კუჭის ტკივილის მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუჭის ტკივილის მიზეზები

კუჭის არეში ტკივილი სრულიად სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. ყველაზე გავრცელებული მიზეზი გასტროეზოფაგური რეფლუქსია. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის მჟავა წვენი პერიოდულად საყლაპავში ამოიტყორცნება. როცა ეს მოვლენა ხშირდება და ხანგრძლივდება, ვითარდება შემაწუხებელი გულძმარვა, ხოლო საყლაპავის გაღიზიანების გამო ტკივილიც აღმოცენდება. საყლაპავთან დაკავშირებულ ტკივილს აძლიერებს მკვეთრი დახრა, დიდი რაოდენობით საკვების მიღება, წამოწოლა მაძღრისად ჭამის შემდეგ. კუჭის არეში ტკივილის მიზეზად შესაძლოა იქცეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ანთებითი დაავადებები, მაგალითად, გასტრიტი - კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება - ან პანკრეატიტი - კუჭუკანა ჯირკვლის ანთება, ასევე - საჭმლის მომნელებელი სისტემის ისეთი მძიმე დაავადებები, როგორებიცაა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი, ნაღველკენჭოვანი დაავადება. ამ შემთხვევებში ტკივილის შეგრძნება ხშირად საკვების მიღების შემდეგ იჩენს თავს. შესაძლოა, ქრონიკული ხასიათიც მიიღოს.

როგორია ტკივილი

ეპიგასტრიუმში ლოკალიზებული ტკივილი სხვადასხვა ძალისა და ხანგრძლივობისაა. ზოგიერთი უჩივის მხოლოდ უმნიშვნელო დისკომფორტს, რომელიც ჭამის შემდეგ აღმოცენდება და მალევე ქრება, ზოგი კი ძლიერ, მწველ ტკივილს, რომელიც მხოლოდ კუჭის არეს კი არ მოიცავს, არამედ გადაეცემა მთელ მუცელს, გულმკერდს, კისერს, არღვევს ძილს. უშუალოდ კუჭის დაავადებასთან დაკავშირებულ ტკივილს განსაზღვრული თავისებურებები ახასიათებს. ის შეიძლება იყოს მწველი, მჩხვლეტი, მბურღავი, ჭიმვადი, მჭრელი. ტკივილი მუდმივი ან პერიოდულია, ზოგჯერ შეტევით ხასიათს იღებს. მუდმივი ტკივილი გრძელდება დღეების, კვირების, ზოგჯერ თვეების განმავლობაში. მართალია, მისი ინტენსივობა ცვალებადია - ხან იმატებს, ხან კი იკლებს, მაგრამ თითქმის არასოდეს ქრება. მუდმივი ტკივილი თან ახლავს კუჭის წყლულს, კერძოდ, დაავადების შორს წასულ შემთხვევებს, როცა ვითარდება ორგანოს მფარავი პერიტონეუმის ანთება ან წყლული მიმდებარე ორგანოებზე ვრცელდება. განსაკუთრებით ძლიერი, შემაწუხებელი და უწყვეტია ტკივილი კუჭის კიბოს დროს, თუმცა ზოგჯერ ამ დაავადებით გამოწვეულმა ტკივილმაც შეიძლება მიიღოს შეტევითი ხასიათი. კუჭის წყლულის თანმხლები ტკივილი არა მარტო მუდმივი, არამედ პერიოდულიც შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ტკივილის შეგრძნება აღმოცენდება მაშინ, როცა კუჭის სეკრეცია ანუ მისი წვენის გამოყოფა მაქსიმალურია. ჩვეულებრივ, ასე ხდება საკვების მიღებიდან განსაზღვრული ხნის - 15-30 წუთის ან 2-3 საათის შემდეგ. ტკივილის აღმოცენება განსაზღვრული კანონზომიერებით განსაკუთრებით მაშინ არის შესამჩნევი, როცა პაციენტი ერთსა და იმავე დროს იღებს საკვებს. კუჭის წყლულთან დაკავშირებული ტკივილი, ჩვეულებრივ, იწყება უშუალოდ კუჭის არიდან (მკერდის ძვლის დაბოლოების, ეგრეთ წოდებული გულის კოვზის მიდამოდან), მწველია, თანდათან იღებს მგლეჯავ და მჩქმეტავ ხასიათს, თან სდევს გულძმარვა, შესაძლოა მოჰყვეს ღებინებაც, რის შემდეგაც ტკივილის ინტენსივობა მცირდება. ტკივილის შესამსუბუქებლად პაციენტი ეძებს მოხერხებულ პოზას და ცდილობს, ის აღარ შეიცვალოს. მაგალითად, ზის ან წევს, წინ არის დახრილი, ქვედა კიდურები მუცლისკენ აქვს მიზიდული, ხელები კი კუჭზე უწყვია. საინტერესოა ტკივილის მაპროვოცირებელი ფაქტორები. კუჭის წყლულთან დაკავშირებული ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს უხეში, გამღიზიანებელი, მჟავე საკვების მიღების შემდეგ. ზოგჯერ ტკივილის შეგრძნებას იწვევს გაციება, აღელვება, დაღლა, ფიზიკური დაძაბვა. ზოგჯერ კუჭის არეში ვითარდება ყრუ ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფეხზე დგომისას და სწრაფად სუსტდება ან სრულიად ქრება დაწოლისას. ასეთი ტკივილი კუჭის დაწევისთვის არის დამახასიათებელი და განპირობებულია ორგანოს დაწევის გამო პერიტონეუმის იოგებისა და ნერვული წნულების დაჭიმვით. კუჭის არეში ტკივილი ყოველთვის იზოლირებულია. მას შესაძლოა თან ახლდეს სხვა სიმტომებიც. თანმხლები სიმპტომატიკის არსებობა ტკივილის გამომწვევ დაავადებაზეა დამოკიდებული. ამ სიმპტომთაგან საყურადღებოა:

  • მთელ მუცელში გავრცელებული ტკივილი;
  • მუცლის შებერვა, ყურყური, აირების დაგროვება;
  • ბოყინი;
  • წვის შეგრძნება მუცელსა და გულმკერდში;
  • შეკრულობა;
  • ფაღარათი;
  • მეტეორიზმი;
  • გულისრევა ღებინებით ან მის გარეშე;
  • ტკივილი გულმკერდში.


კუჭის არეში ტკივილის მიზეზები

როგორც უკვე ვთქვით, კუჭის არეში ტკივილს სხვადასხვა დაავადება იწევს. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • გასტრიტი;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
  • ლაქტოზის აუტანლობა;
  • მედიკამენტების გვერდითი ეფექტი, თუმცა ამ შემთხვევაშიც ტკივილის მიზეზი გასტრიტია, რომელსაც მედიკამენტურ გასტრიტს უწოდებენ. გარდა ამ ფართოდ გავრცელებული მიზეზებისა, ეპიგასტრიუმში ტკივილს განაპირობებს:
  • ბარეტის საყლაპავი - საყლაპავის ლორწოვანი გარსის უჯრედების ცვლილება, რასაც შემდგომ შესაძლოა საყლაპავის კიბო მოჰყვეს;
  • ეზოფაგიტი - საყლაპავის ანთება;
  • ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობა;
  • საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი;
  • პანკრეასის კიბო;
  • პანკრეატიტი ანუ პანკრეასის ანთება;
  • კუჭის წყლული;
  • კუჭის ან საყლაპავის კიბო.

ვუპასუხოთ კითხვებს

“დამნაშავის” დასადგენად ექიმს თავდაპირველად რამდენიმე ფაქტორის დაზუსტება მოუწევს, რის გამოც პაციენტს, სავარაუდოდ, განსაზღვრულ კითხვებს დაუსვამს, სახელდობრ:

  • რამდენად ხანგრძლივია ტკივილი;
  • მკვეთრად ძლიერდება თუ არა ის განსაზღვრულ პერიოდში;
  • იტანს თუ არა პაციენტი რძესა და მისი შაქრის შემცველ პროდუქტებს;
  • ხომ არ აქვს სტენოკარდია ან გულის დაავადება;
  • ახლავს თუ არა ტკივილს სხვა სიმპტომები;
  • ხომ არ იღებდა ტკივილის აღმოცენებამდე რაიმე პრეპარატს;
  • რომელ პრეპარატებს იღებს ტკივილის შესამცირებლად;
  • სად არის ტკივილი ლოკალიზებული.

რა გართულებებია მოსალოდნელი კუჭის არის ტკივილის დროს

კუჭის არეში ლოკალიზებული ტკივილი თავისთავად არ იწვევს რაიმე გართულებას, თუმცა მუდმივი დისკომფორტი აუარესებს ცხოვრების ხარისხს და არცთუ იშვიათად საკვების მიღების სასიამოვნო პროცესს ტკივილის მოლოდინის შემაწუხებელი შეგრძნება ცვლის. არცთუ იშვიათად ამ რთული სიტაუაციიდან პაციენტები მარტივ “გამოსავალს” პოულობენ - თავს არიდებენ კვებას, რაც წონის კლების მიზეზად იქცევა. პაციენტი სუსტდება, მას ადვილად ემართება ის დაავადებები, რომელთა განვითარების ალბათობას ცუდი კვება ზრდის. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კუჭის არეში ლოკალიზებული ტკივილი შეიძლება სერიოზული დაავადების სიმპტომი იყოს. ამ დაავადებათაგან აღსანიშნავია:

  • საყლაპავის, კუჭის ან სხვა ორგანოთა სიმსივნე;
  • საყლაპავის შევიწროება - სტრიქტურა;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი ან გულის შეტევა.

რასაკვირველია, კუჭის ტკივილის შემთხვევათა მხოლოდ მცირე ნაწილია გამოწვეული ამ მძიმე დაავადებებით. ექიმი პაციენტის გამოკითხვისა და მისი გასინჯვის საფუძველზე განსაზღვრავს მათ ალბათობას და საჭიროებისას სათანადო კვლევას გეგმავს.

როგორ შევამციროთ ტკივილი

განსაზღვრული ღონისძიებების მეშვეობით საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებთან დაკავშირებული ტკივილი შეიძლება შემცირდეს ან სრულიად გაქრეს. მაგალითად, ექიმთან მისვლამდე ფარმაცევტის რჩევით შეგიძლიათ მიიღოთ სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატები თხევადი (2 სუფრის კოვზი) ან ტაბლეტირებული სახით. ამ ღონისძიების ეფექტურობა ადასტურებს, რომ ტკივილის მიზეზი კუჭის ან საყლაპავის დაავადებაა.

როდის არის აუცილებელი სასწრაფო დახმარება

როგორც აღვნიშნეთ, კუჭის მიდამოს ტკივილი ზოგჯერ მძიმე დაავადების გამოხატულებაა. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა დროულ სამედიცინო დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ეხება მდგომარეობას, როცა ტკივილი:

  • ვრცელდება გულმკერდისაკენ, თან ახლავს შებოჭვის, გულის ფრიალის შეგრძნება;
  • ვრცელდება ბეჭებისა და ზედა კიდურებისკენ და აქვს მფეთქავი ხასიათი;
  • თან ახლავს სუნთქვის გაძნელება, ხიხინი;
  • თან ახლავს სისხლიანი ღებინება ან ღებინება ყავის ნალექის მსგავსი მასით.