რუბრიკები
როგორ დავამარცხოთ თვალის ტკიპა
როგორ დავამარცხოთ თვალის ტკიპა

დემოდეკოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. როგორ ავიცილოთ თავიდან ის ან რა გზას დავადგეთ დასნებოვნების შემთხვევაში? გვესაუბრება შპს "რონიკოს" ექიმი ოფთალმოლოგი დარეჯან ქელბაქიანი.


- რა არის დემოდეკოზი? როგორ ვრცელდება ის?
- დემოდეკოზი კანის დაავადებაა, რომელსაც მიკროსკოპული ტკიპა დემოდექსი იწვევს. ეს პაწაწინა, სულ რაღაც 0,2-0,5 მმ ზომის ცოცხალი ორგანიზმი - თმის ფოლიკულებსა და ცხიმოვან უჯრედებში იბუდებს. განაყოფიერების შემდეგ მდედრი ტკიპა კანის ზედაპირზე ამოდის, თავისუფალ ცხიმოვან ჯირკვლებსა და თმის ძირებს პოულობს და კვერცხებს ყრის, საიდანაც მალე ახალი ტკიპები იჩეკება.

ტკიპების ცხოველმყოფელობის უბანში კანი წითლდება, უჩნდება წვრილი გამონაყარი. ყველაზე ხშირად ზიანდება ცხვირი, ლოყები, ტუჩები და ქუთუთოები. ზოგჯერ პროცესი ამაზე შორს აღარ მიდის, დემოდექსი მშვიდობიანად ბინადრობს კანზე და ჩამოფცქვნილი უჯრედებით იკვებება, მაგრამ საკმარისია, ორგანიზმი დასუსტდეს, რომ პარაზიტი კანის ღრმა შრეებში იჭრება და ანთებას იწვევს. დაავადების გამწვავებას უკავშირებენ ენდოკრინული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციურ დარღვევას, სტრესს, იმუნიტეტის დაქვეითებას. შესაძლო მიზეზებად მიიჩნევენ აგრეთვე დიდი ოდენობით ყავის, ალკოჰოლის და ცხარე/მჟავე საკვების მიღებას, კომპიუტერთან ხანგრძლივ მუშაობას, ჭარბ გარუჯვას. თვალებზე ვითარდება ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება) და კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანის ანთება), რასაც თან სდევს თვალების სწრაფი დაღლა, გაძლიერებული ცრემლდენა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ქავილი. ქავილი მეტისმეტად შემაწუხებელია, განსაკუთრებით - ღამით. ქუთუთოები შუპდება, წითლდება, წამწამის ძირებში ჩნდება ნადები, წამწამებს შორის - წვრილი ჩირქოვანი ბუშტუკები. წარმოიქმნება ნაცრისფერი ფუფხი. ხშირია თვალიდან ლორწოვან-წებოვანი და ქაფიანი გამონადენი. დაბოლოს, ქუთუთოს ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის გამო მცირდება ცრემლის აპკის ფენა, რასაც მშრალი თვალის სინდრომის განვითარებამდე მივყავართ. მაგრამ დემოდეკოზი განსაკუთრებით აუტანელი მაშინ ხდება, როდესაც წამწამები იწყებს ცვენას.


- როგორ სვამენ დემოდეკოზის დიაგნოზს?
- დიაგნოზს სვამენ წამწამების ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე.


- როგორ მკურნალობენ?
- სამკურნალოდ, უპირველეს ყოვლისა, ის საშუალებები ინიშნება, რომლებიც ტკიპას გაანადგურებს, მაგრამ ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ მკურნალობა საკმაო დროს მოითხოვს: თუ ადრეულ სტადიაში მივუსწარით - 4-6 კვირა, დაგვიანების შემთხვევაში - 6 თვიდან 1 წლამდე, ამიტომ როგორც პაციენტს, ასევე ექიმსაც მოთმინება მართებთ. ამჟამად ქუთუთოების დემოდეკოზის სამკურნალოდ ფართოდ იყენებენ ბლეფაროგელ II-ს, ბლეფაროლოსიონს, ბლეფარეტეს საწმენდს, 1-2%-იან ვერცხლისწყლის ყვითელ მალამოს, დემალანის მალამოს, ცინკომეთილის წვეთებს, აგრეთვე - საშუალებებს, რომლებიც აღადგენს დაზიანებულ უბნებს, ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების შიგთავსის სანაციას (გაწმენდას), ამცირებს განმეორებითი ინფექციის რისკს. მშრალი თვალის სინდრომის შემთხვევაში საჭიროა ხელოვნური ცრემლის პრეპარატების (სისტეინი, ოქსიალი, პურე, ნატურალური ცრემლი, ოფთაგელი) გამოყენება. აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის მკურნალობა, იმუნობიოლოგიური  და ნივთიერებათა ცვლის აღდგენა, მხედველობის დარღვევის ოპტიკური კორექცია.


- რას გვეტყვით ჰიგიენასა და დაავადების პროფილაქტიკაზე?
- მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს, თუ არ დავიცავით პირადი ჰიგიენა. საზოგადოდ, დემოდეკოზი გადამდებია - შესაძლოა, არამცთუ სხვა ადამიანი, არამედ საკუთარი თავიც კი დავაინფიციროთ ხელმეორედ. ამის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, სახე ხშირად იბანოთ ანტისეპტიკური საპნით (ამ გზით ტკიპის ცხოველმყოფელობის პროდუქტებს მოიცილებთ), თვალში ჩაიწვეთოთ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატები, კარგად დაიმუშაოთ ქუთოთები და წამწამები. მკურნალობის პერიოდში იკრძალება კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, ტკბილეულის, ალკოჰოლის, ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღება, მზეზე დიდხანს ყოფნა, გარუჯვა, მხედველობის გაძლიერებული დატვირთვა. მკურნალობის დროს და მის შემდეგ პაციენტებს ვურჩევთ, დაიცვან ელემენტარული ჰიგიენა და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებსაც დაავადების დროს იყენებდნენ.


- არსებობს თუ არა ალბათობა, დაავადება შინაური ცხოველებისგან გადმოგვედოს?
- ცნობილია ტკიპა დემოდექსის 150 სახეობა, რომლებიც სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმში პარაზიტობენ, მაგრამ, მაგალითად, ძაღლისთვის საშიში სახეობები ადამიანს არ გადაედება.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
"იყიდება ნისანის რადიატორი, თითქმის ახალი"
"აღწერა: მწარმოებელი: Eurolux lw 777 EU აეროგრილი ამზადებს...
"შევიძენ ოჯახიდან! ძველებურ ანტიკვარულ ნივთებს, კობალტის, ვაიმარის,...