ფიტოთერაპია უვნებელი რომ იყოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიტოთერაპია უვნებელი რომ იყოს

ფიტოთერაპიული უსაფრთხოებისთვის

  • საჭიროა, თვითმკურნალობამდე კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტთან, დააზუსტოთ დიაგნოზი და გამორიცხოთ თანმხლები სიმპტომები. გასათვალისწინებელია მცენარის ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პრეპარატებთან და იმის დადგენა, რამდენად შესაძლებელია მათი ერთდროული გამოყენება.
  • შეამოწმეთ, სერტიფიცირებულია თუ არა ფიტოპრეპარატები, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ. უმჯობესია, ისინი აფთიაქში შეიძინოთ.
  • თვითნებურად ბალახების შეგროვება რეკომენდებული არ არის, რადგან მცენარეთა შემადგენლობა დამოკიდებულია ადგილის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და შეგროვების დროზე. ეკოლოგიურად დაბინძურებულ ადგილზე მოგროვილი მცენარე არათუ უვარგისია სამკურნალოდ, - შესაძლოა, მძიმე ინტოქსიკაციაც კი გამოიწვიოს. ანდეთ ეს საქმე პროფესიონალებს.
  • განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ბავშვის მკურნალობისას - ფიტოთერაპიულმა პრეპარატმა პატარას ორგანიზმზე შესაძლოა მოზრდილისგან რადიკალურად განსხვავებულად იმოქმედოს, რადგან ფორმირებისა და აქტიური ზრდის პროცესში მყოფი ორგანიზმის ფერმენტული სისტემა სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის განვითარებული.

დოზები ბავშვებისთვის

ბავშვებისთვის მცენარეთა ნახარშებისა და ნაყენების მომზადებისას გირჩევთ, დოზირების ამ სქემით ისარგებლოთ:

  • 2-დან 3 წლამდე - მოზრდილი ადამიანის დოზის 1/6;
  • 3-დან 4 წლამდე - 1/5;
  • 4-დან 7 წლამდე – 1/4;
  • 7-დან 9 წლამდე - 1/3;
  • 9-დან 12 წლამდე - 1/2;
  • 12-დან 16 წლამდე – 3/4;
  • 16 წლიდან - მოზრდილი ადამიანის დოზა.

მედლის მეორე მხარე

ექინაცეა ორგანიზმს იცავს სოკოვანი, ვირუსული, ბაქტერიული ინფექციებისგან, აგრეთვე გამოიყენება ბრონქიტების, ცისტიტების, გრიპის დროს - რეკომენდებულია მისი ნაყენის სმა, ხელს უწყობს ჭრილობისა და დამწვრობის სწრაფ მოშუშებას. რეკომენდებული არ არის მისი მიღება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც პროვოცირებას უწევს იმუნური რეაქციების დასუსტებას. პიტნას ანტიალერგიული და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, გამოიყენება ნაწლავების, კუჭის დისფუნქციისას, არ შეიძლება მისი მიღება ანემიის სამკურნალო პრეპარატებთან ერთად. გვირილა ანტისპაზმური, ანტისეპტიკური და სედაციური ეფექტით გამოირჩევა. არ შეიძლება მისი მიღება სისხლის შედედების დამაქვეითებელ და ანემიის სამკურნალო პრეპარატებთან ერთად. ნიორი ამცირებს სისხლში მავნე ქოლესტერინისა და გლუკოზის დონეს, ინფექციებისგან იცავს ორგანიზმს. არ შეიძლება მისი მიღება სისხლში გლუკოზის დონისა და მისი შედედების დამაქვეითებელ პრეპარატებთან ერთად.

მცენარეული უსაფრთხოება

1. ბევრ მცენარეს აქვს ნაღველმდენი თვისება და ნაღვლის ბუშტის ფუნქციური პრობლემების მქონეთათვის მეტად სასარგებლოა, მაგრამ თუ ადამიანს ნაღვლის ბუშტში კენჭები აქვს, მათი მიღება ეკრძალება.

2. ჟენ-შენს ხშირად იყენებენ როგორც ორგანიზმის მატონიზებელ საშუალებას, მაგრამ იგი შეუთავსებელია ყავასა და კოფეინის შემცველ პრეპარატებთან. ასეთ კოქტეილს, გამხნევების ნაცვლად, შეუძლია ზედმეტი აღგზნება და გაღიზიანება გამოიწვიოს.

3. ანტიბიოტიკოთერაპიის დროს ფხიზლად უნდა იყოთ, ვინაიდან არსებობს მცენარეები, რომელთა მიღებაც ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებსა და სულფანილამიდებთან ერთად აკრძალულია. ასეთია, მაგალითად, კრაზანა. მისი მიღება ამ ტიპის ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში საგრძნობლად ზრდის სინათლისადმი მგრძნობელობას და შესაძლოა, მზეზე გატარებული რამდენიმე წუთი ძლიერი დამწვრობით დასრულდეს.

4. უკანასკნელ წლებში სულ უფრო იზრდება მცენარეთა გვერდითი მოვლენების  ჩამონათვალი და ასეთებს შორის ყველასთვის კარგად ნაცნობი კატაბალახა და ვირისტერფაც კი მოხვდნენ.


5. ყველასთვის ასე საყვარელი ალოეს ახალგამოწურული წვენი აკრძალულია თირკმელების და ნაღვლის ბუშტის ანთებისას, საშვილოსნოდან სისხლდენისას და ბუასილის დროს.

6. ლიმონურა და ჟენ-შენი არ არის რეკომენდებული ჰიპერტონიისას,  უძილობის, მომატებული ნერვული ფონისას.

7. კრაზანას მიღება არ შეიძლება სხეულის მომატებული ტემპერატურისა და ჰიპერტონიისას.

8. შტოშმა შესაძლოა გამოიწვიოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება.

9. სიმინდის ულვაში და ჭინჭარი არ შეიძლება სისხლის შემადებებელი უნარის მომატების დროს.

10. პოდაგრისა და თირკმელკენჭოვანი დაავადებებისას ერიდეთ ჟოლოს და მჟაუნას ჭამას.

11. მრავალძარღვას მიღება არ შეიძლება გასტრიტებისა და კუჭის სეკრეტორული ფუნქციის მომატების დროს.

12. ძირტკბილას ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სასქესო ფუნქციის მოშლა და ორგანიზმში სითხის დიდი რაოდენობით შეკავება.

13. ბეგქონდარა აკრძალულია თირკმელების, ღვიძლის, კუჭის და ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი დაავადებების, აგრეთვე ათეროსკლეროზის დროს.

14. პირშუშხა და ნიორი აღიზიანებს თირკმელებსა და კუჭ-ნალავის ლორწოვან გარსს, ამიტომ ერიდეთ მათ გამოყენებას, თუ თირკმელების ან საჭმლის მომნელებელი სისტემის მწვავე ან ქრონიკული ანთებითი დაავადება გაქვთ.

15. სალბი უკუნაჩვენებია თირკმელების დაავადების დროს.

ორსულობა და მცენარეები

ორსულობისას აკრძალულია ძლიერ ტოქსიკური ნაერთების შემცველი მცენარეების გამოყენება. იკრძალება კრაზანა, ქრისტესისხლა, სალბი, ძირტკბილა, ჟენ-შენი, აბზინდა. რეკომენდებული არ არის გვირილის, ბეგქონდარას, ჟოლოს ფურცლების, ვირისტერფას ჩაი. სასურველია, არც მცენარეული საფაღარათო საშუალებები გამოიყენოთ, მათ შორის - ხეშავი და ხეჭრელი. მკაცრად იკრძალება ჰორმონულ წონასწორობაზე მოქმედი მცენარეები: სალბი, ძირტკბილა, ანისული, სვიის გირჩა. აგრეთვე:

  • ალკალოიდების შემცველი მცენარეები;
  • თირკმლის გამაღიზიანებელი მცენარეები;
  • მცენარეები, რომლებსაც შარდთან ერთად ოქსალატების გაძლიერებული გამოდევნის უნარი შესწევს;
  • მცენარეები, რომლებიც იწვევს საშვილოსნოში სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას და მისი ტონუსის მომატებას.

ფიტოთერაპიასთან დაკავშირებული მითები

მითი 1 - მრავალკომპონენტიანი მცენარეები აბებზე უკეთესია. მრავალკომპონენტიან მცენარეულ კოქტეილებს, აშკარა ღირსებებთან ერთად, გარკვეული ნაკლოვანებებიც აქვს - მცენარეთა სამკურნალო თვისებები მათში ყოველთვის იდეალურად არ არის შეხამებული. ამ კუთხით სინთეზური აბები გაცილებით უკეთ არის შესწავლილი. ამასთან, სამკურნალო თვისებების კონცენტრაცია ერთ ტყეში მზარდ ორ სხვადასხვა ბუჩქზეც კი განსხვავებულია და წარმოიდგინეთ, რა სხვაობაა სხვადასხვა რაიონში ან საერთოდ სხვა მხარეში მოგროვილ მცენარეთა სამკურნალო თვისებებს შორის.

მითი 2 - სამკურნალო მცენარეები არ შეიცავს მავნე ქიმიურ მინარევებს. რამდენიმე ათეული წლის წინათ შესაძლოა ასეც იყო, მაგრამ დღეს, წრებრუნვის შედეგად, ბუნებაში, მათ შორის - სამკურნალო მცენარეებშიც, ბევრი მავნე ქიმიური ნივთიერებაა დაგროვილი.

მითი 3 - სამკურნალო მცენარეებს ორგანიზმი ადვილად ეგუება. სამწუხაროდ, ბევრ სამკურნალო ნივთიერებას დღემდე ვერ ეგუება ორგანიზმი, ამიტომ მათ გამოყენებას შესაძლოა ძლიერი გვერდითი ეფექტები მოჰყვეს.

მითი 4  - სამკურნალო მცენარეები არ იწვევს ალერგიას. ასე სულაც არ არის - ყოველ მეხუთე პოლინოზით დავადებულ ადამიანს ალერგიული რეაქცია სწორედ მცენარეებზე უვითარდება. ბევრი მცენარე, რომელიც ორგანიზმის ზოგადმოსამაგრებელ საშუალებად გამოიყენება, შესაძლოა ძლიერი ალერგიის მიზეზად იქცეს.

მითი 5 - სამკურნალო მცენარეთა კომპონენტები ნატურალურია, მაშასადამე, უვნებელიც. ბევრი მცენარე მართლაც უვნებელია, მაგრამ ზედოზირების შემთხვევაში შესაძლოა მათაც კი სერიოზული ზიანი მოგვაყენონ. ზოგიერთს სუნთქვისა და გულის მუშაობის შეჩერებაც კი შეუძლია.

მითი 6 - მცენარეთა გამოყენება ნებადართულია განუსაზღვრელად დიდხანს. ეს ყველაზე გავრცელებული მცდარი შეხედულებაა. ხანგრძლივი მიღებისას ორგანიზმში ვითარდება მიჩვევის რეაქცია, ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, დროდადრო - საშუალოდ, ყოველი 3-4 კვირის შემდეგ - დავასვენოთ ორგანიზმი, უკიდურეს შემთხვევაში, ვცვალოთ მცენარე თუ მცენარეთა ნაკრების შემადგენლობა. გარდა მიჩვევისა, ზოგიერთ მცენარეს ახასიათებს ორგანიზმში დაგროვების - კუმულაციის ეფექტი, რაც ნეგატიურად აისახება მთელ ორგანიზმზე. ასეთი მცენარეებია ქრისტესისხლა, აბზინდა და ფარსმანდუკი.