როცა ტვინის სისხლძარღვები ვიწროვდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა ტვინის სისხლძარღვები ვიწროვდება

რა იწვევს პათოლოგიას

ათეროსკლეროზი არტერიების კედლებზე ქოლესტერინული (ათერომული) ფოლაქების დალექვის გამო ვითარდება. ფოლაქები ავიწროებს სისხლძარღვის სანათურს, ამცირებს მასში გამავალ სისხლის ნაკადს და ტვინში მოცირკულირე (მოძრავი) სისხლის მოცულობაც მკვეთრად იკლებს. ირღვევა ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ტვინის მომარაგება, რასაც მეხსიერების გაუარესება, თავის ტკივილი და დაავადების სხვა სიმპტომები მოჰყვება. ათერომული ფოლაქები უმეტესად თავის ტვინისა და კისრის ნაწილის სისხლძარღვებში წარმოიშობა. პათოლოგიური პროცესი შემდეგნაირად ვითარდება:

  • ცხიმიანი კერძებით ჭარბი კვება, უჯრედისით ღარიბი რაციონი სისხლში ქოლესტერინის დონის მატებას განაპირობებს.
  • მცირდება არტერიათა კედლების ელასტიკურობა, ისინი სკდება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ათეროსკლეროზული (ათერომული) ფოლაქების დალექვას.
  • ათეროსკლეროზული ფოლაქები მაგნიტივით იზიდავს თრომბოციტებს, რომლებიც სისხლის შედედებას უზრუნველყოფს; ფოლაქები თოვლის გუნდასავით იზრდება, წარმოქმნის თრომბებს და ახშობს სისხლძარღვთა სანათურს. ზოგიერთ შემთხვევაში სისხლძარღვის სანათური მთლიანად იხშობა.
  • აღწერილი პათოლოგიური პროცესი, ჩვეულებრივ, კისრის სისხლძარღვების, კერძოდ, საძილე არტერიის შევიწროებით იწყება.

როგორ მიმდინარეობს დაავადება

დაავადება მიმდინარეობს ან მწვავედ, ან ქრონიკულად. მწვავე ფორმა შესაძლოა ტვინის ინფარქტით ან კიდევ უფრო მძიმედ  - ჰემორაგიული ინსულტით (ტვინში სისხლჩაქცევით) გამოვლინდეს. ასეთი კრიზები ხშირად ლეტალურად (სიკვდილით) სრულდება. დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას სისხლძარღვთა შევიწროების სიმპტომები ნელ-ნელა იჩენს თავს. თავდაპირველად პაციენტი უჩივის სწრაფად დაღლას საშუალო მოცულობის სამუშაოს შესრულების დროსაც კი. შემდეგ აღმოცენდება თავის ტკივილი. ადამიანს პერიოდულად აწუხებს თავბრუხვევა. ზოგჯერ რაღაცებიც ავიწყდება. დაავადების ქრონიკულ ფორმას სამი სტადია აქვს:

  • პირველი სტადია ყველაზე მსუბუქია. ის ფაქტობრივად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რადგან შრომისუნარიანობის დაქვეითებას ადამიანთა უმრავლესობა სამსახურში გადაღლა-გადაძაბვას, ძილის ნაკლებობას, ამინდის ცვალებადობას და სხვა ფაქტორებს აბრალებს და ექიმთან მისვლას არ ჩქარობს.
  • მეორე სტადიას ახასიათებს შინაგან ორგანოთა ფუნქციის დარღვევა. მაგალითად, მწყობრიდან გამოდის შარდის გამომყოფი ან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, რაც სიარულის ცვლილებას იწვევს. ადამიანი თავად ვერ ამჩნევს, მაგრამ სიარულისას ფეხებს უჩვეულოდ ადგამს, ქვედა კიდურები დროდადრო უბუჟდება, ყველაფერი აღიზიანებს. გუნება-განწყობილების მუდმივ ცვალებადობას ის კონფლიქტებამდე მიჰყავს. ნებისმიერი ამ სიმპტომის შემჩნევისთანავე აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.
  • მესამე სტადიაზე თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროება ტვინის მუშაობის უფრო სერიოზული დარღვევებით გამოიხატება. ადამიანი კარგავს მოძრაობის კოორდინირების უნარს, ამიტომ ნელა და ფრთხილად გადაადგილდება. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მაკონტროლებელი ცენტრები სავსებით წყვეტს ფუნქციობას. ადამიანს არათუ გადაადგილება, ფეხზე დგომაც კი უჭირს. არცთუ იშვიათად ერღვევა მეტყველება, კარგავს მხედველობას.

დაავადება განსაკუთრებით სახიფათოა იმით, რომ ადამიანთა უმრავლესობა თვითმკურნალობას ეწევა - თავის ტკივილის მოსახსნელად სვამს ანალგეზიურ (ტკივილგამაყუჩებელ) საშუალებებს, არ ეძებს უქეიფობის მიზეზს. სისხლძარღვთა შევიწროების მკურნალობა იწყება მეტისმეტად გვიან, როდესაც მდგომარეობა ინფარქტის ან ინსულტისწინარეს უახლოვდება.

სისხლძარღვთა შევიწროების მიზეზები

ათეროსკლეროზი უმეტესად სისხლის ძლიერი შედედების გამო ვითარდება, თუმცა სისხლძარღვთა შევიწროების მთავარი მიზეზი მაინც თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული რიტმია. ვცდილობთ, უამრავი საქმე მოვაგვაროთ, თავს არ ვზოგავთ; სტრესი, გადაღლა-გადაძაბვა, ნერვული გაღიზიანება და შფოთვა ჩვენი ყოველდღიური თანამგზავრებია. ზოგს ეს წვრილმანად მიაჩნია და მწარედ ცდება - ეს ფაქტორები მეტად სახიფათო დაღს ასვამს ადამიანის ჯანმრთელობას. ბევრი დროის უმეტეს ნაწილს ოფისსა და ტრანსპორტში (საკუთარ ავტომანქანაში) ატარებს, სუფთა ჰაერზე სეირნობისა და, მით უფრო, ვარჯიშისთვის ვერ იცლის, მიირთმევს ცხიმისა და ქოლესტერინის ჭარბად შემცველ, ორგანიზმისთვის მავნე კომპონენტებით გაჯერებულ ნახევარფაბრიკატებს, სწრაფი დანაყრების ობიექტების არაჯანსაღ საკვებს. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, კისრის სისხლძარღვთა შევიწროება ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის შედეგია, მას კი, თავის მხრივ, ტვინის ჟანგბადოვან შიმშილამდე, არტერიული წნევის მატებასა და სხვა სერიოზულ სიმპტომებამდე მივყავართ.

სისხლძარღვთა შევიწროების საშიში გართულებები

თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროების საშიშ გართულებათაგან აღსანიშნავია ინსულტი, რომელსაც მედიკოსები ტვინის ინფარქტსაც უწოდებენ. ამ დროს ჟანგბადოვანი შიმშილის გამო ტვინის უჯრედები კვდება. ამის უშუალო მიზეზია ტვინის შესაბამისი უბნის მკვებავი არტერიის ქოლესტერინული ფოლაქით დახშობა. ამ პათოლოგიურ პროცესს, ჩვეულებრივ, წინ უძღვის ტრანზიტორული (გარდამავალი) იშემიური იერიში (შეტევა), რომელსაც ინსულტის ძირითადი სიმპტომები ახასიათებს:

  • ენის დაბუჟების გამო ადამიანი კარგავს სიტყვების წარმოთქმის უნარს;
  • ხელები უნებურად ჩამოეკიდება და ბრძანებებს ვეღარ ასრულებს;
  • ფეხების გატოკებასაც კი ვეღარ ახერხებს.

ეს მდგომარეობა დღე-ღამეზე მეტხანს არ გასტანს. მეორე საშიში გართულებაა ჰემორაგიული ინსულტი, რომლის დროსაც ტვინის ნივთიერებაში სისხლი ჩაიქცევა. არცთუ იშვიათად ტვინის სისხლძარღვთა შევიწროება ჭკუასუსტობას (დემენციას) იწვევს. ამ დროს ადამიანი რეალობას ადეკვატურად ვეღარ აღიქვამს და აფასებს, ვეღარ აცნობიერებს, სად იმყოფება, ბუნებრივ (შარდვისა და დეფეკაციის) მოთხოვნილებებს ვერ აკონტროლებს. ასეთი პაციენტების მარტო დატოვება არ შეიძლება. შინიდან გასვლის შემთხვევაში ისინი შესაძლოა ვეღარც კი დაბრუნდნენ უკან.

სისხლძარღვთა შევიწროების პროფილაქტიკისთვის

ფიჭვის ნაყენი

სისხლძარღვთა შევიწროების საპროფილაქტიკოდ საუკეთესო ხალხური საშუალებაა ფიჭვის ნორჩი ყლორტები (ბარტყი, ამონაყარი), რომლებიც გაზაფხულის დამლევს ვითარდება კვირტებისგან. უფრო ზუსტად, ამ ამონაყარისგან მიღებული თაფლი. მის მოსამზადებლად აიღეთ 70 სმ სიგრძის ნორჩი ტოტები, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და დარბილებამდე ხარშეთ. აორთქლებისდა კვალად, წყალი დაიკლებს, ამიტომ, როცა ხარშვას დაასრულებთ და გადაწურავთ, ლიტრამდე შეავსეთ. შეგიძლიათ, ხარშვის პროცესშიც ამატოთ. ჯერ კიდევ ცხელ ნახარშში ჩაყარეთ ერთი კილოგრამი შაქარი და ბლენდერში კანიანად დაქუცმაცებული ლიმონი. მიღებული ნარევი კიდევ 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ, მერე კი მინის ჭურჭელში მოათავსეთ. მიირთვით დღეში ერთხელ თითო სადილის კოვზი.

კუნელი

თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროების პირველი სიმპტომების გამოვლენისას ეფექტიანია წითელი კუნელის ნაყენი. გამომშრალ (გამხმარ) ყვავილებსა და ნაყოფს შეურიეთ ჩაის ფოთლები, დაასხით მდუღარე წყალი და ჩაისავით დააყენეთ, ან ყვავილებისა და ფოთლების 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. მიიღეთ თითო სადილის კოვზი ნაყენი ყოველი ჭამის წინ. კუნელი შესანიშნავად განამტკიცებს სისხლძარღვებს. ამ მიზნით შეიძლება კუნელის სპირტიანი ნაყენის გამოყენებაც (რომელიც აფთიაქში იყიდება) - უნდა მიიღოთ 10 წვეთი დღეში ერთხელ, გაზავებული ერთ ჭიქა წყალში.

ბურბუშელა

ბურბუშელას ყვითელი ყვავილებისგან გემრიელ და არომატულ მურაბას ხარშავენ, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ეს მცენარე არტერიათა შევიწროების სამკურნალო უნიკალური საშუალებაა. აიღეთ მისი გამხმარი ფესვი, დაფქვით და მიირთვით ერთი ჩაის კოვზი ყოველი ჭამის წინ. სიმწარის შესამცირებლად შეგიძლიათ, მიღების წინ შეურიოთ თაფლს. მეხსიერების გასაუმჯობესებლად ფესვებისგან გამოწურული წვენი შეურიეთ ბრინჯის ნახარშს თანაფარდობით 1:1. მიიღეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა დღეში ერთხელ.

სამყურა

ათეროსკლეროზის ადრეულ სიმპტომებს შესანიშნავად უმკლავდება მინდვრის სამყურას სპირტიანი ნაყენი. მის მოსამზადებლად აიღეთ მინის ჭურჭელი, პირამდე აავსეთ სამყურას ყვავილებით და დაასხით არაყი. გააჩერეთ ორი კვირა. მიიღეთ ათი წვეთი, გაზავებული ერთ ჭიქა წყალში.  კარგია სამყურას ყვავილების ნაყენის ყოველდღიური მიღებაც (მზადდება ჩაისავით). შეგიძლიათ, დღეში რამდენჯერმე სვათ წყლის ნაცვლად. აუმჯობესებს მეხსიერებას და ამცირებს ყურების შუილს.