რუბრიკები
მწვანე აფთიაქი
მწვანე აფთიაქი

თბილისელებმა (და არამხოლოდ მათ) კარგად იციან, რომ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) 53-ში ფუნქციობს მწვანე აფთიაქი, სადაც შეიძლება სამკურნალო, მათ შორის იშვიათი მცენარეების შეძენა. მეც არაერთხელ მისარგებლია ამ აფთიაქით. გავსაუბრებივარ კიდეც იქ მომუშავე ფარმაცევტებს და საინტერესო ინფორმაციაც მიმიღია ამა თუ იმ მცენარის შესახებ. ამჯერად, რაკი ჟურნალის მთავარი თემა მცენარეთა სამყაროს ეხება, გთავაზობთ ინტერვიუს შპს "ფლორას" მწვანე აფთიაქის დამფუძნებელსა და დირექტორთან, ბატონ თენგიზ მაისურაძესთან:


- ბატონო თენგიზ, მოგვიყევით მწვანე აფთიაქის ისტორია, როდის დაარსდა ის, ვის დაებადა ეს იდეა?

- დავიწყებ იმით, რომ ჩემი წინაპრების რამდენიმე თაობა ფარმაცევტულ საქმიანობას მისდევდა. ჩემი პაპის პაპა სიმონ მაისურაძე ახალციხეში მოქმედ კათოლიკე მისიონერთა აფთიაქში მსახურობდა. მისმა შვილმა, იოანე მაისურაძემ, 1865 წელს დაამთავრა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაციის განყოფილება და პროვიზორის დიპლომი მიიღო. ამრიგად, იგი გახლდათ პირველი ქართველი უმაღლესდამთავრებული ფარმაცევტი. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ იოანემ მუშაობა დაიწყო თბილისში, პროვიზორ შმიდტის აფთიაქში, რომელიც სოლოლაკში, ყოფილ კიროვის ქუჩაზე მდებარეობდა. სწორედ შმიდტის რეკომენდაციით და თავისი დიპლომის წარდგენით მოიპოვა იოანე მაისურაძემ 1865 წელს ახალციხეში აფთიაქის გახსნის უფლება. მოგვიანებით მანვე დააარსა სააფთიაქო განყოფილება დაბა აბასთუმანში. 1867 წელს ცოდნის  გასაღრმავებლად ის საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში გაემგზავრა, მაგრამ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სირთულეების გამო ერთ წელიწადში დაბრუნდა საქართველოში და სიცოცხლის ბოლომდე აქ მოღვაწეობდა. წლების მანძილზე თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“, იყო რამდენიმე მოთხრობის ავტორი. 1864 წელს საკუთარი თანხებით გამოსცა ლოცვათა კრებული ქართულ ენაზე. 1878 წელს მანვე აამუშავა ახალციხეში პირველი ლიმონათის ქარხანა, გააშენა ხილის ულამაზესი ბაღები, რომლებსაც ხალხმა „ფანტაზია“ უწოდა. ამ ქარხნის პროდუქციამ 1902 და 1913 წლებში, საერთაშორისო გამოფენებზე, ოქროს მედლები დაიმსახურა. ახალციხის ლიმონათის ქარხანას ჰქონდა ფილიალები თბილისსა და ქუთაისშიც. იოანე მაისურაძე გარდაიცვალა 1886 წელს, დაკრძალულია ქალაქ ახალციხეში. იოანეს მემკვიდრეებიდან ანტონმა და იოსებმაც მიიღეს უმაღლესი ფარმაცევტული განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში. ანტონი ჯერ ახალციხის აფთიაქის, შემდგომ თელავის საქალაქო აფთიაქის მმართველად მსახურობდა, ხოლო იოსები, ბაბუაჩემი, იყო ახალციხის აფთიაქის მეპატრონე და მმართველი საქართველოს გასაბჭოებამდე. სხვათა შორის, იგი გახლდათ სამხრეთ საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელიც. ასევე ფარმაცევტულ საქმიანობას ეწეოდნენ მამაჩემი იოანე მაისურაძე - დმანისის, ახალციხის, ბოლნისის და ოჩამჩირის აფთიაქის მმართველი და მამიდა ანტონინა, თბილისის წმინდა მიხეილის საავადმყოფოს აფთიაქის თანამშრომელი, რომელიც 1951 წელს ლენინის ორდენით დააჯილდოეს. ამჟამად ფარმაცევტულ საქმიანობას ვეწევით მე და ჩემი ქალიშვილი, მანანა მაისურაძე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, უმაღლესი კატეგორიის ფარმაცევტი, მაგისტრი.


- ახლა მწვანე აფთიაქის ისტორია გვიამბეთ...
- 1988 წელს მოსკოვში მივლინებით ყოფნის დროს გორკის ქუჩაზე, სამკურნალო მცენარეთა აფთიაქში მოვხვდი. სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, ანალოგიური აფთიაქი თბილისშიც გამეხსნა, რაც მოვახერხე კიდეც 1989 წელს. საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა დავამყარე თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებთან, სამკურნალო მცენარეების საკავშირო ინსტიტუტის ქობულეთის ბაზასთან, ყირიმის საკავშირო გამაჯანსაღებელ ცენტრთან. ყირიმის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ალ. პუიდამ, გამიზიარა სამკურნალო მცენარეთა ზოგიერთი ნაკრების საიდუმლოება, რაც მე შემდეგში საკმაოდ წარმატებულად გამოვიყენე.


- იქნებ უფრო ვრცლად მოგვითხროთ ამ ნაკრებების შესახებ...
- გვაქვს ნაღველმდენი, დამაწყნარებელი, ხველისა და შეკრულობის საწინააღმდეგო, წნევის დამწევი, თირკმლის გამწმენდი, შარდმდენი, დიაბეტის სამკურნალო, კუჭის მაღალი და დაბალი მჟავიანობის დროს გამოსაყენებელი ნაკრებები. 18 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობით ნაღველმდენი ნაკრები იყიდებოდა. 4-5 წელია, მას დიაბეტის სამკურნალო ნაკრებმა გაუსწრო. სამწუხაროა, მაგრამ ბოლო დროს ამ უკანასკნელზე  მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა. ამჟამად განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხველების საწინააღმდეგო ნაკრებიც.


- ინდივიდუალურად რომელ მცენარეებზეა დიდი მოთხოვნა?
- ჩვენს აფთიაქში 200-ზე მეტი დასახელების მცენარე და მცენარეული ზეთი იყიდება. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა სააფთიაქო ანუ სამკურნალო გვირილაზე. მოგეხსენებათ, საქართველოში უამრავი სახეობის გვირილა ხარობს. სამწუხაროდ, არიან უწესო ადამიანები, რომლებიც არასამკურნალო დანიშნულების ანუ ტოქსიკურ მცენარეს ყიდიან და ამით სარგებელს იღებენ. ველურად მოზარდი გვირილის გამოყენება მხოლოდ თმაზე გადასავლებად შეიძლება. სხვა დანიშნულებით, მაგალითად, ჩვილი ბავშვის აბაზანებისთვის, დასალევად, მისი გამოყენება დაუშვებელია. დიდი მოთხოვნაა აგრეთვე კატაბალახაზე, შავბალახაზე, კუნელზე, მუხის ქერქზე, კრაზანაზე, არყის კვირტებზე, ასკილზე, ბარამბოზე, გულყვითელაზე, დათვისყურაზე, იმავე დათვის კენკრაზე, ევკალიპტზე, ენდროზე (რომელიც მარტო კვერცხების შესაღები კი არა, არამედ სამკურნალო საშუალებაცაა), თავშავაზე, თირკმლის ჩაიზე, მრავალძარღვაზე, ნეგოზე (საოცარი ნეგო ხარობს მესხეთსა და აჭარაში), პიტნაზე, ჟოლოზე, სალბზე (კახეთში გვაქვს მისი პლანტაცია), ღვიაზე და სხვა.



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
"პროცესორის ტიპი Intel Pentium ორ ბირთვიანი...
"იყიდება (არ ქირავდება) მოქმედი ბარი "ვილსი" იდეალურ...
"შევისყიდი ძველ ქარვის მძივებს,კრიალოსნებს,თვლის სიდიდის და ხარისხის...