თვალის დაავადებათა პროფილაქტიკისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალის დაავადებათა პროფილაქტიკისათვის

 

- ყველაზე ხშირად თვალის რომელი დაავადებებით მოგმართავენ პაციენტები?

- ყველაზე გავრცელებული დაავადება კატარაქტაა. ყველაზე ხშირი ოპერაციაც, რომელიც უტარდებათ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს, არის კატარაქტის ექსტრაქცია და/ან ფაკოემულსიფიკაცია ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით. კატარაქტა მეტისმეტად გახშირდა და გაახალგაზრდავდა. წინათ ის უპირატესად 50-55 წელს გადაცილებულებს შორის გვხვდებოდა, ახლა კი 40 წლის პაციენტებიც გვყავს.

მეორე, ასევე აქტუალური დაავადებაა გლაუკომა. ის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და სოციალურ პრობლემად მიიჩნევა, ვინაიდან ხშირად იწვევს გარდაუვალ და შეუქცევად სიბრმავეს, ამიტომ საზღვარგარეთ 40 წელს გადაცილებულებს სკრინინგული გამოკვლევისას თვალშიგა წნევასაც უზომავენ. წინათ ჩვენთანაც იყო ასეთი პრაქტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა აღვადგინოთ. გლაუკომა ბოლო ხანს საგრძნობლად გახშირდა, რასაც თავისი მიზეზები აქვს (მათ შორის - სტრესოგენული ფაქტორების სიხშირე, კვების რეჟიმის დარღვევა, რადიაციული ფონის მატება) და გაახალგაზრდავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თვალშიგა წნევის კონტროლი 35 წლიდან უნდა დაიწყოს.

მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს სტრესების სიჭარბე, ადრენალინისა და კატექოლამინების გადმოსროლა ორგანიზმში.

- ზემოთ სტრესოგენული ფაქტორები ახსენეთ...

- ხშირი სტრესი უარყოფითად მოქმედებს როგორც გლაუკომიან, ისე კატარაქტიან პაციენტებზე. მეტიც - ამ დაავადებებს ხშირად წინ უძღვის დიდი ნერვული დაძაბულობა, მაგალითად, ახლობლის გარდაცვალება. სტრესული ფაქტორის დიდ მნიშვნელობას სტატისტიკური კვლევებიც მოწმობს.

- შესაძლებელია თუ არა კატარაქტის პროფილაქტიკა?

- სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, რომ კატარაქტის პროფილაქტიკის კუთხით ეფექტიანია იმ მედიკამენტების ხმარება, რომლებსაც სამკურნალოდ ვიყენებთ. ეს შეცდომაა, ეს წვეთები კატარაქტას თავიდან ვერ აგვაცილებს. პათოლოგიათა კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული ჯგუფია რეფრაქციის ანომალიები - ჰიპერმეტროპია ანუ შორსმხედველობა, როდესაც საჭიროა პლუს სათვალის ტარება და ახლომხე-დველობა, როდესაც საჭიროა მინუს სათვალის ტარება. არსებობს მეთოდები, რომლებიც გვეხმარება, პლუს სათვალის ხმარება რაც შეიძლება გვიან დავიწყოთ. კერძოდ, შემუშავებულია აკომოდაციის სპეციალური ვარჯიშები, რომელთა შესრულება ძნელი არ არის და ყველას შეუძლია.

ძალიან გახშირდა ახლომხედველობა, რასაც ჩვენ კომპიუტერის ფართო და ხანგრძლივ გამოყენებას ვუკავშირებთ. ახალგაზრდებს, მოზარდებსა და ბავშვებს ვურჩევთ, ნაკლები ხანი გაატარონ კომპიუტერთან, მაგრამ მეტწილად უშედეგოდ, ვინაიდან კომპიუტერი მათთვის ერთგვარ მეგზურად იქცა - ინფორმაციას დღეს უმთავრესად ინტერნეტიდან იღებენ, გარდა ამისა, ის კონტაქტის ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული და იაფი საშუალებაა. ძნელია, მოზარდი ინტერნეტს მოვწყვიტოთ, ის ფაქტობრივად მისი მეორე სამყაროა. ამიტომ კიდევ ერთხელ აუცილებელია მხედველობის დაცვა. არსებობს სპეციალური რეკომენდაციები, რომელთა დაცვა თვალს კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეული გამოშრობისგან იცავს და თავიდან არიდებს აკომოდაციის სპაზმს, რომელიც ახლომხედველობის წინამორბედად ითვლება.

- თვალს ინფექციებიც ხომ აზიანებს?

- თვალის დაზიანება ახასიათებს თითქმის ყველა მძიმე ინფექციურ პროცესს: ათაშანგს, შიდსს, ტუბერკულოზს... ასეთ დროს პროფილაქტიკა ძირითადი დაავადებების დროულ და კვალიფიციურ მკურნალობას გულისხმობს. ვირუსული ინფექციების, თუნდაც ჰერპესის, პროფილაქტიკა, სამწუხაროდ, ძნელი წარმოსადგენია, რადგან თითოეულ ჩვენგანს აქვს კონტაქტი სხვა ადამიანებთან. ჰერპესი, რომელიც ძალიან არის გავრცელებული, თვალის არაერთ დაავადებას იწვევს, მათ შორის - კერატიტს, რქოვანას ანთებას. პაციენტებს მხოლოდ ის შეგვიძლია ვურჩიოთ, თავი არიდონ ფაქტორებს, რომლებიც კერატიტის განვითარებას აპროვოცირებს. ეს არის გაციება, ჰიგიენის წესების დაუცველობა. განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ ბინძურ აუზებსა და წყალსატევებში ბანაობას. თვალის პათოლოგიების დიდ ნაწილს თანდაყოლილი ანომალიები შეადგენს. მათგან თავის დასაცავად აუცილებელია სწორი გენეტიკური კონსულტაცია, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არცთუ ისე განვითარებულია.

- რომელ პათოლოგიებს გულისხმობთ?

- არსებობს თანდაყოლილი გლაუკომა და კატარაქტა, ბადურას თანდაყოლილი პათოლოგიები, რქოვანას დეგენერაციის თანდაყოლილი ფორმები. მათი პროფილაქტიკა ძალიან ძნელია. ზოგიერთი მათგანი აუტოსომურ-რეცესიულია, ზოგიერთი - აუტოსომურ-დომინანტური. გენეტიკური კონსულტაცია ძალიან მაღალ დონეზე უნდა იდგეს, რათა მოხდეს ამ დაავადებების პროგნოზირება, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ყოველთვის საზღვარგარეთაც ვერ აღწევენ სასურველ შედეგს.


- როგორია მხედველობის გაუარესების პირველი ნიშნები?

- მაგალითად, როდესაც 40 წელს გადაცილებული პაციენტი შეამჩნევს მხედველობის პერიოდულ დაქვეითებას, პერიოდულ დაბინდვას, სიმძიმის შეგრძნებას თვალის არეში, სინათლის წყაროს ცქერისას ფერადი რგოლების გაჩენას, მაშინვე უნდა მივიდეს თვალის ექიმთან, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები გლაუკომის ადრეული სტადიებისთვის არის ნიშნეული. კატარაქტის პირველი ნიშნებია მხედველობის დაბინდვა ან რეფრაქციის შეცვლა. მაგალითად, შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ ბოლო ხანს უსათვალოდ კითხულობთ, აქამდე კი ახლოს ხედვისთვის სათვალე გჭირდებოდათ, სამაგიეროდ, გიჭირთ შორს ხედვა. საზოგადოდ, კატარაქტის საწყისი სტადიისთვის დამახასიათებელია პაციენტის ახლომხედველად ქცევა. ამ მდგომარეობას ჭეშმარიტი მიოპიისგან გასამიჯნად ფსევდომიოპიას ვუწოდებთ.

ხშირად კატარაქტის საწყის სტადიაში გვეუბნებიან, რომ მზეზე თვალები ისე უჭრელდებათ, სიარულიც კი უჭირთ. ეს იმის ბრალია, რომ შემღვრეულ ბროლზე მზის სხივის მოხვედრისას ხდება სხივის დიფრაქცია - ის ბადურასაკენ მიემართება არა სწორი კონით, რომელიც მას ნაკლებად აღიზიანებს, არამედ განშლადით, რომლის ზემოქმედების შედეგად მთელი ბადურა ღიზიანდება. სწორედ ამიტომ უჭრელდება ადამიანს თვალები და უჭირს სიარული. ამის თავიდან ასაცილებლად პაციენტებს ვურჩევთ მზის პოლარიზირებული სათვალის ხმარებას და ვუნიშნავთ თვალის წვეთებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი საქმეს მაინცდამაინც არ შველის. თვალის პათოლოგიების დროს, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისა, მოსალოდნელია ტკივილი, ცრემლდენა, უცხო სხეულის შეგრძნება. თითოეული ამ სიმპტომის შემჩნევისას აუცილებელია სპეციალისტთან მისვლა. შესაძლოა, გეგონოთ, რომ ეს წვრილმანი უსიამოვნება თავისთავად გაივლის. სამწუხაროდ, უმეტესად პირიქით ხდება - ამ ნიშნების მიღმა იმალება მძიმე დაავადება, რომლის ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში მკურნალობა გაცილებით შედეგიანია, ვიდრე გვიანდელ სტადიებში.

- რას გვეტყვით თვალის ტრავმებზე? როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან და როგორ მოვიქცეთ, თუ დავშავდით?

- თვალის ტრავმებმა ბოლო ხანს მეტისმეტად იმატა. მოგეხსენებათ, რამდენი ახალგაზრდა უზის საჭეს. რაც შეეხება რჩევებს: მართვისას გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, გამოიყენეთ დამცავი ბალიშები. ავარიის დროს საქარე მინის ნამსხვრევები შეიძლება თვალში მოხვდეს და გამოიწვიოს მისი გახეთქვა, კონტუზია, კომოცია.

ბავშვებმა და მოზარდებმა ჩხუბის დროს შესაძლოა თვალი დაიშავონ. ასეთ დროს უმეტესად გვხვდება თვალის არაგამავალი დაზიანება - ჰემოფთალმი, თვალშიგა სისხლჩაქცევა. იყო პერიოდი, როდესაც ყოველ ნაბიჯზე იყიდებოდა ბავშვის პნევმატური სათამაშოები, რომელიც საფანტისმაგვარ ტყვიებს ისროდა. ისინი ძალიან საშიში გახლდათ ტრავმატიზმის კუთხით და ჩვენ, თვალის ექიმებმა, პარლამენტსაც კი მივმართეთ თხოვნით, რათა ასეთი სათამაშოების შემოტანა აეკრძალათ.

ნებისმიერი სახის ტრავმის დროს დაშავებული რაც შეიძლება მალე უნდა მოხვდეს თვალის ექიმთან. ზოგჯერ ჭრილობის დამუშავება საკმარისია, ზოგჯერ კი პაციენტს შემდგომი სამედიცინო დახმარება სჭირდება.

- რა არის ბადურას ჩამოშლა?

- ბადურა გახლავთ თვალის შიგნითა შრე, რომელიც თვალში იმავე ფუნქციას ასრულებს, რომელსაც ფოტოაპარატში - ფოტოფირი. მის გარეშე მხედველობითი აღქმა შეუძლებელი იქნებოდა. ის მხედველობის აქტისთვის აუცილებელი ანატომიური კომპონენტია. ბადურას ჩამოშლა არის მდგომარეობა, როდესაც ბადურა ანატომიურ მდებარეობას იცვლის და მინისებრ სხეულში ჩამოიშლება. ამ დროს მხედველობა მკვეთრად უარესდება. ბადურას ჩამოშლის ათი შემთხვევიდან შვიდს ახლომხედველობა უძღვის წინ. რაც უფრო მაღალია მიოპია, მით უფრო მეტია ბადურას ჩამოშლის ალბათობა. ასეთ პაციენტებს ვურჩევთ, ერიდონ ფიზიკურ დატვირთვას, სპორტის კონტაქტურ სახეობებს, აუზში თავით ხტომას. ყაბზობაც კი არასასურველია მათთვის. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც კი ორგანიზმის დაჭიმვას უკავშირდება, გავლენას ახდენს თვალზე და ბადურას ჩამოშლას უწყობს ხელს.

ბადურას ჩამოშლის პირველი ნიშანია ნაპერწკლების გაჩენა მხედველობის ველში. როდესაც ახლომხედველი პაციენტი გვეუბნება, რომ თვალწინ ნაპერწკლებს ხედავს, ეს ნიშნავს, რომ ბადურა ან ჩამოშლას იწყებს, ან უკვე ჩამოშლილია. ასეთ დროს აუცილებელია სპეციალისტის ჩარევა. მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულად შეიძლება.

რაც შეეხება პროფილაქტიკას: პაციენტებს, რომელთაც ბადურას ჩამოშლის მაღალი რისკი აქვთ, ვუტარებთ სკრინინგულ გამოკვლევას - ვუთვალიერებთ თვალის ფსკერს და მას ლაზერით ვუმუშავებთ, რათა ბადურას ჩამოშლის ალბათობა შევამციროთ.

- რამდენად ეფექტურია ეს პროცედურა?

- უდავოდ ეფექტურია. იმ პაციენტებს, რომელთაც თვალის ფსკერი ლაზერით აქვთ დამუშავებული, ბადურას ჩამოშლის ალბათობა უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ეს პროცედურა არ გაუვლია. სხვათა შორის, საზღვარგარეთ ამ პროცედურას სადაზღვევო კომპანიებიც კი აფინანსებენ.

- რამდენად შედეგიანია ოპერაცია?

- ბადურას ჩამოშლისას ოპერაცია ისეთი ეფექტური არ არის, როგორიც კატარაქტის შემთხვევაში. კატარაქტის ოპერაციას, ეფექტურობისა და შედეგიანობის გამო, ჩვენ თვალის ქირურგიის მარგალიტს ვუწოდებთ. ამ სფეროში საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია. ჩვენთან კეთდება ყველაფერი, რაც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. რაც შეეხება ბადურას ჩამოშლას, მისი ქირურგიული მკურნალობა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის მაღალეფექტური, მაგრამ ვერც მთლად უშედეგოდ მივიჩნევთ. ასეც შეიძლება ითქვას: შედეგი გვაქვს, მაგრამ თუ კატარაქტის დროს პაციენტს ძალიან მაღალ მხედველობას ვპირდებით, ბადურას ჩამოშლის შემთხვევაში მაღალი მხედველობის დაბრუნების გარანტიას ვერ მივცემთ.

- როგორია გლაუკომის ოპერაციული მკურნალობის შედეგი?

- დავიწყებ იმით, რომ გლაუკომა სხვადასხვანაირია. პირველადი გლაუკომის შემთხვევაში პაციენტს მხედველობის მატებას ვერ დავპირდებით, ვინაიდან ამ დროს მხედველობის ნერვია დაზიანებული, რომლის აღდგენა ოპერაციას არ შეუძლია. ქირურგიული ჩარევით ჩვენ მხოლოდ ვაჩერებთ მხედველობის დაქვეითების პროცესს, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტხანს შევინარჩუნოთ ოპერაციის მომენტისთვის არსებული მხედველობა.

ოპერაციის მიზანი თვალშიგა წნევის დაწევაა, მაგრამ თვალშიგა წნევის მატება არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც აზიანებს მხედველობის ნერვს. ერთ-ერთი მიზეზია სისხლის მიმოქცევის მოშლა, რომელიც უფრო ძნელი საკორექციოა, ვიდრე თვალშიგა წნევის დაქვეითება. შეგვიძლია, წნევა დავწიოთ, მაგრამ მხედველობის ნერვში სისხლის მიმოქცევის აღდგენა, მიუხედავად ფარმაცევტული საშუალებების ფართო არსენალისა, ვერ ხერხდება.


- ზემოთ მშრალი თვალის სინდრომი ახსენეთ. მოქმედებს თუ არა ის მხედველობაზე?

- მშრალი თვალის სინდრომს, გარდა ზემოხსენებული მიზეზებისა, სახის ნერვის დამბლაც იწვევს. ასეთ დროს ადამიანი თვალს ვერ ხუჭავს, ვინაიდან სახის ნერვის დაზიანებული ტოტი ვეღარ აინერვირებს კუნთს, რომელიც ქუთუთოს ხურავს (ამ პათოლოგიას ოფთალმოლოგები კურდღლის თვალს ვუწოდებთ, რადგან კურდღელს თვალგახელილს სძინავს). ამ შემთხვევაში თვალის სიმშრალე იმდენად ძლიერია, რომ ზოგჯერ თვალის ფორსირებული დახურვა ჩაგვიტარებია - ქუთუთოები გაგვიკერავს და როდესაც სახის ნერვის დამბლას გაუვლია, ნაკერები მერეღა გაგვიკვეთია. ასეთი ინტენსივობის მშრალი თვალი მხედველობაზე მოქმედებს. ამ დროს რქოვანა, რომელიც პრაქტიკულად მუდმივად უნდა ინამებოდეს, ვეღარ ინამება, კარგავს სიკრიალეს, გამჭვირვალობას და მქრქალ მინას ემსგავსება. ეს, რასაკვირველია, მხედველობაზეც აისახება. ამის თავიდან ასაცილებლად ვკერავთ ხოლმე ქუთუთოებს. თუ ჩარევა დროულად მოხდა, აღდგენითი პროცესიც კარგად მიმდინარეობს.

თვალის ჩვეულებრივი სიმშრალის დროს ინიშნება სპეციალური დამნამავი საშუალებები, ხელოვნური ცრემლი.

არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს სამ სათვალეს ვუნიშნავთ: ერთს - შორს ხედვისთვის, მეორეს - საკითხავად,  მესამეს - კომპიუტერთან სამუშაოდ. ვითარების შესაბამისად, ინიშნება სხვა ტიპის სათვალეებიც: კომბინირებული, ბიფოკალური (ორმინიანი), ტრიფოკალური (სამმინიანი). ახლახან შემოვიდა პროგრესული სათვალე, რომელსაც გამყოფი ზოლი კი არ აქვს, არამედ რეფრაქციის ხარისხი თანდათან ძლიერდება ზევიდან ქვევით. პაციენტი ხედვას თავის დახრა-აწევით აკონტროლებს. თუმცა ასეთ სათვალეს ყველა ვერ ეგუება.

- რაკი სათვალეზე ჩამოვარდა სიტყვა, მინდა გკითხოთ: შეიძლება თუ არა მზა სათვალის შეძენა?

- ასეთი რამ დაუშვებელია. არასწორად შერჩეული სათვალე ადამიანს, ცხადია, არ დააბრმავებს, მაგრამ ვერც დაეხმარება. პირიქით, გამოიწვევს თვალების დაღლას, დისკომფორტს, თავის ტკივილს, თავბრუხვევას.

- თვალის პათოლოგიებზე საუბრისას არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ სიელმეს. რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მისი მკურნალობა?

- სიელმე თანდაყოლილიც შეიძლება იყოს. ეს ფორმა ერთ-ერთი კუნთის დამბლით არის გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ფაქტობრივად უძლურნი ვართ. სამაგიეროდ, აკომოდაციური, სათვალის საჭიროებასთან დაკავშირებული სიელმის დროს, რომელიც 2-3 წლის ასაკში იჩენს თავს, დახმარება მართლაც შეგვიძლია. უწინარეს ყოვლისა, საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია, ბავშვის ძირფესვიანი გამოკვლევა მაღალტექნოლოგიური აპარატურით, სათვალის სწორი შერჩევა. თუ სიელმე სათვალემაც ვერ გამოასწორა, ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

- თუ ბავშვს სიელმე გამოაჩნდა, სათვალე მაშინვე უნდა დაინიშნოს?

- უწინარეს ყოვლისა, ბავშვი სპეციალისტს უნდა ვაჩვენოთ. საჭიროა, შემოწმდეს რეფრაქცია და თუ აღმოჩნდა, რომ სიელმე მხედველობის კორექციის აუცილებლობით არის გამოწვეული, დაინიშნოს სათვალე. თუ მდგომარეობა უკვე იმდენად რთულია, რომ სათვალის გაკეთება შედეგს ვერ გამოიღებს, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ოპერაცია. სასურველია, ეს სკოლამდელ ასაკში მოხდეს, რათა სკოლაში მისვლამდე მხედველობის კორექცია მოესწროს. თუმცა, რასაკვირველია, მოზრდილი პაციენტებიც გვყავს.

- კიდევ რომელი პათოლოგიები იწვევს მხედველობის დაქვეითებას?

- ამ კუთხით მეტად აქტუალურია ენდოკრინულ-სისხლძარღვოვანი პათოლოგიები. დიაბეტის დროს ხშირად ზიანდება მიკროსისხლძარღვები. ამ დაზიანების შედეგი განსაკუთრებით სავალალოა იქ, სადაც მიკროსისხლძარღვები ტერმინალურია და კოლატერალები არ გააჩნია - ერთმანეთს არ უკავშირდება. ამ შემთხვევაში დაზიანებული სისხლძარღვის ფუნქციას მეორე სისხლძარღვი ვერ იდებს თავს.

დიაბეტის დროს მიკროანგიოპათია სავალალო შედეგით სრულდება. საჭიროა თვალის იმ სპეციალისტის აქტიური ჩარევა, რომელიც უშუალოდ თვალის უკანა სეგმენტზე - ბადურასა და მინისებურ სხეულზე მუშაობს.

- როგორია საბოლოო შედეგი?

- დიაბეტური რეტინოპათია ბადურას ჩამოშლით სრულდება. ოპერაცია, რომელიც ამ დროს კეთდება, ძვირად ღირებული და მაღალტექნოლოგიურია, მაგრამ აუცილებელი და ხშირად შედეგიანიც. საქმე აქამდე რომ არ მივიდეს, აუცილებელია დიაბეტის სწორი მართვა. ყურადღებას ოთხ პარამეტრზე ვამახვილებთ. ესენია:

  • შარდის ხშირი კონტროლი. შარდში არ უნდა იყოს ცილა. ცილა თირკმლის პათოლოგიის მანიშნებელია, თირკმლის დაავადება კი იწვევს ნეფროგენულ ჰიპერტენზიას,  რომელიც პირდაპირ აისახება თვალზე;
  • გლუკოზის კონტროლი. სისხლში გლუკოზის მაღალი დონე თვალის კაკლის ქსოვილის, მათ შორის - ბადურას ენერგეტიკულ გაღარიბებას იწვევს;
  • ქოლესტერინის მაჩვენებელი;
  • არტერიული ჰიპერტენზია. როდესაც სისხლძარღვების დაზიანებას ერთვის მაღალი არტერიული წნევა, იქმნება ”ფეთქებადი ნარევის” ეფექტი - დაზიანებული სისხლძარღვი მაღალი არტერიული წნევის დროს სკდება და თვალში სისხლი იქცევა.

- მაღალი წნევის დროს ისედაც ხომ შეიძლება, თვალში სისხლი ჩაიქცეს? თვალის კაკლის სიწითლე ხომ ამაზე მიუთითებს?

- როდესაც თვალი გარედან არის გაწითლებული, ვითარება ნაკლებად სავალალოა, ვინაიდან გარეგანი სისხლჩაქცევა, რომელიც შეიძლება თვალის უხეშმა მოსრესამ გამოიწვიოს, უკვალოდ გაივლის.