ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

ემოციები ყოველთვის პიკზე ვერ იქნება. ნებისმიერ ურთიერთობას აქვს გრძნობების გამძაფრებისა და მინელების პერიოდები. ფსიქოლოგებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ ახალ, უჩვეულო სიტუაციებში ადამიანი საკუთარ თავს განსხვავებული, მოულოდნელი კუთხით წარმოაჩენს. ეცადეთ, თქვენი შეხვედრები ერთმანეთს არ ჰგავდეს. შეცვალეთ შეხვედრის ადგილი. გამონახეთ საქმე, რომელსაც ერთად გააკეთებთ. ამასთანავე, მიეცით თქვენს შეყვარებულს შესაძლებლობა გიხელმძღვანელოთ. როცა იგრძნობთ, რომ ის დომინირებს, მისადმი პატივისცემით განიმსჭვალებით და “გულისცემაც გაგიხშირდებათ”. სექსოლოგები ამტკიცებენ, რომ ძალაუფლების მოყვარული მამაკაცები ქალების თვალში უფრო მიმზიდველად გამოიყურებიან.

თუ ჩემს ქმარს რამე არ მოეწონა, მაშინვე აყვირდება. მას საერთოდ არ შეუძლია პრობლემის მშვიდად მოგვარება, როგორც კი წინააღმდეგობას წააწყდება, ხმას უწევს. უკვე ბევრჯერ შევთანხმდით, ჩხუბს მოვრიდებოდით, მაგრამ მისი ტემპერამენტის გამო, როგორც ჩანს, ამ პირობის შესრულებას ვერასოდეს მოვახერხებთ. მე, კაცმა რომ თქვას, უკვე შევეჩვიე, მაგრამ ბავშვების ნერვული სისტემა მაღელვებს. ანა, 34 წლის

თქვენ უნდა იკისროთ შუამავლობა თქვენს ქმარსა და შვილებს შორის. აუხსენით ბავშვებს, რომ მამა სულაც არ არის ბრაზიანი, უბრალოდ, მეტისმეტად განიცდის ყველა წვრილმანს. შეუქმენით ბავშვებს ასეთი განწყობა: “მამა იყვირებს, იყვირებს და დამშვიდდება”. როგორმე გააგებინეთ, რომ ზოგჯერ აჯობებს, მამას თავი დაანებოთ და მარტო დატოვოთ. რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, როცა ბავშვები ხშირად ხდებიან მშობლების კონფლიქტის მოწმენი, მაგრამ მათაც უნდა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ სხვადასხვა ტემპერამენტის მქონე ადამიანებთან. კარგი იქნება, თუ დედა აუხსნის პატარებს, რომ არსებობენ ფიცხი ადამიანები, რომლებიც ერთბაშად იფეთქებენ და მალევე დამშვიდდებიან ხოლმე. ამის შემდეგ ბავშვებს მშობლების კამათი უწინდებურად აღარ შეაშინებთ.

როცა მეორედ გავთხოვდი, ჩემმა ქმარმა მაშინვე სცადა, კარგი, მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა ჩემს გოგონასთან, რომელიც პირველი ქორწინებიდან მყავს: საჩუქრები მოჰქონდა, ართობდა, ანებივრებდა... გოგონა უმალვე მიხვდა, როგორც უნდა მოქცეულიყო და ახლა ჩემს ქმარს თავის ჭკუაზე ატარებს. ისიც ყოველგვარ ახირებას უსრულებს. ბევრჯერ ვუთხარი, რომ ასე არ შეიძლება. მეთანხმება, მაგრამ ეშინია, ბავშვთან ურთიერთობა არ გაუფუჭდეს. მარი, 37 წლის

თუ თქვენს ქმარს სურს, გოგონას მამობა გაუწიოს და არა ტკბილეულისა თუ სხვა საჩუქრების გამცემი ავტომატის მაგივრობა, მასთან დასამეგობრებლად სხვა ხერხს უნდა მიმართოს: გამონახოს საერთო ენა, საერთო ინტერესები - ხელოვნება, სპორტი, მოგზაურობა, - საერთო საქმიანობა, თუნდაც თქვენთვის საჩუქრის არჩევა... გოგონას კი სთხოვეთ, ბოროტად ნუ გამოიყენებს თქვენი მეუღლის სიკეთეს. ამ ასაკში ბავშვებს უკვე შესწევთ საკმაოდ რთული საკითხების გაგების უნარი, ამიტომ აუხსენით გოგონას, რატომ ვერ შეუსრულებთ ყველა სურვილს, აუხსენით ყოველი უარის მიზეზი. შესთავაზეთ თქვენს მეუღლეს, გამოიყენოს ეს საუბარი და როცა გოგონა თავისი ახირებებით თავს კვლავ მოაბეზრებს, აუხსნას, რომ არ სურს თქვენი განაწყენება.

ბებიაჩემი უჩემოდ ვერ ძლებს. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, მეტი არავინ გვყავს. ბებიას ძალიან ვუყვარვარ და რა თქმა უნდა, ღელავს, როცა შინ არ ვარ. იმისთვის, რომ მუდამ მის გვერდით ვიყო, ხშირად შეუძლოდ ყოფნას იგონებს. ეს კარგად ვიცი, მაგრამ როცა ტელეფონით მის მისუსტებულ ხმას გავიგონებ, ყველაფერს თავს ვანებებ და შინისკენ გავრბივარ - რა გარანტია მაქვს, რომ მართლა ცუდად არ არის? თუმცა, უმეტესად, მშვენიერ გუნებაზე მხვდება და მეუბნება, რომ უკვე უკეთ არის. როგორ მოვიქცე? ქეთი, 23 წლის

ასაკოვანი ადამიანების ცხოვრება ერთფეროვანია, ამიტომ ისინი ხშირად შვილებისა და შვილიშვილების ცხოვრებით ცხოვრობენ. როცა თქვენ სახლიდან გადიხართ, ბებია გრძნობს სიცარიელეს, რომლის ამოვსებასაც ნებისმიერი ხერხით ცდილობს. ეცადეთ, უპოვოთ ადამიანი, რომელიც ასეთ წუთებში მის გვერდით იქნება, ანდა მოუძებნოთ რაიმე საქმიანობა. მაგალითად, უყიდოთ დისკი მისთვის საინტერესო სერიალით, რომელსაც თქვენი არყოფნის დროს უყურებს, ან სთხოვოთ, მოგიმზადოთ კერძი, რომელსაც დიდი დრო სჭირდება. იმისთვის, რომ გაურკვევლობის შეგრძნებისგან გათავისუფლდეს, უთხარით, დაახლოებით როდის დაბრუნდებით შინ. ხშირად დაურეკეთ, რათა მორიგი “სპექტაკლის” საბაბი არ მისცეთ.

მე და ჩემს ძმას ურთიერთობა თითქმის არ გვაქვს. ის ჩემზე რამდენიმე წლით არის უფროსი. ბავშვობაში ხშირად ვჩხუბობდით, გარდატეხის ასაკში კი ჩემი იგნორირება დაიწყო. ახლაც იშვიათად იჩენს ინტერესს ჩემი ცხოვრების მიმართ, თუ შემთხვევით რამემ დააინტერესა, დედას ეკითხება. მე ძალიან მტკენს გულს მისი გულცივი დამოკიდებულება - ის ხომ ჩემი ღვიძლი ძმაა. როგორ მოვაგვარო ურთიერთობა მასთან? სოფო, 31 წლის

თუ თქვენ განიცდით იმას, რომ ასეთი ურთიერთობა გაქვთ ახლობელ ადამიანთან, ეს ნიშნავს, რომ სწორედ თქვენ უნდა დაინტერესდეთ მისი ამბით, დაურეკოთ, მისწეროთ, თუნდაც რამე აჩუქოთ. შესაძლოა, თქვენდამი ძმის დამოკიდებულებას საფუძვლად ედოს ეჭვიანობა, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში წარმოიშვა, გოგონებთან ურთიერთობის უცოდინარობა და ბევრი სხვა რამ. მან შეიძლება დაივიწყოს თავისი წყენა, თუ დაინახა უანგარო ინტერესი თქვენი მხრიდან. სამაგიერო ყურადღებასა და პატივისცემას ნუ მოითხოვთ, ნურც იმედგაცრუებას გამოხატავთ, როცა ამას ვერ მიიღებთ. თქვენს ძმას, ალბათ, ისედაც უწევს თავის მართლება დედისა და სხვა ნათესავების წინაშე თქვენდამი ასეთი დამოკიდებულების გამო. ადროვეთ, რომ შეიცვალოს, მიხვდეს, როგორ იპოვოს ადგილი თქვენს ცხოვრებაში.

გოგონა ძაღლის ყიდვას გვთხოვს. მე და ჩემს ქმარს ცხოველები მაინც და მაინც არ გვიყვარს, ამიტომ შვილის ახირებას არ ვიზიარებთ. ისიც კარგად გვესმის, რომ ცხოველის მოვლა მთლიანად ჩვენ დაგვაწვება. გოგონა, რა თქმა უნდა, გვპირდება, რომ თვითონ მოუვლის ლეკვს, მაგრამ მისი არ მჯერა - ის ჯერ მხოლოდ 11 წლისაა. უარის თქმაც გვიჭირს, ბავშვი გვეცოდება. როგორ მოვიქცეთ? ეკა, 35 წლის

ჯერ ის გაარკვიეთ, პრინციპულად არ გსურთ ძაღლის ყოლა თუ მზად ხართ იყოლიოთ, თუ მას თქვენი გოგონა მოუვლის. უნდა შეეგუოთ, რომ ზოგიერთი მოვალეობა - ძაღლის გასეირნება, ვეტერინართან წაყვანა, საკვების შეძენა - მაინც თქვენს კისერზე გადავა. თუ პრინციპში თანახმა ხართ, ძაღლი გყავდეთ, მაშინ აუხსენით გოგონას, რომ ჯერ მეტისმეტად პატარაა, რათა დამოუკიდებლად მოუაროს ცხოველს. ზოგან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალულიც კია უფროსების გარეშე ცხოველის ქუჩაში გაყვანა. შესთავაზეთ, რამდენიმე წელი მოიცადოს. თუკი ცხოველის ყოლის პრინციპულად წინააღმდეგი ხართ, გულახდილად უთხარით ბავშვს ამის შესახებ. შინ ძაღლის მოყვანა საპასუხისმგებლო ნაბიჯია, ამიტომ გადაწყვეტილება ოჯახის ყველა წევრმა ერთობლივად უნდა მიიღოს.