როგორ ამოვიცნოთ ნევროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ამოვიცნოთ ნევროზი

- ნევროზი ხანგრძლივი, ძნელად ასატანი სტრესული სიტუაციით განპირობებული მდგომარეობაა, რომელიც ფსიქოლოგიური ადაპტაციის დაქვეითების შედეგად ნერვული სისტემის გამოფიტვას იწვევს. ის მიმდინარეობს გაღიზიანებადობითა და სწრაფად დაღლით, შფოთვით, მოუსვენრობით, ვეგეტატიური დარღვევებით - ოფლიანობით, გულისცემის გაძლიერებით, კუჭ-ნაწლავის დისფუნქციით და სხვა.

ნევროზს ახასიათებს შექცევადობა, გახანგრძლივებული მიმდინარეობა, საკუთარი მდგომარეობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების შენარჩუნება. პიროვნული და ქცევითი დარღვევების პროგრესირება მისთვის არ არის დამახასიათებელი.

მოარული გამოთქმები “ნერვული უჯრედები არ აღდგება” და “ყოველგვარი ავადმყოფობა ნევროზისგან ჩნდება”, ვფიქრობ, საკმარისი უნდა იყოს, რათა ნერვულ სისტემას მოვუფრთხილდეთ, უმიზეზოდ არ ავღელდეთ, წვრილმანებს ყურადღება არ მივაქციოთ, შეძლებისდაგვარად ვერიდოთ სტრესს და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვიცხოვროთ, თუმცა უმრავლესობა პირიქით ვიქცევით და ნევროზიც ნელ-ნელა გვითრევს.

- რა იწვევს ნევროზს?

- ნევროზის მთავარი გამომწვევი ფსიქოგენური ფაქტორია. სტრესი შესაძლოა იყოს ძლიერიც (მაგალითად, ახლობლის დაკარგვა) ან შედარებით მსუბუქი, მაგრამ ხანგრძლივიც (ყოველდღიური ერთფეროვანი სამუშაოთი გადაღლა).

ნევროზის განვითარებას ხელს უწყობს:

  • მემკვიდრეობა და გენეტიკური ფაქტორები - სტრესისადმი მცირე გამძლეობა, თანდაყოლილი ადვილად დაღლა, ქრონიკული და გადატანილი დაავადებები, რომლებიც ნერვულ სისტემას ფიტავს;
  • პიროვნული თავისებურებანი - ემოციური ლაბილურობა, დაბალი თვითშეფასება, გულჩვილობა, თავდაჯერების ნაკლებობა;
  • აღზრდის დეფექტები - ინფანტილიზმი, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უუნარობა, სირთულეთა გადალახვის შეუძლებლობა;
  • სოციალური ფაქტორები - არასასურველი ოჯახური გარემო და საყოფაცხოვრებო პირობები, პროფესიული საქმიანობის თავისებურებანი;
  • ცხოვრების არაჯანსაღი სტილი - უძილობა, გადაღლა, გადაჭარბებული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა.

- რა ნიშნების საფუძველზე შეიძლება ვიეჭვოთ ეს დაავადება?

- ნევროზის სიმპტომებია:

  • სისუსტე;
  • ადვილად დაღლა;
  • გუნება-განწყობის დაქვეითება;
  • თავის ტკივილი;
  • ძილის დარღვევა ანუ ნევრასთენია. ამ მდგომარეობას ზოგიერთი ავტორი ქრონიკული დაღლილობის სინდრომს უწოდებს;
  • შფოთვა, შიში. ამასთან, შიში შესაძლოა გამოვლინდეს ფობიის სახითაც, რაც უკავშირდება კონკრეტულ სიტუაციას, მაგალითად, გადატანილ მძიმე ემოციურ სტრესს (შიშის ნევროზი);
  • აკვიატებული აზრები, მოგონებები, მოქმედება ან მოძრაობა - ასეთი სიმპტომები აქვთ ეჭვიან, საკუთარ თავში დაურწმუნებელ ადამიანებს (აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი);
  • კრუნჩხვითი გულყრები;
  • მეტყველების დარღვევა;
  • სენსორული და ვეგეტატიური დარღვევები;
  • დემონსტრაციულობა (ისტერიული ნევროზი);
  • სხვადასხვა შინაგანი ორგანოს ფუნქციური დარღვევები (ამგვარად მიმდინარე ნევროზის ყველაზე გავრცელებული ფორმა სომატოფორმული დისფუნქცია).

არსებობს აგრეთვე კონკრეტულ სიტუაციებში აღმოცენებული ნევროზული მდგომარეობები - სასკოლო, მშობიარობის შემდგომი, ტრავმული, იპოქონდრიული, მოძრაობითი (ტიკი, ენაბლუობა) და სხვა.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ცნება “ნევროზი” ნებისმიერი უარყოფითი ფსიქოლოგიური გარემოთი, სტრესით ან ფსიქიკის გადაძაბვით განპირობებული ყოველგვარი დისკომფორტის კრებითი სახელია.

- ვის უფრო ადვილად ემართება ეს დაავადება - ქალებს თუ მამაკაცებს და რომელ ასაკში?

- ძლიერი ემოციურობისა და აღქმის სიფაქიზის გამო ქალები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ფსიქიური აშლილობისკენ, ამიტომ ნევროზი მათთან გაცილებით ხშირია, ვიდრე მამაკაცებთან. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ნევრასთენია, ისტერიული ნევროზი და აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი.

ნევროზი უმეტესად ემართებათ შუახნის და ასაკოვან ადამიანებს.

ბავშვებთან ნევროზს კლინიკური სიმპტომების ერთფეროვნება ახასიათებს. ჭარბობს:

  • ვეგეტატიური და მოძრაობითი დარღვევები;
  • ენურეზი;
  • ჩვეული პირღებინება;
  • ტიკი;
  • ლოგონევროზი.

ადრეული (2-3 წლამდე) ასაკის ბავშვებთან ის უკავშირდება ფიზიოლოგიურ მიზეზებს - დედის ავადმყოფობას ორსულობისას, მძიმე მშობიარობას, ნაყოფის ჰიპოქსიას, სამშობიარო ტრავმებს, ხშირ ავადობას.

3-დან 6 წლამდე პრობლემას წარმოშობს 3 წლის ასაკობრივი კრიზისი, დაკავშირებული მე-ს ფორმირებასთან, პირველი სოციალური ჩვევების შეძენასთან, საბავშვო ბაღში სიარულთან. ბავშვი იწყებს ჩამოყალიბებულ მეტყველებას და აზროვნებას.

უმცროს სასკოლო ასაკში ბავშვი გადაიტანს კიდევ ერთ ასაკობრივ (7 წლის) კრიზისს - სასკოლო ადაპტაციის პერიოდს.

მოზარდ (12-დან 16 წლამდე) ასაკს ჰორმონული ქარიშხალი, ხასიათის ცვლილებები, ხშირი დეპრესიული მდგომარეობა ახასიათებს.

ამრიგად, ბავშვებსა და მოზარდებთან ნევროზი ეფუძნება, ერთი მხრივ, ნერვული სისტემის ჩამოუყალიბებლობასა და სისუსტეს, მეორე მხრივ კი გადაჭარბებულ ფსიქოემოციურ დატვირთვას მათი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

- როგორ მკურნალობენ ნევროზს? მხოლოდ მედიკამენტურად თუ სხვა მეთოდებიც არსებობს?

- ნევროზული მდგომარეობის მართვა შესაძლებელია ზოგადგამაჯანსაღებელი თერაპიით, დღისა და ძილის რეჟიმის მოწესრიგებით, სპეციფიკური მედიკამენტური მკურნალობითა და ფსიქოთერაპიით.

მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა პროფილური სპეციალისტების - კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის - კონსულტაცია, ხოლო სომატური დარღვევების აღმოჩენისას აუცილებელია მათი მკურნალობა. რეკომენდებულია ნევროლოგის კონსულტაცია, რომელმაც შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს ეეგ და მრტ კვლევების ჩატარება, რთულ შემთხვევაში - ფსიქიატრის კონსულტაცია და მისი შემდგომი მეთვალყურეობა.

ნევროზს მკურნალობენ:

  • ტრანკვილიზატორებით, რომლებიც ხსნის შფოთვას, კუნთოვან დაძაბულობას, აწესრიგებს ძილს;
  • ანტიდეპრესანტებით, რომლებიც ეფექტურად ებრძვის დეპრესიას და გუნება-განწყობის დაქვეითებას. არსებობს ანტიდეპრესანტები, რომლებსაც ძლიერი მასტიმულირებელი ეფექტი აქვს, ებრძვის სისუსტეს, ნაღველს, თუმცა შესაძლოა გააძლიეროს გაღიზიანებადობა. ზოგ ანტიდეპრესანტს კი დამამშვიდებელი მოქმედება ახასიათებს. ეს წამლები ხსნის შფოთვას, მაგრამ შესაძლოა, გამოიწვიოს ძილიანობა და ნერვული სისტემის დამუხრუჭება. ასე რომ, საჭირო პრეპარატი ექიმმა უნდა შეარჩიოს.
  • ნოოტროპული პრეპარატებით, რომლებიც აწესრიგებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მეხსიერებას და ყურადღებას;
  • ნეიროლეპტიკებით, უმთავრესად - მსუბუქით, რომლებიც ხსნის გაღიზიანებადობას და დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს.
  • ვიტამინებით (უმთავრესად - B ჯგუფისათი).

ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები ხშირად არასასურველ გვერდით ეფექტებსაც იწვევს, მაგალითად, მიჩვევას, ამიტომ მკურნალობისას უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ - ჰომეოპათიურ და მცენარეულ - საშუალებებს. მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად სასურველია ჯგუფური ან ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაც.

ეფექტური მკურნალობისთვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის, დღისა და ძილის რეჟიმის დაცვა, აგრეთვე - ზოგადი რელაქსაციური მასაჟი, ცურვა, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, სწორი კვება, თამბაქოსა და ალკოჰოლისგან თავის შეკავება.

- როგორია პროგნოზი, შესაძლებელია ამ მდგომარეობისგან თავის დაღწევა?

- ცალკეულ პაციენტებთან დაავადების გამოსავლის წინასწარ განსაზღვრა ძნელია. ნევროზი, როგორც დროებითი ფუნქციური პრობლემა, უმეტესად კეთილსაიმედოდ მიმდინარეობს და გამოჯანმრთელებით მთავრდება, თუმცა გამოხატული პიროვნული ცვლილებების, სომატური დაავადებებისა და მოუგვარებელი სტრესული სიტუაციების ფონზე ხანგრძლივდება და ადამიანი ნევროზულ პიროვნებად ყალიბდება.

ასეა თუ ისე, ნევროზის მკურნალობა აუცილებელია. ეს საქმე დიდი ხნით არ უნდა გადავდოთ, რადგან პრობლემა დღითი დღე დამძიმდება, ხოლო თუ ნევროზული მდგომარეობა აქვს ბავშვს, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ. ამასთან, ბავშვებში ნევროზის პროფილაქტიკა ჩვენი ცხოვრების აუცილებელ ნაწილად უნდა იქცეს.

საზოგადოდ კი ჯანმრთელად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ჰარმონიულადაა განვითარებული, კარგადაა ადაპტირებული ფიზიკურ და სოციალურ გარემოსთან და ხალისით ასრულებს თავის მოვალეობას. ჯანმრთელობას, ხალისიან და უნევროზო ცხოვრებას გისურვებთ.