რუბრიკები
პნევმონია - pneumonia - пневмония
პნევმონია ფილტვის ქსოვილის ინფექციური ბუნების ანთებაა, რომელიც უპირატესად ალვეოლებს (მათში ანთებითი ექსუდატის განვითარებით) და ფილტვების ინტერსტიციულ ქსოვილს აზიანებს.
ტერმინი "პნევმონია" გულისხმობს დაავადებათა ჯგუფს, სადაც თითოეულ დაავადებას აქვს თავისი ეტიოლოგია, პათოგენეზი, კლინიკური სურათი, რენტგენოლოგიური ნიშნები, ლაბორატორიული მონაცემები და საჭიროებს თავისებურ მკურნალობას.
პნევმონია შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც დამოუკიდებელი დაავადების, ისე სხვა დაავადების გართულების სახით.
ფილტვის ქსოვილში არაინფექციური ხასიათის ანთებას პნევმონიტს ან ალვეოლიტს (უპირატესად - ფილტვების რესპირატორული ნაწილის დაზიანების შემთხვევაში) უწოდებენ. ამგვარი ასეპტიკური ანთებითი პროცესების ფონზე არცთუ იშვიათად ვითარდება ბაქტერიული, ვირუსულ-ბაქტერიული და სოკოვანი პნევმონია.
დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა, მკურნალობისა - ანტიბიოტიკოთერაპია. დაგვიანებული დიაგნიოსტიკა და ანტიბიოტიკოთერაპია (8 საათზე მეტი ხნით დაგვიანების შემთხვევაში) ამძიმებს დაავადების პროგნოზს და ზრდის ლეტალური დასასტულის ალბათობას.

პნევმონიის კლასიფიკაცია
პნევმონიის სახის დადგენას მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ფილტვების კლინიკურ-მორფოლოგიური ანუ ანატომიური ერთეულების დაზიანების მიხედვით განასხვავებენ:
  • წილოვან, ფიბრინოზულ, კრუპოზულ პნევმონიას - დაზიანებულია მთელი წილი;
  • სეგმენტურ პნევმონიას - დაზიანებულია წილის სეგმენტი;
  • წილაკოვან, კეროვან, კატარულ პნევმონიას, ბრონქოპნევმონიას - დაზიანებულია ფილტვის წილაკი;
  • ტოტალურ პნევმონიას - დაზიანება მოიცავს მთელ ფილტვს.
გარდა ამისა, პნევმონია შეიძლება იყოს ცალმხრივი, როდესაც მხოლოდ ერთი ფილტვი ზიანდება და ორმხრივი - როდესაც ზიანდება ორივე ფილტვი.

პათოგენეზის მიხედვით განსხვავებენ:
  • პირველად პნევმონიას, რომელიც დამოუკიდებელ დაავადებად აღმოცენდება;
  • მეორეულ პნევმონიას, რომელიც პნევმონია ვითარდება რომელიმე სხვა, თუნდაც ფილტვის დაავადების ფონზე.
კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე პნევმონიას და გახანგრძლივებულ პნევმონიას.
იმისდა მიხედვით, სად განვითარდა პნევმონია, გამოყოფენ:
  • საყოფაცხოვრებო პირობებში სპონტანურად ანუ თავისთავად აღმოცენებულ პნევმონიას;
  • ჰოსპიტალურ პნევმონიას.
გამომწვევის მიხედვით კი ცნობილია შემდეგი სახის პნევმონიები: ბაქტერიული, ვირუსული, რიკეტსიული, მიკოპლაზმური და სოკოვანი.
წარმოშობის მომენტის მიხედვით პნევმონია შეიძლება იყოს: ასპირაციული, პოსტოპერაციული, ტრავმის შემდგომი;
დესტრუქციული ანუ ფილტვის ქსოვილის ანატომიური სტრუქტურის დაშლით მიმდინარე და ჰემორაგიული ანუ სისხლდენით ან სისხლჩაქცევით მიმდინარე პნევმონია.

დაავადების წარმოშობა

პნევმონიის ეტიოლოგია უკავშირდება სასუნთქი გზების ზედა ნაწილების მიკროფლორას, რომლის შემადგენლობაც გარემოზე, პაციენტის ასაკსა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ფილტვების ანთების გამოწვევა მრავალ მიკროორგანიზმს შეუძლია. მათ შორის აღსანიშნავია პნევმოკოკი, სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი, პნევმონიის კლებსიელა, პფაიფერის ჩხირი, ნაწლავის ჩხირი, პროტეუსი, ჰემოფილური და ლურჯი ჩირქის ჩხირი, ქუ-ცხელების გამომწვევი, ლეგიონელა, შავი ჭირის ჩხირი, ზოგიერთი ვირუსი, მიკოპლაზმა, სოკო.
აღსანიშნავია, რომ დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვირუსულ-ბაქტერიული ასოციაციები.
გამოვლენილია პნევმონიის გამომწვევების ახალი ჯგუფი - ბაქტეროიდები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ პირის ღრუს არაპათოგენურ ფლორად. პნევმოცისტას, აცინობაქტერიას, ასპერგილას, აერომონას და ბრანქამელას, რომლებიც ადრე მხოლოდ ჰოსპიტალური პნევმონიების გამომწვევებად იყვნენ მიჩნეულნი, ,,სახლის“ პნევმონიების გამოწვევაც შეუძლიათ.
პნევმონიის წარმომშობი ისეთი ფაქტორები, როგორიც არის, მაგალითად, ქიმიური და ფიზიკური აგენტები (ფილტვებზე ქიმიური ნივთიერებების (ბენზინი და სხვა) ზემოქმედება), თერმული ფაქტორები (გადაცივება ან დამწვრობა), რადიაქტიური გამოსხივება, ჩვეულებრივ, ინფექციურ აგენტებთან არის შერწყმული.
პნევმონია შესაძლოა ფილტვებში მიმდინარე ალერგიული რეაქციის შედეგადაც განვითარდეს და სისტემური დაავადების გამოვლინებაც იყოს (ინტერსტიციული პნევმონია შემაერთებელი ქსოვილის დაავადების დროს).

დაავადების გზები

პნევმონიის დროს ფილტვის ქსოვილის ინფიცირება შესაძლებელია ოთხი გზით (უმთავრესად მოქმედებს პირველი ორი):
1. ასპირაცია ცხვირ-ხახიდან ან პირ-ხახიდან. ეს პნევმონიის პათოგენეზში ინფიცირების მთავარი გზაა. მიკროორგანიზმების ნაწილი, მაგალითად, შ. პნეუმონიაე, ნორმალურ პირობებშიც შეიძლება ბინადრობდეს პირ-ხახაში, მაგრამ სასუნთქი გზების ქვედა ნაწილები მათგან თავისუფალია. მოზრდილთა ნახევარი ძილის დროს, ჩვეულებრივ, ჩაისუნთქვავს პირ-ხახის სეკრეტს, მაგრამ ორგანიზმის დამცავი მექანიზმები, ერთი მხრივ - ხველის რეფლექსი, მუკოცილიარული კლირენსი, ალვეოლური მაკროფაგების ანტიბაქტერიული აქტივობა და მეორე მხრივ - სეკრეტული იმუნოგლობულინები უზრუნველყოფენ ინფიცირებული სეკრეტის სასუნთქი გზების ქვედა ნაწილებიდან გამოდევნას და მათ სტერილურობას.
ტრაქეობრონქული ხის თვითგამწმენდი მექანიზმის დაზიანებისას პნევმონიის განვითარებისთვის სასურველი პირობები იქმნება.
2. ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად. მიკრობებით დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა პნევმონიის შედარებით იშვიათი მიზეზია; ეს ფაქტორი მთავარ როლს ასრულებს ობლიგატური გამომწვევებით სასუნთქი გზების ქვედა ნაწილების ინფიცირებაში.
3. მიკროორგანიზმების ჰემატოგენური გავრცელება არაფილტვისმიერი კეროვანი ინფექციის (ენდოკარდიტი, სეპტიკური თრომბოფლებიტი) კერიდან.
4. ინფექციის გავრცელება მეზობელი კერებიდან (მაგალითად, თირკმლის აბსცესის დროს) ან ინფიცირება გულმკერდის შემავალი ჭრილობების ინფიცირების შედეგად.
პნევმონიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფილტვ-ბრონქის სისტემის დამცავი მექანიზმებისა და ჰუმორული და ქსოვილოვანი იმუნიტეტის დარღვევა.
ინფექციისგან სასუნთქი გზების დასაცავად ადამიანის ორგანიზმს აქვს რამდენიმე მექანიზმი:
  • აეროდინამიკური ფილტრაცია – ხელს უშლის უცხო ნაწილაკთა მოხვედრას ბრონქოალვეოლურ სისტემაში;
  • წამწამისებრი ეპითელიუმი;
  • იმუნოგლობულინები;
  • კომპლემენტის სისტემა;
  • ფილტვების ადგილობრივი არასპეციფიკური დაცვის მექანიზმები;
  • ალვეოლარული მიკროფაგები.
დაავადების განვითარება ერთ-ერთი დამცავი მექანიზმის დარღვევით არის განპირობებული, ამიტომ პნევმონიით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი, თუნდაც მანამდე აბსოლუტურად ჯანსაღი ადამიანი.

რისკფაქტორები
პნევმონიის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რისკფაქტორებს - ფაქტორებს, რომელთა არსებობისას დაავადების განვითარების ალბათობა დიდია.

პნევმონიის განვითარების რისკფაქტორებია

ადრეული ასაკის ბავშვებში:
  • მუცლადყოფნის პერიოდის ჰიპოქსია და ასფიქსია;
  • სამშობიარო ტრავმა;
  • ახააშობილთა პნევმოპათია;
  • გულის თანდაყოლილი მანკი;
  • ფილტვების განვითარების მანკი;
  • მუკოვისციდოზი;
  • მემკვიდრეობითი იმუნოდეფიციტი;
  • ჰიპოტროფია;
  • ჰიპოვიტამიინოზი;
სასკოლო ასაკის ბავშვებში:
  • ცხვირ-ხახის ქრონიკული კეროვანი ინფექცია;
  • მორეციდივე ბრონქიტი;
  • მუკოვისციდოზი;
  • გულის შეძენილი მანკი;
  • იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;
ზრდასრულებში:
  • მწეველთა და ქრონიკული ბრონქიტი;
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
  • ენდოკრინული დაავადებები;
  • გულის უკმარისობა;
  • იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;
  • გულმკერდისა და მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაცია;
  • ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა;
  • ალკოჰოლიზმი;
  • ნარკომანია.
პნევმონიის სამკურნალოდ დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების გამომწვევის, ფორმის, დამცავი მექანიზმების მდგომარეობისა და ხელშემწყობი ფაქტორების დადგენას.

სიმპტომები და მიმდინარეობა

პნევმონიის სიმპტომები და მიმდინარეობა დამოკიდებულია მის ეტიოლოგიაზე, ხასიათზე, მიმდინარეობის ფაზაზე, მორფოლოგიურ სუბსტრატზე, ფილტვებში გავრცელებასა და გართულებებზე.

კრუპოზული პნევმონია
კრუპოზული (პნევმოკოკური) პნევმონია იწყება მწვავედ, ხშირად მოსდევს გაციებას. ახასიათებს: ძლიერი შემცივნება; ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მატება (38 გრადუსზე დაბალი ან 41 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა იშვიათია); დაზიანებული ფილტვის მხარეს - ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხველის დროს; ხველა, რომელიც თავდაპირველად მშრალია, მოგვიანებით კი გამოიყოფა ჩირქოვანი ან სისხლიანი ნახველი.
პნევმონიას ანალოგიური ან შედარებით ნაკლები სიმძაფრის დასაწყისი ახასიათებს რესპირატორული დაავადების ან ქრონიკული ბრონქიტის ფონზე. მდგომარეობა მძიმეა. კანი ჰიპერემიული და ციანოზურია, სუნთქვა - გახშირებული და ზედაპირული, სუნთქვისას ნესტოები იბერება. ხშირია ჰერპესული გამონაყარი.
ანტიბაქტერიული თერაპიის გარეშე მაღალი ტემპერატურა საშუალოდ ერთ კვირას გრძელდება და მკვეთრად (კრიტიკულ ზღვრამდე) ეცემა, ხოლო ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღებისას თანდათანობით იკლებს. დაზიანებული ფილტვის მხარეს გულმკერდი სუნთქვაში ჩამორჩება. დაავადების მორფოლოგიური სტადიის შესაბამისად, ამ არეში პერკუსიით ვლინდება მოყრუებული ტიმპანიტი, ფილტვის ხმიანობის შემოკლება და ფილტვის ხმიანობა. მორფოლოგიური სტადიების მიხედვით სხვადასხვაა აუსკულტაციური მონაცემებიც. კერძოდ, შეინიშნება ვეზიკულური სუნთქვის გაძლიერება და კრეპიტაცია, ბრონქული სუნთქვა და ვეზიკულური ან შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვა, რომლის ფონზეც ისმინება კრეპიტაცია. გაღვიძლების ფაზაში ისმინება ბრონქოფონია. ფილტვებში მორფოლოგიური ცვლილებების არათანაბარი განვითარების გამო პერკუტორული და აუსკულტაციური სურათი შესაძლოა მკვეთრად იყოს გამოხატული. პლევრის დაზიანების დროს ისმინება პლევრის ხახუნი. დაავადების განვითარების პერიოდში პულსი გახშირებულია, არტერიული წნევა - დაქვეითებული. ხშირად აღინიშნება პირველი ტონის მოყრუება და მეორე ტონის აქცენტი ფილტვის არტერიაზე. ცვლილებებია სისხლშიც: დამახასიათებელია ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, იშვიათად - ჰიპერლეიკოციტოზი. ლეიკოციტოზის არარსებობა, მით უმეტეს - ლეიკოპენია, ზოგჯერ პროგნოზულად არახელსაყრელი ნიშანია. იმატებს ედსი.
რენტგენოლოგიურად, განსაკუთრებით - გვერდით რენტგენოგრამაზე, ვლინდება ფილტვის მთელი წილის ან მისი ნაწილის ჰომოგენური დაჩრდილვა. აღსანიშნავია, რომ დაავადების პირველ საათებში რენტგენოსკოპია შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს.
ატიპურად მიმდინარე კრუპოზული პნევმონია დამახასიათებელია ალკოჰოლიზმით დაავადებულთათვის.
სტაფილოკოკური პნევმონია. პნევმოკოკურის ანალოგიურად, თუმცა უმეტესად - შედარებით მძიმედ, მიმდინარეობს სტაფილოკოკური პნევმონია. მას თან ახლავს ფილტვების დესტრუქცია, თხელკედლიანი ჰაერით სავსე ღრუებისა და ფილტვის აბსცესების წარმოქმნა. მკვეთრად გამოხატული ინტოქსიკაციით მიმდინარეობს ბრონქული სისტემის ვირუსული ინფექციებით გართულებული სტაფილოკოკური პნევმონია (ვირუსულ-ბაქტერიული პნევმონია). ასეთი პნევმონიების სიხშირე საგრძნობლად იმატებს გრიპის ეპიდემიის დროს. ამგვარი პნევმონიისათვის დამახასიათებელი ინტოქსიკაციური სინდრომი ვლინდება ჰიპერთერმიით, შემცივნებით, კანის საფარველისა და ლორწოვანის ჰიპერემიით, თავის ტკივილით, თავბრუხვევით, გამოხატული ქოშინით, სისხლიანი ხველით, ტაქიკარდიით, გულისრევით, ღებინებით. მძიმე ინფექციურ-ტოქსიკური შოკის დროს ვითარდება სისხლძარღვოვანი უკმარისობა (არტერიული წნევა - 90-80/60-50 მმ ვწყ სვ., სიფითრე, კიდურების გაცივება, წებოვანი ოფლი). ინტოქსიკაციური სინდრომის პროგრესირების კვალდაკვალ თავს იჩენს ცერებრული დარღვევები, გულის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევა, შოკური ფილტვი, ჰეპატორენული სინდრომი, დსშ სინდრომი, ტოქსიკური ენტეროკოლიტი. ასეთ პნევმონიას შესაძლოა სწრაფი ლეტალური დასასრული მოჰყვეს.
კლებსიელებით გამოწვეული პნევმონიები. მძიმედ მიმდინარეობს კლებსიელებით გამოწვეული პნევმონიებიც, თუმცა გვხვდება შედარებით იშვიათად (უმეტესად - ალკოჰოლიზმის ფონზე) და ათიდან დაახლოებით 5 შემთხვევაში ლეტალურად სრულდება.
კლებსიელებით გამოწვეულ პნევმონიებს ახასიათებს დაზიანების ნახევარწილოვანი (მეტწილად ზემო წილები) გავრცელება. ნახველი უმეტესად ჟელესებრი, წებოვანია, შედარებით იშვიათად - ჩირქოვანი ან ჟანგისფერი. ტიპობრივია აბსცესების წარმოქმნა და ემპიემით გართულება.

კეროვანი პნევმონიები
კეროვანი პნევმონიები (ბრონქოპნევმონიები) ვითარდება ფილტვებში შეგუბებითი პროცესების დროს, ორგანიზმის მძიმე, გამომფიტავი დაავადებების, ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ტრავმების შედეგად განვითარებული ცხიმოვანი ემბოლიის, თრომბოემბოლიების ფონზე, ასევე - როგორც ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების მწვავე ან ქრონიკული ანთების გართულება. დაავადება შესაძლოა დაიწყოს შემცივნებით, მაგრამ არა ისეთით, როგორიც გვხვდება წილოვანი პნევმონიის დროს; სხეულის ტემპერატურა ამ დროს 38-38,5 გრადუსია, იშვიათად - უფრო მაღალი. აღმოცენდება ან ძლიერდება ხველა მშრალი ან ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით. ხველის ან ჩასუნთქვის დროს გულმკერდში შესაძლოა თავი იჩინოს ტკივილმა. კეროვანი (ჩვეულებრივ, სტაფილოკოკური) პნევმონიის დროს მდგომარეობა უარესდება: ვითარდება ციანოზი, ქოშინი, პერკუსიის დროს ფილტვის ხმიანობა შემოკლებულია, სუნთქვა შესაძლოა იყოს გაძლიერებული ვეზიკულური, ისმინება წვრილი და საშუალობუშტუკოვანი ხიხინი. რენტგენოლოგიური გამოკვლევა ავლენს აბსცესირებულ კერებს.
ვირუსული, ქუ-რიკეტსოზული და მიკოპლაზმური პნევმონიისთვის დამახასიათებელია ინტოქსიკაციური მოვლენების (ცხელება, თავისა და კუნთების ტკივილი, ძლიერი სისუსტე) სიმკვეთრე და სასუნთქი ორგანოების დაზიანების ნიშნების არარსებობა ან სუსტი გამოვლინება. რენტგენოგრამაზე (ზოგჯერ - მხოლოდ ტომოგრამაზე) ვლინდება წილოვანი, სუბსეგმენტური და სეგმენტური ჩრდილები, ფილტვის სურათის გაძლიერება.
გავრცობილი და კეროვანი (განსაკუთრებით - სტაფილოკოკური) პნევმონიები მიმდინარეობს ნეიტროფილური ლეიკოციტოზით, ედსის მომატებით. ვირუსულ, რიკეტსიულ და მიკოპლაზმურ პნევმონიებს, ჩვეულებრივ, თან არ ახლავს ლეიკოციტოზი. ზოგჯერ შეინიშნება ლეიკოპენია.
ქრონიკული პნევმონიები. ქრონიკული პნევმონია არასრულფასოვნად ნამკურნალები მწვავე პნევმონიის ან ერთი და იმავე ფილტვის განმეორებითი მწვავე პნევმონიის შედეგია.
ქრონიკული პნევმონიის დროს ფილტვებში ხშირად ვხვდებით ბრონქოექტაზიას - ბრონქების გაფართოებას, დეფორმაციას. ქრონიკული ანთებითი პროცესის გამო ბრონქის კედლის კუნთოვანი ქსოვილი შემაერთებელი ქსოვილით იცვლება, რაც მისი ელასტიკურობის დაქვეითებას იწვევს. ბრონქის კედელი იჭიმება, განსაზღვრულ ადგილებზე წარმოიშობა ბრონქოექტაზი - ცილინდრული ფორმის გაფართოება, სადაც გროვდება ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი. ამ ცვლილებებიდან გამომდინარეობს ის ჩივილები, რომლებზეც ავადმყოფები მიუთითებენ. დაავადებას ახასიათებს ტალღისებური მიმდინარეობა: პერიოდულად მწვავდება, ხოლო სათანადო ღონისძიებების შემდეგ ცხრება. ქრონიკული პნევმონიის დროს ჩივილები ისეთივეა, როგორიც მწვავეს დროს: ნახველიანი ხველა, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, ტემპერატურის მომატება. მაგრამ, მწვავესგან განსხვავებით, ქრონიკული პნევმონიის დროს ეს სიმპტომები ნელა ლაგდება და სრული გამოჯანმრთელება არ მიიღწევა. გამწვავებათა სიხშირე დამოკიდებულია ორგანიზმის თავისებურებაზე, გარემო პირობებზე. გახანგრძლივებული და ხშირი გამწვავება იწვევს ფილტვის ქსოვილის სკლეროზს (პნევმოსკლეროზს) და ბრონქების გაფართოებას (ბრონქოექტაზებს). სწორედ ეს გართულებებია, დაავადების მიმდინარეობას რომ ამძიმებს. ირღვევა ფილტვების ვენტილაცია, აირთა ცვლა, ვითარდება ფილტვის უკმარისობა, რაც შემდეგ გულ-სისხლძარღვთა სისტემისმხრივ ცვლილებებსაც განაპირობებს. ავადმყოფი უჩივის მტანჯველ ხველას, ზოგჯერ - უხვი (500 მლ) მომწვანო, უსიამოვნოსუნიანი ნახველით. ხშირია სისხლიანი ხველა, ფილტვიდან სისხლდენაც კი 200-300 მლ სისხლის დაკარგვით. აღინიშნება ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას, ტემპერატურის მომატება, ოფლიანობა. ტემპერატურის მომატება თან სდევს პროცესის გამწვავებას და ფილტვებში ნახველის შეგუბებას. გარეგნულად თვალში საცემია სიგამხდრე, მოგვიანებით ვითარდება კანის სიმშრალე, ყალიბდება ჰიპოვიტამინოზის ნიშნები,  დოლის ჯოხისებრი თითები, საათის მინისებრი ფრჩხილები. ფილტვების მოსმენისას ექიმს ესმის სველი ხიხინი, ბრონქული სუნთქვა. ბრონქოგრაფიით მიღებული სურათი ჰგავს ფოთლოვან ხეს. სისხლში აღინიშნება ლეიკოციტების, ედრ-ის მომატება.

პნევმონიის გართულება
პნევმონიის გართულებებია:
  • პლევრული გამონადენი;
  • პლევრის ემპიემა;
  • ფილტვის ქსოვილის დესტრუქცია/აბსცედირება;
  • მწვავე რესპირაციული დისტრეს-სინდრომი;
  • სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
  • სეპტიკური შოკი, მეორეული ბაქტერიემია, სეფსისი;
  • პერიკარდიტი, მიოკარდიტი;
  • ნეფრიტი და სხვა.

დიაგნოსტიკა
პნევმონიის სადიაგნოზო კრიტერიუმებად მიიჩნევა ფილტვის ქსოვილის დაზიანებული კეროვანი ინფილტრაციის რენტგენოლოგიური დადასტურება და შემდეგი ნიშნებიდან თუნდაც ორის თანაარსებობა:
  • მწვავე ცხელება დაავადების დასაწყისში (T>38);
  • ნახველიანი ხველა;
  • ლოკალური კრეპიტაცია და/ან წვრილბუშტუკოვანი ხიხინი, უხეში ბრონქული სუნთქვა, პერკუტორული ხმიანობის შესუსტება;
  • ლეიკოციტოზი >10X109/ლ და/ან ჩხირბირთვიანების მატება (>10%).

მკურნალობა
პნევმონიის მკურნალობა შესაძლებელია შინაც, მაგრამ თუ საერთო მდგომარეობა მძიმეა, ავადმყოფი დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს საავადმყოფოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების განსაზღვრა. ცნობილია რამდენიმე კლინიკურ-ლაბორატორიული სკალა, რომლებიც ეფუძნება პნევმონიის სიმძიმის შეფასებასა და პროგნოზს. ამჟამად ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა განისაზღვრება პროგნოზული სკალით CURB-65/CRB-65. ბრიტანეთის თორაკალური საზოგადოების სკალა ითვალისწინებს 5 ან 4 პარამეტრს:
  • C - ცნობიერების დაკარგვა
  • U - სისხლის შარდმჟავა აზოტი>7მმოლ/ლ
  • R - სუნთქვის სიხშირე>30/წთ
  • B - დაბალი სისტოლური (<90მმ ვწყ. სვ) ან დიასტოლური წნევა (<60მმ ვწყ. სვ).
  • 65-65 წელზე უფროსი ასაკი
პრაქტიკულობის თვალსაზრისით გაცილებით საყურადღებოა CRB-65 სკალა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ამბულატორიულ პირობებში.
ნებისმიერი პროგნოზული სკალა მკურნალობის ადგილის შესარჩევი ორიენტირია. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ეს საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. ჰოსპიტალიზაციისათვის უნდა გაითვალისწინონ შემდეგი ჩვენებები:
  • სუნთქვის სიხშირე - >30/წთ;
  • დიასტოლური წნევა - <60 მმ ვწყ. სვ.
  • სისტოლური წნევა - <90 მმ ვწყ სვ.
  • გულისცემის სიხშირე - >125/წთ.
  • ტემპერატურა - <35,0 ან >40,00C
  • ცნობიერების დარღვევა;
  • ლეიკოციტების რაოდენობა პერიფერიულ სისხლში - <4,0X109/ლ ან >25,0X109/ლ;
  • პნევმონიური ინფილტრაცია ლოკალიზებით ერთზე მეტ წილში;
  • პლევრული გამონადენის არსებობა;
  • ფილტვებში კეროვან-ინფილტრაციული ცვლილებების სწრაფი გავრცელება (ინფილტრაციის ზომების მატება >50%-ით უახლოესი 2 დღის განმავლობაში);
  • ჰემატოკრიტი - <30% ან ჰემოგლობინი - <90გ/ლ;
  • სეფსისი ან პოლიორგანული უკმარისობა მეტაბოლური აციდოზით (PH < 7,35);
  • კოაგულოპათია.

მკურნალობა
  • პნევმონიაზე ეჭვის შემთხვევაში ავადმყოფს უნდა მიეცეს რჩევა წოლითი რეჟიმის, სიგარეტისთვის თავის დანებების, სითხის საკმარისი რაოდენობით მიღების შესახებ.
  • პლევრული ტკივილის საწინააღმდეგოდ საკმარისია მარტივი ანალგეტიკების მიღება, ისეთებისა, როგორიც არის, მაგალითად, პარაცეტამოლი.
  • ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ოქსიგენოთერაპია.
  • საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია სითხის ინტრავენური შევსება.
  • სხეულის ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე, პულსი, სხეულის წნევა, ცნობიერება, ჟანგბადის სატურაცია უნდა შეფასდეს მინიმუმ ორჯერ დღეში, თუ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა - უფრო ხშირადაც.
  • განმეორებით უნდა ჩატარდეს CRP დონის გამოკვლევა და გულმკერდის რენტგენოგრაფია, თუ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების დინამიკა არ შეესაბამება ჩატარებულ მკურნალობას.

ანტიბიოტიკოთერაპია
  • მსუბუქი პნევმონიის დროს უმეტესად საკმარისია პერორალურად (აბები, კაფსულები) მისაღები ანტიბიოტიკებით.
  • ამოქსიცილინით მონოთერაპია შესაძლებელია, თუ პაციენტს ადრე არ ჩაუტარებია ანტიბიოტიკებით მკურნალობა. შედარებით მძიმე შემთხვევაში მიზანშეწონილია ამოქსიცილინისა და მაკროლიდის (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, სპირამიცინი) კომბინაცია. მაკროლიდით მონოთერაპია უნდა დაინიშნოს, თუ ჰოსპიტალიზაციამდე ჩატარებული ამოქსიცილინის ადეკვატური კურსი უეფექტო აღმოჩნდა. თუმცა ამოქსიცილინით თერაპიის ადეკვატურობა ძნელი შესაფასებელია, ამიტომ ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილია კომბინირებული თერაპია.
  • ახალი ფთორქინოლონები პირველი რიგის პრეპარატებად არ გამოიყენება. ისინი სასარგებლო ალტერნატიული საშუალებებია განსაზღვრული კატეგორიის პაციენტებისთვის.
  • მძიმე პნევმონიის შემთხვევაში პარენტერალური ანტიბიოტიკოთერაპია (ინექციები) უნდა დაიწყოს დიაგნოზის დასმისთანავე. მიზანშეწონილია თერაპიის დაწყება პარენტერალური ანტიბიოტიკებით 3-4 დღის განმავლობაში, ვიდრე ტემპერატურა არ მიაღწევს ნორმალურ მაჩვენებელს, არ შესუსტდება ინტოქსიკაცია და დაავადების სხვა სიმპტომები. მკურნალობის კურსის დასრულებამდე შეიძლება გადასვლა პარენტერალურიდან პერორალურ მკურნალობაზე.
მძიმე პნევმონიის შემთხვევაში მკურნალობა უნდა ჩატარდეს ფართო სპექტრის ბეტალაქტამური ანტიბიოტიკებით, ისეთებით, როგორიც არის, მაგალითად, კო-ამოქსიკლავი მეორე (ცეფუროქსიმი) ან მესამე თაობის (ცეფოტაქსიმი, ცეფტრიაქსონი) ცეფალოსპორინი მაკროლიდთან (კლარიტრომიცინი ან ერითრომიცინი) ერთად.
როდესაც პაციენტს აქვს ბეტალაქტამური საშუალებების ან მაკროლიდების აუტანლობა, მიზანშეწონილია რესპირაციული ფტორქინოლონის (ლევოფლოქსაცინი) და ინტრავენური ბენზილპენიცილინის კომბინაცია.
პნევმონიის მსუბუქი ფორმის დროს ანტიბაქტერიული თერაპიის შედეგად სხეულის ტემპერატურის ნორმალიზება მოსალოდნელია 3-4 დღის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს. ამავე პერიოდში შეინიშნება ლეიკოციტოზის შემცირება. მიკოპლაზმური ან ქლამიდიური ეტიოლოგიის პნევმონიის შემთხვევაში მკურნალობა 14 დღეს გრძელდება, თუმცა არსებობს კლინიკური მონაცემები უფრო ხანმოკლე ეფექტური ანტიბაქტერიული მკურნალობის შესახებ.

პროფილაქტიკა
პნევმონიის პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ პნევმოკოკურ და გრიპულ ვაქცინას. პნევმოკოკური ვაქცინის გამოყენება იმიტომ მიიჩნევა მიზანშეწონილად, რომ პნევმონიის მთავარ გამომწვევად დღემდე რჩება S. pneumoniae. გრიპული ვაქცინის ეფექტიანობა მოხუცებში საკმაოდ მაღალია. ვაქცინაცია მიზანშეწონილია შემდეგი ჯგუფებისთვის:
  • პირებისთვის, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობენ მოხუცებულთა სახლში;
  • 65 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ სასუნთქი, საშარდე, ღვიძლის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები;
  • ზრდასრული პირებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ უწყვეტი სამედიცინო ზედამხედველობა და იმყოფებიან სტაციონარში (შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის დაავადებები, ჰემოგლობინოპათიები, იმუნოდეფიციტური მდგომარეობა აივ ინფექციის ჩათვლით);
  • ორსულებისთვის II-III ტრიმესტრში;
  • ექიმებისთვის, ექთნებისთვის;
  • პაციენტის ოჯახის წევრებისთვის (ბავშვების ჩათვლით);
  • მედიცინის მუშაკებისთვის, რომლებიც ბინაზე უვლიან ავადმყოფებს.