რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როდის სკდება ფილტვისა და ბრონქის ქსოვილი
როდის სკდება ფილტვისა და ბრონქის ქსოვილი

ფილტვის გახეთქვა (ღუპტურა პულმონის), ცხადია, ყოველდღიურ ყოფაში არ გვხვდება, თუმცა კი ზოგიერთი ტრავმული დაზიანების დროს ასეთი რამ მოსალოდნელია. რა კლინიკური ნიშნები იჩენს თავს ამ დროს და როგორ მკურნალობენ ამ მდგომარეობას, ამის შესახებ თორაკოაბდომინური კლინიკის გულმკერდის ქირურგი კობა კობიძე გვესაუბრება.


- ბატონო კობა, როდის არის მოსალოდნელი ფილტვის გახეთქვა?
- გულმკერდის ჩვეულებრივი ტრავმის დროს ფილტვის გახეთქვა იშვიათია. პლევრა და ფილტვი უმეტესად სკდება ნეკნების მოტეხილობის დროს. თვით ნეკნების მოტეხილობა, რომელიც ფილტვის ჭრილობას იწვევს, ჩვეულებრივ მძიმე ტრავმის - საავტომობილო კატასტროფის, სიმაღლიდან ვარდნის - შედეგია.

- მძიმე მდგომარეობაა ეს?
- მდგომარეობის სიმძიმე ჭრილობის სიღრმესა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტად არის დაშორებული ჭრილობა ფილტვის ფესვს (ფილტვის პარენქიმის პერიფერიული ჭრილობა), მით უფრო მსუბუქია კლინიკური სურათი.


- რატომ?
- იმიტომ, რომ ფილტვის პერიფერიულ უბნებზე ზიანდება მხოლოდ წვრილი ბრონქები და სისხლძარღვები, ასეთ ტრავმას კი, წესისამებრ, არ მოჰყვება კარდიოპულმონური სისტემის მძიმე მოშლილობა. ამის საპირისპიროდ, ფესვის არეში ფილტვის პარენქიმის ჭრილობას მძიმე კლინიკური გამოვლინება ახასიათებს.


- სახელდობრ, როგორი?
- სისხლიანი ხველა ფილტვის დაზიანებაზე მიუთითებს. ფილტვის ჭრილობის დროს ვითარდება ჰემოპნევმოთორაქსი. პერკუსია და აუსკულტაცია ამ ვარაუდს ადასტურებს. კლინიკური სურათი დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმეზე - ფილტვის პარენქიმის დაზიანების ლოკალიზაციასა და სიღრმეზე. ავადმყოფი წრიალებს, სუნთქვისას ზოგავს გულმკერდის დაზიანებულ მხარეს, პულსი გახშირებულია, ხველა  - მტანჯველი და ტკივილიანი, სისხლიანი გამონაყოფით, ვითარდება ციანოზი, მკვეთრი ქოშინი და კანქვეშა ემფიზემა. ყოველივე ეს ფილტვის პარენქიმის დაზიანებაზე მიუთითებს. უახლოესი ორი საათის განმავლობაში სურათის დინამიკაზე დაკვირვება ექიმს საშუალებას აძლევს, განსაზღვროს დაზიანების ხარისხი და ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა. აფეთქების ტალღით გამოწვეული ფილტვის დაზიანებისას სხვადასხვა სიმძიმის კლინიკური სურათის ჩამოყალიბებაა მოსალოდნელი. ის დამოკიდებულია აფეთქების ცენტრამდე არსებულ მანძილზე, აფეთქების ინტენსივობასა და სხვა ფაქტორებზე. საშუალო სიმძიმის დაზიანებისას უშუალოდ ტრავმის შემდეგ მოსალოდნელია ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა, რაც აფეთქების ტალღის თავის ტვინზე ზემოქმედებით არის გამოწვეული. დაშავებული, მას შემდეგ, რაც გონს მოვა,  უჩივის სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის არეში ზომიერ ტკივილს, ყურებში ხმაურს, სისხლიან ხველას, ცხვირიდან და ყურებიდან სისხლდენას. ზოგჯერ აღინიშნება სუნთქვის უკმარისობის ნიშნები: ქოშინი, ციანოზი; ცხვირ-პირიდან შეიძლება გადმოდიოდეს სისხლით შეფერილი ქაფისებური სითხე; პულსი გახშირებულია, არტერიული წნევა - რამდენადმე დაქვეითებული. გულმკერდის დათვალიერებისას დაზიანება შესაძლოა ვერც შევნიშნოთ. ფილტვების გამოკვლევისას მიღებული ფიზიკალური მონაცემები, ჩვეულებრივ, მწირია და არ შეესაბამება სუბიექტურ მოშლილობებსა და ზოგადი მდგომარეობის მნიშვნელოვან დარღვევებს. ჩვეულებრივ, ისმინება მხოლოდ გაფანტული, სველი ხიხინი. მძიმე შემთხვევებში აღინიშნება პნევმოთორაქსი ან ჰემოთორაქსი.


- როგორია ასეთ დროს გადაუდებელი დახმარების ტაქტიკა?
- თუ პაციენტს ფილტვის პარენქიმა პერიფერიულ წილებში აქვს დაზიანებული, კონსერვატიული მკურნალობა უმეტესად შესაძლებელია. ხშირად ტარდება პლევრის ღრუს დრენირება და ზოგადი ინტენსიური თერაპია. თუ, მიუხედავად მედიკამენტური ღონისძიებებისა, მდგომარეობა დამძიმდა (გაძლიერდა ქოშინი, გარეგანი სისხლდენა, განვითარდა ციანოზი), დაისმის ფილტვის დაზიანებულ პარენქიმაზე ოპერაციული ჩარევის საკითხი. ქირურგმა, ვიდრე ამა თუ იმ ქირურგიული ღონისძიების გატარებას გადაწყვეტს, გულდასმით უნდა გააანალიზოს შემდეგი მომენტები:

  • ფილტვის პარენქიმის ჭრილობის ლოკალიზაცია (პერიფერიულად მდებარეობს თუ ფილტვის ფუძესთან ახლოს);
  • ჭრილობის
    You must have Flash Player installed in order to see this player.
    სიმძიმე (ზედაპირულია თუ ღრმა);
  • სისხლდენისა და ბრონქის ჭრილობის ხასიათი;
  • გართულება პლევრისა და ფილტვის მხრივ (პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი და განგრენა).

თავისთავად ცხადია, ქირურგიული ჩარევის ხასიათისა და მოცულობის შერჩევისას გადამწყვეტია საოპერაციო მაგიდაზე მწოლიარე პაციენტის ორგანიზმის მდგომარეობა. ფილტვის ჭრილობის ოპერაციის შემდეგ პლევრის ღრუში 24-48 საათით იდგმება დრენაჟი და ტარდება ზოგადი მკურნალობა, მათ შორის - ანტიბიოტიკოთერაპია. ექიმი ყურადღებით აკვირდება ავადმყოფის მდგომარეობას: ტემპერატურას, პულსს, პერკუტორულ და აუსკულტაციურ მონაცემებს. პაციენტის მდგომარეობის შეფასებაში გვეხმარება რენტგენოლოგიური კვლევაც.


- როგორია კლინიკური სურათი ბრონქის გახეთქვის დროს?
- მსხვილი ბრონქების გახეთქვისას დროული დიაგნოზის დასმა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამაზეა დამოკიდებული ფილტვის ბედი და ზოგჯერ ავადმყოფის სიცოცხლეც. ბრონქის გახეთქვისას შეინიშნება ხრტილის მთლიანობის დარღვევა. თავად ბრონქის დაზიანების კლინიკური სურათი შეიძლება იყოს ძალიან მწირი. მხოლოდ ტრავმის მწვავე პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება ვიეჭვოთ ბრონქის დაზიანება ფილტვის მყარი ატელექტაზის გამო. ტრავმის შემდეგ კლინიკურ სურათში დომინირებს შუასაყრის მკვეთრად მზარდი ემფიზემა, რომელიც ვრცელდება კისრის, თავის და ხერხემლის მთელი ზედა ნახევრის კანქვეშ, ანდა ვითარდება სარქვლოვანი პნევმოთორაქსი. ხშირად ორივე გართულება ერთდროულად შეინიშნება. ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად და პროგრესულად უარესდება სუნთქვის უკმარისობის, შუასაყრის სისხლძარღვებზე ზეწოლის, გულის გადანაცვლების და სხვა მიზეზთა გამო. მსხვილი ბრონქების გახეთქვისას, როგორც ადრეულ, ისე მოგვიანებით პერიოდში, დიაგნოზის დასადგენად მეტად მნიშვნელოვან მონაცემებს გვაწვდის ბრონქოსკოპიული გამოკვლევა. ის საშუალებას გვაძლევს, ზუსტად დავადგინოთ დაზიანების ხასიათი და ლოკალიზაცია.


- როგორია მკურნალობის ტაქტიკა?
- დახურული ტრავმის დროს, რომელიც მსხვილი ბრონქული ღეროს დაზიანებასთან არის დაკავშირებული, პირველ საათებში მკურნალობა მიმართული უნდა იყოს მედიასტინალური ემფიზემისა და სარქვლოვანი პნევმოთორაქსის კუპირებისკენ, რადგან ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია. საჭიროა პლევრის ღრუს დრენირება. პნევმოთორაქსის დროს პლევრის ღრუს დრენირების შემდეგ შუასაყრის ემფიზემა ხშირად ნელ-ნელა მცირდება. პარალელურად უნდა განხორციელდეს სათანადო სამკურნალო ღონისძიებები. რენტგენოლოგიური და ბრონქოლოგიური გამოკვლევის შემდეგ, რომელიც ადასტურებს ბრონქის გახეთქვის დიაგნოზს, ზოგადი გაუტკივარების თანხლებით იკერება დეფექტი, ხდება პლევრის ღრუს დრენირება.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
შაქრის გადაჭარებეული მოხმარება თანამედროვე კვების რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ტკბილი საკვების სიყვარული აჩქარებს დაბერების პროცესს,
ალბათ, ბევრს აინტერესებს - რა ხდება ორგანიზმში შიმშილობისას, მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ ხვდება არავითარი საკვები, არც ცილები, არც ცხიმები, არც ნახშირწყლები. მეტიც, ე.წ. მშრალი შიმშილობისას ორგანიზმი წყლის მიღებასაც კი მოკლებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (რადგან, საბედნიეროდ, სამკურნალო შიმშილობა გარკვეული ვადით გრძელდება) შინაგანი მოთხოვნილებები საკუთარი სარეზერვო ენერგეტიკული წყაროებიდან უნდა დაიკმაყოფილოს, რადგან მათ სხვა წყაროებით ვერ მიიღებს.

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრს ჰგონია, რომ სუნთქვითი ვარჯიშები ჟანგბადის ინტესიურად ჩასუნთქვას გულისხმობს. სინამდვილეში პირიქითაა და სუნთქვითი ვარჯიშის დროს უმჯობესია სუნთქვის მაქსიმალურად შეკავება.
ლევენის უნივერსიტეტის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებს  
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც სუნთქვის გაძნელებას იწვევს. “პროგრესირებადი” ნიშნავს, რომ ავადმყოფის მდგომარეობა დროთა განმავლობაში უარესდება.

პნევმოთორაქსი (ბერძ. “პნევმო” - ჰაერი; “თორაქს” - მკერდი) პლევრის ღრუში ჰაერის დაგროვებაა. ის შეიძლება სპონტანურად წარმოიშვას ისეთი ადამიანის ორგანიზმშიც, რომელსაც არ აქვს ფილტვის ქრონიკული დაავადება (პირველადი პნევმოთორაქსი) და ფილტვის დაავადების მქონე პაციენტის ორგანიზმშიც (მეორეული პნევმოთორაქსი). არსებობს ხელოვნური პნევმოთორაქსიც, რომლის დროსაც ჰაერი საგანგებოდ შეჰყავთ პლევრის ღრუში. პნევმოთორაქსი ხშირად გულმკერდის მიდამოს ტრავმის ან მკურნალობის გართულების შედეგია.

პლევრიტი ფილტვების შემომგარსველი შემაერთებელქსოვილოვანი ფურცლების ანთებაა. პლევრული გარსი ორი - შიგნითა (უშუალოდ ფილტვებზე გადაკრული) და გარეთა - ფურცლისგან შედგება. მათ შორის მცირე ნაპრალია - ე. წ. პლევრის ღრუ. ინფექციური აგენტების, აუტოიმუნური პროცესებისა და სხვა ფაქტორების გავლენით (რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პლევრიტის განვითარებაში) პლევრის სისხლძარღვთა გამავლობა იზრდება და სისხლის პლაზმის თხევადი ნაწილი და ცილები პლევრის ღრუში ხვდება. თუ სითხე ცოტაა, ის უკუგაიწოვება, გარდა სისხლის ცილისა - ფიბრინისა. ეს უკანასკნელი ლაგდება პლევრის ფურცლებზე, ასქელებს მათ და ახორკლიანებს. ასე ვითარდება მშრალი ანუ ფიბროზული პლევრიტი. თუ გამონაყოფი ბევრია და სრულ უკუგაწოვას არ განიცდის, სითხე პლევრის ღრუში გროვდება და ექსუდაციური ანუ სველი პლევრიტის განვითარებას აძლევს დასაბამს.

ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ვერაგი ონკოლოგიური დაავადებაა. გავრცელებით ის მეორე ადგილს იკავებს კანის კიბოს შემდეგ, ხოლო სიკვდილიანობით - პირველს, ამიტომ მკითხველს ალბათ დააინტერესებს ინფორმაცია მისი აღმოცენების, სიმპტომების, დიაგნოსტიკის მეთოდებისა და მკურნალობის სპეციფიკის შესახებ.

08 აგვისტო 2016
· ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი და საწოლი;
26 სექტემბერი 2016
ელექტრონულ ფოსტაზე დამოკიდებულება ზრდის სტრესის დონეს, რამაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

ნათხემშიდა სისხლჩაქცევები

ნათხემში სისხლჩაქცევების მიზეზი ვადაზე დაბადებულ ბავშვებში მასიური სუპრატენტორიალური პარკუჭშიდა ჩაქცევაა, დღენაკლულ ბავშვებში კი - გერმინული მატრიქსის ჰემორაგია (სისხლჩაქცევა). ყოველივეს კი იწვევს სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის თანხვედრა.

ნათხემში სისხლჩაქცევების კლინიკა სწრაფად პროგრესირებს. ქალას უკანა ფოსოს სუბდურალური სისხლჩაქცევის მსგავსად ამ დროსაც სწრაფად ძლიერდება სუნთქვითი დარღვევები, ქვეითდება ჰემატოკრიტი და ჩქარდება ლეტალური გამოსავალი (ბავშვი იღუპება).

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას.