დეფიციტი და არა სისხლში არსებული ჰიპოკალციემია (კალციუმის ნაკლებობა), ვინაიდან ამ პერიოდში ქალის ორგანიზმში არსებული ესტროგენების დეფიციტი შეუძლებელს ხდის ძვლის პარენქიმაში კალციუმის შეკავებას. სწორედ ამიტომ ხდება ძვლებიდან კალციუმის გამოდევნა და სისხლში ეს ელემენტი შესაძლოა ნორმაზე მაღალიც კი იყოს. კლინიკური სურათი გამოიხატება ძვლების ტკივილით და არცთუ იშვიათად - მოძრაობისას ისეთი უხერხული შეგრძნებით, რომ პაციენტებს უჭირთ, მაგალითად, სკამიდან ადგომა, საწოლიდან ფეხების გადმოწევა და ა. შ. მკურნალობა მოიცავს არა მარტო კალციუმის, არამედ ბიფოსფატების ანუ იმ პრეპარატების მიღებასაც, რომლებიც აუცილებელია ძვლოვან სტრუქტურებში კალციუმის შესაკავებლად. ცხადია, განსაზღვრული როლი ენიჭება როგორც მცენარეულ, ისე სინთეზურ ესტროგენებს, რომლებსაც, წესისამებრ, ექიმი ენდოკრინოლოგი განსაზღვრავს.