როგორ ვუმკურნალოთ არტერიულ ჰიპერტენზიას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ არტერიულ ჰიპერტენზიას

სწორედ ამ გართულებათა თავიდან ასაცილებლადაა რეკომენდებული წნევის ნორმალიზაცია. დღეს მრავალი გამოკვლევით დადასტურებულია, რომ ჰიპერტენზიის წარმატებული მკურნალობა ინსულტების სიხშირეს 35-40%-ით ამცირებს, გულის შეტევის რისკს - 20-25%-ით, გულის უკმარისობისას - 50%-ზე მეტით.

როდის უნდა დავიწყოთ მკურნალობა

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ წნევის ნორმები.

  • ნორმალური წნევა - ნაკლებია, ვიდრე 120/80;
  • პრეჰიპერტენზია - 120-139/80-89;
  • ჰიპერტენზია - წნევა 140/90 და მეტია.

განასხვავებენ ჰიპერტენზიის ორ სტადიას. I სტადიაში წნევა 140-159/90-99-ის ფარგლებშია, ხოლო მეორე სტადიაში - 160 ან მეტი/100 ან მეტზე. როცა არტერიული წნევა 120/80-ს აღემატება, პაციენტმა უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი, ფიზიკურად გააქტიურდეს. მედიკამენტური მკურნალობის საჭიროება მაშინ აღმოცენდება, როცა აუცილებელია წნევის დაქვეითება 140/90-ზე ქვემოთ ანდა უფრო მეტად, როცა პაციენტს შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ქრონიკული უკმარისობა აქვს. ამ დროს სასურველია, წნევა 130/80-ს არ აღემატებოდეს. რასაკვირველია, მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად მნიშვნელობას არც ზემოთ დასახელებული არამედიკამენტური ღონისძიებები კარგავს.

ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტები

დღეს არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება აგფ-ინჰიბიტორები, აგფ რეცეპტორების ინჰიბიტორები, შარდმდენები, ბეტა-ბლოკერები, კალციუმის ანტაგონისტები. გარდა ამისა, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა ჯგუფების მედიკამენტთა გამოყენებაც.

აგფ-ინჰიბიტორები

ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები აფართოებს სისხლძარღვებს, რაც სისხლძარღვთა შემავიწროებელი ფაქტორის - ანგიოტენზინის წარმოქმნის დათრგუნვით მიიღწევა. ამ ჯგუფის პრეპარატებია კაპტოპრილი, ენალაპრილი, ლიზინოპრილი, პერინდოპრილი.

ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკერები

მათი გამოყენებისას სისხლძარღვთა გაფართოება და წნევის დაქვეითება ხდება არა ანგიოტენზინის წარმოქმნის, არამედ მისი აქტივობის ბლოკირების ხარჯზე. ამ ჯგუფის პრეპარატებია ლოზარტანი, ვალსარტანი, კანდესარტანი.

შარდმდენები

მათი გამოყენებისას ორგანიზმიდან გამოიყოფა სითხე, იზრდება შარდის რაოდენობა, რის შედეგადაც ქვეითდება წნევა.

ბეტა-ბლოკერები

ბეტა-ბლოკერები თრგუნავს გულზე ადრენალინის ზემოქმედებას. გული ისე ხშირად და ძლიერად აღარ იკუმშება, როგორც ადრე, შედეგად კი წნევა ქვეითდება. ამ ჯგუფის პრეპარატებია ატენოლოლი, მეტოპროლოლი, ბისოპროლოლი.

კალციუმის არხების ბლოკერები

ეს პრეპარატები აფართოებს სისხლძარღვებს, აადვილებს გულის მუშაობას, რითაც ამცირებს წნევას. გარდა ამ საშუალებებისა, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სხვა ჯგუფის პრეპარატებიც - სისხლძარღვთა გამაფართოებლები, ცენტრალური მოქმედების პრეპარატები, ალფა ბლოკერები. საკმაოდ ხშირად ერთი პრეპარატი არ არის საკმარისი არტერიული წნევის სამიზნე ციფრების მისაღწევად და საჭირო ხდება ორი ან მეტი მედიკამენტის დანიშვნა. ვინაიდან არტერიული წნევის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და ხშირად მთელი სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს, აუცილებელია ისეთი მედიკამენტები, რომელთა ხანგრძლივი მიღებაც პაციენტს დისკომფორტს არ შეუქმნის. სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს გახანგრძლივებული, 24 საათის განმავლობაში მოქმედი და ორი, ზოგჯერ კი სამი პრეპარატის კომბინაციით შექმნილი საშუალებები. მართალია, ზემოთ ზოგიერთი მედიკამენტი დავასახელეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არტერიული ჰიპერტენზიის თვითმკურნალობა შეიძლება. საჭირო მედიკამენტი და მისი დოზა მკურნალმა ექიმმა უნდა შეარჩიოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველ მედიკამენტს, გარდა დადებითისა, აქვს არასასურველი, გვერდითი ეფექტებიც. ექიმი ყოველთვის ითვალისწინებს მათ ალბათობას. გარდა უშუალოდ ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებებისა,  არტერიული ჰიპერტენზიის დროს ინიშნება მკურნალობა ქოლესტერინის ცვლის რეგულირების მიზნით და ასპირინი გულის იშემიური დაავადებისა და ინსულტის პროფილაქტიკისათვის.

ალტერნატიული საშუალებები

ბუნებრივია, ბევრს სურს, მედიკამენტების გარეშე ებრძოლოს მაღალ წნევას. არტერიული წნევის გარკვეული მაჩვენებლებისა და სამიზნე ორგანოების დაზიანების შემთხვევაში პაციენტი მხოლოდ ამ მეთოდების იმედად ვერ დარჩება, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზომიერი პრეჰიპერტენზიის დროს არამედიკამენტური საშუალებებით წნევის რეგულირება სავსებით შესაძლებელია.

დიეტა

მეცნიერული კვლევები მოწმობს დიეტის მნიშვნელობას არტერიული წნევის დასაქვეითებლად. ამ დიეტას ლიტერატურაში DASH აბრევიატურით აღნიშნავენ. ქართულად ის ამგვარად იშიფრება: "დიეტური მიდგომა ჰიპერტენზიის შესაჩერებლად". დიეტის პრინციპია:

  • მეტი ხილი, ბოსტნეული, ცხიმით ღარიბი რძის პროდუქტები;
  • ნაჯერი ცხიმებით, ქოლესტერინით მდიდარი საკვების შეზღუდვა;
  • მეტი პარკოსნები, უცხიმო თევზი, უცხიმო შინაური ფრინველის ხორცი, კაკალი, თხილი;
  • ნაკლები წითელი ხორცი და ტკბილეული;
  • მაგნიუმით, კალიუმით, კალციუმით მდიდარი საკვები - ვაშლი, გარგარი, ბანანი, ჭარხლის ფოთოლი, ბროკოლი, სტაფილო, მწვანე ლობიო, გრეიპფრუტი, ყურძენი, მწვანე ბარდა, კომბოსტო, მანგო, ნესვი, ატამი, ფორთოხალი, ანანასი, კარტოფილი, ქიშმიში, ისპანახი, მარწყვი, მანდარინი, პომიდორი, უცხიმო იოგურტი, ფინიკი, გოგრა.

DASH დიეტით რეკომენდებული ხილი და ბოსტნეული მდიდარია ბოჭკოებით. თავდაპირველად ამან შესაძლოა მუცლის შებერვა, ზოგჯერ ფაღარათიც კი გამოიწვიოს, თუმცა ადამიანი მალე ეჩვევა ახალ რაციონს და დისკომფორტიც ქრება.


DASH დიეტის რაციონი

ქვემოთ ზოგადად მიმოვიხილავთ დიეტის რაციონს. აღსანიშნავია, რომ ამერიკული ულუფა საშუალოდ 150 გრამის ან 3/4 ჭიქის ტოლია. რეკომენდებულია:

  • უცხიმო ან ცხიმით ღარიბი რძის პროდუქტები - 2-3 ულუფა. ისინი კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმისა და ცილების წყაროა;
  • ბოსტნეული - 4-5 ულუფა, კალიუმის, მაგნიუმის, ბოჭკოს წყარო;
  • ხილი - 4-5 ულუფა, ასევე კალიუმის, მაგნიუმის, ბოჭკოს წყარო;
  • პური და მარცვლეული - 7-8 ულუფა, ნახშირწყლებისა და ბოჭკოს წყარო;
  •  ხორცი, ფრინველი, თევზი - 2 ან ნაკლები ულუფა, ცილებისა და მაგნიუმის წყარო;
  • კაკალი, მზესუმზირა, პარკოსნები - 4-5 ულუფა კვირაში - მაგნიუმის, კალიუმის, ცილის, საკვები ბოჭკოების წყარო;
  • ცხიმი - 2-3 ულუფა. აღსანიშნავია, რომ დიდი ნაწილი მცენარეული უნდა იყოს. ეს ოდენობა მოიცავს საკვებში გამოყენებულ ცხიმსაც;
  • ტკბილეული - კვირაში 5 ულუფა, უცხიმო.

როგორ შევამციროთ ნატრიუმის მიღება

DASH დიეტით რეკომენდებული კვება ნატრიუმის შემცირებასაც გულისხმობს. ქვემოთ მოვიყვანთ რამდენიმე მარტივ წესს საკვებში ნატრიუმის შესამცირებლად:

  • ნუ მიიღებთ მწნილს, კონსერვს, მარილიან თხილს.
  • ნუ დაამატებთ სალათას მარილს საერთო ჭურჭელში; ჯობს, ის თავად დაიმატოთ თეფშზე.
  • მოამზადეთ ნაკლებად მარილიანი საკვები.
  • წაიკითხეთ მზა პროდუქტების ეტიკეტი, სადაც მითითებულია ნატრიუმის შემცველობა.
  • გაითვალისწინეთ, რომ ნატრიუმს ვიღებთ არა მარტო კერძისთვის სუფრის მარილის დამატებით, არამედ მზა პროდუქტების მეშვეობითაც. ხილი და ბოსტნეული, რომლის მიღებაც რეკომენდებულია ჰიპერტენზიის დროს, უფრო ნაკლებ ნატრიუმს შეიცავს.
  • ნუ გამოიყენებთ მარილს ბრინჯის, მაკარონის მოხარშვისას, ნუ დაამატებთ მას ფაფას.
  • შეგიძლიათ წინასწარ გარეცხოთ დამარილებული პროდუქტები.

ფიზიკური აქტივობა

დადგენილია, რომ ნებისმიერი ასაკისა და ორივე სქესის პირებში, რომლებიც ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, უფრო დაბალია არტერიული ჰიპერტენზიის რისკი. ვარჯიშით არტერიული წნევის დაქვეითება ზოგჯერ ისევე კარგად შეიძლება, როგორც მედიკამენტების მიღებით. მცირედ ან საშუალოდ მომატებული წნევის დროს 30-60-წუთიანი ვარჯიში - სიარული, ძუნძული, ველოსიპედის ტარება ან მათი კომბინაცია კვირაში 3 ან 4 დღის განმავლობაში წნევის მნიშვნელოვან დაქვეითებას იწვევს.

ფიტოთერაპია

სამწუხაროდ, სადღეისოდ არც ერთი მცენარეული საშუალების წნევის დამწევი ეფექტი დადგენილი არ არის, მაგრამ თუ პაციენტმა მაინც აირჩია მკურნალობის ეს მეთოდი, აუცილებელია ექიმის დროული ინფორმირება. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი მათგანი მედიკამენტებთან ერთად მიღებისას შესაძლოა წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითების მიზეზად იქცეს.

საკვებდანამატები

ამჟამად მიმდინარეობს საკვებდანამატების წნევის დამწევი ეფექტის კვლევა. სადღეისოდ არსებული მონაცემების თანახმად, ამ მხრივ საინტერესოა:

  • კოენზიმ Q - წნევის მცირედი მატებისას მისი მიღება იწვევს წნევის მნიშვნელოვან დაქვეითებას თვალსაჩინო გვერდითი ეფექტის გარეშე.
  • ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები - ზოგიერთი კვლევა მათ ეფექტს ადასტურებს, თუმცა არსებობს საპირისპირო მონაცემებიც. სადღეისოდ არსებული მონაცემებით, წნევის დაქვეითება შესაძლებელია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მაღალი დოზით მიღებისას.
  • ამინმჟავები - კვლევებით გამოვლენილია ლარგინინის ეფექტი, თუმცა იგი ხანმოკლეა. შესაძლოა ეფექტური იყოს ლ-ტაურინიც

აკუპუნქტურა

ჰიპერტენზიის მკურნალობისას აკუპუნქტურის ეფექტის დასადგენად ჩატარებულია მრავალი კვლევა, თუმცა ისინი სათანადო მოთხოვნებს ვერ პასუხობს. საჭიროა სათანადოდ დაგეგმილი კვლევები აკუპუნქტურის ეფექტის დასადგენად. სადღეისოდ აკუპუნქტურის ეფექტურობა ჰიპერტენზიის მკურნალობის თვალსაზრისით არ არის დადგენილი.

სუნთქვა და სტრესის მართვა

ცნობილია, რომ წნევა იმატებს ემოციური სტრესისა და დაძაბულობის დროს, თუმცა ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენად ეფექტურია ფსიქოლოგიური დახმარება სტრესის წინააღმდეგ არტერიული წნევის დაქვეითების თვალსაზრისით. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ დადებითი ეფექტი აქვს სუნთქვის მართვას, იოგას. საშუალოდ მომატებული არტერიული წნევის დროს ყოველდღიური ვარჯიში 2-3 თვის განმავლობაში წნევის მნიშვნელოვან დაქვეითებას იწვევს, ამცირებს სტრესულ ჰორმონებს, შფოთვას. წნევას საგრძნობლად ამცირებს ასევე ნელი სუნთქვის 15-წუთიანი ყოველდღიური სეანსი 8 კვირის განმავლობაში. კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება. რასაკვირველია, არ არის რეკომენდებული, ასაკოვანმა, მანამდე დუნე ცხოვრების წესის მიმდევარმა პირმა დამოუკიდებლად, ექიმთან შეთანხმების გარეშე დაიწყოს ვარჯიში.

სტრესი და ჰიპერტენზია

სტრესი შესაძლოა ემოციური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემების - გულის გვირგვინოვანი არტერიების დაავადებისა და არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზადაც კი იქცეს. იმავდროულად აშკარაა, რომ სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჭარბი და მუდმივი სტრესი კი აუცილებლად უნდა ავიცილოთ თავიდან.

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს?

  • ჭამეთ და სვით ზომიერად. შესაძლოა, უცაბედად გაგიჩნდეთ სურვილი, სტრესს ჭამა-სმით მოერიოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა, რეალურად მდგომარეობას გაიუარესებთ.
  • იზრუნეთ საკუთარი ინტერესების დაცვაზე. არ არის აუცილებელი, ვისიმე იმედი გაამართლოთ. მიეცით თავს "არას" თქმის უფლება. პატივი ეცით საკუთარ უფლებებს ისე, რომ არც სხვათა ინტერესები დაივიწყოთ.
  • თავი დაანებეთ მოწევას - გარდა იმისა, რომ მავნეა, შინაგან დაძაბულობასაც ზრდის.
  • რეგულარულად ივარჯიშეთ. აერობული ვარჯიში - სიარული, ძუნძული, სახტუნაოთი ხტუნვა, ველოსიპედის ტარება, სათხილამურო სპორტი, ციგურაობა, ნიჩბოსნობა, ცურვა, აერობიკა - ხელს უწყობს ენდორფინების გამოყოფას, ეს ნივთიერებები კი განწყობას ამაღლებს.
  • აუცილებელია ყოველდღიური რელაქსაცია.
  • მართეთ საკუთარი თავი. აკონტროლეთ ის, რისი კონტროლიც შეგიძლიათ და ნუ ინაღვლებთ იმაზე, რასაც ვერ შეცვლით.
  • ყველაფერს ვერ გასწვდებით, ამიტომ ეცადეთ, სწორად შეარჩიოთ პრიორიტეტები.
  • დაისახეთ მხოლოდ რეალური მიზნები და ნუ გადაჰყვებით დარდს, თუ ყველა მიზანს ვერ მიაღწიეთ.
  • აიმაღლეთ თვითშეფასება. როცა თავს დამარცხებულად გრძნობთ, აუცილებლად გაიხსენეთ თქვენი წარმატებები, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ბევრი რამე ძალიან კარგად გამოგდით.
  • კარგად დაისვენეთ. თუნდაც სწორად იკვებებოდეთ და ვარჯიშობდეთ, სტრესს დასვენების გარეშე ვერ მოერევით. აუცილებელია დრო, რომელიც მოგცემთ საშუალებას, სტრესისა თუ ვარჯიშისას დახარჯული ენერგია აღიდგინოთ. დასვენების დრო საკმარისი უნდა იყოს როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური ძალების აღსადგენად. ზოგიერთს ამაში შველის ხანმოკლე შუადღის ძილი.