რუბრიკები
ექოსკოპია

- პაციენტები მუცლის ღრუს ექოსკოპიას ხშირად იმ მიზნითაც იტარებენ, რომ სიმსივნის არსებობა გამორიცხონ. როგორია ექოსკოპიის დიაგნოსტიკური შესაძლებლობა ონკოლოგიური დაავადებებისას?
- ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ექოსკოპიური კვლევა მართლაც მნიშვნელოვანია. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება პარენქიმული ორგანოების (ღვიძლის, თირკმლის, პანკრეასის) სიმსივნეებს. ასევე შესაძლებელია შარდის ბუშტის, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის სიმსივნეთა დიაგნოსტიკა. შეზღუდულია ექოსკოპიის შესაძლებლობები ნაწლავების, კუჭის სიმსივნეების დიაგნოსტიკის თვალსაზრისით. არის შემთხვევები, როცა ამ ლოკალიზაციის სიმსივნეთა დიაგნოსტიკა ექოსკოპიურად შესაძლებელია (უმეტესად - შორსწასულ შემთხვევებში), თუმცა არსებობს ალბათობაც, რომ პაციენტს კუჭის ან ნაწლავების სიმსივნე ჰქონდეს, ექოსკოპიამ კი ცვლილება არ გამოავლინოს. საზოგადოდ, მიუხედავად ინფორმაციულობისა, ექოსკოპია არ შეიძლება ჩაითვალოს სიმსივნეთა დიაგნოსტიკის იდეალურ და შეუცვლელ მეთოდად. ის კვლევის სხვა მეთოდებთან ერთად გამოიყენება. ხშირად საჭიროა ექოსკოპიით გამოვლენილი ცვლილებების დაზუსტება კვლევის სხვა მეთოდებით - კომპიუტერული ტომოგრაფიით, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით, ბიოფსიით.


- შესაძლებელია თუ არა, ექოსკოპიურად გამოვიკვლიოთ სისხლძარღვები?
- ექოსკოპია სისხლძარღვთა კვლევის მაღალინფორმაციული არაინვაზიური მეთოდია. მისი მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს სისხლის ნაკადი, მისი სიჩქარე, თუმცა სისხლძარღვთა ექოსკოპიური კვლევა ვერ შეცვლის ანგიოგრაფიით მიღებულ მონაცემებს, მაგალითად, თავის ტვინის სისხლძარღვთა კვლევისას.


- უკანასკნელ ხანს პოპულარული გახდა სახსრების ექოსკოპიური გამოკვლევა. სახსრის რომელ სტრუქტურებზე გვიქმნის ის წარმოდგენას და რომელ მდგომარეობათა დიაგნოსტიკაა შესაძლებელი ამ გზით?
- ექოსკოპიური კვლევა იმ სტრუქტურების ვიზუალიზაციის საშუალებას გვაძლევს, რომლებიც რენტგენოგრაფიის დროს არ ჩანს. ეს არის კუნთები, მყესები, იოგები. ძვალში არსებული ცვლილებების დიაგნოსტიკის დროს კი ექოსკოპიური კვლევა არაინფორმაციულია. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია რენტგენოლოგიური გამოკვლევა და კვლევის სხვა მეთოდები. ექოსკოპიურად შეიძლება გამოვავლინოთ ხსენებული სტრუქტურების ტრავმული დაზიანებები, კუნთების სიმსივნური წარმონაქმნები


- რამდენად ინფორმაციულია სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია?
- სარძევე ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია მამოგრაფია. ის საყოველთაოდ არის აღიარებული სარძევე ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკის სკრინინგმეთოდად. ულტრაბგერითი კვლევა მნიშვნელოვანია, როცა პაციენტს მცირე ზომის ან ძალიან მკვრივი სარძევე ჯირკვალი აქვს - ასეთ დროს მამოგრაფიის ჩატარება ტექნიკურად ძნელია. ხშირად სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიით მიღებული მონაცემები საბოლოო დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლევა, საჭიროა დაზუსტება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით, ბიოფსიით.


- უტარდებათ თუ არა თავის ტვინის ექოსკოპიური კვლევა ზრდასრულ ადამიანებს?
- ტრანსკრანიული ექოსკოპიით შესაძლებელია შეფასდეს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევა. უშუალოდ თავის ტვინის შესწავლა ვერ ხერხდება - თავის ქალას ძვლოვანი სტრუქტურა უშლის ხელს, მაგრამ თუ საუბარია ახალშობილებზე ან პაციენტს ჩატარებული აქვს ქალას ტრეპანაცია და ქალას ძვლის ნაწილი დროებით ამოღებულია, შესაძლებელია თავის ტვინის ექოლოკაციაც.


- ხომ არ დაგვისახელებდით იმ შემთხვევით ექოსკოპიურ აღმოჩენებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გააჩნია, მაგრამ პაციენტებს უსაფუძვლოდ აშფოთებს?
- ასეთ აღმოჩენათა შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ ნაღვლის ბუშტის დეფორმაცია, მასში ნაკეცების არსებობა. უკანასკნელი უმეტესად ფიზიოლოგიური ვარიანტია, ანუ ნორმულადაც აღინიშნება. ხსენებულ მონაცემებს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა არ გააჩნია. ასევე არ უნდა შეგვაშფოთოს დამატებითმა ელენთამ, თირკმლის გაორებამ, ღვიძლსა და ელენთაში კალცინატების არსებობამ, თირკმელში მცირე ზომის კისტის არსებობამ. ჩამოთვლილთაგან ზოგი არავითარ ყურადღებას არ იმსახურებს, ზოგი კი პერიოდულ საკონტროლო ექოსკოპიას საჭიროებს.


- დასამალი არ არის, რომ ჩვენში ბევრი ექოსკოპიურ კვლევას საკუთარი შეხედულებისამებრ იტარებს ამა თუ იმ დაავადების დასადგენად ან გამოსარიცხად. როგორია სპეციალისტის პოზიცია ამასთან დაკავშირებით?
- ჩვენი საუბრიდან მკითხველი ალბათ მიხვდა, რომ ექოსკოპია საკმაოდ ინფორმაციული გამოკვლევაა. ის მრავალი ორგანოს პათოლოგიის გამოვლენის საშუალებას გვაძლევს. ზოგ შემთხვევაში მისი მეშვეობით ვადგენთ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობას ჯერ კიდევ ჩივილებისა და კლინიკური ნიშნების აღმოცენებამდე. ამავე დროს კვლევა არაინვაზიურია, ის დისკომფორტს არ უქმნის ადამიანს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მისდამი პაციენტთა დადებითი განწყობა გასაგებია. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ექოსკოპია არ არის ერთადერთი სადიაგნოზო კვლევა, კვლევა, რომელიც ყველაფრის დადგენის საშუალებას გვაძლევს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ზოგიერთი საკმაოდ მძიმე დაავადების დროსაც კი ექოსკოპიური ცვლილებები ზოგჯერ არ აღინიშნება, ექოსკოპიით მიღებული შედეგები კი ექიმმა უნდა გააანალიზოს, რათა თავიდან ავიცილოთ გაუმართლებელი შიშიც და უსაფუძვლო სიმშვიდეც.

 

 



2014-33-07/09/14
მადლობა ასეტი საინტერესო სტატიისთვის
რა ცვლილებებზე მიანიშნებს ფარისებური ჯირკვლის ექოიგენობის შემცირება? ასევე რაზე მიგვანიშნებს ვასკულარიზაციის გაძლიერება?
ამ კატეგორიის სხვა სტატიები