ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევა

ენტეროსკოპია ან ინტენსტინოსკოპია ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ენდოსკოპიური მეთოდია, წვრილი ნაწლავის ლორწოვანი შრის (ზოგჯერ ლორწქვეშა, კუნთოვანი და მფარავი შრეებისაც) კვლევისათვის.

მაღალინფორმაციულ და შეუცვლელ კვლევად რჩება დიაგნოსტიკაში კოლონოსკოპია – სწორი და მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევა.

აღნიშნული მეთოდების თავისებურებებსა და მათთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ამ დარგის გამორჩეული პროფესიონალი, დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, მამუკა გურგენიძე:

– წვრილი ნაწლავის სრულად დათვალიერება წლების განმავლობაში შეზღუდული და ხშირად შეუძლებელი იყო, რადგან ნაწლავის მთელ გაყოლებაზე მეტრობით ენდოსკოპის გადაადგილება მოუხერხებელი და პრობლემური გახლდათ. პრობლემა რამდენადმე გადაიჭრა პრაქტიკაში ბალონიანი ენტეროსკოპისა და კაფსულური ენდოსკოპიის დანერგვით, თუმცა სირთულეები და გარკვეული შეზღუდვები ამ მეთოდებსაც ახლდა, კვლევა მოითხოვდა ძალიან დიდ დროს, ჰქონდა თავისი სპეციფიკური ჩვენებები და უკიდურეს შემთხვევებში უნდა ჩატარებულიყო.

წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დათვალიერება-გამოკვლევა გაცილებით გააადვილა კაფსულურმა ენდოსკოპიამ, რომელიც ძვირად ღირებული კაფსულის გადაყლაპვასა და ექიმის მიერ ნაწლავის კედლის შეფასება-ინტერპრეტაციას გულისხმობს. თუმცა ამ მეთოდსაც აქვს უარყოფითი მხარეები. პირველი მინუსი არის ის, რომ კაფსულა პრაქტიკულად უმართავია, მას ვერ დააყენებ სასურველ პოზიციაზე, ვერ დაათვალიერებ კონკრეტულად იმ უბანს, რომლის გამოკვლევაც გსურს; მეორე მინუსი კი მეთოდის არასრულფასოვნებაა სამკურნალო-სადიაგნოსტიკო თვალსაზრისით, ვგულისხმობ როგორც ბიოფსიის წარმოებას, ასევე სამკურნალო მიზნით მანიპულირება-ჩარევას. კაფსულა ამ კუთხით არახელსაყრელი და უფუნქციოა. გამოდის, რომ კაფსულით ჩატარებული კვლევის შემდეგ ადამიანი ისევ უნდა დაბრუნდეს ენტერესკოპიაზე და თავიდან მოხდეს საჭირო სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო ჩარევა, ანუ ეს ორმაგი ხარჯია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, კაფსულას მაინც აქვს თავისი დანიშნულება, ის უფრო მეტად პროფილაქტიკური კვლევებისთვის გამოიყენება.

2018 წლის დეკემბერში ჩატარდა სპირალური მოტორიზებული ენტეროსკოპის პირველი პრეზენტაცია. ამ ტიპის ენდოსკოპი ბევრად სრულყოფილია. მას აქვს ერთჯერადი სპირალი, რომელიც ნაწლავის ერთგვარად „გოფრირებას“ უზრუნველყოფს, ანუ შლის და კეცავს, ახლოს მოაქვს ნაწლავი და მთელ სიგრძეზე მისი სწრაფი დათვალიერების საშუალებას იძლევა. სპირალი ძალიან რბილი ნაწილია. იგი გარედან ღილაკებით იმართება – წინ მის გადაადგილებასთან ერთად, ნაწლავი ერთგვარად იკეცება, წინ მოდის, მოიზიდება, საწინააღმდეგო მიმართულებით სპირალის მოძრაობისას კი ნაწლავი იშლება, ამიტომ ის ზონები, რომლებიც აქამდე აუთვისებელი იყო, საფუძვლიანად დათვალიერებას ვერ ექვემდებარებოდა, თავისუფლად ასათვისებელი გახდა.

– გამოდის, რომ სპირალური ენტეროსკოპი ბევრად სრულყოფილია...

– მეტიც, მას ბევრი ფუნქცია აქვს შეუღლებული, სხვადასხვა რეჟიმით თანამედროვე კვლევა, რაც სრულყოფილი ინტერპრეტაციებისა და მანიპულაციების ჩატარების საშუალებას იძლევა. ბოლოს აღნიშნულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

წარმოიდგინეთ, პირის ღრუდან ორ-სამ მეტრში აღმოაჩენ პრობლემას – პოლიპს ან სისხლმდენ წარმონაქმნს და ა. შ. განმეორებით, პათოლოგიურ უბნამდე მიბრუნება ორმაგი დატვირთვაა ყველა თვალსაზრისით, ამიტომ, კვლევის ეტაპზე, საჭიროა შესაბამისი, რაციონალური სამკურნალო ჩარევა. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი არგონ-პლაზმური კოაგულაცია, ამოკვეთა ელექტროდანით, ენდოსკოპიური რეზექცია ლიფტინგით (ლორწოვანის ამოკვეთა ჯანმრთელი უბნების საზღვრებში, ლორწოვანისა და ლორწქვეშა შრეების განშრევების შემდეგ), ან ენდოსკოპიური დისსექცია (ლორწოვანისა და ლორწქვეშა შრის ამოკვეთა კუნთოვან შრემდე).

– რა სირთულეებს უკავშირდება ენტეროსკოპიის წარმოება?

– როგორც უკვე მოგახსენეთ, თანამედროვე ენტეროსკოპის სპირალური ნაწილი ერთჯერადია. ზონდის შეყვანა, ჩვეულებრივ, შესაძლებელია საყლაპავიდანაც და ანუსიდანაც, ანუ ორმაგი მიდგომა. თუ წინასწარი მონაცემებით (კტ, მრტ, რენტგენოლოგიური კვლევა) ცნობილია პათოლოგიური უბნის ლოკალიზაცია, იგეგმება წვრილი ნაწლავის კვლევა შესაბამისი მიდგომით, ყველაზე მოკლე დისტანციის გათვალისწინებით.

საყურადღებო ის არის, რომ ეს აპარატი (ოლიმპუსის ფირმის ტექნიკაა) 35 საათის მუშაობაზეა გათვლილი, დაახლოებით 40-45 პაციენტის გამოკვლევის შესაძლებლობას იძლევა. ერთი პაციენტის კვლევის პროცესი 30-40 წუთს მოიცავს. სამუშაო რესურსის (35-საათიანი რეჟიმის) ამოწურვის შემდეგ აპარატი იბლოკება, პროგრამულად ითიშება, რის შემდეგაც უნდა გაიგზავნოს მწარმოებელ ქვეყანაში (იაპონიაში), საიდანაც გარანტირებულად ახალი მოტორული რეჟიმით დააბრუნებენ. ფაქტობრივად, ყველა პროცედურის შემდეგ ექიმს აპარატი უწერს – მუშა-აქტივობის რამდენი დრო აქვს დარჩენილი, ანუ ექიმს შეუძლია განსაზღვროს, კიდევ რამდენი პაციენტის გამოკვლევას (გატარებას) შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ეს თანამედროვე სპირალური ენტეროსკოპი მსოფლიოს მხოლოდ 10 ქვეყანაშია განთავსებული, მათ შორის, საქართველოში, ჩვენს ცენტრში. აპარატის შესყიდვისა და გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ კლინიკას, რომლის ენდოსკოპისტსაც აქვს ამ ტიპის კვლევის ჩატარების უფლება ანუ მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. აპარატის შესყიდვის უფლებას სერტიფიცირებული სპეციალისტის წარდგენის შემდეგ აძლევენ.

– ეს ქართული მედიცინის საამაყო ფურცელია, თქვენი კლინიკის კიდევ ერთი დიდი მიღწევა და ჩვენს ქვეყანაში პაციენტების თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მკურნალობის გარანტი. მადლობა, უპირველესად, თქვენ, ამ პროფესიონალიზმისთვის!

ახლა ისიც გვითხარით, რომელ პათოლოგიებზე ეჭვისას ინიშნება ენტეროსკოპია?

– ყველა სახის სიმსივნეზე ეჭვისას, კეთილთვისებიანი იქნება წარმონაქმნი თუ ავთვისებიანი. ასევე კრონის დაავადების, არასპეციფიკური წყლულოვანი ენტერიტების, სხვა ანთებად-დეგენერაციული პათოლოგიების სადიაგნოსტიკოდ, ფარული სისხლდენების ანუ დაუდგენელი მიზეზის ანემიების დროს.

– რას გვეტყვით კოლონოსკოპიაზე, თანამედროვე, სრულყოფილი რადიოლოგიური, თუნდაც მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის მიუხედავად, რატომ რჩება ის შეუცვლელ გამოკვლევად?

– კოლონოსკოპია მართლაც შეუცვლელი კვლევაა, რადგან ვერც კომპიუტერული და ვერც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ვერ გადაწყვეტს, ვერ დაინახავს და შეაფასებს, ნაწლავის ლორწოვან გარსთან, ფაქტობრივად, 4 მმ-იან შრესთან მიმართებით იმას, რისი დანახვაც მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიურ გამოკვლევას შეუძლია, თუმცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რადიოლოგიური კვლევა აუცილებელია პროცესების გავრცელების დასადგენად.

აღარ არის საუბარი, კოლონოსკოპიის წარმოებისას ეპითელური შრის ნატიფი შესწავლა-შეფასების უნარსა და საჭიროებისამებრ სათანადო ჩარევების განხორციელების შესაძლებლობებზე. კოლონოსკოპი ხომ მარტო სადიაგნოსტიკო საშუალება არ გახლავთ, ეს იმავდროულად სამკურნალო აპარატურაცაა. მაგალითისთვის მოგიყვანთ სტატისტიკას: 30 წლის წინ, როცა მე ამ სფეროში მუშაობა დავიწყე, ჩვენს ცენტრში წელიწადში 100 კვლევა ტარდებოდა, შარშან კი 2000-მდე კოლონოსკოპია გაკეთდა.

განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს კოლონოენდოციტოსკოპიის როლი. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შესაძლებლობა. ენტეროსკოპიის პროცესში ინ ვივო მორფოლოგიურმა კვლევამ მოგვცა საშუალება დავადგინოთ: ადრეულ კიბოსთან გვაქვს საქმე თუ მოსაზღვრე სიტუაციასთან, როგორი სტრუქტურისაა წარმონაქმნი და რა ტიპის ჩარევას საჭიროებს. 1-2 მმ-იანი წარმონაქმნის აღმოჩენის, დანახვისთანავე შეგვიძლია, ლორწოვანი გარსის მხოლოდ ეპითელური შრე ამოვკვეთოთ, 5 მმ-მდე პოლიპებს მთლიანად ვკვეთთ საბიოფსიე მაშით ან ჩვეულებრივი მარყუჟით, რათა მორფოლოგმა მიიღოს მთლიანი მასალა და არა მხოლოდ ნაწილი, 5 მმ-ზე მეტი სიდიდის წარმონაქმნების მოცილება სხვადასხვა მეთოდით ხდება.

თანამედროვე კოლონოსკოპებს 2021 წლიდან დართული აქვთ ხელოვნური ინტელექტი, რაც კიდევ უფრო აფართოებს სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ჩარევის შესაძლებლობებს.

– რა უკუჩვენება აქვს, საზოგადოდ, ნაწლავების ენდოსკოპიურ კვლევას?

– ნაწლავთა ენდოსკოპიური კვლევისათვის უკუჩვენებას წარმოადგენს აორტის ანევრიზმის განშრევება, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ინსულტი. საზოგადოდ, ანესთეზიოლოგი წინასწარ აფასებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რადგან ორივე, ენტეროსკოპიაც და კოლონოსკოპიაც, ვენური სედაციით ტარდება (ძირითადად გამოიყენება ინტრავენური, ზოგჯერ კი ენდოტრაქეული ნარკოზი).

ტექნიკური თვალსაზრისით, კოლონოსკოპიის ჩასატარებლად უკუჩვენება პრაქტიკულად არ არსებობს. გაცილებით მეტი რისკი და უკუჩვენება ახლავს ენტეროსკოპიის წარმოებას, რადგან წვრილი ნაწლავი უფრო გრძელი და თხელკედლიანია. შესაბამისად, შეხორცებებისა და ფიქსაციის მეტი უბანი შეიძლება ჰქონდეს, განსაკუთრებით ქალებთან, მცირე მენჯზე ჩატარებული ოპერაციების ან ანთებითი დაავადებების შემდეგ. ამის გამო ენდოსკოპიური მანიპულაცია რამდენადმე იზღუდება, სახიფათო ხდება, არ არის საუბარი აპარატით ნაწლავის კედლის დაზიანებაზე, პრობლემა შეიძლება შეიქმნას ჰაერით, უფრო სწორად, ნახშირორჟანგით ნაწლავის გაბერვისას, რადგან მუცლის კედელზე შეხორცებით ფიქსირებული ნაწლავის უბანი შესაძლოა აშრევდეს და პერფორაცია (გახვრეტა) განიცადოს. ამიტომაც, საზოგადოდ, ნაოპერაციები მუცელი ყოველთვის დიდ საფრთხეებსა და რისკებს ქმნის. თუმცა ადეკვატურად ჩატარებული წინასწარი შესწავლით ყველა გართულების შემცირება შეიძლება.