თმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმა

თმა ორ მნიშვნელოვან როლს ასრულებს - სიცივეში ხელს უწყობს სითბოს შენარჩუნებას, სიცხეში კი, ოფლიანობისას, კანიდან იწოვს ტენს და ამით სხეულს აგრილებს. მეცნიერები დღემდე ვერ შეთანხმებულან, საშუალოდ რამდენი ღერი თმა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. დადგენილია საშუალო მაჩვენებლები რასისა და კანის ფერის მიხედვით. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს თმის ფერი, სისქე და სიგრძე, აგებულება ყველა მათგანს ერთნაირი აქვს.

პაწაწინა ტყე

ადამიანის თმას, როგორც ხემცენარეს, ღერო და ფესვი აქვს. თითოეული თმის ღერი შედგება:

  • თმის ბოლქვისგან;
  • თმის პარკისგან;
  • ღეროსა და მასთან დაკავშირებული თმის გამმართველი კუნთებისგან;
  • ნერვებისა და სისხლძარღვებისგან.

ღერო

ღერო თმის ხილული ნაწილია, რომელიც კანის ზემოთ იზრდება და თითოეულ ჩვენგანს განუმეორებელ იერსახეს აძლევს. იგი სამი შრისგან შედგება - კუტიკულისგან, ქერქოვანი შრისა და ტვინოვანი შრისგან. კუტიკულა ბრტყელი, გამჭვირვალე, ლებნისებური გარქოვანებული უჯრედების ერთობლიობაა. ქერქოვანი ნივთიერება პიგმენტის შემცველი ეპითელური უჯრედებია, რომლებიც თმის ფერის განმსაზღვრელ პიგმენტს - საღებავ ნივთიერებას შეიცავს. ტვინოვანი ნივთიერება ჰაერით მდიდარი უჯრედებია, რადგან თმასაც სჭირდება სუნთქვა. თმის ფესვი კანის ღრმა შრეში - დერმაში მდებარეობს. იგი განსაკუთრებულ ჩაღრმავებაში - თმის ჩანთაშია მოთავსებული.

ფოლიკული

თმის ფოლიკულს ქმნის თმის ჩანთა თავის ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან, სისხლძარღვებსა და ნერვებთან ერთად. მასში კანის ცხიმოვან ჯირკვალთა სადინარები იხსნება. ამ სადინარებს უშუალოდ უკავშირდება თმის გამმართველი კუნთები, რომელთა შეკუმშვისას სადინარები კიდევ უფრო ფართოდ იხსნება და გამოყოფს ქონს. თითოეული ადამიანი განსაზღვრული რაოდენობის თმის ფოლიკულით იბადება. ეს გენეტიკურად განპირობებული რაოდენობაა, რომლის შეცვლაც შეუძლებელია. ადამიანი ერთ მილიონამდე თმის ფოლიკულით იბადება, თუმცაღა, მათგან თმა მხოლოდ 100-150 ათასიდან იზრდება. დანარჩენი ფოლიკულები გამოუყენებელი მარაგის სახით რჩებიან. თმის ბოლქვი თმის ფოლიკულის ქვედა, გაფართოებული ნაწილია, სწორედ მის ხარჯზე ხდება თმის ზრდა, ახალი ღეროს წარმოქმნა და ფორმირება. ბოლქვში თმის მკვებავი სისხლძარღვი შედის, რომლითაც იგი იკვებება. თმის ფოლიკული უნიკალური მინიორგანოა, თმის ზრდის გარდა, მასში გახსნილი ქონი თმას ელასტიკურობას, დრეკადობას და ბზინვარებას სძენს, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს თმის ჯანმრთელობასა და იერსახეს. როცა ცხიმი ცოტაა, თმა მშრალი და მტვრევადია, ჭარბცხიმიანობა კი თმას მიმზიდველობას უკარგავს. შრეობრივი აგებულების წყალობით თმა საკმაოდ მაგარი და გამძლეა, ჰიგროსკოპიული თვისებაც აქვს (შეუძლიათ დიდი ოდენობით ტენის შეკავება), ელასტიკურობის წყალობით მშვენივრად იღუნება და იჭიმება. თმის სიგრძის 1/3-ით დაჭიმვაც კია შესაძლებელი, რასაც უკანასკნელ ხანს აქტიურად იყენებენ სილამაზის სალონებში.

თმის ზრდის ფაზები

თითოეული ფოლიკული, დაბადებიდან მოყოლებული, განუწყვეტლივ გადის აქტიური ზრდისა და მოსვენების ფაზებს:

  • ანაგენი თმის აქტიური ზრდის ფაზაა;
  • კათაგენი - გარდამავალი ფაზა;
  • ტელოგენი - მოსვენების პერიოდი.

ანაგენის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და მასაც გენეტიკა განსაზღვრავს, მამაკაცებში ის საშუალოდ 3-დან 5 წლამდე გრძელდება, ქალებში კი 5-7 წელი. ტელოგენის ხანგრძლივობა დაახლოებით 100 დღეა. ანაგენის, ტელოგენისა და კათაგენის სტადიაზე მყოფი თმის პროცენტული ურთიერთშეფარდება ასეთია 85:14:1. ტელოგენის ფაზაში თმა ზრდას წყვეტს და ცვივა, რის შემდეგაც ფოლიკულში თმის ახალი ღერის ზრდა იწყება. ერთი ფოლიკული საშუალოდ 20-30 თმის ღერს ბადებს. მზარდი თმა - ქიმიური რეაქციებისა და ნაერთების რთული კოქტეილია. ფოლიკულში 7 სხვადასხვა სახის უჯრედებია, რომლებიც პასუხს აგებენ, გენეტიკური პროგრამების მიხედვით რომელი ფოლიკულიდან რა სიჩქარით, როდის და რა რაოდენობის თმა უნდა გაიზარდოს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თმის ზრდა დამოკიდებულია სპეციალურ ცილებსა  და ჰორმონებზე, რომელთა გარეშეც თმა ნაწილობრივ ან საერთოდ წყვეტს ზრდას. თმა განუწყვეტლივ იზრდება, თანაც დღისით უფრო სწრაფად, ვიდრე ღამით, გაზაფხულსა და შემოდგომაზე მეტი ინტენსივობით, ვიდრე ზაფხულსა და ზამთარში, მამაკაცებში უფრო სწრაფად, ვიდრე ქალებში. 24 საათში თმა 0,3-0,35 მმ-ს იმატებს. ბავშვის თმა თვეში საშუალოდ - 13 მმ-ით, მოზრდილებისა - 15 მმ-ით, ხანში შესულებისა კი - 11 მმ-ით იზრდება.

თმის ფერი

თმის ფერი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა შორისაც მთავარია გენეტიკური და ენდოკრინული ფაქტორები. თმის ფერს განსაზღვრავს თმის ქერქოვან შრეში მოთავსებული პიგმენტი და იმ ჰაერის რაოდენობა, რომლითაც ეს ნარევია “განზავებული”. თმის ფერის განმსაზღვრელი პიგმენტებია: ეუმელანინი (მოშავო-მოყავისფრო) და ფეომელანინი (მოყვითალო-მოწითალო), კაცობრიობა სწორედ მათ ურთიერთშეფარდებას უმადლის თმის ფერთა მთელ გამას. თმის ფერსა და რაოდენობას შორის ერთგვარი კავშირი არსებობს. ყველაზე მეტი თმის ღერი ქერებს აქვთ - 150 ათასი, წითურებს - 90 ათასი, შავგვრემნებს კი - 100-110 ათასი. ეუმელანინსა და ფეომელანინს სპეციალური უჯრედები - მელანოციტები გამოიმუშავებენ, რომელთა აქტივობაც ასაკთან ერთად, ორგანიზმის ბიოლოგიური დაბერების კვალდაკვალ მცირდება და თავზე ჭაღარა, პიგმენტებით შეუღებავი თმა ჩნდება.

თმის სისქე და რაოდენობა

ვინაიდან თმა კანის დანამატია, ამიტომ კანი პირდაპირ განსაზღვრავს მათ სისქეს, ადამიანის კანი თუ თხელია, მას თმაც თხელი აქვს და პირიქით. ყველაზე თხელი ქერა თმაა, ყველაზე სქელი - შავი. თმის რაოდენობა თავზე მერყეობს 100-150 ათასამდე, თმის საფარველის 1 სმ2 18-დან 320 ათასამდე თმის ღერია. თმის ცვენა ძველი თმის ახლით შეცვლაა. ნორმალურია, როცა დავარცხნისა და დაბანისას ადამიანი 50-დან 100-150 ღერ თმას კარგავს, ეს ტელოგენის ფაზაში მყოფი ღერებია. რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი 100-ს არ აღემატებოდა, დღეს დასაშვებმა ზღვარმა რამდენადმე აიწია, როგორც იტყვიან, ცხოვრებამ ამაშიც თავისი კორექტივები შეიტანა. რაც შეეხება თმის სისქეს, ცნობილია, რომ ზამთარში ქალის თმაა გაცილებით სქელი, ზაფხულში კი მამაკაცისა. ასევე განსხვავებულია ის ადგილები, რომლებიც თმის ცვენისას განსაკუთრებით ზარალდება.

თმის ტიპები

ადამიანს სხეულზე სამი ტიპის თმა აქვს. თმა მუცლადყოფნის პერიოდშივე იწყებს ზრდას. მას კანქვეშა შრესა და საოფლე ჯირკვლებთან კავშირი არ აქვს, ამიტომ დაბადებისას ცვივა. ეს პირველი თმაა - ლანუგო, წვრილი და თხელი ღერები, რომლებიც ახალშობილის მთელს ტანს ფარავს. ლანუგო ყველაზე უკეთ ვადაზე ადრე დაბადებულ პატარებს ეტყობათ, თუმცა მოგვიანებით მათაც სცვივათ. პუბერტატულ ასაკში ჩნდება თმის მეორე ტიპი, რომელიც გაცილებით მყარია, სქელი და კანქვეშა შრეშიც საკმაოდ კარგად არის ფიქსირებული.  მესამე ტიპი გარდატეხის ასაკის დასრულების შემდეგ ფორმირდება. ის საკმაოდ ძლიერი და მყარია.