არტერიული ჰიპოტონია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არტერიული ჰიპოტონია

არტერიული ჰიპოტონიის განვითარების მექანიზმებს უმთავრესად იმ სისტემათა ფუნქციის დარღვევა განაპირობებს, რომლებიც არტერიული წნევის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებას უზრუნველყოფს. სახელდობრ, არტერიული წნევის დაქვეითების მიზეზად შეიძლება იქცეს:

  • გულის მუშაობის გაუარესება, რაც, თავის მხრივ, შეიძლება განპირობებული იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი მანკით, პერიკარდიუმის (გულის გარეთა გარსის) ანთებით, გულის უკმარისობით;
  • ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, რის მიზეზიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს სისხლდენა ან ორგანიზმის გაუწყლოება;
  • სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითება, გამოწვეული ალერგიით, მოწამვლით, ვეგეტატიური დარღვევებით;
  • ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი) პრეპარატების ჭარბი მიღება. ეს შემთხვევა განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მაღალი არტერიული წნევის მქონე პირებში. Mმედიკამენტების ზედოზირება ხშირად არტერიული წნევის მერყეობას იწვევს, რაც ცუდად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამის თავიდან ასაცილებლად სამკურნალო პრეპარატები დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ.

არტერიული ჰიპოტონია და მისი კლასიფიკაცია

არტერიული ჰიპოტონია მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ამასთან, განასხვავებენ ქრონიკული ფორმის პირველ და მეორე ტიპებს. მწვავე არტერიული ჰიპოტონია რამდენიმე საათში, წუთსა და ზოგჯერ წამშიც კი ვითარდება. მას ახასიათებს თავის ტვინის ჟანგბადოვანი შიმშილი, ცალკეულ შინაგან ორგანოთა სისხლმომარაგების დარღვევა. ასეთი მდგომარეობა უმთავრესად ვითარდება სისხლდენის, მოწამვლის, სერიოზული ტრავმის, ანაფილაქსიური შოკის დროს. ქრონიკული არტერიული ჰიპოტენზია, მწვავისგან განსხვავებით, შესაძლოა არავითარი სიმპტომით არ გამოიხატოს, რადგან წნევის თანდათანობითი და მყარი დაქვეითების დროს ორგანიზმი ეჩვევა დაბალ წნევას, ასეთ მდგომარეობასთან ერთგვარ ადაპტაციას განიცდის. ქრონიკული არტერიული ჰიპოტონიის პირველი ტიპი დამოუკიდებელი დაავადებაა და უმთავრესად ვეგეტატიური ნერვული სისტემის აქტივობის დაქვეითებით არის განპირობებული. უნდა ითქვას, რომ ასეთი მდგომარეობა ადამიანთა უმრავლესობას დიდ საფრთხეს არ უქმნის. ამ შემთხვევაში იგი ორგანიზმის ინდივიდუალურ ფიზიოლოგიურ თავისებურებად განიხილება. ქრონიკული არტერიული ჰიპოტონიის მეორე ტიპი სხვა დაავადებათა თანმხლები სიმპტომია. ამ დაავადებებს შორის გამოიყოფა ნერვული დარღვევები (ნევროზები, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია), ტვინის პათოლოგიები, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემების დაავადებები. ამრიგად,  არტერიული ჰიპოტენზიისთვის დამახასიათებელია არტერიული წნევის დაქვეითება. ამასთან, ზედასგან განსხვავებით, წნევის ნორმის ქვედა საზღვრები მკაცრად არ არის განსაზღვრული. რეალურად ორგანიზმის ნორმალური არტერიული წნევის პარამეტრები თითოეული ინდივიდის ასაკსა და მისი ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული, ამიტომ იმის გასარკვევად,  გვჭირდება არტერიული ჰიპოტონიის მკურნალობა თუ დაბალი არტერიული წნევა ჩვენი ნორმაა, უნდა ჩავიტაროთ საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევა, რომლის მეშვეობითაც მოხდება ჩვენი გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ენდოკრინული სისტემების მდგომარეობათა დიაგნოსტიკა.


რატომ ეცემა წნევა

ალბათ არ არსებობს ადამიანი, სიცოცხლეში ერთხელ მაინც რომ არ განეცადოს სისუსტის უეცარი შეტევა, თავბრუხვევა, აპათია, გულისრევა და თავის ტკივილი. ყველა ეს სიმპტომი შეიძლება წნევის უეცარმა ვარდნამ გამოიწვიოს, ეს უკანასკნელი კი ორგანიზმში მიმდინარე სერიოზული ძვრების მანიშნებელია.

  • არსებობს პროცედურები, რომელთა შემდეგაც სისხლძარღვები ფართოვდება და, ამის კვალობაზე, არტერიული წნევა ეცემა. მათ შორის აღსანიშნავია აბანო, საუნა, სოლარიუმი. თუ მერყევი წნევა გაქვთ, ასეთი პროცედურებისგან თავი უნდა შეიკავოთ. თავბრუხვევა შესაძლოა ცხელი შხაპის ან აბაზანის დროსაც იგრძნოთ, თუ სააბაზანო ოთახი პატარაა და დახურული. ასეთ შემთხვევებშიც ფრთხილად უნდა იყოთ!
  • წნევის დამწევი მედიკამენტების დოზის გადაჭარბება უკვე ვახსენეთ, თუმცა არტერიული წნევის დაქვეითება სხვა პრეპარატებმაც შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, ზოგიერთმა ანტიბიოტიკმა, დამაწყნარებელმა თუ საგულე, ტკივილგამაყუჩებელმა თუ სპაზმოლიზურმა საშუალებამ.
  • წნევის ვარდნის ერთ-ერთი მიზეზია დეპრესია. დეპრესიის ასთენიურ, აპათიურ, ანჰედონიურ ფორმებს ყოველთვის ახლავს თან ეს სიმპტომი.
  • არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც ადამიანის ორგანიზმში ჭარბად გამოიყოფა აცეტილქოლინი. ამ უკანასკნელს სისუსტის ნეიროტრანსმიტერსაც უწოდებენ. ის მრავალ სხვა სიმპტომთან ერთად წნევის დაქვეითებასაც იწვევს.
  • არტერიული წნევა ეცემა კუჭის წყლულოვანი პათოლოგიის გამწვავებისა და პანკრეატიტის დროს.

როგორც უკვე ითქვა, დაბალი არტერიული წნევა და გაიშვიათებული მაჯისცემა ჰიპოტონიურ მდგომარეობას გამოხატავს. საზოგადოდ, დაბალ წნევად მიიჩნევენ ვერცხლისწყლის სვეტის 100/60 მმ-ზე დაბალ მაჩვენებლებს, თუმცა ეს პარამეტრები მკაცრად განსაზღვრული არ არის და ადამიანის ორგანიზმის თავისებურებებზე დამოკიდებულებით მეტად ინდივიდუალურია. არტერიული ჰიპოტონია გვხვდება როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანდაზმულ ასაკში. ის ფიზიოლოგიურიც შეიძლება იყოს და პათოლოგიურიც.

  • ფიზიოლოგიური არტერიული ჰიპოტონია სავსებით ჯანმრთელ ადამიანებში გვხვდება. ის განპირობებულია მემკვიდრეობითი განწყობითა და ორგანიზმის კონსტიტუციური თავისებურებებით. ასეთი ადამიანები, მიუხედავად დაბალი არტერიული წნევისა, თავს კარგად გრძნობენ, არაფერს უჩივიან და შესანიშნავად ასრულებენ სხვადასხვა სირთულის ფიზიკურ თუ გონებრივ სამუშაოს. დაბალი არტერიული წნევა, როგორც ფიზიოლოგიური რეაქცია, გვხვდება სპოტსმენებშიც.
  • წნევამ შესაძლოა ორგანიზმის აკლიმატიზაციისა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის დროსაც დაიწიოს. როგორც მთაში, ჩრდილოეთის ზეგნებზე, ასევე ცხელი კლიმატის ქვეყნებში მოხვედრილ ადამიანს წნევა ხშირად მკვეთრად უვარდება. ამის მიზეზი ატმოსფერულ ჰაერში ჟანგბადის დაბალი შემცველობა, ჰაერის მაღალი ან დაბალი ტემპერატურა და სხვა თავისებურებებია.
  • პათოლოგიური არტერიული ჰიპოტონია აღინიშნება ქალა-ტვინის ტრავმების, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპოფუნქციის დროს,  პოსტოპერაციულ პერიოდში, დამახასიათებელია აგრეთვე ქრონიკულად მოავადე დასუსტებული პირებისთვის. წნევის უეცარი ვარდნა აღინიშნება კოლაფსის, მასიური სისხლდენის, შოკური მდგომარეობის, მიოკარდიუმის ინფარქტისა და მძიმე მოწამვლის დროს.

არტერიული ჰიპოტონიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები

პაციენტები, რომლებსაც დაბალი არტერიული წნევა აწუხებთ, უჩივიან მოდუნებას, აპათიას, ძლიერი სისუსტის შეგრძნებას, დილიდანვე დაღლილობას, მეხსიერების გაუარესებას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, ხშირად - ჰაერის უკმარისობას არა მხოლოდ ზომიერი ფიზიკური დატვირთვისას, ასევე მოსვენების დროსაც, საღამოობით - ქვედა კიდურების შეშუპებას, ემოციურ ლაბილურობას, ძილის დარღვევებს (უძილობას ღამით და ძილიანობას დღისით), პოტენციისა და ლიბიდოს დაქვეითებას. არტერიული ჰიპოტონიისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ფერდქვეშა არეში სიმძიმის შეგრძნება, გულძმარვა, მეტეორიზმი, შეკრულობა, ბოყინი კვებისგან დამოუკიდებლად. ზოგიერთს გულის ტკივილი აწუხებს, ზოგიერთს - უპირატესად თავისა. ზოგჯერ ჩვეული თავის ტკივილი დღის ძილის ან გონებრივი დაძაბულობის შემდეგ არტერიული ჰიპოტონიის ერთადერთი აშკარა სიმპტომია. დაბალი არტერიული წნევის მქონე ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება თავბრუხვევა კაშკაშა სინათლისადმი, ხმაურის, ხმამაღალი საუბრისა და სხვადასხვა ტაქტილური გამღიზიანებლისადმი მაღალი მგრძნობელობით. ასეთი ადამიანები სიარულისას ზოგჯერ ბარბაცებენ, ხშირად მისდით გული, აწუხებთ სახსრებისა და კუნთების პერიოდული ტკივილი.

რეკომენდაციები დაბალი არტერიული წნევის მქონე პირებისათვის

  • დილით გაღვიძებისთანავე ნუ წამოდგებით. არ არის რეკომენდებული პოზიციის მკვეთრი შეცვლა ანუ ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში სწრაფად გადასვლა. რამდენიმე წუთს ლოგინში დარჩით, ხელ-ფეხი აამოძრავეთ, მერე წამოჯექით, როდესაც ვერტიკალურ მდგომარეობას შეეჩვევით, ფრთხილად ამოდექით. ამით თავიდან აიცილებთ თავბრუხვევასა და დილის გულის წასვლას.

დღის განმავლობაში მიიღეთ ორ ლიტრამდე სითხე. საკვები დღეში 4-5-ჯერ მიირთვით. რაციონი უნდა იყოს ვიტამინოვანი, ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი, B, ჩ, E ვიტამინებით გაჯერებული. თუ კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებისადმი (გასტრიტისადმი) გაქვთ მიდრეკილება ან მომატებული მჟავიანობა გაწუხებთ, ერიდეთ შაშხს, შემწვარ-მოხრაკულსა და პურ-ფუნთუშეულს (საფუარიან ნაწარმს). იაქტიურეთ, იცურეთ, ივარჯიშეთ. გახსოვდეთ, ჰიპოტონიკები - დაბალი არტერიული წნევის მქონე პირები - ცუდად იტანენ სტატიკურ დატვირთვას. მათთვის აუცილებელია აქტივობა, მოძრაობა, რაც ზრდის კუნთოვან და სისხლძარღვოვან ტონუსს, უზრუნველყოფს მხნეობისა და ძალთა მოზღვავების შეგრძნებას. მსუბუქი ფიზიკური დატვირთვისა და 15-20-წუთიანი ვარჯიშის შემდეგ პათოლოგიური მდგომარეობა, როგორც წესი, ქრება და ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ძილი საუკეთესო მკურნალია. იძინეთ მინიმუმ 9-11 საათი. თუ დაბალი არტერიული წნევა გაწუხებთ, ეს თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. იდეალური სამეული - ყავა, ყველი და ნიგოზი. დილა ფინჯანი ყავით დაიწყეთ. მთავარია, ერთი ფინჯანი ათში არ გადაიზარდოს. კოფეინის შემცველი სასმელები - ყავა, ჩაი - ზრდის არტერიულ წნევას და აუმჯობესებს თვითშეგრძნებას. თუ ყავას ან ჩაის რამდენიმე ნაჭერ ყველსაც მიაყოლებთ, თავს კიდევ უფრო უკეთ იგრძნობთ. ყველი იდეალურია ცხიმებისა და მარილის შემცველობის გამო. საზოგადოდ, ცხიმებისა და მარილების შემცველი პროდუქტები ხელს უწყობს წნევის მომატებას. ამ თვალსაზრისით კარგია ნიგოზიც, ამიტომ, თუ დაბალი არტერიული წნევა გაწუხებთ, თან ატარეთ ნიგოზი ან თხილი და ჩვეულ სიმპტომთა გამძაფრებისთანავე თამამად შეექეცით - უმალვე უკეთესობას იგრძნობთ.