დამწვრობა და მისი მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დამწვრობა და მისი მკურნალობა

- ბატონო გუგა, მოდი, დამწვრობაზე საუბარი მზის სხივებით მიღებული დამწვრობით დავიწყოთ.

- ზაფხულში ძალიან ხშირდება ეგრეთ წოდებული მზით დამწვრობა, მედიცინის ენაზე - სოლარული დამწვრობა. დღეში ასეთი ორი-სამი პაციენტი გვაკითხავს. უახლოესი რამდენიმე კვირის წინაც ისეთი სიცხე იყო, რომ ლომისობის დღესასწაულიდან ოცდახუთი პაციენტი მივიღეთ. საბედნიეროდ, ყველას მხოლოდ ამბულატორიული მომსახურება დასჭირდა, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა სოლარული დამწვრობა არა მარტო სტაციონარულ, არამედ რეანიმაციულ ღონისძიებებსაც ითხოვდა. მზით დამწვრობა, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ზედაპირულ, პირველი-მეორე ხარისხის დაზიანებას იწვევს, ხშირად ვრცელ ფართობს, კანის 60-70%-ს მოიცავს, რაც საკმაოდ სერიოზულ და მძიმე დაზიანებად მიიჩნევა. მზით დამწვრობას თან ახლავს გადახურება, მზის დაკვრა, სითბური დაკვრა, რაც საერთო მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. ამ დროს აღინიშნება ღებინება, გულისრევა, რა თქმა უნდა, ტკივილიც, ადამიანმა შესაძლოა გონიც კი დაკარგოს. ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ვერიდოთ ზაფხულის მზეს, განსაკუთრებით - 11-დან 3 საათამდე, ვარიდოთ სამ წლამდე ასაკის ბავშვები და მოხუცებიც. არ გეგონოთ, რომ ღრუბლიანი ამინდი უსაფრთხოა - ასეთ ამინდში დაზიანების ალბათობა არანაკლებია. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ კურორტებზე, ზღვაზე, მთაში, ტბისა თუ მდინარის ნაპირებზე მხოლოდ პირდაპირი კი არა, არეკლილი მზის სხივებითაც იღებენ გამოსხივების ორმაგ-სამმაგ დოზას - მზის სხივებს ირეკლავს პლაჟის კენჭები, წყალი... რა თქმა უნდა, უმჯობესია, გვეხუროს თეთრი ან ღია ფერის ქუდი, რომელიც, მუქი ფერის თავსაბურავისგან განსხვავებით, კარგად ირეკლავს მზის სხივების უმეტესობას. მზეზე პირველი ვიზიტი, როცა კანი ჯერ კიდევ დაუცველია, ხანმოკლე უნდა იყოს. მნიშვნელობა აქვს კანის ბუნებრივ ფერს, ასაკს, მდგომარეობას - ზოგი თუ ადვილად ირუჯება მზეზე, ზოგმა შესაძლოა პირველივე წუთებში დამწვრობა მიიღოს. ეს დრო მეტად ინდივიდუალურია. კარგია მზისგან დამცავი სპეციალური კრემის წასმა, განსაკუთრებით - გარუჯვის საწყის პერიოდში. კურორტზე ყოფნა ჩვენთვის დასვენებაა და ძალიან საწყენი იქნება, თუ ის მზისგან გამოწვეულმა ტრავმამ ჩაგვაშხამა. მზისგან მიღებული დამწვრობა მეტად ვერაგი ტრავმაა - როდესაც მზისგულზე ხარ, ვერ გრძნობ, რომ იწვები, არც კანი წითლდება, არც ბუშტუკები ჩნდება და არც ტკივილი გაწუხებს. ეს ყველაფერი ჩრდილში გადასვლის შემდეგ იჩენს თავს. აქედან გამომდინარე, პირველი ვიზიტის დროს მზისგულზე ნახევარი საათით ყოფნამაც კი შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს. შემდეგ ამ ყველაფერს ერთვის ჩვეულებრივი, ადამიანური სიტუაციები: დამწვარ ადამიანს ენანება შვებულების დღეების დაკარგვა, ძალიან უნდა, კარგი ნარუჯი მიიღოს და ამით უფრო მეტად იღრმავებს ტრავმას. ჩემი მონაცემებით, ევროპასა და, საზოგადოდ, მსოფლიოში ნარუჯი უკვე აღარ არის მოდაში. მართალია, როგორც ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ მერწმუნეთ, გაწითლებული, აჭრელებული და აქერცლილი კანი ლამაზად სულაც არ გამოიყურება. ცალკე თემაა შარშანდელი ამბავი, როდესაც ბევრი ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებული ქიმიური დამწვრობის შედეგად მოხვდა საავადმყოფოებში და მათ შორის ჩვენთანაც.

- წელსაც ხომ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა?

- წელს ერთი შემთხვევა გვქონდა, მაგრამ ამჯერად ნახარში რუჯის მისაღებად არ გამოუყენებიათ; პაციენტს ვიტილიგო ჰქონდა, რომლის დროსაც კანზე დეპიგმენტაციური უბნები ჩნდება, და სწორედ მათ გასაქრობად წაისვა ლეღვის ფოთლების ნახარში. წაისვა და ლოკალური დამწვრობაც მიიღო... მერწმუნეთ, ვიტილიგო გაცილებით სერიოზული პრობლემაა, ლეღვის ფოთლების ნახარშით მისი მოგვარება პრაქტიკულად გამორიცხულია. მიუხედავად მრავალჯერადი გაფრთხილებისა, მაინც ბევრი იღებს უგუნურ გადაწყვეტილებას და მას საკუთარ ჯანმრთელობას სწირავს. საბედნიეროდ, წელს მეტი შემთხვევა არ გვქონია და იმედი მაქვს, ასეთ გაუგებრობაში აღარც ჩვენ მოვხვდებით და აღარც მოსახლეობა. აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ლეღვის ფოთლების ნახარში თავისი შემადგენლობით მჟავაა; მინანქრის ქვაბში მოხარშვა იმას ნიშნავს, რომ მას მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ თავისი თვისებები, და საერთოდ, ლეღვის ფოთლების ნახარშს სულაც არ სჭირდება მზის სხივები - მთვარიანი ღამითაც რომ წაისვათ, ქიმიურ დამწვრობას მაინც მიიღებთ. ქიმიური დამწვრობა, განსაკუთრებით - დიდ ფართობზე, საკმაოდ სერიოზული ტრავმაა და ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის. გარდა ლეღვის ფოთლების ნახარშისა, ჩვენი მოსახლეობა სხვა ექსპერიმენტებსაც მიმართავს. იყენებენ სხვადასხვა ფორმულას, რომლებიც სტაფილოსა და ჭარხლის წვენებისა და კოკა-კოლას ნაზავისგან შედგება, ლუდს, საჭმელ სოდას, ზეთს... მათ ნარევებს ტანზე ისვამენ და, რაღა თქმა უნდა, სავალალო შედეგებს იღებენ. არადა, წესით, რუჯი მშრალ კანზე უნდა მივიღოთ, რადგან სითხის თითოეული წვეთი თავისებურ ლინზას წარმოადგენს და მზის მოქმედებას აძლიერებს. გირჩევთ, ზედაპირული დაზიანების დროს წყალში ხსნად ფუძეზე დამზადებული კრემები, ლოსიონები და გელები იხმაროთ. ჩამოსაბანად კარგია ბავშვის საპნის გამოყენება, რომელიც შედარებით უსაფრთხოა. გაღიზიანებული კანი ადვილად შეიძლება დაზიანდეს და დამწვრობა, ვთქვათ, კონტაქტური დერმატიტით გართულდეს, ეს კი უფრო მეტად დაამძიმებს ვითარებას. ცალკე საუბრის თემაა ექიმბაშების მალამოების ხმარება, შინაური ნარევების გამოყენება. სამზარეულო წიგნში ვერ იპოვით ისეთ ინგრედიენტს, რომელსაც დამწვრობის საწინააღმდეგოდ არ ხმარობენ. იხმარება შარდიც კი და არამარტო ბავშვისა... ასეთი კომიკური სიტუაცია არცთუ იშვიათია, თუმცა ეს სულაც არ არის სასაცილო. ხმარობენ სოდას, რომელიც თავად იწვევს ქიმიურ დამწვრობას, ალკოჰოლს, ზეთს...

- ხმარობენ მაწონსაც და, როგორც ამბობენ, საკმო წარმატებითაც.

- ეს უბრალო ფიზიკაა და მეტი არაფერი. იგივე სპირტი, ოდეკოლონი, მაწონი მართლაც გამოიყენება. საერთოდ, სითხის აორთქლებას სჭირდება ენერგია, სითბო და, აქედან გამომდინარე, ორგანიზმი იმ მომენტში გრილდება, მაგრამ ეს დროებითი შედეგია, მას ხანგრძლივი ეფექტი არ აქვს და, გარდა ამისა, კანის აქერცვლასაც იწვევს, რაც შემდეგ შესაძლოა ინფექციითაც გართულდეს. მზის დამწვრობას ზოგჯერ თან ახლავს ქუთუთოების დაწვა და კონიუნქტივიტი. განსაკუთრებით ზარალდებიან ბავშვები და მოხუცები, რომელთა კანი შედარებით თხელი და დაუცველია. დამწვრობას ხშირად თან ახლავს ორგანიზმის გადახურება და მზის დაკვრა…


- აქვე ვისაუბროთ მკურნალობის შესახებაც. თუმცა ჯერ სიმპტომები ჩამოვთვალოთ.

- ეს სიმპტომებია: კანის ჰიპერემია ანუ გაწითლება, მცირე ზომის თხელკედლიანი ბუშტულაკების ჩამოყალიბება, რომლებიც გამჭვირვალე სითხითაა სავსე. ესენი პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობის ნიშნებია. ამას თან ახლავს დისკომფორტი, ტკივილი, წვა, ზოგჯერ - კანკალი და მაღალი ტემპერატურა.

- რა შეგვიძლია გავაკეთოთ ექიმის მოსვლამდე, ანუ როგორ გავუწიოთ დაზარალებულს პირველი დახმარება?

- შეგვიძლია, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი, დავტვირთოთ სითხეებით და გრილ ადგილას მოვათავსოთ. დაუშვებელია ასეთი სიმპტომებით მზისგულზე დარჩენა. დაბოლოს, აუცილებელია ვიზიტი ექიმთან, რომელიც განსაზღვრავს ტრავმის ფართობსა და ხარისხს, ასევე - მოითხოვს თუ არა დამწვრობა დამატებით ღონისძიებებს. არათუ უბრალო ადამიანებს, ხშირად ჩვენს კოლეგებსაც კი (სხვა პროფესიის ექიმებს ვგულისხმობ) უჭირთ იმის გარკვევა, რა საფრთხეს გამოიწვევს დამწვრობა, ამიტომ სპეციალისტის კონსულტაციაა აუცილებელია, რათა მკურნალობა დროულად დავიწყოთ და პრობლემა სათავეშივე აღმოვფხვრათ. გართულებული ფორმების მკურნალობა, მერწმუნეთ, გაცილებით რთულია. არის შემთხვევები, როდესაც მზის დამწვრობის მიღების შემდეგ ადამიანი რეანიმაციაში ხვდება და დამწვრობითი დაავადება და მისი გართულებები საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს.

- ახლა, რაც შეეხება საყოფაცხოვრებო დამწვრობებს. რა და როგორი დამწვრობები არსებობს?

- სიღრმის მიხედვით განასხვავებენ დამწვრობის ოთხ ხარისხს. პირველი ხარისხის დამწვრობა შედარებით მსუბუქია, მეოთხე ხარისხისა - ყველაზე მძიმე დაზიანება. პირველი ხარისხის დამწვრობის სიმპტომებია ტკივილი და კანის ჰიპერემია - გაწითლება. მეორე ხარისხის დამწვრობის დროს ამ ნიშნებს ემატება თხელკედლოვანი გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტულაკები. მესამე ხარისხის დამწვრობა ორ - მესამე ა და მესამე ბ - ხარისხად იყოფა. პირველ შემთხვევაში ბუშტულაკები უფრო დიდი ზომისაა და შემღვრეული გაუმჭვირვალე სითხითაა სავსე, მესამე ბ ხარისხის დამწვრობის დროს კი ბუშტულაკები შესაძლოა შედარებით ნაკლებად იყოს გამოხატული; კანს ეპითელიუმის შრე სცილდება, აქვს მონაცრისფრო შეფერილობა, მარმარილოსებურად არის აჭრელებული. ტკივილი მესამე ბ ხარისხის დამწვრობას ნაკლებად ახასიათებს. მეოთხე ხარისხის დამწვრობისას კანის ყველა შრეა დაზიანებული. შესაძლოა, დაზიანდეს მყესები, კუნთები და ძვლებიც კი. რაც უფრო ღრმა დაზიანებაა, მით უფრო ნაკლებადაა გამოხატული დისკომფორტი და ტკივილი, ამიტომ ძალიან ხშირად, იმის გამო, რომ მცირე ფართობის დაზიანება პაციენტს დისკომფორტს არ უქმნის, ტკივილი არ აწუხებს, ის გვიან, რამდენიმე დღის შემდეგ მიმართავს ექიმს. დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაზიანებული უბნის ფართობს. დიაგნოსტიკის დროს ცალ-ცალკე არც სიღრმეს და არც ფართობს არ აქვს მნიშვნელობა; მხოლოდ ორივეს გათვალისწინებით მკურნალობისას შეიძლება მივიღოთ საუკეთესო შედეგი. ფართობის განსაზღვრის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი წესი ხელისგულის წესია. ადამიანის ხელისგულის ფართობი სხეულის დაახლოებით ერთ პროცენტს უდრის. სპეციალისტი კი გაცილებით რთული ფორმულით გამოთვლის დაზიანების ფართობს, რადგან ბავშვებში პროცენტები სხვაგვარად გამოითვლება და მოზრდილებში - სხვაგვარად. ცალკე საუბრის თემაა დამწვრობის მიზეზები. ბავშვებსა და მოზრდილებში ეს მიზეზები განსხვავებულია. ბავშვები უმთავრესად საყოფაცხოვრებო დამწვრობებით ხვდებიან ჩვენთან. ესენი უმთავრესად სამ წლამდე ასაკის ბავშვები არიან. ვერ წარმოიდგენთ, რა საშიში შეიძლება იყოს სამზარეულო. კლასიკური ვარიანტია, როდესაც ბავშვი ჭოჭინით დადის და ჩართული მადუღარას სადენს თავისკენ ჩამოსწევს. ერთი მადუღარა წყალი საკმარისია, რომ ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდეს. ძალიან ხშირია კერძის გადმოსხმა, ფხვნილიანი ნარეცხი წყლის გადმოსხმა. მოზრდილებში ხშირია დამწვრობები ბენზინის, საღებავების ან ბუნებრივი აირის აფეთქების დროს და სხვა. რაც ახალ კლინიკაში გადმოვედით, დამწვრობის სტატისტიკამ დაახლოებით 20%-ით იმატა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის - გარემონტებული კლინიკა და უკეთესი პირობები, დაზღვეული პაციენტების მომრავლება, ექიმბაშური მკურნალობის უგულებელყოფა და სხვა.

- როგორ მკურნალობენ დამწვრობას?

- როდესაც დამწვრობის ფართობი მცირეა და დაზიანება ზედაპირულია, ადგილობრივად მოქმედ საშუალებებს ვიყენებთ. როდესაც ფართობი გარკვეულ ჩარჩოებს სცდება და მისი სიღრმეც იმატებს, ვამბობთ, რომ მიმდინარეობს დამწვრობითი დაავადება, რომელშიც მთელი ორგანიზმია ჩართული, ამიტომ აქ მხოლოდ ადგილობრივ მკურნალობას აზრი არ აქვს. ამ დროს ტარდება ზოგადი მკურნალობა, სითხეების გადასხმა, ანტიბიოტიკოთერაპია და სხვა ღონისძიებები, ანუ მკურნალობა კომპლექსურია.

- ძნელია დამწვრობაზე ისაუბრო და არაფერი თქვა მისი  მკურნალობის ერთ-ერთ უახლეს მეთოდზე - კანის გადანერგვაზე.

- კანის გადანერგვა საქართველოში დღეს და გუშინ არ დაწყებულა, მას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში ვაჟა-ფშაველას გაუკეთდა კანის გადანერგვა, თვალზე, უფრო სწორად, ქუთუთოზე, ციმბირის წყლულის შედეგად დარჩენილი დეფექტის აღმოსაფხვრელად. ეს მისი ძმის მოგონებებში მაქვს ამოკითხული. თბილისში მხრიდან ააჭრეს კანი და ქუთუთოზე გადაუნერგეს, თუმცა თვალღიაობა მაინც დარჩა და თვალი ამის გამო გაუფუჭდა. კანის გადანერგვასა და დამწვრობას ცალ-ცალკე არავინ განიხილავს ჩვენი სადაზღვევო კომპანიების გარდა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს კანის პლასტიკაა. არ ვიცი, ამ ტერმინებიდან რომელს იხმარს ადამიანი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ თუ აფინანსებ მწვავე გადაუდებელ მდგომარეობას - დამწვრობას, ბუნებრივია, ამაში მოიაზრება კანის გადანერგვაც, რომელიც დაავადების წმინდა ქირურგიული მკურნალობის მეთოდია და სხვა არაფერი. კანის გადანერგვამ და მისი ტექნიკის დახვეწამ საშუალება მოგვცა, გადაგვერჩინა პაციენტები, რომლებიც წინათ, სამწუხაროდ, იღუპებოდნენ, თავიდან აგვეცილებინა სიმახინჯეები და ინვალიდობა და სიკეთე მოგვეტანა არა მარტო პაციენტებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რადგან თითოეული ჯანმრთელი ადამიანი სახელმწიფოსთვის პროდუქციას ქმნის და გადასახადებს იხდის, ხოლო უნარშეზღუდულს იქით ეხმარება სახელმწიფო. სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს ვერ ვიყენებთ გვამურ კანს და არ ხდება კანის კულტივირება, რადგან უჯრედების გამოზრდა ძალიან ძვირი ჯდება. რაც შეეხება დანარჩენს, შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ დღეს საქართველოში იგივე ოპერაციები კეთდება და ისეთივე წარმატებით, რაც ამერიკაში, ევროპასა და მსოფლიოს სხვა მოწინავე ქვეყნებში. ზემოხსენებული პრობლემების მოსაგვარებლად კი მუშაობა მიმდინარეობს. ეს ჩვენი ხვალინდელი დღეა და გვინდა, ამ მხრივაც ლიდერები ვიყოთ ჩვენს რეგიონში. დაბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ჩვენი მოსახლეობა: ცეცხლთან თამაშს ერიდეთ. დამწვრობა მეტად სერიოზული ტრავმაა, რომლის მკურნალობა საკმაოდ რთული და ძვირად ღირებულია.