ხერხემლის პათოლოგიებით გამოწვეული წელის ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხერხემლის პათოლოგიებით გამოწვეული წელის ტკივილი

წინა ფესვი მამოძრავებელ ბოჭკოებს შეიცავს და გაღიზიანება ზურგის ტვინის წინა რქის უჯრედებიდან პერიფერიისკენ გადააქვს. უკანა ფესვი მგრძნობიარე ბოჭკოებს აერთიანებს. ის იმპულსებს პერიფერიიდან ცენტრისკენ (ზურგის ტვინისკენ) გზავნის. შესაბამისად, ზურგის ტვინიდან გამომავალი ყველა ნერვი შერეული ხასიათისაა ანუ შეიცავს როგორც მგრძნობიარე, ისე მამოძრავებელ ბოჭკოებს და ატარებს როგორც აღმავალ (აფერენტულ), ისე დაღმავალ (ეფერენტულ) იმპულსებს.

ახლა მკითხველისთვის ალბათ გასაგებია, წელის რადიკულიტის დროს ტკივილთან ერთად რატომ იჩენს თავს მოძრაობის შეზღუდვაც.

რა იწვევს უმეტესად წელის რადიკულიტს, რა არის მთავარი წელის ტკივილის პათოგენეზში, რას გულისხმობს მკურნალობა და რას - პროფილაქტიკა? ამ საკითხებზე გვესაუბრება “ტკივილის მართვის ცენტრისა” და კლინიკა “ჯანმრთელობის სახლის” ექიმი ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი შალვა ჩხიკვიშვილი.

- ბატონო შალვა, წელის ტკივილის მიზეზი ხშირად ზურგის ტვინის ფესვების დაზიანებაა, უმთავრესად რა აზიანებს ფესვებს?

- ფესვობრივი ტკივილი რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული:

პირველი - მალათაშუა ფესვების კომპრესიით, დისკოპათიით, დისკის გამოზნექით, მისი პროლაფსით ანუ თიაქრით.

მოგეხსენებათ, მალათაშუა დისკოები ტერფებთან ერთად ხერხემლის საამორტიზაციო ერთადერთი საშუალებაა. მოძრაობისას დატვირთვა მათზე გადანაწილდება. მალებს რთული აგებულება აქვს. მალათაშუა დისკო კი, თავის მხრივ, შედგება ხრტილოვანი რგოლებისა და მათ ცენტრში მოთავსებული პულპოზური ბირთვისგან. დისკოს მოქმედების პრინციპი ძალიან ჰგავს მანქანის ამორტიზატორისას.

ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში დატვირთვა უშუალოდ მალათაშუა დისკოზე მოდის.

მეორე - დისკის “გაცვეთითა” და დადაბლებით. ამას, თავის მხრივ, იწვევს ტრავმა, არასწორი დატვირთვა, რის შედეგადაც იცვლება ხერხემლის ანატომია, მალათაშუა ხვრელები ვიწროვდება.

მესამე - ოსტეოფიტებით ანუ ძვლოვანი წანაზარდებით (რომლებსაც ხშირად “მარილებს” უწოდებენ). ხშირად ისინი მინერალების ცვლის დარღვევის შედეგად წარმოიშობა. გარდა ამისა, ოსტეოფიტი ძვლოვანი ქსოვილის ერთგვარი საპასუხო რექაციაა ზედმეტ და არასწორ დატვირთვაზე. წანაზარდი, ჩვეულებრივ, იქ ჩნდება, სადაც დატვირთვა ნორმას აჭარბებს. ძვალი თითქოს ცდილობს, საკომპენსაციოდ გაიზარდოს მოცულობაში და გამაგრდეს.

მეოთხე - ხერხემლის არასტაბილურობით. ამ დროს მალა მალის მიმართ ანომალიურად მოძრავია, ეს ზოგჯერ იოგოვანი და კუნთოვანი აპარატის სისუსტის ან პათოლოგიის შედეგია. ხშირად ვითარდება დისკექტომიების შემდეგ. თუ, ჩვეულებრივ, რენტგენოლოგიური კვლევისას ხერხემლის მალები განსაზღვრულ ანატომიურ კონტურს არ სცილდება, ხერხემლის არასტაბილურობის დროს ისინი ანატომიური კონტურიდან ამოვარდნილია. არაპროფესიონალის თვალისთვისაც კი ადვილი შესამჩნევია, რომ ესა თუ ის მალა მეტად მოძრავია.

- ტკივილის გარდა, რას უჩივიან პაციენტები ამ დროს?

- ჯერ ერთი, ტკივილი სხვადასხვა არეს მოიცავს, იმისდა მიხედვით, რომელი ფესვია დაზიანებული. მეორე და მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ხშირად პაციენტები ექიმს მაშინ მიმართავენ, როდესაც დაბუჟება, მგრძნობელობის მოშლა და, საზოგადოდ, ე.წ. მინუს სიმპტომატიკა ვითარდება. ეს დაბალი ყოფითი კულტურის ბრალია. არ შეიძლება, პაციენტი ქრონიკული ტკივილით დადიოდეს და იტანჯებოდეს. წელის ტკივილი, ნებისმიერი სხვა ტკივილის მსგავსად, უნდა იმართებოდეს. თუ ეს ვერ ხერხდება, ე.ი. გამოყენებული მეთოდი ან წამალი უეფექტოა. თვითმკურნალობა დაუშვებელია. მხოლოდ მედიკამენტური ჩარევით პრობლემა იშვიათად გვარდება. წესისამებრ, კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ტკივილის შენელება-მოხსნასთან ერთად საჭიროა ანთების ჩაცხრობა, ნერვულ ბოჭკოებზე არსებული კომპრესიის მოხსნა, თუ ანატომიურ დეფექტზეა საუბარი, მისი ლიკვიდაცია და ა.შ.

პაციენტებს ყოველთვის ვუხსნი, რომ სხვადასხვა მიზეზით დაზიანებული ფესვის მკურნალობა კომპლექსურია, მოითხოვს დროს და, რაც მთავარია, პაციენტის მხრივ საკუთარი პასუხიმგებლობის გაცნობიერებას, ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვას. სხვაგვარად შედეგს ვერ მივიღებთ. პაციენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ სწორად ჯდომა, სწორად წოლა, განსაზღვრულ მოძრაობათა სწორად შესრულება, სიმძიმეების აწევასა და ზოგიერთი სახის მოძრაობაზე უარის თქმა, ზოგიერთი პოზის სრულიად დავიწყება მკურნალობისთვის და შედეგის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია. მაგალითად, დისკოპათიების დროს ხერხემალზე ვერტიკალური დატვირთვა მინიმალური უნდა იყოს. სირბილი არ ღირს. აუცილებელია კომფორტული ფეხსაცმლის ტარება, რათა ამორტიზაცია კარგი იყოს. ხტომა და ხტომასთან დაკავშირებული აქტივობა ზედმიწევნით უნდა შეიზღუდოს. რეკომენდებულია ცურვა ბუნებრივი კუნთოვანი კორსეტის გასამაგრებლად. რა თქმა უნდა, პაციენტს ურჩევნია, ერთი აბი გადაყლაპოს და ყველაფერი ერთი გასროლით მოირჩინოს, მაგრამ ასე არ ხდება, მეტადრე - ხერხემლის პათოლოგიების დროს. მათ კომპლექსური და ხანგრძლივი მიდგომა სჭირდებათ.

- დისკოპათიების დროს პაციენტები ხშირად ხერხემალზე ოპერაციულ ჩარევას უფრთხიან და ექიმთან ვიზიტსაც ამის გამო აყოვნებენ...

- მინდა, მკითხველმა გაიგოს, რომ დისკოპათიების დროს არც ოპერაციაა პანაცეა. ოპერაცია მაშინ ტარდება, როცა ის აუცილებელია. არც ერთი ნეიროქირურგი ტყუილ-უბრალოდ ოპერაციას არ აკეთებს, ამაში დარწმუნებული უნდა იყოთ. ჩვენ ძალიან კარგი პროფესიონალები გვყავს ამ დარგში. ისინი ხშირად თავად გზავნიან პაციენტებს კონსერვატიული მკურნალობისთვის. ოპერაცია ნეიროქირურგების თვითმიზანი არ არის. მთავარია, პაციენტმა შვება იგრძნოს. ამისკენაა მკურნალობა მიმართული. წარმოიდგინეთ, როდესაც ვითარდება კომპრესია და ნერვი იჭყლიტება, საქმე ძლიერ ანთებამდე და შეშუპებამდე მიდის. ეს უფრო მეტად აძლიერებს მალათაშუა ხვრელიდან გამომავალ ნერვზე ზეწოლას. ზეწოლით უფრო მეტად ღმავდება პროცესი და ასე ყალიბდება ერთგვარი მანკიერი წრე. ამ წრის გარღვევა აუცილებელია. ზოგჯერ კონსერვატიული მკურნალობით (მედიკამენტები, ინექციები, ბლოკადა, ფიზიოთერაპია, დაჭიმვა, მანუალური თერაპია და სხვა) ეს ვერ ხერხდება, შესაბამისად, ოპერაციული ჩარევა გარდაუვალია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: დისკოს “ჩასმა” ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან მალათაშუა დისკოებში დატვირთვის პროპორციულად წარმოიშობა 2-4 ატმოსფერომდე წნევა. მანუალური მანიპულაციები, დაჭიმვა და მსგავსი მეთოდები მიმართულია კუნთთა პათოლოგიური სპაზმის მოხსნისა და ამის ხარჯზე მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

- რას ითვალისწინებს პროფილაქტიკა?

- დიდი მნიშვნელობა აქვს ხერხემლის სწორ განვითარებას და ადრეული ასაკიდან ამის ხელშეწყობას. ადამიანს ბავშვობიდან უნდა ეძინოს სწორ ზედაპირზე. როდესაც წელის ან დუნდულების არე ჩავარდნილია, ეს წელის ლორდოზზე (ხერხემლის ფიზიოლოგიურ ნადრეკზე) ცუდად აისახება.

წელის ლორდოზი მაქსიმალურად უნდა იქნეს შენარჩუნებული ჯდომის პროცესშიც. აუცილებელია კუნთოვანი კორსეტის ბავშვობიდანვე გამაგრება-გაკაჟება. ამისთვის ფიზკულტურა, ცურვაა რეკომენდებული. საჭიროა ბრტყელტერფიანობისა და ხერხემლის პათოლოგიების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და სათანადო მკურნალობა-კორექცია. რაციონალური კვებითა და ფიზიკური დატვირთვით ხერხემლის პათოლოგიათა და მოსალოდნელ გართულებათა თავიდან აცილება შესაძლებელია.