ოფლის გამოყოფა და მისი დარღვევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოფლის გამოყოფა და მისი დარღვევები

გარემოს ტემპერატურასა და ტენიანობაზე, ორგანიზმის ფიზიკურ აქტიურობასა და ფსიქიკურ დაძაბულობაზე დამოკიდებულებით განასხვავებენ ოფლის გამოყოფის რეაქციის ორ ძირითად სახეს:

1) თერმორეგულატორულ ოფლის გამოყოფას - აღმოცენდება მთელ სხეულზე ადეკვატური თერმორეგულაციისთვის როგორც გარემოს ტემპერატურის ცვლილების საპასუხოდ, ასევე ფიზიკური დატვირთვისას;

2) ფსიქოგენურ ოფლის გამოყოფას -  აღმოცენდება ფსიქიკური დაძაბულობის შედეგად სხეულის სხვადასხვა უბანზე: ხელისგულებზე, იღლიის ფოსოებში, ფეხისგულებზე, სახის ცალკეულ უბნებზე, - ან სხეულის მთელ ზედაპირზე.

თერმორეგულატორული ოფლის გამოყოფის ძირითადი მექანიზმი მკვლევართათვის დღემდე საკამათოა. ამ საკითხის თაობაზე საერთო აზრი არ არსებობს. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ამ სახის ოფლის გამოყოფა დამოკიდებულია სისხლის ტემპერატურის მომატებასა და თერმორეგულაციაზე პასუხისმგებელი ცენტრალური სტრუქტურების გააქტივებაზე, ზოგიერთის აზრით კი, აღნიშნულ სტრუქტურათა გააქტივება პერიფერიულ თერმორეცეპტორთა რეფლექსური ზეგავლენით ხდება. ისიც აღსანიშნავია, რომ თერმორეგულაციაზე პასუხისმგებელი ცენტრალური სტრუქტურების აღგზნებაზე დიდ გავლენას ახდენს სისხლის ფიზიკური თვისებები - როდესაც სისხლის წებოვნება ქვეითდება, ოფლის გამოყოფა უფრო სწრაფი და მეტად ინტენსიურია. ოფლი, გარემოს დაბალი ტემპერატურის პირობებშიც კი,  გამუდმებით გამოიყოფა ისე, რომ ადამიანი ამას ვერ გრძნობს. საყურადღებოა ისიც, რომ ოფლის გამოყოფის პროცესი, როგორც სითბოს გაცემის სარეგულაციო მექანიზმი, განსაკუთრებით ძლიერდება გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში, ხოლო 33 გრადუსზე მაღალი ტემპერატურისას პერსპირაცია (ოფლის გამოყოფა) თბორეგულაციაში დომინანტური ხდება. ოთახის ტემპერატურაზე ადამიანის სხეულის ზედაპირიდან 0,5-0,6 ლ სითხე ორთქლდება, ხოლო სიცხეში მთელი დღე-ღამის განმავლობაში და ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას გამოყოფილი ოფლის რაოდენობამ შესაძლოა 10-12 ლიტრს მიაღწიოს. ოფლით ადამიანის ორგანიზმიდან წყლისა და მარილების გარდა ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებიც გამოიდევნება. ამ უკანასკნელთა შემცველობის მიხედვით  ორგანიზმის ცალკეული ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ფუნქციობაზე მსჯელობაა შესაძლებელი. მაგალითად, ოფლით შარდოვანასა და ამიაკის გამოყოფა თირკმელების ფუნქციურ მდგომარეობას ასახავს, პეპსინოგენის, ამილაზისა და ტუტე ფოსფატაზის გამოყოფა კი საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ფუნქციურ მდგომარეობაზე მიუთითებს.

საოფლე ჯირკვლები

საოფლე ჯირკვლები ორგვარია: ეკრინული და აპოკრინული. ეკრინული ჯირკვლებით სხეულის მთელი ზედაპირია მოფენილი. ადამიანის სხეულის ზომების კვალობაზე, მათი რაოდენობა 2-4 მილიონს შეადგენს. ეკრინული ჯირკვლები განსაკუთრებით უხვად არის განლაგებული ხელისგულებსა და ფეხისგულებზე, სახეზე და იღლიის ფოსოებში (1 კვ. სმ-ზე 600 ჯირკვალი), შედარებით ნაკლებია ზურგზე და გულმკერდის არეში (1 კვ. სმ-ზე 60-მდე ჯირკვალი). ამ ჯირკვლების ექსკრეტორული (გამომყოფი) სადინარები კანზე ფორების სახით იხსნება. ეს ჯირკვლები ინტენსიური სისხლის მიმოქცევითა და სიმპათიკური ინერვაციით გამოირჩევა. ჯირკვლების სადინარის ნაწილში ნატრიუმი და ქლორი უკუშეიწოვება, რის გამოც ოფლი პლაზმისმაგვარ სითხედ იქცევა. ამ ჯირკვლების მიერ გამოყოფილ ოფლს სუსტი ტუტე რეაქცია აქვს. ის ჰიპოტონურია ანუ ნატრიუმის ქლორიდის კონცენტრაცია მასში 0,3-დან 0,5%-მდე მერყეობს. ეკრინული ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ოფლი შეიცავს  მცირე რაოდენობით კალიუმს, რძის მჟავას, გლუკოზასა და შარდოვანას. საოფლე ჯირკვლების მიერ ორგანიზმში მარილების შეკავების უნარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოფლის მასიური გამოყოფის დროს. საზოგადოდ, საოფლე ჯირკვლებს დიდი წვლილი მიუძღვით ოსმორეგულაციაში  ანუ წყლისა და მარილების გამოყოფის გზით ოსმოსური წნევის მუდმივობის შენარჩუნებაში. მათი ძირითადი ფუნქცია თერმორეგულაცია - სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებაა. აპოკრინული ჯირკვლები შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული. ისინი თმის ფოლიკულებისგან ვითარდება და უმთავრესად იღლიის ფოსოებში, არეოლებისა და გარეთა სასმენი მილის არეში, აგრეთვე - ანოგენიტალურ ანუ სასქესო ორგანოთა და ანალურ, უკანა ხვრელის მიდამოშია განლაგებული. ამ უბნებში ლოკალიზებული აპოკრინული ჯირკვლები მთელ სხეულზე არსებული საოფლე ჯირკვლების 10-40%-ს შეადგენს. ისინი მარტივი ლულოვანი ჯირკვლებია. მიიჩნევენ, რომ სხეულის სპეციფიკურ სუნს ეს ჯირკვლები განაპირობებს, რადგან მათ სეკრეტს (გამონაყოფს) თავისებური მძაფრი სუნი აქვს. ამავე დროს ეს გამონაყოფი ცხიმისა და ქოლესტერინის შემცველობის გამო რამდენადმე მუქი ფერისაა. აპოკრინული ჯირკვლები ფუნქციობას პუბერტატულ (გარდატეხის) პერიოდში იწყებენ. არსებობს ასეთი აზრი, რომ აპოკრინული ოფლის გამოყოფა უძველესი მექანიზმია, რომელსაც გარკვეული როლი აკისრია სქესობრივ ქცევაში. აპოკრინული ჯირკვლები გამოყოფს ე.წ. ფერომონებს, რომლებიც სხეულის ინდივიდუალურ სუნს განაპირობებს. ამ ტიპის ოფლის გამოყოფა ქალებს მენსტრუაციის პერიოდში უძლიერდებათ. აპოკრინული ჯირკვლები თერმორეგულაციაში არ მონაწილეობს. კანზე დასახლებულ ბაქტერიებს შეუძლიათ ამ ჯირკვლების სეკრეტთან ურთიერთქმედება და ცუდი, უსიამოვნო სუნის გამოწვევა. აპოკრინული ჯირკვლების ინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა  განვითარდეს ჩირქოვანი ჰიდრადენიტი, რომელიც გართულების შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.


* * *

ხელისგულებსა და ფეხისგულებზე ოფლის გამოყოფის პროცესი რამდენადმე განსხვავდება სხეულის დანარჩენ ზედაპირზე მიმდინარე ოფლგამოყოფის პროცესისგან. ადამიანისთვის შეუგრძნობელი ამ პერსპირაციის (ოფლის გამოყოფის) ინტენსივობა აღნიშნულ უბნებში 5-20-ჯერ უფრო ინტენსიურია, ვიდრე სხეულის მთელ ზედაპირზე. საოფლე ჯირკვლები ხელისგულებსა და ფეხისგულებზე ინტესიურად (ძალზე მჭიდროდ) არის განთავსებული და განუწყვეტლივ გამოყოფს ოფლს. თუმცა ძლიერი სითბური ზემოქმედებისას (მზის აბაზანები, ჰაერის მაღალი ტემპერატურა) და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას ხელისგულებსა და ფეხისგულებზე ოფლის გამოყოფა სხეულის სხვა უბნებთან შედარებით ნაკლებად ხდება. როგორც ცნობილია, ადამიანს ხელისგულებსა და ფეხისგულებზე  ცხიმოვანი ჯირკვლები არ გააჩნია. სამაგიეროდ, უხვად არსებული საოფლე ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ოფლი ხელისგულებისა და ფეხისგულების გაპოხვას იწვევს და ამ უბნებს უფრო ელასტიკურს, რბილსა და ნაკლებად ტრავმულს ხდის. იღლიის ფოსოებში, ხელისგულებსა და ფეხისგულებზე არსებულ საოფლე ჯირკვლებს შორის  მორფოლოგიური განვითარებისა და სეკრეტორული (გამომყოფი) ფუნქციის თვალსაზრისით ინდივიდუალური განსხვავებანი ნაკლებადაა გამოხატული, ვიდრე იმ საოფლე ჯირკვლებს შორის, რომლებითაც სხეულის მთელი ზედაპირია მოფენილი. ხელისგულებსა და ფეხისგულებზე პერსპირაცია ხასიათით განსხვავდება სხეულის ზედაპირზე მიმდინარე პერსპირაციისგან - ის არ იზრდება ჩვეულებრივი თერმული გამღიზიანებლების ზემოქმედების საპასუხოდ, მაგრამ ძალზე სწრაფად ძლიერდება  ფსიქიკური და სენსორული აგენტების ზემოქმედებისას. ფსიქოგენური ოფლის გამოყოფა, რომელიც ფსიქიკური დაძაბულობისას აღმოცენდება,  პრინციპულად განსხვავდება თერმორეგულატორული ოფლის გამოყოფისგან. ის ლატენტური (ფარული) პერიოდის გარეშე აღწევს  იმ ინტენსივობას, რომელიც გაღიზიანების დონის შესაბამისია, გრძელდება, სანამ გამღიზიანებელი მოქმედებს და მალევე წყდება გამღიზიანებელი ფაქტორის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. ამ სახის ოფლის გამოყოფის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის რამდენადმე შუსწავლელია, თუმცა ფაქტია, რომ ის, უპირველეს ყოვლისა, რეაგირებს სტრესის გამომწვევ გამღიზიანებელზე და არავითარ როლს არ ასრულებს სხეულის ტემპერატურის რეგულაციაში.

ოფლის გამოყოფის დარღვევები

განასხვავებენ ოფლის გამოყოფის ხარისხობრივ და რაოდენობრივ დარღვევებს. ეს უკანასკნელი კლინიკურ პრაქტიკაში უფრო ხშირად გვხვდება. ოფლის გამოყოფის აბსოლუტურ შეწყვეტას ანჰიდროზი ეწოდება. ის მეტად იშვიათი კლინიკური სიმპტომია. უფრო ხშირია ოფლის გამოყოფის შემცირება - ჰიპოჰიდროზი - ან მომატება - ჰიპერჰიდროზი. ოფლის გამოყოფის ხარისხობრივი დარღვევები  ოფლის შემადგენლობისა და ფერის ცვლილებებს (ქრომჰიდროზს) უკავშირდება. ოფლის ფერი იცვლება ადამიანის ორგანიზმში რკინის მარილების, სპილენძის, კობალტის, კალიუმის იოდიდის მოხვედრისას, ქრონიკული ნეფრიტის დროს. ურემიის (სისხლში შარდოვანასა და ნივთიერებათა ცვლის სხვა მავნე პროდუქტების დაგროვების გამო ორგანიზმის თვითმოწამვლა) შემთხვევაში  ზოგჯერ შეინიშნება ურიდროზი - შარდის მჟავასა და შარდოვანას გამოყოფა თმასა და იღლიის ფოსოებში წვრილი კრისტალების სახით. სტეატჰიდროზი ქონის ჯირკვლების სეკრეტის (გამონაყოფის) მნიშვნელოვანი შერევის შედეგია. ამის გამო ოფლი ცხიმოვანი ხდება. კლინიკური ფენომენის გავრცელების შესაბამისად, ოფლის გამოყოფის დარღვევა შესაძლოა იყოს გენერალიზებულიც (გავრცელებული) და ლოკალურიც (ადგილობრივი). ზოგადი ჰიპერჰიდროზი ანუ ოფლის გამოყოფის ზოგადი გაძლიერება უმთავრესად ჰიპოთალამუსის (თავის ტვინის სტრუქტურაა) თერმორეგულაციურ ცენტრებზე ამა თუ იმ სახის ზემოქმედების შედეგია. ლოკალური ჰიპერჰიდროზი კი უმეტესად ნერვული სისტემის ცალკეული ნაწილების დაზიანებით არის გამოწვეული. საყურადღებოა, რომ ჰიპოჰიდროზი, რომელიც კლინიკურ პრაქტიკაში საკმაოდ გავრცელებულია, პაციენტებისთვის, ჩვეულებრივ, შეუმჩნეველი რჩებათ, მაშინ როცა ჰიპერჰიდროზი პრაქტიკულად ყოველთვის მტანჯველი და ემოციურად დამძაბველია. ოფლს ზოგჯერ სისხლიც ერევა. ამ მოვლენას ჰემატიდროზს უწოდებენ. ე.წ. სისხლნარევი ოფლის სინდრომი ისტერიის დროს აღინიშნება. ოფლის გამოყოფის დარღვევა შესაძლოა საოფლე ჯირკვლების დისტროფიული ცვლილების შედეგი იყოს. ჯირკვლების დისტროფია თანდაყოლილიც არსებობს და შეძენილიც. შეძენილი დისტროფია დაავადების (კანის ატროფია, სკლეროდერმია) ან ასაკობრივი ცვლილების (დაბერებულ კანში) გამო ვითარდება. ოფლის გამოყოფის აბსოლუტური შეწყვეტა - ანჰიდროზი - სხეულის მთელ ზედაპირზე იშვიათია, რადგანაც საოფლე ჯირკვლების გარკვეული, თუნდაც უმნიშვნელო ნაწილი მაინც აგრძელებს ფუნქციობას. რაც შეეხება ლოკალურ ანჰიდროზს, ის უპირატესად ოფლის გამოყოფის ეფერენტული (დაღმავალი) ნაწილების პერიფერიულ განყოფილებათა სრული დაზიანების შედეგია. ნევროლოგიური დაავადებების დროს ოფლის გამოყოფის ანომალიათა გამოკვლევით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციის განსაზღვრა და დიფერენციალური დიაგნოსტიკის გატარება. განსაკუთრებით ძნელად ასატანია  კიდურების  მომატებული ოფლიანობა - აკროჰიდროზი. ამ სინდრომის დროს  ძლიერ ოფლიანდება ხელისგულები ან ფეხისგულები, აგრეთვე - თითების კიდური ფალანგების ზურგისკენა მხარეები. აკროჰიდროზი განსაკუთრებით ძლიერად არის გამოხატული ალკოჰოლიზმითა და პოლინეიროპათიებით დაავადებულებში, ახასიათებთ ფობიური დარღვევების მქონე პაციენტებსაც.