რას მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა

- ქალბატონო თეა, რომელი გამოკვლევით იწყება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური შესწავლა, ანუ რა გამოკვლევას უნიშნავთ პირველ ეტაპზე პაციენტებს და რატომ?

- პაციენტის ჩივილებიდან გამომდინარე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე ეჭვის მიტანისას მდგომარეობის ობიექტური შეფასება იწყება ფარისებრი ჯირკვლის ვიზუალური დათვალიერებითა და მისი ფუნქციების შესწავლით. კერძოდ, ტარდება ულტრაბგერითი და ლაბორატორიული კვლევა. საწყის ეტაპზე ექიმი ენდოკრინოლოგი საზღვრავს/აკონტროლებს სისხლში თირეოიდმასტიმულირებელ ჰორმონსა (TSH) და თიროქსინის თავისუფალ ფრაქციას (FT4). თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონი გამომუშავდება ჰიპოფიზში, მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე და ასტიმულირებს/არეგულირებს ტრიიოდთირონინისა (თ3) და თიროქსინის (T4) წარმოქმნას. ტრიიოდთირონინი და თიროქსინი კი, თავის მხრივ, არეგულირებენ ორგანიზმის მეტაბოლიზმს და გავლენას ახდენენ ტვინის ნორმალურ ფუნქციობაზე. აღსანიშნავია, რომ თიროქსინის გარკვეული ნაწილი, როგორც წესი, შეკავშირებულია თიროქსინის შემბოჭავ ცილასთან. პერიფერიულ ქსოვილებთან რეცეპტორის საშუალებით კავშირს ამყარებს და მეტაბოლიზმს არეგულირებს ტრიიოდთირონინის თავისუფალი ფრაქცია (FT3), რომლის საჭირო რაოდენობაც წარმოიქმნება თირეოციტში თიროქსინის თავისუფალ ფრაქციასთან (FT4), კომბინაციაში. შესაბამისად, ძირითადად ხდება არა საერთო, ტოტალური თიროქსინის (T4) არამედ მისი თავისუფალი ფრაქციის (FT4) კვლევა. აღნიშნული საბაზისო, საწყისი კვლევების საფუძველზე, შესაძლოა საჭიროდ ჩაითვალოს დამატებითი კვლევები - მაგალითად, აუტოანტისხეულების კვლევა (anti-TPO, anti-TG - აუტოიმუნურ თირეოიდიტზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში).

- რას მიანიშნებს ჩატარებული ანალიზის პასუხი? რა ინფორმაციას იღებთ კლინიცისტები, იქნებ განმარტოთ, რაზე მეტყველებს ჰორმონის მომატებული ან პირიქით დაკლებული დონე?

- ჩატარებული ანალიზებით მიღებული ინფორმაცია ექიმს აძლევს საშუალებას, ერთი მხრივ, შეაფასოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, ნორმაშია (ეუთირეოზი) თუ არა, მომატებულია (ჰიპერთირეოზი) თუ, პირიქით, დაქვეითებული (ჰიპოთირეოზი) და მეორე მხრივ, ეხმარება მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევასა და მედიკამენტების დოზების რეგულირებაში.

იმისათვის, რომ უფრო დეტალურად განვმარტოთ, რა ინფორმაციას იძლევა კვლევის შედეგები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესახებ, აღვნიშნავ - TSH-სა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს შორის არსებობს ე.წ. უარყოფითი უკუკავშირი, შესაბამისად, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მომატებულია, TSH-ის მაჩვენებლები დაბალია; ასეთ მდგომარეობას ჰიპერთირეოზს ვუწოდებთ და ის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერებაზე მიუთითებს, ხოლო მის საპირისპირო მდგომარეობას, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის დაქვეითების ფონზე TSH-ის დონე მატულობს, განვიხილავთ როგორც ჰიპოთირეოზს – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას. თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, შესაძლოა მაჩვენებლები ასე კლასიკურად არ გამომჟღავნდეს და დაავადება მიმდინარეობდეს ე.წ. სუბკლინიკური ფორმით.

- როდის ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა? ძირითადად, რა ვლინდება ულტრაბგერითი კვლევით, როდის არის მისი ჩატარება აუცილებელი და როდის არ არის სავალდებულო?

- ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა სასურველია ჩატარდეს საწყის ეტაპზე. ექიმმა შეიძლება პალპაციით (ხელით გასინჯვა) შეაფასოს ჯირკვლის გადიდება ან დაპატარავება, თუმცა ჯირკვლის სტრუქტურის, ჩანართების არსებობა-არარსებობის შეფასება მხოლოდ ექოსკოპიური კვლევით არის შესაძლებელი. ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა საშუალებას იძლევა, შეფასდეს ფარისებრი ჯირკვლის ფორმა, ზომა, მოცულობა, სტრუქტურა, ჩანართების არსებობა-არარსებობა, ამასთანავე, ჩანართების (კვანძი, ცისტა და სხვა) არსებობის შემთხვევაში ულტრაბგერითი კვლევის საშუალებით განისაზღვრება თვით ჩანართების ზომა, სტრუქტურა და რაოდენობა, თუმცა მხოლოდ ექოსკოპიით შეუძლებელია კვანძების მორფოლოგიური შეფასება. რადგან ექოსკოპია არ იძლევა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასების საშუალებას, დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია კომპლექსური ულტრაბგერითი და ლაბორატორიული კვლევები ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით. ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება სავალდებულოა ჰორმონების ნორმიდან გადახრის შემთხვევაში, თუმცა, თუ ლაბორატორიული მონაცემებით ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები ნორმის ფარგლებს არ სცდება, პაციენტი არ უჩივის ტკივილს ან დისკომფორტს ყელის არეში, პალპაციის დროს ფარისებრი ჯირკვალი არ იქცევს ენდოკრინოლოგის ყურადღებას, ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება არ არის აუცილებელი.

- რას გვეტყვით იზოტოპურ სკანირებაზე, როდის დგება მისი საჭიროება, ვის და რატომ ენიშნება ეს გამოკვლევა? იქნებ დეტალურად აუხსნათ მკითხველს მისი არსი?

- რადიოიზოტოპური სკანირება, სცინტიგრაფია არის კვლევა, რომლის დროსაც გამოიყენება რადიაქტიური პრეპარატები - ტექნეციუმი და იოდი. ჯირკვალში იზოტოპების დაგროვება, ჩართვა და განაწილება საშუალებას იძლევა შეფასდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, ზომა, აგებულება, გამოვლინდეს სტრუქტურული ცვლილებები - კვანძების არსებობა. სცინტიგრაფიის დროს იზოტოპი ორგანიზმში შეჰყავთ ვენიდან და შეყვანისთანავე სკანერით აკვირდებიან იზოტოპის ჩართვას და მის განაწილებას. კვლევის დროს ნორმალური ფარისებრი ჯირკვალი ჩაირთავს გარკვეული რაოდენობით იზოტოპს და ჯირკვლის ფორმა და ზომაც ნორმას შეესაბამება. თუმცა კვლევამ შესაძლოა გამოავლინოს ფარისებრი ჯირკვლის მიერ რადიაქტიური პრეპარატის ჭარბი ან დაქვეითებული ჩართვა. კერძოდ, რადიაქტიური პრეპარატის დაქვეითებული ჩართვა მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის ანთებაზე – თირეოიდიტზე ან დაქვეითებული ფუნქციის კვანძის არსებობაზე (ადენომა, კარცინომა), პრეპარატის ჭარბად ჩართვა კი ჰიპერთირეოზის მაჩვენებელია. იზოტოპის არათანაბარი განაწილება, ძირითადად, მრავალკვანძოვან ჩიყვზე ან კეთილთვისებიან სიმსივნეზე მიუთითებს. გარდა ჯირკვლის ზოგადი დახასიათებისა, სკანირება იძლევა ინფორმაციას ჯირკვალში არსებული კვანძის შესახებ, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ ჩაირთავდეს იზოტოპს ან, პირიქით, ჩაირთავდეს ჭარბი რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ ტექნეციუმისა (99მთ) და იოდის იზოტოპისგან 123I განსხვავებით, იოდის იზოტოპი 131I გამოიყენება არა მხოლოდ სადიაგნოსტიკო საშუალებად, საჭიროებისამებრ, ასრულებს სამკურნალო ფუნქციასაც ტოქსიკური ჩიყვის ან/და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დროს.

- რა რეკომენდაციებსა და მითითებებს მისცემთ მკითხველს ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაზე - რა გაითვალისწინონ, როგორ მოიქცნენ?

- ჩვენი რეგიონის თავისებურებებიდან გამომდინარე, მკითხველს ვურჩევდი წელიწადში ერთხელ მიმართონ ენდოკრინოლოგს და აკონტროლონ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. ფარისებრი ჯირკვლის დაავადების პრევენციისათვის კი მიიღონ იოდიზებული მარილი, მოერიდონ მზის პირდაპირ სხივებს და პლანშეტური საშუალებების ჭარბ მოხმარებას. მათ კი, ვისაც დაუდგინდა ფარისებრი ჯირკვლის ესა თუ ის დაავადება, ვურჩევდი ენდოკრინოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას და ექიმის მითითებების ზედმიწევნით შესრულებას.