სეფსისი ქირურგიაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სეფსისი ქირურგიაში

ამ ფონზე უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში თბილისში სეფსისის საწინააღმდეგო რესპუბლიკური ცენტრის შექმნას. მას მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პროფესორი ვახტანგ ბოჭორიშვილი, რომლის ნაშრომებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სეფსისთან ბრძოლაში. სეფსისოლოგიაში ახალი ეტაპი დაიწყო 1991 წელს, როცა აშშ-ში გაიმართა შეთანხმებითი კონფერენცია, რომელიც სეფსისის განსაზღვრასა და მისი დიაგნოსტიკის მეთოდებს მიეძღვნა. ეს გახლდათ ერთიანი კლასიფიკაციის შექმნის პირველი წარმატებული მცდელობა. და მაინც, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების განვითარების მიუხედავად, ქირურგიული სეფსისი საგანგებო შესწავლის საგნად რჩება.

ქირურგიული სეფსისი

ქირურგიულ განყოფილებებში სეფსისი არცთუ იშვიათი მოვლენაა. ამ დაავადებისადმი მიდრეკილება, უპირველეს ყოვლისა, იმ პაციენტებთან შეინიშნება, რომელთაც დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი. იგივე ხდება მაშინაც, როცა დაავადება, რომლის გამოც ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა, ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს აქვეითებს. ზოგჯერ კი იმუნიტეტის დაქვეითებას მკურნალობის პროცესში გამოყენებული პრეპარატებიც იწვევს. ქირურგიული სეფსისი მძიმე დაავადებაა. მის შემთხვევათა 35-70% სიკვდილით სრულდება. შემჩნეულია, რომ ორჯერ ხშირად იღუპებიან ის პაციენტები, რომლებიც გრამუარყოფითი მიკრობებით არიან დასნებოვნებულნი. ამ რთული ინფექციური დაავადებისთვის ორგანიზმში შემავალი კარიბჭე შეიძლება იყოს:

  • ჭრილობა;
  • დამწვრობა;
  • აბდომინალური (მუცლის ღრუდან შეჭრილი) ინფექცია;
  • და სხვა.

ქირურგიული სეფსისის სიმპტომები ასეთია: სხეულის ტემპერატურა ან ძალიან მაღალია, ან, პირიქით, 360ც-ზე დაბალი; აუცილებლად ახლავს თან ტაქიკარდია - გულისცემის სიხშირე წუთში ოთხმოცდაათს აჭარბებს; იმატებს სუნთქვის სიხშირეც - ავადმყოფი წუთში 20-ზე მეტჯერ ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს. სისხლის ანალიზის დროს ლეიკოციტების რაოდენობა ან ძალიან მაღალია (12 ათასი და მეტი), ან ძალიან დაბალი (4 ათასზე ნაკლები). თუ ყველა ზემოხსენებული ნიშანი სახეზეა, ექიმები ქირურგიული სეფსისის დიაგნოზს სვამენ. ამ ტიპის დაავადების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს კერის ინფექციისგან დროულ გაწმენდას და სხვა ქსოვილებში მისი გავრცელების შეჩერებას.

კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით სეფსის შეიძლება იყოს:

  • ელვისებური - ის ინფექციის ჩანერგვიდან 1-3 დღეში ვითარდება;
  • მწვავე - ვითარდება დაავადების დაწყებიდან 1-2 თვის განმავლობაში;
  • ქვემწვავე;
  • ქრონიკული (ვითარდება დაავადების დაწყებიდან 5-6 თვის შემდეგ).

სეფსისი შეიძლება გართულდეს სისხლდენით და სეპტიკური შოკით.

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა არა მარტო რთულია, არამედ ძვირად ღირებულიც. ქირურგიული სეფსისის მკურნალობა, მისი მრავალფეროვანი კლინიკური სიმპტომებიდან გამომდინარე, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით უნდა წარიმართოს. სახელდობრ, საჭიროა:

1. ინფექციის კერისა და მთელი ორგანიზმის სანაცია;

2. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების დარღვეულ ფუნქციათა კორექცია;

3. ჩანერგილ ინფექციაზე ორგანიზმის საპასუხო რეაქციის სტიმულირება.

ინფექციის სანაციისთვის ქირურგიულად ამუშავებენ ჩირქოვან ჭრილობებს და მეტასტაზურ კერებს, ცდილობენ, მოაშორონ ნეკროზული ქსოვილები და ჩირქი, მოახდინონ ამ უკანასკნელის დრენირება. ექიმების უმეტესობა რეკომენდაციას იძლევა, ამ დროს ჩატარდეს კომბინირებული ანტიბაქტერიული თერაპია რამდენიმე ანტიბიოტიკით. სპეციფიკური და არასპეციფიკური იმუნოლოგიური რეაქტიულობის მოსამატებლად ხშირად იყენებენ ჰიპერიმუნურ პლაზმას. მიმართავენ ინფუზიურ (გადასხმები) თერაპიასაც. უკანასკნელი წლების განმავლობაში ზოგიერთი ავტორი სეფსისის მკურნალობაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჰიპერბარიულ ოქსიგენაციას, რომელსაც კომპლექსურ თერაპიასთან ერთად იყენებენ. ეს - რაც შეეხებოდა სეფსისს ზოგადად. ახლა კი გაგაცნობთ მის ერთ-ერთ სახეს, კერძოდ, პირის ღრუს სეფსისს.


მიზეზები და სიმპტომები

პირის ღრუს სეფსისი შეიძლება გამოიწვიოს როგორც მიკროორგანიზმებმა: სტაფილოკოკმა, სტრეპტოკოკმა და ნაწლავის ჩხირმა, - ასევე ტოქსინებმა (შხამებმა) და ზოგიერთი ქსოვილოვანი ცილის დაშლის პროდუქტებმაც. ამ სახის სეფსისი, ჩვეულებრივ, ნუშურა ჯირკვლების მიდამოდან იწყება და შედეგად პერიოდონტის დაავადებას იწვევს. პირის ღრუს სეფსისს იგივე ნიშნები ახასიათებს, რაც სეფსისის სხვა სახეებს. მაგალითად, სიმპტომებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

  • ორგანიზმის სწრაფი გადაღლა და გამოუძინებლობის შეგრძნება;
  • საერთო სისუსტე და მუდმივი თავის ტკივილი;
  • ლეიკოციტოზი და ლიმფოციტოზი;
  • ადამიანის ორგანიზმისთვის უჩვეულო ტემპერატურა - ან ძალიან მაღალი, ან ძალიან დაბალი;
  • მცირე ზომის ანთებითი უბნები, რომელთა კვლევაც სეფსისზე მიუთითებს.

სეფსისი დაავადებაა, რომელიც შეიძლება რამდენიმე საათიც მიმდინარეობდეს (რაც ლეტალური შედეგით სრულდება) და რამდენიმე დღე, თვე ან წელიწადიც. პირის ღრუს სეფსისი დაავადების ის ფორმაა, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება და ამიტომ ექიმები მას ქრონიკულ პროცესს უწოდებენ.

მკურნალობა

ამ სახის სეფსისის მკურნალობა არცთუ ხანგრძლივი, მაგრამ მეტად საყურადღებო პროცესია. როგორც ყველა სხვა დაავადება, პირის ღრუს სეფსისიც მკურნალობას უკეთ ემორჩილება საწყის სტადიებზე, როცა დაზიანებული უბნები არცთუ დიდია. სეფსისის თავიდან ასაცილებლად ხშირად საჭიროა კბილის ამოღება, ზოგჯერ - ჯიბიანად. ამ სახის სეფსისის თავიდან აცილებას მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის ექიმი სტომატოლოგი შეძლებს. საქმე ის არის, რომ პირის ღრუს სეფსისი საშიში დაავადებაა, ამიტომ ჯობს, პირველივე სიმპტომების შემჩნევისას მიაკითხოთ ექიმს. მხოლოდ ასე გადაურჩებით არასასიამოვნო შედეგებს და დიდ დისკომფორტს. გაჭიანურება არ ღირს, რადგან საქმე არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლესაც ეხება. თანაც გახსოვდეთ, რომ დაავადება პროფილაქტიკას უფრო უკეთ ემორჩილება, ვიდრე მკურნალობას.

სეფსისი გინეკოლოგიაში

ხშირად სეფსისი ვითარდება საშვილოსნოში ინფექციის გამომწვევის მოხვედრის შემდეგ, მშობიარობის ან აბორტისშემდგომ პერიოდში. მშობიარობის შემდგომი სეფსისი იწყება მშობიარობიდან მე-5-7, იშვიათად - მე-2-3 დღეს. მშობიარობიდან მე-8-10 დღეს დაწყებული სეფსისი მის წაშლილ ფორმაზე მეტყველებს. გინეკოლოგიური სეფსისი გენიტალიების, ხშირად - დანამატებისა და საშვილოსნოს სხეულის, შარდგამომყოფი ორგანოების ანთებითი დაავადებების ფონზე ვითარდება. სეპტიცემიის დასაწყისისთვის დამახასიათებელია შემცივნება, ცხელება, სუნთქვისა და პულსის გახშირება, კანის გაფითრება, ტუჩების, ფრჩხილების ციანოზი (სილურჯე), არტერიული წნევის დაქვეითება. ირღვევა ძილი, კანზე ჩნდება გამონაყარი, მადა ქვეითდება, დიდდება ღვიძლი და ელენთა, რაც მძიმე ინტოქსიკაციაზე მიუთითებს. მნიშვნელოვანი ცვლილებებია სისხლში. ამ მდგომარეობის მომდევნო ფაზაა (მშობიარობიდან მე-10-17 დღე) სეპტიკოპიემია, რომლის დროსაც მდგომარეობა მძიმდება ახალი ან განმეორებითი ჩირქოვანი მეტასტაზების გაჩენისას (ამ დროს ჩირქოვანი კერები წარმოიქმნება ფილტვებში, თირკმელებში, თავის ტვინში, ენდოკარდში, ღვიძლში). ბაქტერიული შოკი შეიძლება ელვისებურად წარიმართოს ან რამდენიმე დღე გაგრძელდეს. გინეკოლოგიური სეფსისის მკურნალობა აუცილებლად კომპლექსური უნდა იყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს პირველად კერაზე ზემოქმედებას. ზოგჯერ საჭირო ხდება საშვილოსნოს ამოღებაც. ანტიბაქტერიული თერაპია 2-3 ანტიბიოტიკით ტარდება, რომელთაგან ერთ-ერთი ვენიდან შეჰყავთ ორგანიზმში. ყველაზე ხშირად იყენებენ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს მაქსიმალური დოზებით. გინეკოლოგიური სეფსისის პროფილაქტიკა ქალთა კონსულტაციიდან უნდა დაიწყოს. ინფექციის კერების სანაცია, სასქესო ორგანოთა ანთებითი დაავადებების დროული მკურნალობა, ორსულთა რაციონალური მეთვალყურეობა და გამოჯანსაღება - აი, ის, რაც ქალს სამომავლოდ მეტად მძიმე გართულებებს ააცილებს თავიდან.