პარკინსონის დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პარკინსონის დაავადება

პარკინსონის დაავადების სიმპტომები

  • ტრემორი. ჩვეულებრივ, იწყება კიდურებიდან, უმეტესად ხელებიდან. ხშირია ცერისა და საჩვენებელი თითის ისეთი მოძრაობა, თითქოს ადამიანი ამ თითებით პატარა ბურთულას ახვევდეს. პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელია კანკალი ხელების მოსვენების დროს.
  • ბრადიკინეზია - მოძრაობათა შენელება. დროთა განმავლობაში პარკინსონის დაავადების გამო მცირდება მოძრაობის დაწყების, მერე კი შენელების უნარიც. ეს ართულებს და ახანგრძლივებს მარტივ მოქმედებათა შესრულებას. ავადმყოფს უჭირს სავარძლიდან წამოდგომა, დადის მოკლე ნაბიჯებით, მიითრევს ფეხს.
  • კუნთების რიგიდულობა. კუნთების რიგიდულობა სხეულის ნებისმიერ უბანზეა მოსალოდნელი. რიგიდული კუნთები ზღუდავს მოძრაობას, მის სიფართოვეს, შესაძლოა, ტკივილიც გამოიწვიოს.
  • დგომისა და ბალანსის (წონასწორობის) დარღვევა. ავადმყოფს უჭირს დგომა საყრდენის გარეშე, წონასწორობის დაცვა.
  • ავტომატური მოძრაობების გართულება. პარკინსონის დაავადების დროს ჭირს გაუცნობიერებელი მოძრაობების შესრულება - სიცილი, თვალების ხამხამი, სიარულისას ხელების ქნევა, საუბრისას ჟესტიკულირება.
  • მეტყველების დარღვევა. ავადმყოფი ლაპარაკობს სწრაფად და გაუგებრად ან პირიქით, თითქოს ყოყმანობს. მეტყველებს მონოტონურად, ვეღარ სვამს ლოგიკურ მახვილს, ვეღარ ცვლის ინტონაციას. საჭირო ხდება ლოგოპედის დახმარება.
  • ხელწერის ცვლილება. ავადმყოფს უჭირს წერა, წერს პატარა ასოებით.

რატომ ვითარდება პარკინსონის დაავადება

პარკინსონის დაავადების დროს თანდათანობით ზიანდება და კვდება ნერვული უჯრედები - ნეირონები. დაავადების მრავალი სიმპტომი სწორედ იმ ნეირონების კარგვითაა გამოწვეული, რომლებიც ნერვული სისტემის ერთ-ერთ მესენჯერს (გადამცემ ნივთიერებას) დოფამინს გამოიმუშავებს. როცა დოფამინის დონე მცირდება, ტვინში იწყება ანომალიური აქტივობა. სწორედ ეს განაპირობებს დაავადებისთვის დამახასიათებელ კლინიკურ სურათს. პარკინსონის დაავადების უშუალო მიზეზი უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ მის განვითარებაში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს. ესენია:

  • გენეტიკა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს პარკინსონის დაავადებისთვის სპეციფიკური გენეტიკური მუტაცია (გენის სახეცვლილება), თუმცა ის ყველა ავადმყოფს არ უდასტურდება და ხშირია მხოლოდ პარკინსონის დაავადების ოჯახურ შემთხვევებში. აღმოჩენილია სხვა გენეტიკური მუტაციებიც, რომლებიც ზრდის პარკინსონის დაავადების რისკს, თუმცა არცთუ ისე ძლიერ.
  • საყოფაცხოვრებო ტრიგერები. განსაზღვრული ტოქსინებისა და საყოფაცხოვრებო ფაქტორების ზემოქმედება ზრდის პარკინსონის დაავადების რისკს, თუმცა რისკი ამ შემთხვევაშიც შედარებით მცირეა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ პარკინსონის დაავადების მიზეზების დასადგენად შემდგომი კვლევაა აუცილებელი, სადღეისოდ კი მის რისკფაქტორებად მიჩნეულია:
  • ასაკი - ახალგაზრდებს პარკინსონის დაავადება იშვიათად ემართებათ; ის საშუალო ასაკში ან უფრო გვიან იწყება, ჩვეულებისამებრ, 60 წლის შემდეგ. ასაკისთან ერთად იმატებს მისი სიხშირეც.
  • მემკვიდრეობა - თუ გენეტიკურ ახლო ნათესავებს აქვთ პარკინსონის დაავადება, რისკი იმატებს, თუმცა არცთუ ძლიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დაავადება რამდენიმე ნათესავს აქვს.
  • სქესი - ავადდებიან უმეტესად მამაკაცები.

რა პრობლემებს წარმოშობს პარკინსონის დაავადება

იმ პრობლემათაგან, რომლებსაც პარკინსონის დაავადება წარმოშობს, აღსანიშნავია:

  • აზროვნების გართულება. მოსალოდნელია მეხსიერების, ფიქრის უნარის დაქვეითება. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, დაავადების გვიან სტადიაზე ხდება და, სამწუხაროდ, ნაკლებად ექვემდებარება მკურნალობას.
  • დეპრესია და ემოციური ცვლილებები. პარკინსონის დაავადებასთან ერთად ბევრს ეუფლება დეპრესიაც. დეპრესიის სათანადო მედიკამენტური მკურნალობა აადვილებს ავადმყოფობის სხვა გამოხატულებათა მართვას. მოსალოდნელია სხვა ემოციური ცვლილებებიც: შიში, შფოთვა, მოტივაციის კარგვა. მკურნალობას ეს ნიშნებიც ექვემდებარება.
  • ყლაპვის დარღვევები. პარკინსონის დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ირღვევა ყლაპვაც, თუმცა ტიპობრივ შემთხვევაში მდგომარეობა იშვიათადაა მძიმე. შენელებული ყლაპვის გამო პირის ღრუში შესაძლოა დაგროვდეს ნერწყვი და დაიწყოს ნერწყვდენა.
  • ძილის დარღვევები. პარკინსონის დაავადებას ხშირად ახლავს თან უძილობა, ღამით ხშირი გამოღვიძება, დღისით ძილიანობა.
  • შარდის ბუშტის პრობლემები. პარკინსონის დაავადებას შესაძლოა თან ახლდეს შარდვის გაძნელება, შარდვის პროცესის კონტროლის დარღვევაც.
  • ყაბზობა. ხშირად მისი მიზეზია პარკინსონის დაავადებასთან დაკავშირებული საჭმლის მომნელებელი სისტემის აქტივობის დაქვეითება.


გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობს:

  • არტერიული წნევის ცვლილება - უეცარი წამოდგომისას პაციენტს შესაძლოა თავბრუ დაეხვეს წნევის დაქვეითების გამო (ორთოსტაზული ჰიპოტენზია).
  • ყნოსვის დაქვეითება - ყნოსვის დაქვეითების გამო ბევრ პაციენტს უჭირს სუნის აღქმა, სუნების გარჩევა.
  • სისუსტე - პარკინსონის დაავადებისას ბევრი უჩივის სისუსტეს, ენერგიის ნაკლებობას. ამის მიზეზი უცნობია.
  • ტკივილი - არ არის გამორიცხული სხეულის განსაზღვრული უბნის ან მთელი სხეულის ტკივილი.
  • სქესობრივი დისფუნქცია - ზოგიერთი პაციენტი სქესობრივი ლტოლვის ან აქტივობის დაქვეითებასაც უჩივის.

პარკინსონის დაავადების დიაგნოზი

პარკინსონის დაავადების სადიაგნოსტიკო განსაკუთრებული ტესტი სადღეისოდ არ არსებობს. დიაგნოზს სვამს ნევროლოგი პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის შესწავლისა და დეტალური გასინჯვის საფუძველზე. შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ მიიჩნიოს რამდენიმე გამოკვლევის ჩატარებაც, რათა გამორიცხოს ანალოგიური სიმპტომების გამომწვევი სხვა დაავადებები. ამის შემდეგ შესაძლოა დაინიშნოს წამალიც. მისი დადებითი ეფექტი პარკინსონის დაავადებას მოწმობს. ზოგჯერ დიაგნოზის დასმამდე საკმაო ხანი გადის. ამიტომ საჭირო ხდება განსაზღვრული პერიოდულობით ნევროლოგის კონსულტაცია.

როგორ მკურნალობენ

სამწუხაროდ, პარკინსონის დაავადება ქრონიკულია, მისგან განკურნება შეუძლებელია, თუმცა განსაზღვრული მედიკამენტებით შესაძლებელია დაავადების მართვა. შორს წასულ შემთხვევებში შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს ქირურგიული მკურნალობის საკითხი. მედიკამენტების წყალობით იზრდება ტვინში დოპამინის შემცველობა, რის შედეგადაც შესაძლოა გაუმჯობესდეს სიარული, მოძრაობა, შემცირდეს ტრემორი. პაციენტისთვის უშუალოდ დოპამინის მიწოდებას აზრი არ აქვს, რადგან ამ შემთხვევაში ეს ნივთიერება ტვინში ვერ შეაღწევს. მკურნალობა საგრძნობლად აუმჯობესებს მდგომარეობას. გამორიცხული არ არის, დროთა განმავლობაში მედიკამენტების ეფექტი შესუსტდეს, თუმცა სიმპტომები კვლავ კონტროლირებული რჩება. ამჟამად პარკინსონის დაავადების სამკურნალო ჩვენს ხელთ არსებული მედიკამენტებია:

  • კარბიდოფა-ლევოდოფა. ლევოდოფა საკმაოდ ეფექტური საშუალებაა, რომელიც ტვინში აღწევს და დოფამინად გარდაიქმნება. ლევოდოფა კომბინირებულია კარბიდოფასთან. ეს უკანასკნელი იცავს მას დოფამინად ნაადრევი (ტვინში შეღწევამდე) გარდაქმნისგან და თავიდან გვაცილებს ლევოდოფას ერთ-ერთ გვერდით ეფექტს - გულისრევას. დიდი დოზების მიღებისას შესაძლოა აღმოცენდეს უნებლიე მოძრაობები. ამ შემთხვევაში ხდება დოზის კორექცია.
  • დოფამინის აგონისტები. ლევოდოფასგან განსხვავებით, დოფამინის აგონისტები არ გარდაიქმნება დოფამინად, მაგრამ თავის ტვინზე დოფამინის მსგავს ზემოქმედებას ახდენს. დოფამინის აგონისტები ლევოდოფასავით ეფექტური არ არის, მაგრამ უფრო ხანგრძლივად მოქმედებს და მასთან კომბინაციით გამოიყენება. დოფამინის აგონისტების ზოგიერთი გვერდითი ეფექტი ლევოდოფას ანალოგიურია. მათთან ერთად მოსალოდნელია ჰალუცინაციები, შეშუპება, ძილიანობა, კომპულსიურობა (ჭარბი სექსუალობა, აზარტული თამაშებისაკენ მიდრეკილება, ჭამა). ამ შემთხვევაში პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
  • მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები. ისინი ფერმენტ მონოამინოქსიდაზას ბლოკირების გზით ამცირებენ დოფამინის დაშლას. გვერდითი ეფექტებია გულისრევა, თავის ტკივილი.

გარდა ამისა, იყენებენ კატექოლ-ო-მეთილტრანსფერაზას ინჰიბიტორებს, ანტიქოლინერგულ საშუალებებს, ამანტადინს. მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შესამუშავებლად და პრეპარატების რაციონალურად შესარჩევად აუცილებელია ექიმისა და პაციენტის მჭიდრო თანამშრომლობა.

ცხოვრების წესი

პარკინსონის დაავადების დროს შესაძლოა დადებითი შედეგი გამოიღოს ცხოვრების წესის შეცვლამ (რასაკვირველია, მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად). ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია:

  • ჯანსაღი, ბალანსირებული კვება, საკმარისი რაოდენობის ხილის, ბოსტნეულის, ბოჭკოს, წყლის მიღება.
  • ვარჯიში, სიარული, ცურვა, წყლის აერობიკა.
  • სიფრთხილე დაცემის თავიდან ასაცილებლად, რისთვისაც რეკომენდებულია სწრაფი მოძრაობისგან თავის შეკავება, ფეხის მყარად დადგმა, წინ ყურება, წონასწორობის დაკარგვისას შეჩერება, წონასწორობის აღდგენა.

ქრონიკული დაავადების დიაგნოზით ცხოვრება საკმაოდ ძნელია. სავსებით ბუნებრივია, რომ პაციენტი ზოგჯერ ჭირვეულობს, დეპრესია ერევა, სასოწარკვეთილება ეუფლება. თავის ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესების დარღვევა ამის ერთ-ერთი ობიექტური მიზეზია. ამ დროს ოჯახის წევრები უნდა ეცადონ, გაუგონ და თანაუგრძნონ, მხარი დაუჭირონ ავადმყოფს.

შესაძლებელია თუ არა პარკინსონის დაავადების თავიდან აცილება

როგორც აღვნიშნეთ, პარკინსონის დაავადების უშუალო მიზეზი დაუდგენელია. შესაბამისად, უცნობია, რა გზით შეიძლება მისი თავიდან აცილება. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კოფეინი - ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ყავა, ჩაი და კოლა - რამდენადმე ამცირებს პარკინსონის დაავადების რისკს, ზოგის თანახმად კი ამ კუთხით ეფექტურია რეგულარული აერობული ვარჯიში - სირბილი, სიარული, ცურვა, ველოსიპედის მართვა.