რუბრიკები
მეტეორიზმი

მუცლის შებერვა, აირების დაგროვება ერთი შეხედვით არასერიოზული თემაა, მაგრამ არცთუ იშვიათად სერიოზული პრობლემების მიზეზად იქცევა. რა იწვევს აირთა ჭარბ დაგროვებას, რას გრძნობს ამ დროს ადამიანი და როგორ ვებრძოლოთ აღნიშნულ პრობლემას? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ქალაქის  კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიული კლინიკის ექიმი, თერაპევტი მარინე ცომაია.

- რამდენად მნიშვნელოვანია აირების დაგროვების პრობლემა სამედიცინო თვალსაზრისით?

- საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირების ჭარბი დაგროვება, რაც მათი დიდი ოდენობით წარმოქმნის ან გამოყოფის დარღვევის შედეგია, შინაგან ორგანოთა დაავადებების ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომი გახლავთ. პაციენტები, რომელთაც საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვთ დაავადებული, ხშირად უჩივიან მეტეორიზმს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეპიზოდური მეტეორიზმი ჯანმრთელ პირებსაც ხშირად აღენიშნებათ. აირების დაგროვება მართლაც პრობლემური საკითხია, ვინაიდან ის საგრძნობლად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს და საკმაო უხერხულობას უქმნის.

- როგორ ვლინდება მეტეორიზმი, რას გრძნობს ადამიანი აირების ჭარბი დაგროვებისას?
- აირების ჭარბი დაგროვებიათ გამოწვეული ჩივილები პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. ზოგიერთს აწუხებს მუცლის შებერვა, მისი ზომის (გარშემოწერილობის) მკვეთრი მატება, რაც ნაწლავების შებერვის შედეგია. მიუხედავად ჭარბი დაგროვებისა, აირების გამოყოფა არ ხდება, ვინაიდან ვითარდება მსხვილი ნაწლავის სპაზმი. ამ შემთხვევაში პაციენტები ხშირად უჩივიან მუცელში დისკომფორტსა და მჭრელ ტკივილს. რიგ შემთხვევაში აირებით გადავსების გამო ნაწლავის კედლის გაწელვის შედეგად ვითარდება ძლიერი მოვლითი ტკივილი, რომელიც მხოლოდ აირების გამოყოფის შემდეგ მცირდება. ამავე დროს, დადგენილია, რომ პირდაპირი კავშირი დაგროვილი აირების რაოდენობასა და ტკივილის ინტენსივობას შორის არ არსებობს. ზოგიერთს ტკივილი მცირე რაოდენობით აირების დაგროვების შემთხვევაშიც აღენიშნება, მაშინ, როცა ზოგიერთი ტკივილს ნაწლავებში დიდი რაოდენობით აირის არსებობის დროსაც კი არ უჩივის. ეს ყველაფერი ტკივილის ინდივიდუალური აღქმის თავისებურებებთან არის დაკავშირებული. მეტეორიზმის მეორე ვარიანტს ახასიათებს ნაწლავიდან აირების ინტენსიური გამოყოფა, რასაც ხშირად თან სდევს ხმაური. გამოყოფილ აირებს საკმაოდ მძაფრი სუნი აქვს. მართალია, ამ შემთხვევაში ტკივილი უმნიშვნელოა, მაგრამ არანაკლებ უხერხულობას უქმნის პაციენტს მუცელში წარმოქმნილი ხმაური, ყურყური და მძაფრი სუნის მქონე აირების ხმაურიანი გამოყოფა. გარდა აღნიშნულისა, აირების ჭარბ დაგროვებას შესაძლოა თან ახლდეს ბოყინი, გულისრევა, ყაბზობა ან ფაღარათი, არასასიამოვნო გემო პირში, მადის დაქვეითება. არ არის გამორიცხული, მეტეორიზმმა გამოიწვიოს ისეთი ზოგადი გამოვლინებები, როგორიც არის ტკივილი გულის არეში, გულის ფრიალი, გულის რიტმის დარღვევა (ამის გამო პაციენტები ხშირად ვერ ხვდებიან თავიანთი ჩივილების მიზეზს), თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, ქოშინი. უკანასკნელი სიმპტომი უმეტესად მაშინ ვითარდება, როდესაც პაციენტს კარგად აქვს განვითარებული მუცლის კუნთები - დაგროვილი აირები მუცლის წინა კედელს ვერაფერს აკლებენ და დიაფრაგმას აწვებიან, რის გამოც სუნთქვა ძნელდება.

- როგორც ვხედავთ, მეტეორიზმი საკმაოდ მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევს. რა განაპირობებს თავად მეტეორიზმს?
- მეტეორიზმის მიზეზი მრავალფეროვანია. აღსანიშნავია კვების თავისებურებები, საჭმლის მონელების პროცესების დარღვევა, ნაწლავში მექანიკური დაბრკოლების არსებობა, ნაწლავთა მოტორული აქტივობის დაქვეითება, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ფსიქიკური ფაქტორების ზემოქმედება. ბუნებრივია, პაციენტების ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, კვების თავისებურებებთან დაკავშირებული მეტეორიზმი იწვევს. მედიცინაში მას ალიმენტურ მეტეორიზმს უწოდებენ. ალიმენტური მეტეორიზმი მაშინ აღმოცენდება, როდესაც ადამიანი უჯრედისით, ცელულოზით, პექტინით, სახამებლით მდიდარ საკვებს იღებს. ასეთია, მაგალითად, პარკოსნები (ჩვენთვის კარგად ცნობილი ლობიო), კომბოსტო, კარტოფილი, შავი პური. ასეთი საკვების მონელებას თან სდევს ნაწლავში დიდი რაოდენობით აირების გამოყოფა.
ალიმენტურ მეტეორიზმს იწვევს გაზიანი სასმელების მიღებაც. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა სასმლის სახეობას - მეტეორიზმს იწვევს არა მარტო კოკა-კოლა ან ლიმონათი, არამედ სამკურნალო გაზიანი წყალიც, ვინაიდან მსგავს შემთხვევებში წამყვანი ფაქტორი სასმელში არსებული აირია და არა თვით სასმლის შემადგენლობა. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად ვურჩევთ პაციენტებს, სამკურნალო მინერალური წყალი მხოლოდ უგაზოდ მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაზი, რომელიც ჭიქაში შუშხუნებს, კუჭში განაგრძობს გამოყოფას. ალიმენტური მეტეორიზმის განვითარებას ხელს უწყობს ის პროდუქტებიც, რომლებიც დუღილს იწვევს - ცხვრის ხორცი, ქიშმიში, ბურახი, ლუდი. უკანასკნელ ორ სასმელში დუღილის პროცესი თავისთავად მიმდინარეობს. მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებსაც - ნაწლავური მიკროფლორის ხასიათს, ნაწლავის შეწოვის უნარს, კუჭიდან საკვების ევაკუაციის სისწრაფეს.

- რომელი დაავადებები იწვევს მონელების დარღვევასთან დაკავშირებულ მეტეორიზმს?
- საჭმლის მონელების პროცესების დარღვევა ხშირია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების: გასტრიტის, დუოდენიტის, პანკრეატიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, ჰეპატიტის, ასევე - შეწოვის დარღვევის, დისბაქტერიოზის, განსაზღვრულ ფერმენტთა უკმარისობის დროს. უკანასკნელის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ლაქტაზის უკმარისობა. ჩამოთვლილი დაავადებები სხვადასხვა სახისაა, მაგრამ მეტეორიზმი მსგავსი მექანიზმით ვითარდება: აღარ ხდება საკვების სრული დაშლა, ნაწლავში გროვდება მონელების შუალედური პროდუქტები, რომელთა გარდაქმნას ნაწლავური მიკროფლორის ზემოქმედებით თან სდევს ლპობისა და დუღილის პროცესები, ხოლო შედეგად - აირების წარმოქმნა, ამის მიზეზი კი ფერმენტების უკმარისობა ან ნაწლავის მიკროფლორის პათოლოგიური ცვლილებაა, რასაც ნაწლავში ბუნებრივად არსებული მიკროორგანიზმების რაოდენობის შემცირება და პათოლოგიური ორგანიზმების გამრავლება მოსდევს. ნაწლავის მიკროფლორის ნორმალური შემადგენლობის ცვლილებამ, დისბაქტერიოზმა, მკვლევართა აზრით, შესაძლოა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრაქტიკულად ნებისმიერი დაავადების დროს იჩინოს თავი. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მეტეორიზმი საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების ხშირი სიმპტომია. ბუნებრივია, მონელების დარღვევა და მასთან დაკავშირებული მეტეორიზმი თან ახლავს ნაწლავთა ნებისმიერ დაავადებას, საკვებისმიერ ტოქსიკოინფექციებს.

- როგორც ზემოთ აღნიშნეთ, მეტეორიზმის ერთ-ერთი მიზეზი ლაქტაზის დეფიციტია. რა არის ეს?
- წვრილ ნაწლავში არსებული ფერმენტის - ლაქტაზის უკმარისობა რძის შაქრის - ლაქტოზის აუტანლობას იწვევს. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი შეიცავს სათანადო ოდენობის ლაქტაზას, რომელიც რძის შაქარს გლუკოზად და გალაქტოზად შლის, აღნიშნული ნივთიერებები კი წვრილ ნაწლავში შეიწოვება. ლაქტაზის დეფიციტის შემთხვევაში ლაქტოზა უცვლელი სახით აღწევს მსხვილ ნაწლავს, სადაც მის მონელებას ნაწლავის მიკროორგანიზმები იწყებენ, ამას კი დიდი ოდენობით აირების წარმოქმნა სდევს თან. სწორედ ამას ეფუძნება ლაქტაზის დეფიციტის სადიაგნოზო ერთ-ერთი ტესტი - ამოსუნთქულ ჰაერში წყალბადის მომატებული შემცველობის დადგენა. გარდა ამისა, ლაქტაზას ოსმოსური თვისებებიც აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას წყლის შეკავების უნარი შესწევს. სწორედ ამ თვისების გამოა, რომ მსხვილ ნაწლავში ლაქტაზის კონცენტრაციის მატებას თან სდევს წყლის სეკრეციის გაძლიერება და შედეგად ფაღარათი მჟავესუნიანი, თხევადი, ქაფიანი განავლით. დაავადების დამახასიათებელი თავისებურება კი ის არის, რომ აღნიშნული სიმპტომები რძისა და ლაქტოზის შემცველი რძის პროდუქტების მიღებისას აღმოცენდება. რძემჟავა პროდუქტები (მაგალითად, მაწონი) რძის შაქარს უფრო ნაკლები რაოდენობით შეიცავს და ლაქტაზის ზომიერი დეფიციტისას მათი გამოყენება ადამიანს ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე შეუძლია, ხაჭოსა და ყველში კი ლაქტაზა საერთოდ არ არის, ასე რომ, პაციენტს შეუზღუდავად შეუძლია მათი მიღება. ლაქტაზის დეფიციტი შეიძლება იყოს როგორც პირველადი ანუ გენეტიკური (მემკვიდრეობითი), ისე მეორეული - ნაწლავის დაავადებების ან ორგანიზმის კონსტიტუციური თავისებურებების შედეგი. უკანასკნელ შემთხვევაში ფერმენტის დეფიციტი მოგვიანებით, ხშირად ხანდაზმულ ასაკში იჩენს თავს და ადამიანს, რომელიც არასოდეს უჩიოდა რძის აუტანლობას, უეცრად მისი მიღებისას მეტეორიზმი, აირების გამოყოფა და ფაღარათი ეწყება.



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები