ვინ მიეკუთვნება ანევრიზმის განვითარების რისკჯგუფს და შესაძლებელია თუ არა დაავადების თავიდან აცილება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვინ მიეკუთვნება ანევრიზმის განვითარების რისკჯგუფს და შესაძლებელია თუ არა დაავადების თავიდან აცილება

ანევრიზმას უწოდებენ. ის ფაქტობრივად თავის ტვინის არტერიის კედლის ანომალიური გაფართოება-გამობურცვაა. აშშ-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა 17 ადამიანიდან ერთს უვითარდება. ანევრიზმის გახეთქვა იწვევს სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევას და თავის ტვინის დაზიანებას (ჰემორაგიულ ინსულტს), სიკვდილსაც კი. თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა მეტად ვერაგი პათოლოგიაა თანმხლები გართულებებით.

სამწუხაროდ, პაციენტთა 10-15% ანევრიზმის გახეთქვის დროს ჰოსპიტალიზაციამდე კვდება, 50%-ზე მეტი - ანევრიზმის გახეთქვიდან 30 დღის განმავლობაში, გადარჩენილი პაციენტების დაახლოებით ნახევარი კი შემდგომ თავის ტვინის სხვადასხვა სახის დაზიანებით იტანჯება. რა აჩენს თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმას, შეიძლება თუ არა მისი დროულად გამოვლენა და მისი გასკდომის თავიდან აცილება? ამ და სხვა საინტერესო კითხვებს პასუხობს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის - რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი ლალი ღლონტი:

- ქალბატონო ლალი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა შესაძლოა არც იცოდეს ანევრიზმის არსი, მისი ხსენება ყველას აშინებს, რადგან გასკდომასა და სიკვდილთან ასოცირდება. რა აჩენს თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმას?

- თავის ტვინის ანევრიზმა წარმოადგენს თავის ტვინის სისხლძარღვზე არსებულ მცირე წარმონაქმნს, რომელიც გარკვეული ხნის შემდეგ სწრაფად იზრდება და სისხლსავსე ხდება. ანევრიზმის გამოდრეკილი მიდამო შესაძლოა მიაწვეს ნერვს ან ირგვლივ არსებულ ტვინის ქსოვილს. განსაკუთრებით საშიშია ანევრიზმის გასკდომა, რის შედეგადაც სისხლი ტვინის ქსოვილში ჩაიქცევა. ძალიან მცირე ზომის ანევრიზმები საშიში არ არის, ვინაიდან გართულებებს, ჩვეულებრივ, არ იწვევს. ანევრიზმა შესაძლოა ტვინის ნებისმიერ უბანში გაჩნდეს, თუმცა უმეტესად არტერიიდან გამოყოფილი ტოტის არეში წარმოიშობა და თავის ტვინის ქვემოთა ზედაპირსა და ქალას ფუძეზე მდებარეობს. თავის ტვინის ანევრიზმა შესაძლოა გამოწვეული იყოს სისხლძარღვთა თანდაყოლილი პათოლოგიით, ასევე წარმოიშვას შემაერთებელი ქსოვილის ამა თუ იმ დაავადების, თირკმლის პოლიკისტოზის, თანდაყოლილი არტერიულ-ვენური მანკის (თავის ტვინის არტერიებისა და ვენების პათოლოგიური დატოტიანება, რომელიც ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას) დროს. ანევრიზმის გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება თავის ტრავმა ან ჭრილობა, მაღალი არტერიული წნევა, ინფექციები, სიმსივნე, ათეროსკლეროზი, აგრეთვე - თამბაქოს წევა, ნარკოტიკების მოხმარება და, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებაც. ინფექციის შედეგად წარმოქმნილ ანევრიზმას ინფიცირებული (მიკოზური) ანევრიზმა ეწოდება. კიბოს დროს ანევრიზმა უმეტესად წარმოიშობა თავისა და კისრის პირველადი ან მეტასტაზური სიმსივნეების ფონზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, განსაკუთრებით - კოკაინის, ზოგჯერ სისხლძარღვთა დაზიანებას და ამის შედეგად თავის ტვინის ანევრიზმის ჩამოყალიბებას იწვევს.

ანევრიზმის ტიპები

გამოყოფენ ანევრიზმის სამ ძირითად ტიპს: პარკისებრს, გვერდითს და არტერიულ-ვენურს. პარკისებრი ანევრიზმა ჰგავს სისხლსავსე მომრგვალო პარკს, რომელიც ყელით ან ფსკერით მიმაგრებულია არტერიებს ან მათგან სისხლძარღვის გამოყოფის ადგილებს. ეს ანევრიზმის ყველაზე გავრცელებული ტიპია. ასეთი ანევრიზმები უმეტესად თავის ტვინის ფუძეზე ყალიბდება, უფრო - ზრდასრულ ასაკში. გვერდითი ანევრიზმა ჰგავს სისხლძარღვის კედელზე გაჩენილ სიმსივნეს. არტერიულ-ვენური ანევრიზმა სისხლძარღვის განსაზღვრულ ადგილას კედლის გაფართოების შედეგია. ანევრიზმებს ზომის მიხედვითაც ყოფენ: მცირე ზომის ანევრიზმების დიამეტრი 11 მმ-დეა, საშუალოსი - 11-25 მმ, ხოლო გიგანტური ანევრიზმების დიამეტრი 25 მმ-ს აღემატება.

- ვინ მიეკუთვნება ანევრიზმის განვითარების რისკჯგუფს? სამწუხაროდ, მრავალი სხვა დაავადების მსგავსად, ანევრიზმაც გაახალგაზრდავდა. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- ანევრიზმა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ზრდასრულებთან უფრო ხშირია. უმნიშვნელოდ ჭარბობს ქალებთან. ზოგიერთი მემკვიდრეობითი დაავადების მქონე პირებს უფრო მაღალი რისკი აქვთ. ანევრიზმის გასკდომა და სისხლჩაქცევაც ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი. წელიწადში ყოველი 100 000 ადამიანიდან 10-ს აღენიშნება რეგისტრირებული ანევრიზმის გასკდომა და სისხლჩაქცევა. მაგალითად, აშშ-სთვის ეს მაჩვენებელი 27 000 ადამიანია წელიწადში. ანევრიზმის ასეთი გართულება უმთავრესად 30-დან 60 წლამდე ასაკის პირებთან გვხვდება. ანევრიზმის გასკდომას ხელს უწყობს ჰიპერტონია, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ნარკოტიკების (განსაკუთრებით - კოკაინის) მოხმარება და თამბაქოს წევა. მნიშვნელოვანია ანევრიზმის ზომაც.


- რა საფრთეხს შეიცავს თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა?

- ანევრიზმის გასკდომა ძალზე სახიფათოა - იწვევს ჰემორაგიულ ინსულტს, ნერვული სისტემის დაზიანებას ან სიკვდილს. პირველი გასკდომის შემდეგ შესაძლოა სისხლჩაქცევა კიდევ განმეორდეს ან ჩამოყალიბდეს ახალი ანევრიზმები. ანევრიზმის გასკდომას ყველაზე ხშირად სუბარაქნოიდული (თავის ქალასა და ტვინს შორის არსებულ სივრცეში) სისხლჩაქცევა მოჰყვება. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის გართულებაა ჰიდროცეფალია. ამ დროს თავზურგტვინის სითხე (ლიქვორი) ჭარბად გროვდება თავის ტვინის პარკუჭებში, რის შედეგადაც პარკუჭები ფართოვდება და ტვინის ქსოვილს აწვება. კიდევ ერთი გართულებაა ვაზოსპაზმი, რომლის დროსაც სისხლძარღვები ვიწროვდება და ტვინის სისხლმომარაგებას აფერხებს, ამას კი შესაძლოა ინსულტი და ტვინის ქსოვილის დაზიანება მოჰყვეს.

- უმთავრესად რომელი კლინიკური სიმპტომებით ვლინდება ანევრიზმა? რას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, როდის უნდა მიმართოს ექიმს, რომ ანევრიზმა დროულად გამოვლინდეს?

- თავის ტვინის ანევრიზმა უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ დიდ ზომას არ მიაღწევს ან არ გასკდება. მცირე ზომის ანევრიზმები, რომლებიც არ იზრდება, წესისამებრ, სიმპტომებს არ იწვევს, დიდი და მზარდი ანევრიზმები კი ზეწოლას ახდენს ტვინის ქსოვილსა და ნერვებზე, რაც განსაზღვრულ სიმპტომატიკას იძლევა. თავის ტვინის ანევრიზმისთვის დამახასიათებელია ტკივილი თვალბუდის არეში, დაბუჟება, სახის ნახევრის პარეზი ან დამბლა, გუგების გაფართოება და მხედველობის გაუარესება. თავის ტვინის ანევრიზმის გასკდომისას ადამიანი გრძნობს უეცარ და აუტანელ თავის ტკივილს, მხედველობის გაორებას, გულისრევას, ღებინებას, კეფის რიგიდულობას. არც ცნობიერების დაკარგვაა გამორიცხული. ზოგჯერ ანევრიზმის გასკდომას წინ უძღვის გამაფრთხილებელი თავის ტკივილი, რომელიც რამდენიმე დღით ან კვირით ადრე წარმოიშობა. ანევრიზმის სხვა ნიშნებია ქუთუთოს დაშვება, სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება, ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა ან შფოთვა. მოსალოდნელია კრუნჩხვა, ცნობიერების მოშლა, იშვიათად - კომა.

- რომელ გამოკვლევებს ეფუძნება თავის ტვინის ანევრიზმის დიაგნოსტიკა?

- წესისამებრ, ანევრიზმა თავს ამჟღავნებს გასკდომის შემდეგ. ზოგჯერ მას შემთხვევით აღმოაჩენენ სხვა დაავადების გამო ჩატარებული გამოკვლევისას. დიაგნოსტიკისთვის მოწოდებულია: ანგიოგრაფია; თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია; თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ანევრიზმის გასკდომაზე ეჭვის დროს ექიმს შეუძლია, პაციენტი გაგზავნოს ცერებროსპინალური სითხის ანალიზზე. შემდგომ ამ სითხეს სისხლდენასა და სისხლჩაქცევაზე გასინჯავენ.

- როგორ ხდება მკურნალობა?

- ყველა ანევრიზმა არ სკდება. მცირე ზომის ანევრიზმის დროს რეკომენდებულია დინამიკაში დაკვირვება და დამატებითი სიმპტომის წარმოშობისთანავე ინტენსიური კომპლექსური მკურნალობის დაწყება. თვითოეული ანევრიზმის შემთხვევა უნიკალურია, მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შესარჩევად გასათვალისწინებელია ანევრიზმის ტიპი, ზომა და ადგილმდებარეობა, მისი გასკდომის შესაძლებლობა, პაციენტის ასაკი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაავადების განვითარების ისტორია, მემკვიდრეობა და რისკი, რომელიც შეიძლება თან ახლდეს მკურნალობას. არსებობს ქირურგიული მკურნალობის ორი სახე: ანევრიზმის კლიპირება და ანევრიზმის ოკლუზია. ეს ოპერაციები მიეკუთვნება ყველაზე რთული და სარისკო ოპერაციების რიცხვს, რადგან გამორიცხული არ არის სხვა სისხლძარღვების დაზიანება, განმეორებითი ანევრიზმების გაჩენა და პოსტოპერაციული გართულების რისკი. ენდოვასკულარული ემბოლიზაცია წარმოადგენს ალტერნატიულ თერაპიას, რომელიც შეიძლება გამეორდეს.

- შესაძლებელია თუ არა ანევრიზმის თავიდან აცილება, მისი განვითარების პროცესზე გავლენის მოხდენა?

- დღესდღეობით ანევრიზმის პროფილაქტიკის გზა არ არსებობს. ანევრიზმის მქონე ადამიანმა მუდმივად უნდა აკონტროლოს არტერიული წნევა, არ მოსწიოს თამბაქო, არ მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალებები. ის უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება ანტიკოაგულანტებისა და კონტრაცეპტივების გამოყენება.

- რას გვეტყვით შედეგებსა და პროგნოზზე?

- ანევრიზმა, თუ არ გასკდა, შესაძლოა მთელი სიცოცხლე შეუმჩნეველი დარჩეს; გახეთქვის შემთხვევაში გამორიცხული არ არის ფატალური შედეგი, ჰემორაგიული ინსულტი, ვაზოსპაზმი, ჰიდროცეფალია, კომა და დროებითი ან შეუქცევადი დაზიანებები. ანევრიზმის გასკდომის შემდეგ პროგნოზი დამოკიდებულია ასაკზე, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, ანევრიზმის ადგილმდებარეობაზე, სისხლდენის ხარისხზე (ან განმეორებით სისხლჩაქცევაზე), აგრეთვე - დროზე, რომელიც ანევრიზმის გასკდომიდან სამედიცინო ჩარევამდე გაივლის. მნიშვნელოვანია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. რეაბილიტაციის პერიოდი შესაძლოა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გაგრძელდეს.