სამწვერა ნევრალგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამწვერა ნევრალგია

- სამწვერა ნერვი შერეული ტიპის ნერვია - შეიცავს როგორც მგრძნობელობით (სენსორულ), ისე მამოძრავებელ (მოტორულ) ნეირონებს და, შესაბამისად, ორივე ფუნქციის მატარებელია. მგრძნობელობითი ნეირონები სახის მთელი ნახევრის მგრძნობელობას განაგებენ, რაც სამი ტოტის - თვალბუდის, ზედა ყბისა და ქვედა ყბის ტოტების მეშვეობით ხორციელდება, მოტორული ნეირონებით კი საღეჭი კუნთების ინერვაცია ხდება. გარდა ამისა, სამწვერა ნერვის მგრძნობელობითი ტოტების მეშვეობით გადაეცემა საცრემლე და სანერწყვე ჯირკვლებს პარასიმპათიკური ნერვული იმპულსები.

 

- ცნობილია, რომ სამწვერა ნერვის დაავადებას აუტანელი ტკივილი ახასიათებს. კერძოდ, რომელი დაავადებაა ეს და კიდევ რა სიმპტომები ახლავს თან?

- სამწვერა ნერვის ყველაზე გავრცელებულ დაავადებას, რომელიც ტკივილით ვლინდება, სამწვერა (ტრიგემინალური) ნევრალგია შემოკლებით ეწოდება. განასხვავებენ ტიპურ და ატიპურ სამწვერა ნევრალგიას. ტიპური ნევრალგიისთვის დამახასიათებელია ტკივილი სახის ნახევარში, სამწვერა ნერვის ერთი ან რამდენიმე ტოტის საინერვაციო მიდამოში, რომელიც რამდენიმე წამიდან 2 წუთამდე გრძელდება. ტკივილი ერთბაშად აღმოცენდება, მწვავეა და, როგორც ავადმყოფები ამბობენ, დენის გავლას ჰგავს.

  • ტკივილს აქვს ტრიგერული (მაპროვოცირებელი) წერტილები და ზონები. ეს ის წერტილები და ზონებია, რომელთა გაღიზიანებისას შეიძლება ტკივილი აღმოცენდეს (ჭამის, პირის დაბანის, საუბრის, კბილების ხეხვის დროს).
  • ტკივილის ეპიზოდებს შორის პაციენტი არაფერს უჩივის, არ აღინიშნება მგრძნობელობის მოშლა.
  • ტკივილი სტერეოტიპულია - ყველა პაციენტისთვის ერთნაირია.
  • კარბამაზეპინის (ტეგრეტოლის, ფინლეფსინის) მიღება დაავადების საწყის სტადიაში ტკივილის იტენსივობას ამცირებს.

სამწვერა ნევრალგიის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ოთხის არსებობა.

 

- რა არის ტკივილის უშუალო მიზეზი?

- ეს საკითხი ბოლომდე ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ყველაზე პოპულარულია ნეიროვასკულური კონფლიქტით გამოწვეული თეორია, რომლის თანახმად ტკივილი სამწვერა ნერვზე (ტვინის ღეროში მისი შესვლის ადგილას) არტერიის ზეწოლის ბრალია. ამ ადგილას სამწვერა ნერვი არ არის დაფარული მიელინის დამცავი გარსით, ამიტომ არტერიის ხანგრძლივი პულსაცია ნერვული იმპულსების გაუკუღმართებას იწვევს, ეს კი ტკივილს განაპირობებს. ატიპურ ნევრალგიას ტკივილთან ერთად განსაზღვრული ნევროლოგიური სიმპტომატიკაც ახასიათებს. მისი მიზეზი შეიძლება იყოს თავის ტვინის უკანა ფოსოში ლოკალიზებული სიმსივნური ან სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი ან რომელიმე მადემიელინიზებელი დაავადება, მაგალითად, გაფანტული სკლეროზი. ორმხრივი სამწვერა ნევრალგიის დროს ტკივილის მიზეზი უმეტესად სწორედ გაფანტული სკლეროზია.

 

- როგორ მკურნალობენ სამწვერა ნევრალგიას?

- სამწვერა ნევრალგიის დროს, ჩვეულებრივ, კონსერვატიული მკურნალობა ტარდება. პრეპარატებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება კარბამაზეპინი (ტეგრეტოლი, ფინლეფსინი), რომელიც ათიდან 7 შემთხვევაში საგრძნობლად აუმჯობესებს მდგომარეობას. ამ მედიკამენტით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში პერიოდულად უნდა შემოწმდეს სისხლი. კარბამაზეპინის უეფექტობისას ინიშნება სხვა პრეპარატები, მაგალითად, ბაკლოფენი ან გაბაპენტინი. ასევე შეიძლება დაინიშნოს ფენიტოინი, კლონაზეპამი... თუ მედიკამენტური მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, ხდება ქირურგიული ჩარევა.

ოპერაცია რეკომენდებულია მაშინაც, როდესაც კონსერვატიული მკურნალობის გვერდითი ეფექტები პაციენტს ძნელად გადააქვს.

 

- რას გულისხმობს ქირურგიული მკურნალობა?

- არსებობს სამწვერა ნევრალგიის მკურნალობის რამდენიმე ქირურგიული მეთოდი: მცირე ინვაზიური პროცედურები და ინტრაკრანიული პროცედურა. მცირე ინვაზიური პროცედურებია პერკუტანული ტრიგემინალური რიზოტომია ანუ სამწვერა ნერვის ნაწილობრივი დაზიანება, რომლის მიზანი ტკივილის ბოჭკოების დაზიანება და მგრძნობიარე ბოჭკოების უვნებლად შენარჩუნებაა. ამისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ სტერეოტაქსიურ რადიოსიხშირულ რიზოტომიას (რადიოტალღებით ნერვის თერმულ დაზიანებას), სამწვერა ნერვის კვანძში (გასერის კვანძში)  გლიცეროლის ინექციას ან მიკროკომპრესიას ფოგარტის კათეტერით (კათეტერი შეჰყავთ სამწვერა ნერვის კვანძში და ტკივილის ბოჭკოების დასაზიანებლად მასზე მცირე ზეწოლას ახდენენ). უშუალოდ ნერვის პერიფერიულ დაბოლოებებზე ზემოქმედება, მათი გაუტკივარება ან გადაკვეთა,  ხანმოკლე ეფექტის გამო იშვიათად გამოიყენება, ისიც მხოლოდ ხანდაზმულ პაციენტებში.

ზემოთ ჩამოთვლილ მეთოდებს შორის ყველაზე ეფექტურად ითვლება სტერეოტაქსიური რადიოსიხშირული რიზოტომია. მისი ეფექტურობა დაახლოებით 70-90%-ს შეადგენს და რეციდივების ალბათობა შემდგომი 10 წლის მანძილზე 50%-მდე კლებულობს. აღნიშნული მეთოდები, მიუხედავად მცირე ინვაზიისა, დესტრუქციული ხასიათისაა, რის გამოც ყველაზე უფრო ხშირი გართულებაა მგრძნობელობის მოშლა ტკივილის ზონაში. ინტრაკრანიული პროცედურა სამწვერა ნერვის მიკროვასკულური დეკომპრესიაა. ეს მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული, ეფექტური და ამავდროულად ფიზიოლოგიური მეთოდია, რომელიც გულისხმობს ნერვის ანატომიური მთლიანობის შენარჩუნებას და Uუშუალოდ ტკივილის გამომწვევ მიზეზზე ზემოქმედებას. სხვათა შორის, აღნიშნული ოპერაცია პირველად ამერიკელმა ნეიროქირურგმა პიტერ ჯანეტამ ჩაატარა 1967 წელს. მას შემდეგ ამ მეთოდის წყალობით ათასობით პაციენტმა იგრძნო შვება.

 

- როგორ ხერხდება ნერვის დაუზიანებლად ტკივილის მიზეზის აღმოფხვრა?

- ზემოთ მოგახსენეთ, რომ სამწვერა ნევრალგიის დროს ტკივილის მიზეზს სამწვერა ნერვზე არტერიის ზეწოლა წარმოადგენს. ოპერაციის დროს ხდება თავის ქალას უკანა ფოსოს ტრეპანაცია, ქირურგი მიდის სამწვერა ნერვთან და მიჯნავს მას არტერიისგან სპეციალური პროტექტორის საშუალებით, რომელიც არტერიასა და ნერვს შორის თავსდება.


 

- თუ სწორად მივხვდი, პროტექტორი სამუდამოდ რჩება ადამიანის ორგანიზმში. ხომ შეიძლება, ორგანიზმმა ის არ მიიღოს?

- დიახ, პროტექტორი სამუდამოდ რჩება ორგანიზმში, მაგრამ ჯანმრთელობას არავითარ საფრთხეს არ უქადის, ხოლო შემადგენლობა ისეთი აქვს, რომ არც მოცილების სინდრომი განვითარდება.

 

- რამდენად რთულია და რამდენ ხანს გრძელდება ეს ოპერაცია? ხანგრძლივია თუ არა სარეაბილიტაციო პერიოდი? რას ითვალისწინებს რეაბილიტაცია?

- ეს ოპერაცია საშუალო სირთულის ნეიროქირურგიული ოპერაციების რიცხვს ეკუთვნის, თუმცა რამდენადმე სპეციფიკურია და მიკრონეიროქირურგიული ტექნიკის კარგ ფლობას მოითხოვს. მისი ხანგრძლივობა საშუალოდ 2-3 საათია. ტკივილი ოპერაციის დღესვე ქრება, ხოლო 5-7 დღის შემდეგ პაციენტი სტაციონარიდან სახლში ეწერება. სარეაბილატაციო ღონისძიებები საჭირო არ არის. წესისამებრ, ადამიანი 2-3 კვირაში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. გართულება (სმენის დაქვეითება, სამწვერა ნერვის დაზიანება, ინფექცია) ასიდან ხუთ შემთხვევაშია მოსალოდნელი.

მიკროვასკულური დეკომპრესიის ეფექტურობა 95-100%-ია, ხოლო ყოველ მომდევნო წელს რეციდივის (ტკივილის განმეორების) ალბათობა 1-2%-ს შეადგენს.

 

- ასეთი ოპერაციები საქართველოშიც ტარდება?

- დიახ, საქართველოშიც ტარდება. არსებობს სამწვერა ნევრალგიის ქირურგიული მკურნალობის კიდევ ერთი, შედარებით ახალი მეთოდი - სტერეოტაქსიური რადიოქირურგია, რომლის მიზანიც, ისევე როგორც პერკუტანული რიზოტომიისა, სამწვერა ნერვში შემავალი ტკივილის ბოჭკოების დაშლაა. ამ მეთოდის ეფექტურობა დაახლოებით 50-70%-ს შეადგენს. შორეული შედეგები ბოლომდე შესწავლილი არ არის.

 

- როგორ ურჩევენ პაციენტს მკურნალობის მეთოდს?

- სამწვერა ნევრალგიის დროს ვიყენებთ მკურნალობის ამგვარ ტაქტიკას:

  • მედიკამენტური თერაპია პირველი რიგის მკურნალობას წარმოადგენს.
  • მედიკამენტური თერაპიის უეფექტობისა და გამოხატული გვერდითი მოვლენების შემთხვევაში 70 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის მაღალი ეფექტურობისა და უკეთესი Hშორეული შედეგების გამო უპირატესობა ენიჭება მიკროვასკულურ დეკომპრესიას.
  • ხანდაზმული, სომატურად მძიმე პაციენტებისთვის უპირატესობა ენიჭება სხვადასხვა პერკუტანულ ან რადიოქირურგიულ მეთოდს.

 

- რა იწვევს სახის კუნთის უნებლიე კრთომას და ენის ძირის ტკივილს? როგორ მკურნალობენ მათ?

- სახის კუნთის უნებლიე კრთომას ჰემიფაციური სპაზმი ეწოდება. მას სახის ნერვზე ნათხემის ერთ-ერთი არტერიის ზეწოლა განაპირობებს. ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია სახის კუნთების არარეგულარული, უნებლიე, უმტკივნეულო, ჩვეულებრივ, გარდამავალი და ცალმხრივი კუმშვა, კრთომა. იშვიათად ამას შესაძლოა გაძლიერებული ცრემლდენაც დაერთოს. ენის ძირის ტკივილი არის ენა-ხახის ნევრალგია, რომელიც სამწვერა ნევრალგიაზე იშვიათია და ძლიერი, გამკრავი ხასიათის ტკივილით მიმდინარეობს. ტკივილი ვრცელდება ენა-ხახისა და ცდომილი ნერვების საინერვაციო მიდამოებში და მოიცავს ყელსა და ენის ძირს, იშვიათად - ყურსა და კისერსაც. ზოგჯერ თან სდევს ხველა და გაძლიერებული ნერწყვდენა. მოსალოდნელია, თუმცაღა იშვიათად, გულის გაჩერება, გონების ხანმოკლე (წამიერი) დაკარგვა, არტერიული წნევის მომატება. ტკივილის პროვოცირებას ახდენს ლაპარაკი, ღეჭვა, ყლაპვა. ჰემიფაციურ სპაზმსა და ენა-ხახის ნევრალგიას ნეიროვასკულური კონფლიქტი - არტერიის ნერვზე ზეწოლა - უდევს საფუძვლად. მკურნალობის ტაქტიკა ისეთივეა, როგორიც სამწვერა ნევრალგიის დროს. კერძოდ, მედიკამენტური თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში ნაჩვენებია მიკროვასკულური დეკომპრესია, რომლის ეფექტიანობაც ასევე 90%-ს აღემატება.