ლევან ქარაზანიშვილი "ყველაფერი წიგნით დაიწყო..." - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლევან ქარაზანიშვილი "ყველაფერი წიგნით დაიწყო..."

ლევან ქარაზანიშვილი:

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარდა სპორტი და პარალელურად მუსიკაც მიზიდავდა, - მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, - ოჯახმა მაინც გარკვეული გავლენა მოხდინა ჩემზე და მომავალ პროფესიად ექიმობა გადამაწყვეტინა. უფრო სწორად, ექიმობისკენ ოჯახმა წამაქეზა. სულ რაღაცას ვუკირკიტებდი, ბავშვობიდან მეხერხებოდა ხელით მუშაობა, ანუ ის, რასაც სიტყვასიტყვით ნიშნავს ქირურგია (“ქირურგია” - ბერძნ. “ხელით მუშაობა”, - დ. დ.), მაგალითად, საათის დაშლა-აწყობა, რომელიც ხელის უზუსტეს მოძრაობას მოითხოვს. თანაც ბებიაჩემს, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” ბებიასავით, აჩემებული ჰქონდა, ჩემი შვილი დოხტური უნდა გამოვიდესო (იღიმება). აი, ასე დაიწყო ყველაფერი. თან ეს ის პერიოდია, ოთხმოციანი წლები, როცა ექიმობა ჯერ კიდევ პრესტიჟულ პროფესიად ითვლება.

- პედიატრიის ფაკულტეტი აირჩიეთ, თუმცა ქირურგიაში გადაწყვიტეთ საქმიანობის გაგრძელება. რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?

- სტუდენტობის დროს მეორე-მესამე კურსიდან საოპერაციოში დავიწყეთ სიარული. იქ მომეწონა ეს დარგი, თავად ქირურგის სტატუსი, მთელი პროცესი. მესამე კურსზე ვიყავი, როცა საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად ქირურგი უნდა გავმხდარიყავი. პირველი ამპუტაციის ოპერაციაც მესამე კურსზე გამაკეთებინეს ქალაქის პირველ საავადმყოფოში, რომელსაც მაშინაც და ახლაც “არამიანცს” ეძახიან. იმ ქირურგის გვარი, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს. საოპერაციოსთან ოცდაათამდე სტუდენტი ვიდექით და ყველას ერთად მოგვმართა, ვის გსურთ ოპერაციაში მონაწილეობაო. მხოლოდ მე გამოვთქვი სურვილი. ხელები დაიბანეო, მითხრა და ასე დაიწყო ჩემი როგორც ქირურგის კარიერა (იღიმება). რა თქმა უნდა, თავად ამპუტაციის ოპერაცია საკმაოდ რთული და არასასიამოვნოა, მაგრამ ახალგაზრდა გახლდით და ყველაფერი მაინტერესებდა. ეს იყო ჩემი პირველი უშუალო შეხება ქირურგიასთან. შემდეგ დადგა ეტაპი, როცა უნდა გადამეწყვიტა, რომელი ქირურგია ამერჩია. ეს საკითხი კი ლეო ბოკერიას წიგნმა “გულ-სისხლძარღვთა ქირურგიამ” გადამაწყვეტინა. წინათ მელიქიშვილის გამზირზე სამედიცინო წიგნების მაღაზია ფუნქციობდა. მეგობრებთან ერთად იქ ხშირად შევდიოდი. ერთხელაც უზარმაზარი წიგნი დავინახე და მშობლებთან მისი შეძენის სურვილი გამოვთქვი. საკმაოდ ძვირი ღირდა,  თუმცა მისი ყიდვა მაინც მოვახერხე და ის ჩემს სამაგიდო წიგნად იქცა. მართალია, იმასთან შედარებით, რაც მაშინ იმ წიგნში ეწერა, მედიცინა ახლა სულ სხვაა, მით უმეტეს, კარდიოქირურგია, მაგრამ სწორედ ამ წიგნმა ამანთო და შემაყვარა გული, თორემ შეიძლებოდა, სულ სხვა სფერო ამერჩია.

- თუ არ ვცდები, ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში ბავშვთა კარდიოქირურგია საკმაოდ მაღალ დონეზე დგას...

- არა, ბავშვთა კარდიოქირურგია იმ პერიოდში კი არა, ცოტა მოგვიანებით ჩაისახა საქართველოში, იმ დროს, როცა მე სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე - 1993 წელს. კარგად მახსოვს, თუ როგორ აგვარებდა ამ საქმეს ირაკლი მეტრეველი, როგორ ქმნიდა თავის სამომავლო პროფესიას ამერიკელ ქირურგებთან ერთად. შემდეგ მე მოსკოვში წავედი, ირაკლიმ კი ჩამოაყალიბა მაღალი დონის ბავშვთა კარდიოქირურგიის ცენტრი.

- სწავლის გაგრძელებაც წიგნის გავლენით გადაწყვიტეთ?

- დიახ, ბაკულევის გულ-სისხლძარღვთა ინსტიტუტში მის გამო წავედი. საქართველოში იმხანად საშინელი მდგომარეობა იყო.  1991 წლის შემდეგ ქვეყანაში დეფოლტი მოხდა, ელექტროენერგია, გაზი სადღაც დაიკარგა. მიუხედავად ყველაფრისა, ოჯახმა გაიჭირვა და სწავლის გასაგრძელებლად უცხო ქვეყანაში გამგზავნა. დღეში სახარჯოდ 10 მანეთი მქონდა. სამი მანეთი პური ღირდა, მას ერთ ქილა შპროტს ვამატებდი და ასე გამქონდა თავი. თუმცა, რაც მინდოდა, იმას მაინც ვაკეთებდი. როცა ახალგაზრდა ხარ, უფრო ადვილად გაგაქვს თავი...


- ამის შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდით თუ პირდაპირ იტალიაში გაემგზავრეთ?

- იტალიაში ჯო ენის ცენტრის დახმარებით მოვხვდი. ჯო ენში იგეგმებოდა მოზრდილთა კარდიოქირურგიის გახსნა და მაშინ მთხოვეს,  რომ თუ საქართველოში საბოლოოდ ვაპირებდი დაბრუნებას, შემეძლო, პრაქტიკა იტალიაში გამევლო. პრაქტიკა ორ წელიწადს გაგრძელდა და საქართველოში 2000 წელს დავბრუნდი. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის ეს პერიოდიც საკმაოდ მძიმე იყო. არც ერთი დარგი სახელმწიფოსგან არ ფინანსდებოდა. რაც შეეხება პაციენტებს... არ დამავიწყდება ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი... იტალიაში მიჩვეული ვიყავი, რომ თუ ინდიკაცია ჰქონდა პაციენტს, ჩვეულებრივად ვუკეთებდი ოპერაციას. ვეუბნებოდი: თქვენ ესა და ეს გჭირთ და ამის გამო ესა და ეს ოპერაციაა გასაკეთებელი-მეთქი. მოკლედ, მოვიდა პროფესორი და ჩემმა დიაგნოზმა შეაშინა. მთხოვა, ჩემს შვილს არაფერი უთხრათ, რადგან ბინის გაყიდვას აპირებს, რომ ოპერაციის ფული გადაიხადოსო. ამან ძალიან დამთრგუნა და კიდევ ერთხელ დამანახვა, რა მძიმე მდგომარეობაში იყო მედიცინა საქართველოში. ძალიან განვიცადე... მერე უკვე ვხვდებოდი, როგორ უნდა მელაპარაკა პაციენტებთან. მაგრამ არ შეიძლება, ექიმმა პაციენტს ტყუილი უთხრას იმის გამო, რომ მას ფული არ აქვს, ან ფინანსებზე ელაპარაკოს, ან შემოვლითი გზები ეძებოს... მოკლედ, ძალიან ცუდად ვიყავი თავად, ღამეები არ მეძინა. ლამის ექსტრასისტოლია დამეწყო. ერთხელ ღამით გავიქეცი საავადმყოფოში იმის გასაგებად, რა მჭირდა. მერე მეგობრები დიდხანს დამცინოდნენ ამის გამო. სტრესებმა და ნერვიულობამ თავისი კვალი დააჩნია ჩემს ჯანმრთელობას, თუმცა ყველაფერმა მალე გამიარა. ასეა თუ ისე, გავიაზრე, რომ აქ შეუძლებელი იყო ჩემი პროფესიული ზრდა და ისევ იტალიაში დაბრუნება გადავწყვიტე. ბედმა გამიღიმა - კონტაქტი ყოველთვის მქონდა იტალიელებთან და ერთხელაც მითხრეს, რომ ქირურგს ეძებდნენ, მე ვუპასუხე, აქედან გამოღწევის გზას ვეძებ-მეთქი და ასე დაიწყო ჩემი მეორე ეტაპი კარდიოქირურგიაში...

- რომელმაც, სავარაუდოდ, უფრო მეტი გამოცდილება შეგძინათ.

- დიახ, ეს გახლდათ ჩემი ცხოვრების მთავარი ეტაპი. ახლანდელი გადასახედიდან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველეტაპგავლილმა ოცდათორმეტი-ოცდაცამეტი წლის ახალგაზრდამ აღმოვაჩინე, რომ თურმე ბევრი რამ არ ვიცოდი.

- პირდაპირ გკითხავთ, რამ გადაგაწყვეტინათ უკან დაბრუნება? დარწმუნებული ვარ, ქვეტექსტსაც მიმიხვდებით.

- მეც პირდაპირ გიპასუხებთ: ახლა ისეთ ასაკში ვარ, როცა პროდუქტიულობა მაქსიმუმს აღწევს და მიმაჩნია, რომ შემიძლია, ჩემი ქვეყნისთვის რაღაც ღირებული შევქმნა, შემიძლია, ახლა ჩავუყარო საფუძველი მომავლის ტექნოლოგიებს და მომავლის მედიცინას. კიდევ ხუთიოდე წელი რომ დავრჩენილიყავი იტალიაში, ალბათ, აღარასოდეს დავბრუნდებოდი.

- მოდი, ახლა უშუალოდ თქვენს პროფესიას შევეხოთ. მას ასე ჰქვია: მინიმალური, მინიინვაზიური კარდიოქირურგიული ჩარევები. რას მოიცავს მინიინვაზიური კარდიოქირურგიული დახმარება?

- დავიწყოთ ყველაზე ელემენტარულით. შუნტირების ოპერაციის დროს, როცა პაციენტს მხოლოდ ერთი შუნტის დადება სჭირდება, ბევრი ქირურგი აკეთებს სტერნოტომიას, ანუ მკერდის ძვალს კვეთს და გულმკერდს აშიშვლებს, რასაც თანამედროვე მინიინვაზიური მეთოდი აღარ მოითხოვს. საკმარისია მცირე განაკვეთი ნეკნთაშორის არეში და იქედანაც შეიძლება შუნტირების გაკეთება. მეორე - რაც უფრო მეტად ტექნოლოგიურია და რასაც ჩემი პროფესიის უფრო დიდ ნაწილს ვუთმობ და უკვე სტატიების წერაზეც გადავედი - ეს არის  მიტრალური სარქვლისა და აორტის სარქვლის პროთეზირება ან პლასტიკა. ვგულისხმობ თავისივე ქსოვილით შეკეთებას. ამ დროს პაციენტს არ ვუცვლით სარქველს. ამას ის დადებითი მხარე აქვს, რომ როდესაც სარქველი იცვლება, - მექანიკურ სარქველზეა საუბარი, - ავადმყოფს მუდმივად სჭირდება ვარფარინის - სისხლის გამათხელებლის მიღება, ხოლო როდესაც საკუთარი ქსოვილით კეთდება ეს ყველაფერი, წამლის მუდმივი მიღება აღარ არის საჭირო. მეორე ღირსება ის გახლავთ, რომ მინიინვაზიური ჩარევით პაციენტი უფრო მალე უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას. იტალიის კლინიკაში გაკეთებულმა სტატისტიკამ ისიც გვაჩვენა, რომ მსგავსი ოპერაციის დროს პაციენტებს ნაკლები სისხლის გადასხმა სჭირდებათ, პოსტოპერაციული ტკივილი, საწოლდღეები და რეაბილიტაციის პერიოდის ხანგრძლივობაც ნაკლებია. სტერნოტომია საკმაოდ მძიმე ტრავმაა, მინიინვაზიური ოპერაციების დროს კი ორგანიზმს ასეთი ტრავმა არ ადგება.

- დაბოლოს, სამომავლო გეგმებიც მაინტერესებს. რამდენადაც ვიცი, პარტნიორებთან ერთად კლინიკის გახსნას აპირებდით...

- მოლაპარაკებები მაქვს რამდენიმე ცენტრთან. ვნახოთ რა იქნება. გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებ, თუ სად მექნება საკუთარი თავის და პროფესიოლიზმის გამოვლებნის უფრო მეტი საშუალება.  უკან დახევა არ მჩვევია, მინდა, წინ წავიდე ისე, რომ ჩემი და ჩამი გუნდის პროფესიული ზრდა არ შევარჩერო.

- თქვენ ხომ უკვე “გაზრდილიც” ბრძანდებით და “ზრდასრულიც”?

- (იცინის) დიახ, მაგრამ შემდგომი ზრდა მაინც საჭიროა, მით უმეტეს - კარდიოქირურგიაში.