წყლის ცვლა ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წყლის ცვლა ორგანიზმში

წყალს კვებითი ფუნქციის შესრულებაც უწევს - არსებობს საკვები ნივთიერებანი, ვიტამინები, მინერალური მარილები, ცილები, ნახშირწყლები, რომლებსაც ადამიანი მხოლოდ წყალხსნარის სახით იღებს. წყალი ჩვენი ორგანიზმის უმთავრესი ბიოქიმიური არეა, ნივთიერებათა ცვლის დროს თითქმის ყველა მთავარი ბიოქიმიური რეაქცია წყლის არეში ხორციელდება. უწყლოდ წარმოუდგენელია სისხლის, გულისა და სისხლძარღვების, ფილტვების, კუჭ-ნაწლავისა და თირკმელების ნორმალური ფუნქციობა (ეს უკანასკნელნი ყველაზე მტკივნეულად რეაგირებენ უწყლობაზე - შარდთან ერთად ხომ სწორედ წყალს გამოაქვს გარეთ მავნე ნივთიერებები და წვის უვარგისი პროდუქტები, რათა ორგანიზმი არ მოიწამლოს). ახალშობილის სხეულში წყლის ოდენობა საერთო მასის დაახლოებით 80%-ს შეადგენს. ორგანიზმის ზრდის კვალდაკვალ მისი წილი მცირდება და მოწიფული ასაკისათვის 65%-მდე იკლებს, თუმცა ეს მაინც სჭარბობს ერთად აღებული ყველა დანარჩენი ელემენტის მასას. წყალი ყველაზე მეტი სისხლშია (92%). კუნთებში მისი ოდენობა 77%-ს აღწევს, შინაგან ორგანოებში - 87-86%-ს. ყველაზე ნაკლებ წყალს ძვლები (22%) და ცხიმოვანი ქსოვილი (30%) შეიცავს. მოხმარებული წყლის მასის ორგანიზმიდან გამოყოფილის მასასთან შეფარდებას წყლის ბალანსი ეწოდება. წყლის სადღეღამისო ბალანსი გარემოს, კვების, სმის რეჟიმის, ფიზიოლოგიური მდგომარეობისა და სხვა ფაქტორთა კვალობაზე მერყეობს. ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში წყლის გაცემა მკვეთრად ძლიერდება - შესაძლოა, დღეში 5000-8000 მლ-ს მიაღწიოს. ორგანიზმიდან წყალი დიდი რაოდენობით გამოიყოფა დაძაბული კუნთოვანი მუშაობისა და სპორტული შეჯიბრებების, სხვადასხვა სახის ფიზიკური დატვირთვის დროს. ამ შემთხვევაში, მარილებით გაღარიბებისგან რომ დავიცვათ, ორგანიზმს წყალი უნდა მივაწოდოთ. ძლიერ წყურვილს იწვევს მლაშე საკვების მიღებაც, ვინაიდან ასეთ დროს ქსოვილებში ოსმოსური (მარილებით შექმნილი) წნევა იმატებს და ორგანიზმი ამის კომპენსირებას ითხოვს. ჩვეულებრივ, წყურვილს ასე განმარტავენ: ეს არის შეგრძნება, რომელიც ადამიანს მაშინ ეუფლება, როცა მისი ორგანიზმი წყალს კარგავს, ანუ უჯრედების გაუწყლოება (დეჰიდრატაცია) ხდება, ამიტომ აუცილებელია წყლის დეფიციტის შევსება, ეს კი წყლის მიღებით მიიღწევა. ისიც უნდა ითქვას, რომ როცა ორგანიზმი წყალს ასეთი დიდი რაოდენობით იღებს და გასცემს, მარილებით ღარიბდება - ისინი ხომ ინტენსიურად გამოიყოფა ოფლსა და შარდთან ერთად. ბევრს ჰგონია, რომ წყურვილის მიზეზი გამშრალი ყელია და თუ მას გავისველებთ, წყურვილს დავიოკებთ. შესაძლოა, ოღონდ მხოლოდ რანდენიმე წუთით, ვინაიდან მიზეზები, რომლებიც ამ შეგრძნებას იწვევს, გაცილებით ღრმაა. როცა ორგანიზმი წყალს კარგავს, უჯრედებში, უწინარეს ყოვლისა - სისხლში, იზრდება ოსმოსური – მარილებით შექმნილი წნევა. წყლის მოცულობის შემცირებისას უჯრედებში მარილთა კონცენტრაცია იმატებს, შედეგად კი ნივთიერებათა ცვლის ნორმალური პროცესი ირღვევა. ორგანიზმებს, რომლებიც მოკლებულნი არიან წყლის სმის შესაძლებლობას, ქსოვილთაშორისი სითხე ნორმალურ პირობებთან შედარებით კონცენტრირებული აქვთ. ამის გამო უჯრედის გარეთ ოსმოსური წნევა იმატებს და წყალი უჯრედებიდან ქსოვილთაშორის სითხეში გადაინაცვლებს, რასაც თან სდევს უჯრედების წყლისაგან დაცლა - დეჰიდრატაცია - და მათი მემბრანების შეჭმუხვნა. უჯრედების დეჰიდრატაციას აღიქვამენ სარეგულაციო სისტემის დეტექტორები, ე.წ. ოსმორეცეპტორები, რომელთა გააქტიურებაც ორგანიზმში წყლის ბალანსის აღსადგენად მოწოდებულ რეფლექსურ სისტემას აამოქმედებს. ასეთი მექანიზმით აღიძვრება სმის რეაქცია, რომელსაც ოსმომეტრულ სმას უწოდებენ. ოსმომეტრული სმის რეაქცია წარმოიშობა მარილიანი საკვების მიღების დროსაც. საჭმლის მომნელებელ სისტემაში მლაშე საკვების მოხვედრის შემდეგ მარილები სისხლში შეიწოვება. ამის გამო პლაზმაში იმატებს ნატრიუმის იონების კონცენტრაცია და ის ჰიპერტონული ხდება. პლაზმის ჰიპერტონულობის გამო წყალი ქსოვილთაშორისი სითხიდან სისხლძარღვებში გადაინაცვლებს. შესაბამისად, ქსოვილთაშორისი სითხეც ჰიპერტონული ხდება და წყლის გადანაწილების გზით უჯრედთა დეჰიდრატაციას იწვევს. საბოლოოდ აღმოცენდება წყურვილის შეგრძნება და ადამიანი სასმელი წყლის ძებნას იწყებს. ოსმომეტრულისგან განასხვავებენ ვოლუმეტრულ წყურვილს - წყურვილს, რომელსაც სისხლის ოდენობის შემცირება განაპირობებს. ის მაშინ აღმოცენდება, როცა სისხლის პლაზმის ანუ სისხლძარღვებში (ინტრავასკულური რეზერვუარი) მოცირკულირე სითხის მოცულობა მცირდება. ასეთი რამ ხდება ბევრი სისხლის დაკარგვის, პირღებინებისა და ფაღარათის დროს. ზოგჯერ ადამიანი სითხეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილების გარეშე სვამს, ესე იგი, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მოსწყურდება, სანამ მის ორგანიზმს წყალი შემოაკლდება. როცა ქსოვილებში წყლის რაოდენობა იკლებს, საკონტროლო პუნქტები მაშინვე განგაშს ტეხენ და ტვინის მონიტორებიც დაუყოვნებლივ აამოქმედებენ “წყურვილის საწინააღმდეგო” ღონისძიებათა რთულ სისტემას. თავის ტვინში არსებული წყურვილის ცენტრი საჭიროების შემთხვევაში უმალ აღიგზნება და განგაშის ჰორმონებს გზავნის. ეს ჰორმონები სისხლის მეშვეობით ხვდებიან ყელში. იქ არსებული წყურვილის ჰორმონებისადმი მგრძნობიარე უჯრედები ტვინს ატყობინებენ, რომ გვწყურია, თავის ტვინის ქერქი კი მყისიერ ბრძანებას გასცემს: “დალიეთ წყალი!” - და ჩვენც წყურვილს ვიკლავთ. ამგვარად, წყლის ცვლას ორგანიზმში – სითხის მიღებასთან დაკავშირებულ ქცევას, წყურვილის შეგრძნების აღმოცენებას, სმის პროცესს და წყურვილის მოკვლის შეგრძნებას - რთული სარეგულაციო მექანიზმები აკონტროლებს. ასე რომ, ეს ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ბევრს ჰგონია - მოგწყურდება, აიღებ ჭიქას, დაისხამ წყალს და სიამოვნებით დაეწაფები!