საკვები და ჩვენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვები და ჩვენ

ცელიაკიის დროს

ცელიაკიით დაავადებული ვერ იტანს გლუტეინის შემცველ საკვებს. გლუტეინი ცილაა, რომლითაც მდიდარია პური, მაკარონი. გლუტეინის შემცველი საკვების მიღებისას იმუნური სისტემა აზიანებს წვრილ ნაწლავს, იწვევს მეტეორიზმს, მუცლის ყურყურს, ფაღარათს, წონის დაქვეითებას, ღებინებას, სისუსტეს. ნაწლავის დაზიანების გამო ფერხდება ვიტამინების, მინერალებისა და სხვა საკვები ნივთიერებების შეწოვა, რასაც დროთა განმავლობაში ანემიამდე და ოსტეოპოროზამდე მივყავართ. მდგომარეობა გამოსწორდება რაციონიდან გლუტეინის შემცველი საკვების გამორიცხვის შემდეგ. მდგომარეობის დასამძიმებლად, სამწუხაროდ, გლუტეინის უმცირესი ულუფაც კი საკმარისია. ბევრს არ ესმის, რომ თუნდაც დიეტის შედეგად უკეთესობა ვიგრძნოთ, დიეტური კვება მაინც უნდა გავაგრძელოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ნაწლავის დაზიანება და ხანგრძლივი პრობლემები. გარდა გლუტეინის შემცველი საკვებისა, ზოგიერთ პაციენტს მკურნალობის საწყის ეტაპზე უხდება ძროხის რძესა და რძის ნაწარმზე უარის თქმაც. მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ მათ უმრავლესობას შეუძლია, კვლავ მიირთვას ისინი, გლუტეინის შემცველი საკვებისგან თავის შეკავება კი აუცილებელია. რა გვეკრძალება. გლუტეინს შეიცავს ხორბალი, ჭვავი, ქერი. აქედან გამომდინარე, ის შედის პურისა და ამ მარცვლეულის ყოველგვარი ნაწარმის, მაკარონის, ლუდის შემადგენლობაში. უსაფრთხო საკვები. ცელიაკიის დროს რეკომენდებულია საკვები, რომელიც გლუტეინს არ შეიცავს:

  • კვერცხი, ყველი;
  • ბრინჯი, წიწიბურა, კარტოფილი, სოია და მათი პროდუქტები;
  • სიმინდი;
  • ხორცი;
  • ხილი და ბოსტნეული;
  • ღვინო, ლიქიორი.

ფენილკეტონურია

ფენილკეტონურიას იწვევს ერთ-ერთი ფერმენტის, ფენილალანინჰიდროქსილაზის, ნაკლებობა. ამ დროს საკვებთან ერთად მიღებული ფენილალანინი ვერ გარდაიქმნება თიროზინად და სისხლსა და თავზურგტვინის სითხეში გროვდება. მისგან წარმოიქმნება სხვადასხვა მჟავა, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს. მკურნალობენ დიეტით, რაც ფენილალანინის შემცველი ცილოვანი საკვების შეზღუდვას გულისხმობს. სისხლში ფენილალანინის რაოდენობის კონტროლი და დიეტა ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების საშუალებას იძლევა. რა გვეკრძალება. ფენილალანინის უვნებელი დოზა ფენილკეტონურიით დაავადებული ზრდასრული ადამიანისთვის საკმაოდ მცირეა, ამიტომ რეკომენდებულია, თავი ვარიდოთ ცილით მდიდარ საკვებს. ასეთია:

  • რძე;
  • კვერცხი;
  • ყველი;
  • კაკალი;
  • სოია;
  • პარკოსნები;
  • ქათმის ხორცი;
  • საქონლისა და ღორის ხორცი;
  • თევზი;
  • შოკოლადი;
  • ლუდი.

საშიშია სოდით მდიდარი საკვები და ასპარტამის შემცველი შაქრის შემცვლელებიც, ვინაიდან მათი გადამუშავებისას გამოიყოფა ფენილალანინი. სასურველია, შემცირდეს ცილით შედარებით ღარიბი საკვების - ხილის, ბოსტნეულისა და დესერტის - ულუფებიც. შეიძლება არ შეიზღუდოს საკვები, რომელიც უმნიშვნელო ოდენობის ცილას შეიცავს - ბრინჯი, მაკარონი, კრეკერები, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფენილალანინის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება შესაძლებელია ნებადართული საკვების დიდი ოდენობით მიღების დროსაც. ბუნებრივია, გაჩნდება შეკითხვა - როგორ მიიღოს ორგანიზმმა ცილა? არსებობს სპეციალური ცილოვანი დანამატები ფენიკლეტონურიით დაავადებულთათვის.


გულძმარვა

ზოგიერთი საკვები გულძმარვას იწვევს. ძნელად თუ ვიპოვით ადამიანს, რომელიც ამ უსიამოვნო სიმპტომს ერთხელ მაინც არ შეუწუხებია. ბუნებრივია, გულძმარვის ერთი-ორი შემთხვევა ამა თუ იმ საკვებზე უარის თქმის საფუძველს არ იძლევა, მაგრამ ხშირი და შემაწუხებელი გულძმარვისას რაციონის კორექცია აუცილებელია. გულძმარვის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია:

  • თავი ვარიდოთ იმ საჭმელსა და სასმელს, რომელიც ამ სიმპტომს იწვევს (უმეტესად ეს არის ციტრუსები, ყავა, შოკოლადი, კოლა, გაზიანი სასმელები);
  • საკვები მცირე ულუფებად მივირთვათ;
  • ვერიდოთ ჭამას დაწოლამდე 3-4 საათის განმავლობაში;
  • დავიკლოთ წონა (თუ ჭარბია);
  • თავი დავანებოთ თამბაქოს წევას;
  • ავიმაღლოთ სასთუმალი, თუ სიმპტომები ძლიერდება ღამით;
  • თავი ვარიდოთ წამლებს, რომლებიც გულძმარვას აძლიერებს (ასეთია ასპირინი, ტკივილგამაყუჩებლები, გარდა პარაცეტამოლისა).

ფაღარათი

დღესავით ნათელია, რომ ფაღარათის დროს რაციონის შეზღუდვა აუცილებელია. ამ დროს არ არის რეკომენდებული კოფეინის შემცველი სასმელები - ყავა, მაგარი ჩაი, კოლა, შოკოლადი, ციტრუსები. ზოგჯერ ფაღარათს აძლიერებს რძე, ნაყინი, მეტისმეტად ტკბილი სასმელი და საკვები. ამრიგად, ფაღარათის დროს უნდა ვერიდოთ:

  • მეტისმეტად ცხიმიან საკვებს - ცხიმიან ხორცს, მარგარინს, არაჟანს, შემწვარს;
  • ბოჭკოთი მდიდარ საკვებს - ხილს, ბოსტნეულს (გარდა კარტოფილისა), ჭვავის პურს, კაკალს, თხილს, ჩირს, პარკოსნებს (ლობიოს, ბარდას);

სიმპტომების შემცირების შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ ცოტაოდენი გათლილი და მოხარშული ხილ-ბოსტნეული. საკვები მიირთვით ხშირად და მცირე ულუფებით. აკრძალულია ლუდი, სხვა ალკოჰოლიანი და გაზიანი სასმელები. მინერალური წყლები უნდა მიიღოთ მხოლოდ უგაზოდ. ნებადართულია ბოჭკოთი ღარიბი საკვები:

  • გამომშრალი თეთრი პური, თეთრი პურის ორცხობილა, საბავშვო ნამცხვარი;
  • კარგად მოხარშული ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი (უცხიმოდ!);
  • ახალმოხარშული ხილის კომპოტი (შაქრის მცირე შემცველობით), კისელი;
  • ბანანი, მოხარშული ვაშლი.

საკვები მიირთვით მცირე ულუფებით, ხშირ-ხშირად. ნელა, კარგად დაღეჭეთ. სიმპტომების შემცირებისას შეგიძლიათ რაციონს დაამატოთ წყალში მოხარშული შვრიის ფაფა, იოგურტი, ახალი ხაჭო, გაწურული მაწონი, დაკეპილი უცხიმო ხორცი, ზეთზე  მომზადებული წვნიანი. როდესაც მდგომარეობა საბოლოოდ მოწესრიგდება, გადადით ჩვეულ რაციონზე. აუცილებელია სითხის მიღება ექიმის რეკომენდაციის თანახმად!

შაქრიანი დიაბეტის დროს

ყველასთვის ნათელია, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს გლუკოზის შემცველ საკვებზე უარი უნდა ვთქვათ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მივირთვათ ზომიერი ულუფებით, რათა ორგანიზმი ზედმეტი კალორიებით არ გადაიტვირთოს - ეს ზრდის ათეროსკლეროზის რისკს. აუცილებელია, რაციონიდან ამოვიღოთ ალკოჰოლური სასმელები, შაქარი, თაფლი, ტკბილეული, ტკბილი გაზიანი სასმელები, ქარხნულად დამზადებული ხილის წვენი. მოგვიწევს უარის თქმა ზოგიერთ ხილზეც, მათ შორის - ბანანზე, ყურძენზე, ბროწეულზე, თუთაზე, კარალიოკზე, ლეღვზე, ასევე - ჩირზე. ტკბილის მოთხოვნილება შეიძლება დავიკმაყოფილოთ შაქრის შემცვლელებით, თუმცა ამის თაობაზე მაინც უნდა შეუთანხმდეთ თქვენს ექიმს. დღეში შეიძლება მიიღოთ 300-400 გ ნებადართული ხილი და 1-1,5 კგ ბოსტნეული - კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, ბარდა, ჭარხალი, წიწაკა, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, სოკო, მწვანილი. ამაში, ნახშირწყლების მაღალი შემცველობის გამო, არ შედის კარტოფილი და ლობიო. პურეულიდან რეკომენდებულია ჭვავის პური, ასევე - უტკბო ცომეული, დღეში 150-200 გ. ნებადართულია მოხარშული ბურღული - დღეში 1-2 ჩაის ჭიქა; დღეში 200 გრამამდე ყველი, ხაჭო, ნადუღი, მაწონი, კეფირი; უცხიმო ხბოს ან თევზის, ქათამის ხორცი - ესეც დღეში 200 გრამამდე. აუცილებლად უნდა შეიზღუდოს ცხოველური ცხიმის მიღება, კერძების მოსამზადებლად მცენარეული უნდა გამოვიყენოთ. ყაბზობის დროს აუცილებელია:

  • დღე-ღამეში, სულ ცოტა, 1, 5 ლ სითხის მიღება. სითხის უდიდესი ნაწილი უნდა იყოს წყალი.
  • რეგულარული ვარჯიში ან ფეხით სიარული დღეში 30 წუთის განმავლობაში, სულ მცირე, კვირაში 5 დღის განმავლობაში.
  • რაციონში ბოჭკოთი მდიდარი საკვების: ჭარხლის, ისპანახის, ლობიოს, ბარდის, სტაფილოს, მწვანილის, ჭვავის პურის, თხილის, კაკლის, შვრიის, ქერის, შავი ქლიავის, ლეღვის, გარგარის, ატმის, ციტრუსების - ჩართვა (გაითვალისწინეთ, რომ გაფცქვნილ ხილში ბოჭკო ნაკლებია).
  • საკვებისთვის ხორბლის ქატოს დამატება.

უნდა შეიზღუდოს:

  • კოფეინით მდიდარი სასმელი - მაგარი ჩაი, ყავა, შოკოლადი;
  • ბოჭკოთი ღარიბი საკვები - ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი, თეთრი პური, ყველი;
  • საფაღარათოების მიღება.

ბოჭკოს დღიური რეკომენდებული ულუფაა: 51 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის - 38 გრამი; ქალებისთვის - 25 გრამი; 51 წლიდან: მამაკაცებისთვის - 30 გრამი; ქალებისთვის - 21 გრამი. გაგაცნობთ ბოჭკოს შემცველობას ზოგიერთ საკვებში:

  • გამომშრალი ბარდა, 1 ჭიქა (მზა) - 16,3 გ;
  • ოსპი, 1 ჭიქა (მზა) - 14, 6 გ;
  • ლობიო, 1 ჭიქა (მზა) - 13,1 გ;
  • ხორბლის ქატო, 0,5 ჭიქა - 8,4 გ;
  • შვრია, 1 ჭიქა - 4,0 გ;
  • სტაფილო, 0,5 ჭიქა (მზა) - 2,3 გ;
  • კარტოფილი, გამომცხვარი, კანიანი - 2,5 გ;
  • კარტოფილი, გამომცხვარი, გაფცქვნილი - 1,4 გ;
  • ვაშლი გაუთლელი -  2,7 გ;
  • მსხალი გაუთლელი (ნახევარი) - 3,1 გ;
  • მსხალი გათლილი (ნახევარი) - 2,5 გ;
  • შავი ქლიავი, 3 ცალი - 3 გ;
  • თეთრი პური, 1 ნაჭერი - 1,9 გ;
  • არაქისი, 10 ცალი - 1,4 გ.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ კუჭის მოქმედებას ხელს არ უწყობს:

  • კომში, ბანანი, ხურმა, ნესვი, ვაშლი (ამ უკანასკნელმა ზოგჯერ შესაძლოა კიდეც გააძლიეროს შეკრულობა);
  • ბურღული, შვრიის ფანტელი ჰერკულესი, წიწიბურა;
  • რძის ნაწარმი. თვითონ რძე კი კუჭის მოქმედებას აუმჯობესებს. თუ იტანთ, მიიღეთ თავდაპირველად მცირე რაოდენობით, დილაობით, გრილი.

დილაობით მიიღეთ 1 ჭიქა ცივი წყალი; ჩირი - შავი ქლიავი, ლეღვი, ჭერამი; ჭამის წინ 1 სუფრის კოვზი ზეთი, ხორბლის ქატო. ქატოს მომზადების წესი: 2-3 სუფრის კოვზ ქატოს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, რამდენიმე საათი გააჩერეთ, მერე წყალი გადაღვარეთ, 2-3 ჩაის კოვზი გაფუებული ქატო შეურიეთ საკვებს, კომპოტს ან წყალს.


ჰიპერქოლესტერინემიის დროს

ჰიპერქოლესტერინემია ათეროსკლეროზის, მაღალი წნევის, გულის იშემიისა და ინსულტის მიზეზია. მასთან ბრძოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნულ მდგომარეობათა თავიდან ასაცილებლად. დიეტა ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ დროს უნდა შეიზღუდოს ნაჯერი ცხიმით მდიდარი საკვები:

  • ცხოველური (საქონლის, ხბოს, ცხვრის და ბატკნის, ღორის) ხორცი;
  • ცხიმიანი ფრინველის ხორცი და კანი, ცხიმიანი თევზეული და ზღვის პროდუქტები (თუმცა მათში ნაჯერი ცხიმების შემცველობა ცხოველურ ხორცზე გაცილებით ნაკლებია);
  • ნატურალური რძე და რძის ნაწარმი (ყველი, კარაქი, ნაყინი);
  • ზოგიერთი ტროპიკული მცენარის ზეთი (პალმის და ქოქოსის ზეთი);
  • კაკაოს ზეთი (კაკაოს კარაქი);
  • სხვადასხვა კულინარიული ტექნოლოგიით დამზადებული ნაწარმი: ძეხვეული, სოსისი, ბეკონი, სალამი, ჩიფსი;
  • საკონდიტრო ნაწარმი - ფუნთუშები, ნამცხვრები, ბისკვიტები, კრეკერი;
  • ტრანსცხიმები. ტრანსცხიმების წყაროა მარგარინი, სწრაფი კვების პროდუქტები, მზა კულინარიული ნაწარმი და ტკბილეული.

ქოლესტერინით განსაკუთრებით მდიდარია კვერცხის გული და ცხოველის ორგანოები (ღვიძლი, გული, თირკმელი და ტვინი). რეკომენდებულია. პოლიუჯერი ცხიმით მდიდარი მცენარეული საკვები:

  • მზესუმზირას, სიმინდის, სოიის, ნიგვზისა და თხილის ზეთები;
  • თევზეული (განსაკუთრებით - ცივი წყლის ბინადარი ცხიმიანი თევზები (ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმების შემცველი სახეობები), თევზის ცხიმი და ზღვის ბინადართაგან მიღებული ზეთები (ხშირად მათ თევზის ზეთად ან ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებად მოიხსენიებენ). ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმებით განსაკუთრებით მდიდარია ქაშაყი, ორაგული, სკუმბრია;
  • მონოუჯერი ცხიმებით მდიდარი მცენარეული პროდუქტები: ზეითუნი, კანოლი, არაქისი, ავოკადო და მათგან მიღებული ზეთები.

ხსნადი ბოჭკო ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას. ხსნადი უჯრედისით მდიდარია: მარცვლეული (შვრია, შვრიის ბურღული და ქატო - ანაცერი, ქერი), პარკოსნები (ცერცვი), მუხუდო, ბრინჯის ქატო, ციტრუსები, ჭოტოსნები (წიწაკა), ხილი (მარწყვი და ვაშლის რბილობი).

ანემიის დროს

მიუხედავად იმისა, რომ რკინას მრავალი მცენარეული პროდუქტი შეიცავს, ორგანიზმისთვის მისი მთავარი წყარო ცხოველის ხორცია. აუცილებელია რამდენიმე რეკომენდაციის შესრულება, რათა ორგანიზმმა სრულყოფილად აითვისოს საკვებში არსებული რკინა. ზოგიერთი პროდუქტი ხელს უშლის რკინის შეწოვას. მათ რკინის შეწოვის ინჰიბიტორებს უწოდებენ. ასეთია:

  • ფიტატები - მარცვლეული, ბურღულეული, მაღალი ექსტრაქციის ფქვილი, თხილეული და თესლი;
  • ფენოლის ნაერთები - ტანინები, ჩაი, ყავა, კაკაო, მცენარეული ნაყინი, სანელებლები და ზოგიერთი ბოსტნეული;
  • კალციუმი - რძე, რძის პროდუქტები.

რკინის შეწოვას ხელს უწყობს:

  • ჰემური რკინა, რომელსაც შეიცავს ხორცი, შინაური ფრინველი, თევზი და ზღვის პროდუქტები;
  • ასკორბინის მჟავა, ანუ ჩ ვიტამინი, რომელიც ბევრია ხილში, ხილის წვენებში, კარტოფილში და ზოგიერთ სხვა გორგლოვან ბოსტნეულში, აგრეთვე პარკოსნებში, ყვავილოვან და თეთრ კომბოსტოში;
  • რკინითა და ვიტამინებით გამდიდრებული პროდუქტები.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ექიმები გვთავაზობენ კვების სტილის მარტივ ცვლილებებს რკინის შეწოვის გასაუმჯობესებლად:

  • ჩაის, ყავის დალევას საკვების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ - ამ დროს საკვები უკვე აღარ არის კუჭში და რკინის შეწოვას ვერ შეაფერხებს;
  • რძის, ყველის მიღებას კვების შუალედებში;
  • ინჰიბიტორების შემცველი პროდუქტების მიღებას უმეტესად რკინით ღარიბ საკვებთან ერთად. მაგალითად, საუზმედ რკინის დაბალი შემცველობის მარცვლეული (პური ან სიმინდის პროდუქტები) მიირთვით ჩაისთან ან რძის ნაწარმთან ერთად - ეს უზრუნველყოფს კალციუმის ადეკვატურ მიწოდებას რკინის შეწოვის შეფერხების გარეშე;
  • საკვებთან ერთად ც ვიტამინით მდიდარი პროდუქტების (ხილის წვენის, ფორთოხლის) მიღებას;
  • რკინითა და ვიტამინებით გამდიდრებული პროდუქტების მიღებას.

იმედია, ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ სხვადასხვა დაავადების დროს რაციონის სწორ ორგანიზებასა და საკვების სასარგებლო თვისებების სრულყოფილად გამოყენებაში.