დისბაქტერიოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დისბაქტერიოზი

ნაწლავური მიკროფლორის წარმომადგენლებს შორის ორგვარი ურთიერთობა ყალიბდება: სიმბიოზური და ანტაგონისტური. სიმბიოზური ურთიერთობის მაგალითია ის, რომ ნაწლავის ბინადარი სასარგებლო ბაქტერიები ადამიანს საჭმლის მონელებაში, ვიტამინების წარმოქმნაში ეხმარებიან, ხელს უწყობენ საკვები ნივთიერებების შეწოვას, აძლიერებენ იმუნიტეტს და ანტიალერგიული თვისებებიც აქვთ. ნაწლავში ყოველთვის არიან პათოგენური და პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმებიც, რომლებსაც მძიმე და საშიში დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ, მაგრამ ანტაგონისტური ურთიერთობის წყალობით სასარგებლო ბაქტერიები ყოველთვის დომინირებენ მათზე, ამიტომ ისინი ჯანსაღ ორგანიზმს ვერაფერს აკლებენ, მაგრამ საკმარისია, ნაწლავებში ბუნების მიერ დამყარებული წონასწორობა დაირღვეს, რომ უსიამოვნებებიც იწყება. როცა სასარგებლო მიკროორგანიზმების რაოდენობა მცირდება, მავნე მიკროორგანიზმები აქტიურდებიან, სწრაფად მრავლდებიან და დაავადებას უდებენ სათავეს. თავდაპირველად, ვიდრე ორგანიზმს ჯერ კიდევ საკმაო შესაძლებლობა აქვს, ნაწლავის დისფუნქცია შეუმჩნეველია. ასეთ დროს, ჩვეულებრივ, დაქვეითებულია ბიფიდობაქტერიის, ლაქტობაქტერიისა და ნაწლავის ჩხირის კონცენტრაცია, რის საპასუხოდაც მრავლდებიან ნორმალური ფლორის სხვა წარმომადგენლები და საკუთარ თავზე იღებენ თანამოძმეთა ფუნქციებს, მაგრამ როცა ფლორის დისბალანსი დიდხანს გრძელდება, სასარგებლო ბაქტერიებს მავნე ორგანიზმები ჯაბნიან და ვითარდება დისბაქტერიოზად წოდებული პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ნაწლავის ფლორის რაოდენობრივ-ხარისხობრივი გაუწონასწორებლობის შედეგია.

- ქალბატონო ეკა, რა არღვევს ნაწლავებში ჩვეული მიკროფლორის წონასწორობას?

- ასეთი რამდენიმე ფაქტორია ცნობილი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის იმ გარემოს მჟავატუტოვანი მდგომარეობა, რომელშიც არსებობს მიკროფლორა. თუ გარემო ზომაზე მეტად მჟავა ან ზომაზე მეტად ტუტე გახდა, ზიანდება სასარგებლო მიკრობთა უჯრედული გარსი და ისინი იღუპებიან, მათი დაღუპვა კი არღვევს თანაფარდობას სასარგებლო და პირობით-პათოგენურ მიკრობებს შორის. თანაფარდობის დარღვევის მიზეზი ხშირად არის თავად საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარე პროცესებიც, მაგალითად, მაშინ, როდესაც ღვიძლი ან კუჭქვეშა ჯირკვალი საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს საკმარისი ოდენობით ვერ წარმოქმნიან, საკვები ნაწლავებში სათანადოდ ვერ მუშავდება და ნაწლავებში რჩება მოუნელებელი ნარჩენები, რომლებიც მავნე ბაქტერიათა გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ამავე მექანიზმით იზრდება მავნე მიკრობთა რაოდენობა: როცა ნაწლავების პერისტალტიკის დაქვეითების გამო საკვების გუნდა სათანადო დროში, სათანადო სიჩქარით ვერ გადაადგილდება ნაწლავებში, მისი შიგთავსი ლპება და ხელს უწყობს მავნე ბაქტერიების გამრავლებას. ადამიანის ნაწლავური ფლორის ობლიგატურ (სასარგებლო) მიკრობთა დიდ ნაწილს ადამიანი საკვების სახით იღებს. როდესაც კვების რაციონი ღარიბი და დაუბალანსებელია, სასარგებლო მიკრობებით ორგანიზმის გარედან შევსება მცირდება, მათი რაოდენობა იკლებს. ამიტომ არის, რომ ხანგრძლივი ურეჟიმო და არასრულფასოვანი კვება თანდათან არღვევს სასარგებლო და პირობით-პათოგენურ მიკრობთა თანაფარდობას და საჭმლის მონელების პროცესის დარღვევამდე მივყავართ. სასარგებლო ფლორაზე გამანადგურებლად მოქმედებს დაავადების გამომწვევი მიკრობები და პარაზიტული ჭიებით გამოწვეული ჰელმინთოზები. ასეთ პირობებში სასარგებლო მიკროფლორა ისპობა, რასაც დისბაქტერიოზი მოსდევს. უკანასკნელ წლებში საკმაოდ გახშირდა ანტიბიოტიკების ხანგრძლივი და არასათანადო გამოყენებით გამოწვეული დისბაქტერიოზის შემთხვევები - ეს პრეპარატები ხომ მავნესთან ერთად სასარგებლო მიკრობებსაც ანადგურებენ.

- რა შემთხვევაში უნდა ვიეჭვოთ დისბაქტერიოზი?

- სპეციფიკური კლინიკური სიმპტომები დისბაქტერიოზს არ ახასიათებს. ამ დროს, უწინარეს ყოვლისა, ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი - ნორმალური მიკროფლორის დარღვევის გამო ვეღარ ხდება საჭმლის სათანადო მონელება, ვეღარ შეიწოვება საკვები ნივთიერებები. პათოგენური მიკრობების ინტენსიური გამრავლება აძლიერებს დუღილისა და ლპობის პროცესებს. ნაწლავებში დიდი რაოდენობით წარმოიქმნება აირები, ვითარდება მეტეორიზმი. აირების დაგროვება და მათი გადაადგილება იწვევს გულძმარვასა და გულისრევის შეგრძნებას. პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს ან ფაღარათს, ან, პირიქით, ყაბზობას. ორგანიზმში მოუნელებელი ნარჩენების ხანგრძლივი არსებობა და ამის პარალელურად პერისტალტიკის დარღვევა იწვევს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნს, ნაწლავების ყურყურს, მუცლის ტკივილს. მოუნელებელი და ლპობაშეპარული ნარჩენები, რომლებიც ორგანიზმისთვის უჩვეულოა, ალერგიულ ბუნებას იძენს. თავდაპირველად ორგანიზმი ფაღარათით - ნაწლავების გაძლიერებული პერისტალტიკით - ცდილობს მათ გამოდევნას, მერე კი, როდესაც ეს შეუძლებელი ხდება, თავს იჩენს ალერგიული რეაქციები კანზე - გამონაყარი, ქავილი. მოგვიანებით იწყება ჰიპოვიტამინოზი - ამა თუ იმ ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადება მრავალფეროვანი გამოვლინებით: თმის ცვენით, ფრჩხილების მტვრევადობითა და აშრევებით, კანის გამოშრობით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, იმუნიტეტის დაქვეითებით. იმუნური სისტემის სისუსტის დროს კი ორგანიზმი ინფექციისთვის ადვილად შეღწევადი ხდება. ასე რომ, ხშირია თანდართული ინფექცია, შედეგად კი სისუსტე, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, წონის კლება.


- რის საფუძველზე სვამენ დისბაქტერიოზის დიაგნოზს?

- დისბაქტერიოზის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა განავლის კოპროლოგიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. კოპროლოგიური გამოკვლევის საშუალებით ადგენენ, რა დონეზე მიმდინარეობს ნაწლავებში საკვები კომპონენტების - ცილების, ცხიმების, უჯრედისის - მონელება. დისბაქტერიოზის დროს, დიაგნოსტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელობა აქვს ნაწლავის შიგთავსის ბუნებას, კერძოდ, იმას, ჭარბად ხომ არ შეიცავს განავალი ქიმიურ ნაერთებს, ორგანულ მჟავებს, ალდეჰიდებს, მომწამვლელ აირებს: ინდოლს, სკატოლს, გოგირდწყალბადს, არის თუ არა მასში სისხლი ან ლორწო. კოპროლოგიული გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ განავალში ნახშირწყლების კონცენტრაცია და ამით დავადგინოთ, როგორია ნაწლავთა მიერ ნახშირწყლების შეწოვის ხარისხი. როდესაც ნაწლავებში ეს პროცესი დაქვეითებულია, განავალში მკვეთრად იმატებს შეუწოველი ნახშირწყლები. ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისას ვადგენთ, რამდენად არის შეცვლილი მიკრობული პეიზაჟი. კერძოდ, დისბაქტერიოზის დროს ნორმალური მიკროფლორის სამი წარმომადგენლის - ბიფიდობაქტერიის, ლაქტობაქტერიისა და ნაწლავის ჩხირის - წილობრივი შემცველობის დარღვევა შეინიშნება, ამიტომ ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის მიზანი ამ მიკრობთა კონცენტრაციის განსაზღვრაა. დისბაქტერიოზის დროს ნაწლავებში საგრძნობლად იზრდება ჩირქმბადი მიკრობების რაოდენობა,  იმატებს კანდიდას ტიპის სოკოები და ჩნდება ეშერიხიების პათოგენური შტამები, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავებში არ ბინადრობენ. როგორც კოპროლოგიური, ისე ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შედეგები მაშინ არის სარწმუნო, როცა მასალა აღებულია სტერილური კოვზით და ჭურჭლით, დაცულია მისი ლაბორატორიაში მიტანის ვადა - საკვლევი მასალა ლაბორატორიაში დეფეკაციიდან 2-3 საათში უნდა მოხვდეს.

- როგორ მკურნალობენ დისბაქტერიოზს?

- დისბაქტერიოზის მკურნალობა სასარგებლო და მავნე ბაქტერიებს შორის დარღვეული ბალანსის აღდგენას გულისხმობს. ეს მიიღწევა სხვადასხვა სახის პრეპარატების საშუალებით, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც ასტიმულირებენ სასარგებლო მიკრობთა შტამების ზრდას, გამრავლებას. მათ პრობიოტიკებს უწოდებენ. ისინი თავად შეიცავენ მიკროორგანიზმებს და მათი ცხოველქმედების პროდუქტებს. მნიშვნელოვანია იმ პრეპარატთა როლიც, რომლებიც უშუალოდ სასარგებლო ბაქტერიებს შეიცავენ - მათი მეშვეობით ნაწლავებში ფაქტობრივად გარედან შეგვყავს საჭირო ბაქტერიები. არსებობს პრეპარატები, რომლებიც მავნე ბაქტერიებს ანადგურებენ, ამცირებენ მათ რაოდენობას და ამ გზით აღადგენენ ბალანსს. ასეთებია ბაქტერიოფაგები და ანტიბიოტიკები. ოღონდ ანტიბიოტიკების გამოყენებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან თუ დოზას გადავაჭარბეთ, ისინი თავად იქცევიან ნორმალური ბალანსის დარღვევის მიზეზად. მკურნალობის კომპლექსში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული საჭმლის მონელების დარღვეული პროცესის აღდგენა, რაც ფერმენტების დახმარებით მიიღწევა. ისინი ახდენენ ნაწლავთა პერისტალტიკის ნორმალიზებას და საკვების სრულ მონელებას უწყობენ ხელს. სიმპტომური მკურნალობის მიზნით ვუნიშნავთ ადსორბენტებს - აირების შთამნთქმელ საშუალებებს, რომლებიც სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებსაც შთანთქავენ, ამცირებენ მუცლის შებერილობას, ყურყურსა და მეტეორიზმს. რა თქმა უნდა, აუცილებელია დაბალანსებული კვება, სწორი რეჟიმი და რაციონალური მენიუ. დისბაქტერიოზი საკმაოდ რთულ და ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს, რადგან აუცილებელია საჭმლის მონელების ყველა დარღვეული რგოლის აღდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთმანეთზე ჯაჭვურად გადაბმული პროცესი უკუდატრიალდება და პათოლოგიური სიმპტომებიც კვლავ იჩენს თავს.

- როგორ ავიცილოთ თავიდან დისბაქტერიოზი?

- დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისთვის საჭიროა კვებისა და ცხოვრების რეჟიმთან დაკავშირებული რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება. თანამედროვე ცხოვრების რიტმის გამო ადამიანთა უმრავლესობას უწევს სამსახურში დიდხანს შიმშილი, შესვენებაზე მშრალად წახემსება, ხოლო სამუშაო დღის შემდეგ დიდი რაოდენობის საკვების ერთბაშად მიღება. მრავალი ჩვენგანის სამუშაო დღე ისეა აწყობილი, რომ ნავახშმევს მაშინვე იძინებს, მოდუნებულ ორგანიზმს კი ძილის დროს საკვების სრულფასოვანი მონელება უჭირს. აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა დროული მკურნალობა, განსაკუთრებით ისეთებისა, როგორიც არის ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის ანთება. ეს ორგანოები საჭმლის მომნელებელ ტრაქტს საჭირო ფერმენტებით ამარაგებენ, მათი დაზიანებისა და ფერმენტთაAდეფიციტის დროს კი საჭმლის მონელების პროცესი ირღვევა. მენიუში ყოველთვის უნდა იყოს უჯრედისი. უჯრედისით მენიუს გაჯერება მცენარეული პროდუქტების ხარჯზე ხდება. სწორედ მათი საშუალებით ხერხდება ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებით შევსება. გეთანხმებით, ჩვენი ყოველდღიურობის გათვალისწინებით, ყოველივე ეს ადვილი არ არის, მაგრამ დისბაქტერიოზის ჩამოყალიბებული ფორმის მკურნალობა გაცილებით რთული და დამღლელია, ამიტომ მკურნალობამდე საქმის მიყვანას მისგან თავის დაცვა სჯობს.