მიკროელემენტები, მათი დეფიციტი და სიჭარბე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიკროელემენტები, მათი დეფიციტი და სიჭარბე

ამ 81-იდან 4 ძირითადია (C - ნახშირბადი, H - წყალბადი, O - ჟანგბადი, N - აზოტი), 8 მაკროელემენტად ითვლება (Ca - კალციუმი, Cl - ქლორი, F - ფთორი, K - კალიუმი, Mg - მაგნიუმი, Na - ნატრიუმი, P - ფოსფორი, S - გოგირდი), ხოლო 69 - მიკროელემენტად. ძირითადი ელემენტები და მაკროელემენტები სხეულის მასის 99%-ს შეადგენს. მიკროელემენტები ის ქიმიური ელემენტებია, რომლებიც ორგანიზმში წარმოდგენილია ძალიან მცირე რაოდენობით, კერძოდ 10-3-10-12 %-ის ფარგლებში.

ელემენტებს, რომლებსაც ორგანიზმი 10-5 %-ზე ნაკლები რაოდენობით შეიცავს, ულტრამიკროელემენტებს უწოდებენ. გერმანელი და ინგლისელი ავტორები მათ კვალის ელემენტებად იხსენიებენ, ფრანგები - ოლიგოელემენტებად, რუსი მეცნიერი ვ. ი. ვერნადსკი კი თავის ნაშრომებში მათ გაბნეულ ელემენტებს უწოდებს. ორგანიზმისთვის მოტანილი სარგებლობის მიხედვით მაკრო- და მიკროელემენტებს შემდეგ ჯგუფებად ყოფენ:

  • ესენციური ანუ სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტები. მათ მიეკუთვნება ყველა სტრუქტურული ელემენტი: (H - წყალბადი, O - ჟანგბადი, N - აზოტი, C - ნახშირბადი, Ca - კალციუმი, Cl - ქლორი, F - ფთორი, K - კალიუმი, Mg - მაგნიუმი, Na - ნატრიუმი, P - ფოსფორი, S - გოგირდი) და 8 მიკროელემენტი (Cr - ქრომი, Cu - სპილენძი, Fe - რკინა, I - იოდი, Mn - მანგანუმი, Mo - მოლიბდენი, Se - სელენი, Zn - თუთია), სულ - 20 ელემენტი.
  • პირობითად ესენციური ანუ სასიცოცხლო მნიშვნელობის, მაგრამ განსაზღვრული დოზით მავნებელი მიკროელემენტები. ესენია: Ag - ვერცხლი, Al - ალუმინი, Au - ოქრო, B - ბორი, Br - ბრომი, Co - კობალტი, Ge - გერმანიუმი, Li - ლითიუმი, Ni - ნიკელი, Si - სილიციუმი, V - ვანადიუმი, სულ - 11 ელემენტი.
  • პირობითად ტოქსიკური მიკროელემენტები და ულტრამიკროელემენტები - სულ 50 ელემენტი.

აღსანიშნავია, რომ Hg, ვერცხლისწყალი, ორგანიზმისთვის მავნებელია ნებისმიერი ოდენობით, ამიტომაც ის უპირობო ტოქსიკურ ელემენტად არის მიჩნეული.

რა იწვევს ჩვენს დროში მაკრო- და მიკროელემენტების დეფიციტს ან სიჭარბეს?

  • დამუშავებული, გასუფთავებული და დაკონსერვებული საკვების მიღება, სასმელი წყლის დამუშავება-დარბილება, ალკოჰოლის მიღება;
  • საწარმოო ნარჩენებით დაბინძურებულ, აგრეთვე სასუქით გაჯერებულ ნიადაგზე მოყვანილი პროდუქტებით კვება, დაბინძურებული წყლითა და ჰაერით სარგებლობა;
  • ფიზიკური და ემოციური დაძაბულობა (გარდა იმისა, რომ იწვევს ამა თუ იმ მაკრო- ან მიკროელემენტის დეფიციტს, ამ დეფიციტის ფონზე ტოქსიკური მეტალების დაგროვებასაც უწყობს ხელს);
  • გენეტიკა და მემკვიდრეობა - მიკროელემენტების ცვლის დარღვევისადმი წინასწარი განწყობა, მაგალითად, მოლიბდენის სიჭარბე ზრდის შარდმჟავა მარილების (ურატების) წარმოქმნისა და პოდაგრის განვითარების ალბათობას. სპილენძის დეფიციტი იწვევს განვითარების მანკებს, სელენისა და მანგანუმის დეფიციტი ზრდის ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს, ქრომისა და თუთიის დეფიციტი კი შაქრიანი დიაბეტისა და ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობას;
  • ქსენობიოტიკებით - ადამიანის ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერებებით (სინთეზირებული ქიმიური ნაერთებით) - მკურნალობა. შარდმდენი საშუალებები იწვევს კალიუმის, მაგნიუმის, კალციუმის დეფიციტს და ნატრიუმის სიჭარბეს. ანტაციდები, ციტრამონი შეიცავს ალუმინს (ტოქსიკურ მიკროელემენტს, რომელიც იწვევს ტვინის სისხლძარღვთა დაავადებასა და ოსტეომალაციას - ძვლის დარბილებას). ასპირინი, კონტრაცეპტივები, ანტიარითმიული პრეპარატები განაპირობებს სპილენძის დისბალანსს (რითაც ართრიტებისა და ართროზების განვითარება პროვოცირდება);
  • ორგანიზმის დაბინძურება თამბაქოთი (კადმიუმი), თმის შეღებვა (ნიკელი), დეზოდორანტები (ალუმინი), ალუმინის ჭურჭელი, კბილის ბჟენები (კადმიუმი, ვერცხლისწყალი);
  • კვებითი დანამატები - ამა თუ იმ ელემენტის დიდი ოდენობით არაკონტროლირებადმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მაკრო- და მიკროელემენტების დისბალანსი. ამიტომაც საკვები დანამატების მიღება აუცილებლად უნდა შევუთანხმოთ ექიმს.

ზოგიერთი მიკროელემენტის ზოგადი დახასიათება

რკინა - Fe

რკინა სასიცოცხლო მნიშვნელობის ცილების, მათ შორის ფერმენტების, კომპონენტია. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 3,5 გრამ (დაახლოებით 0,02%) რკინას, რომლის ძირითადი მასა ორგანიზმში წარმოდგენილია ჰემოგლობინში შემავალი კომპლექსის - ჰემის სახით. ასეთივე სახით შედის ეს მიკროელემენტი ციტოქრომ-450-ის, ციტოქრომ-G5-ის, მიტოქონდრიათა სასუნთქი ჯაჭვების ციტოქრომების შემადგენლობაში.

რკინას შეიცავს ანტიოქსიდანტური ფერმენტები (კატალაზა, მიელოპეროქსიდაზა). ამიტომაც ეს მიკროელემენტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებისთვის, არამედ სასუნთქი ჯაჭვის სრულფასოვანი ფუნქციობისა და ატფ-ს (ადენოზინტრიფოსფორმჟავას) სინთეზისთვის, ენდოგენური და ეგზოგენური ნივთიერებების დეტოქსიკაციისთვის (ანუ მავნე შინაგანი და გარეგანი ნივთიერებებისგან ორგანიზმის გასაწმენდად), მეტაბოლურ პროცესთა წარმართვისთვის, დნმ-ს (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას) სინთეზისთვის, ტოქსიკური ნაერთების ინაქტივაციისთვის (უვნებელსაყოფად).

რკინის შემცველი ნაერთები მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფუნქციობაში (უპირველეს ყოვლისა, უჯრედულ რგოლში). რკინის დეფიციტის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა რკინადეფიციტური ანემია, რომლის მიღმაც შესაძლოა იმალებოდეს ორგანიზმში მიმდინარე მძიმე დარღვევები (შინაგანი სისხლდენების დროს სისხლის ქრონიკული კარგვა და სხვა).

რკინის დეფიციტის დროს აღინიშნება კანის სიფითრე, სკლერის ანუ თვალის თეთრი გარსის სისხლძარღვთა ინექცია, დისფაგია ანუ ყლაპვის აქტის მოშლა, პირის ღრუსა და კუჭის ლორწოვანი გარსების დაზიანება, ფრჩხილების დეფორმაცია და განლევა. ადამიანის ორგანიზმში რკინა საკვებთან ერთად ხვდება. რკინით მდიდარია ღვიძლი, ხორცი, კვერცხი, პარკოსნები, პური, მარცვლეული, ჭარხალი.

ადამიანის ორგანიზმის დღეღამური მოთხოვნილება რკინაზე შემდეგია: ბავშვები - 4-18 მგ, ზრდასრული მამაკაცები - 10 მგ, ზრდასრული ქალები - 18 მგ, ორსულები ორსულობის მეორე ნახევარში - 33 მგ.

ქალის ორგანიზმს უფრო მეტი რკინა სჭირდება, ვიდრე მამაკაცისას. წესისამებრ, საკვებთან ერთად შეღწეული რკინის მარაგი ორგანიზმისთვის საკმარისია, თუმცა ზოგ შემთხვევაში (ანემია, სისხლის დონორობა და სხვა) აუცილებელი ხდება რკინის შემცველი პრეპარატებისა და საკვები დანამატების მიღება. ისიც საყურადღებოა, რომ რკინის ჭარბმა ოდენობამ (200 მგ და უფრო მეტი) შესაძლოა ორგანიზმზე ტოქსიკური ზემოქმედება მოახდინოს. რკინის სიჭარბე თრგუნავს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ სისტემას, ამიტომაც ჯანმრთელი ადამიანებისთვის რკინის პრეპარატების გამოყენება არარეკომენდებულია.


სპილენძი - Cu

სპილენძი დიდ როლს ასრულებს კომპლექს ჰემისა და, შესაბამისად, ჰემოგლობინის ბიოსინთეზში, ამიტომაც მისმა დეფიციტმა, ისევე როგორც რკინისამ, შესაძლოა ანემია გამოიწვიოს. სპილენძი შედის ციტოქრომოქსიდაზის ანუ მიტოქონდრიების სასუნთქი ჯაჭვის ტერმინალური ფერმენტის სტრუქტურულ შემადგენლობაში, შესაბამისად, ის უჯრედში ენერგიის გენერაციისთვის აუცილებელი მიკროელემენტია.

მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგრეთვე ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ დაცვაში. თუთიასთან ერთად შედის ქსოვილოვანი ანტიოქსიდანტური ფერმენტის სუპეროქსიდდისმუტაზის და სისხლის პლაზმის ანტიოქსიდანტური ცილის ცერულოპლაზმინის სტრუქტურულ შემადგენლობაში. სისხლის ნაკადში სპილენძი ძირითადად სწორედ ცილა ცერულოპლაზმინს გადააქვს. ნაწლავთა მიერ ათვისების შემდეგ სპილენძი ღვიძლში ალბუმინის საშუალებით ტრანსპორტირდება.

აღნიშნული მიკროელემენტი, გარდა ფერმენტებისა, ჟანგბადის გადამტან ცილა ჰემოციანინის შემადგენლობაშიც შედის (ცნობისთვის: მრავალი მოლუსკისა და ფეხსახსრიანთა სისხლში ჟანგბადის გადამტანი რკინა კი არა, სპილენძია).

სპილენძს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები. ის არეგულირებს კატექოლამინების, სეროტონინის, თიროზინის, მელანინის ცვლას, ზრდის ინსულინის აქტივობას და ხელს უწყობს ნახშირწყლების შედარებით სრულფასოვან უტილიზაციას. მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის ცილების - კოლაგენისა და ელასტინის სტრუქტურულ ფორმირებაში. აღნიშნული ცილები არა მხოლოდ ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის, არამედ კანის, ფილტვებისა და სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურული კომპონენტებიც არის, ამიტომ სპილენძის დეფიციტმა შესაძლოა აორტისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმას დაუდოს სათავე. იმავე მიზეზით სპილენძის ნაკლებობამ შესაძლოა ძვლოვანი ქსოვილის დემინერალიზაცია და ოსტეოპოროზი (ძვლის გამეჩხერება) გამოიწვიოს.

სპილენძი მონაწილეობს ნერვების მიელინის გარსის წარმოქმნაში. აღნიშნული გარსის დეგენერაცია გაფანტული სკლეროზსა და ნერვული სისტემის სხვა მძიმე დარღვევებს განაპირობებს.

სავარაუდოა, რომ სპილენძი და თუთია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მიერ ათვისებისას ურთიერთს კონკურენციას უწევენ, ამიტომაც საკვებში ერთ-ერთი მიკროელემენტის სიჭარბემ შესაძლოა მეორის უკმარისობა გამოიწვიოს.

ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში 0,9 მგ სპილენძი სჭირდება. სპილენძის ზოგიერთი ნაერთი წყალსა თუ საკვებში ტოქსიკურია. სასმელ წყალში ამ მიკროელემენტის შემცველობა 2 მგ/ლ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე არასასურველია სასმელ წყალში სპილენძის ნაკლებობაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1998 წელს დაადგინა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სპილენძის დეფიციტი გაცილებით სახიფათოა, ვიდრე სიჭარბე.

2003 წელს ამავე ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ საფუძვლიანად გააანალიზა სპილენძის ტოქსიკურობის შეფასებანი და აღიარა, რომ სპილენძი არ წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევათა მიზეზს. არსებობდა ეჭვი, რომ ჰეპატოცერებრულ დისტროფიას, ვილსონ-კონოვალოვის დაავადებას, თან ახლავს ორგანიზმში სპილენძის ჭარბი დაგროვება, ვინაიდან მიკროელემენტი ნაღველში ღვიძლით ვეღარ გამოიყოფა - აღნიშნული დაავადება ხომ ღვიძლისა და ტვინის დაზიანებას იწვევს, თუმცა დაავადების აღმოცენებასა და სპილენძის მიღებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესწავლამ ეს არ დაადასტურა. დღეისთვის დადასტურებულია მხოლოდ ჰეპატოცერებრული დისტროფიით დაავადებულთა მომატებული მგრძნობელობა საკვებსა და წყალში სპილენძის მაღალი შემცველობის მიმართ.

ქრომი - Cr

ქრომი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიოგენური ელემენტია. ორგანიზმში ის ლიპიდების, ცილებისა და ნახშირწყლების ცვლაში მონაწილეობს. შედის ფერმენტ ტრიფსინის შემადგენლობაში. ეს იმიტომ, რომ ქრომი წარმოადგენს დაბალმოლეკულური ორგანული კომპლექსის - გლუკოზისადმი ტოლერანტობის ფაქტორის (Glucose Tolerance Factor, GTF) - მნიშვნელოვან კომპონენტს. აქედან გამომდინარე, მიკროელემენტის ბიოლოგიური როლი ნახშირწყლოვანი ცვლისა და სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციით გამოიხატება.

GTF-ი უზრუნველყოფს გლუკოზისადმი უჯრედთა მემბრანების განვლადობის ნორმალიზებას, არეგულირებს გლუკოზის მოხმარებისა და დეპონირების პროცესებს. ამ თვალსაზრისით ის, ფაქტობრივად, ინსულინთან ერთად ფუნქციობს. ვარაუდობენ, რომ GTF-ი ინსულინთან ერთად წარმოქმნის სისხლში გლუკოზის დონის მარეგულირებელ კომპლექსს.

ქრომი ზრდის ქსოვილთა რეცეპტორების ინსულინისადმი მგრძნობელობას, აძლიერებს ინსულინის მოქმედებას მის მიერ რეგულირებულ ყველა მეტაბოლურ პროცესში. ამიტომაც ქრომი აუცილებელია შაქრიანი (უპირველეს ყოვლისა, II ტიპის) დიაბეტით დაავადებულთათვის. აღნიშნული კატეგორიის პაციენტებს, წესისამებრ, ქრომის შემცველობა სისხლში დაქვეითებული აქვთ.

ისიც აღსანიშნავია, რომ ქრომის მნიშვნელოვანი დეფიციტი დიაბეტისმაგვარი მდგომარეობის მიზეზად იქცევა. მიკროელემენტის შემცველობა იკლებს ორსულობის დროს და ბავშვის დაბადების შემდგომ პერიოდში. ამ დეფიციტით აიხსნება სწორედ ორსულთა დიაბეტის განვითარება, თუმცა ეს არ არის დაავადების ერთადერთი მიზეზი. ქრომის ნაკლებობა, გარდა გლუკოზისა, სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის მომატებასაც განაპირობებს, რაც ათეროსკლეროზული პროცესების პროვოცირებას ახდენს.

ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ ქრომის ნაკლებობა იწვევს ზრდის შეფერხებას, ნეიროპათიასა და უმაღლესი ნერვული მოქმედების დარღვევას, აქვეითებს სპერმატოზოიდების განაყოფიერების უნარს.

სუფთა სახით ქრომი საკმაოდ ტოქსიკურია, მისი მეტალური მტვერი აღიზიანებს ფილტვების ქსოვილს. ქრომის ზოგიერთი ნაერთი იწვევს დერმატიტს და სხვადასხვა პათოლოგიას, მათ შორის - ონკოლოგიურსაც. ისიც აღსანიშნავია, რომ შაქრის ჭარბად მოხმარება ზრდის ქრომზე მოთხოვნას და ამავე დროს მის დანაკარგს შარდთან ერთად.


თუთია - Zn

თუთია შედის ასობით მეტალოფერმენტის აქტიური ცენტრის სტრუქტურულ შემადგენლობაში. ის აუცილებელია დნმ და რნმ-პოლიმერაზების ფუნქციობისთვის, რომლებიც მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემას, ცილების ბიოსინთეზს (წარმოქმნას) და ორგანიზმის რეპარაციულ (განახლების) პროცესებს აკონტროლებენ.

თუთია ის მიკროელემენტია, რომელსაც შეიცავს ჰემოგლობინში შემავალი ჰემის ბიოსინთეზის გადამწყვეტ რეაქციაში მონაწილე ფერმენტი, აგრეთვე სუპეროქსიდდისმუტაზა - მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური ფერმენტი.

თუთია დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ჰორმონულ ფუნქციათა რეალიზებაში. ის უშუალოდ ახდენს გავლენას ინსულინის პროდუქციასა და ფუნქციობაზე და ამით ინსულინდამოკიდებული პროცესების მთელ სპექტრზე.

მამაკაცებში თუთია მონაწილეობს ტესტოსტერონის (მამრობითი სასქესო ჰორმონის) სინთეზში და სასქესო ჯირკვლების ფუნქციობაში. სწორედ ამიტომ ორგანიზმში თუთიის დონესა და პოტენციას შორის მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს. თუთია აინჰიბირებს (ბოჭავს) 5-ალფა-რედუქტაზას, რითაც არეგულირებს ტესტოსტერონის მეტაბოლიტის დიჰიდროტესტოსტერონის დონეს (შეგახსენებთ: ამ უკანასკნელის სიჭარბე პროსტატის - წინამდებარე ჯირკვლის - ჰიპერპლაზიას განაპირობებს).

თუთია აუცილებელია არა მხოლოდ მამაკაცის, არამედ ქალის ორგანიზმისთვისაც. მას შეიცავს ესტროგენებისთვის (მდედრობითი სასქესო ჰორმონებისთვის) განკუთვნილი რეცეპტორები (მგრძნობიარე წარმონაქმნები), რის გამოც თუთია ფაქტობრივად ესტროგენდამოკიდებული პროცესების რეგულატორად გვევლინება.

თუთიას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თიმუსის (მკერდუკანა ჯირკვალი) ფუნქციობისა და ორგანიზმის იმუნური სისტემის ნორმალური მდგომარეობისთვის. აღნიშნული მიკროელემენტი წარმოადგენს რეტინოლგადამტანი ცილის კომპონენტს, A და C ვიტამინებთან ერთად ასტიმულირებს ანტისხეულების სინთეზს და ავლენს ანტივირუსულ მოქმედებას, რითაც აფერხებს იმუნოდეფიციტის აღმოცენებას.

თუთიას აქვს ჭრილობებისა და წყლულების შემხორცებელი მოქმედება, მონაწილეობს ყნოსვითი და გემოვნებითი აღქმის პროცესებში, აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციობისთვის, მათ შორის - მეხსიერების პროცესებისთვისაც. თუთიას დიდი ოდენობით შეიცავს ხორბლის ქატო და ღივი, მზესუმზირისა და გოგრის თესლი (130-დან 202 მგ/კგ-მდე), საქონლის ღვიძლი, თევზის ზოგიერთი სახეობა (30-დან 85 მგ/კგ-მდე), ლობიო, ბარდა, მწვანე ჩაი, კურდღლისა და წიწილის ხორცი, ნიგოზი, კვერცხის გული, კაკაო (20-დან 50 მგ/კგ-მდე).

მოლიბდენი - Mo

მოლიბდენი სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტია. ის უჯრედთა ორგანოიდებშია თავმოყრილი - ბირთვში, რიბოსომებში, მიტოქონდრიებში. დიდი რაოდენობით არის აღმოჩენილი ღვიძლში, თირკმელებში, კანსა და აორტაში. მოლიბდენი მუდმივად არის ადამიანის ტვინის ქსოვილში ემბრიონული განვითარების პროცესში. ის აღმოჩენილია ტვინის რუხ ნივთიერებაში, მხედველობის, სმენის, გემოვნებისა და ყნოსვის ზონებში, ყველა ორგანოსა და ქსოვილში, შედის ფერმენტთა შემადგენლობაში. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფერმენტის აქტივატორი. მცირე დოზებით (დაახლოებით 5 მკგ) დადებით გავლენას ახდენს ჰემოგლობინის წარმოქმნაზე და ზრდის ლეიკოციტების ფაგოციტურ აქტივობას, აძლიერებს ორგანიზმის დეზინტოქსიკაციურ თვისებებს.

მეცნიერული გამოკვლევებით დამტკიცებულია, რომ ლეიკოზების დროს ერითროციტებში და, საზოგადოდ, სისხლში მოლიბდენის შემცველობა იმატებს, რემისიის პერიოდში კი ერითროციტების ამ მიკროელემენტით გაჯერება კიდევ უფრო იზრდება. იგივე ხდება ჰიპერტონიის დროსაც: მოლიბდენის კონცენტრაცია სისხლში იმატებს და იმავდროულად ძლიერდება მისი გამოყოფა შარდით. იგივე ხდება სხვა მიკროელემენტებთან მიმართებითაც, თუმცა, ჩვეულებრივ, მოლიბდენი ორგანიზმიდან უფრო მცირე რაოდენობით გამოიყოფა, ვიდრე აღწევს მასში, ამიტომაც მისი მარაგი ყოველთვის საკმარისია.

მოლიბდენის დღეღამური მოთხოვნილება 200-300 მკგ-ია. საკვებში მისი შემცველობა 0,004-3,0 მგ/კგ-ის ფარგლებში მერყეობს, ბოსტნეულში - 0,04-0,2 მგ/კგ-ისა, ხორცი და რძე გაცილებით ნაკლებ მოლიბდენს შეიცავს, ვიდრე სხვა ცხოველური პროდუქტები. ყველაზე მეტი ოდენობით ეს მიკროელემენტი შედის ბარდაში, ლობიოსა და პურპროდუქტებში.

მოლიბდენი სპილენძის ანტაგონისტია. ეს ორი ელემენტი ერთმანეთის აქტიურობას აქვეითებს. მოლიბდენის მიერ ბიოლოგიურად აქტიური შენაერთებიდან სპილენძის გამოძევებისას ქსოვილებში ჟანგვითი პროცესები ნელდება.

ორგანიზმის ცხოველმყოფელობის პროცესებში მოლიბდენის როლი სრულად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. ბოლომდე არ არის გამოკვლეული ამ მიკროელემენტის კავშირი ფერმენტებთან, ჰორმონებთან, ვიტამინებთან, თუმცა დადგენილია, რომ გარემოში მოლიბდენის კონცენტრაციის მომატება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა შემთხვევებს ზრდის (მოლიბდენი იოდის ანტაგონისტია). მეცნიერებმა იმის კონსტატირებაც შეძლეს, რომ მოლიბდენის დამატებისას ვითარდებოდა პოდაგრა, სისხლში იმატებდა შარდის მჟავას რაოდენობა. ისიც აღსანიშნავია, რომ მოლიბდენს ორგანიზმში ფთორის შეკავების უნარი შესწევს, რაც უზრუნველყოფს კბილების მინანქრის განმტკიცებას, იცავს კბილებს კარიესისა და სხვა სახის დაზიანებისგან.