რა უნდა ვიცოდეთ მეზოთერაპიის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ მეზოთერაპიის შესახებ

ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმის თავდაცვითი ძალები ვეღარ ახერხებს კანისა და სხეულის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას. მეზოთერაპიის არსი სწორედ ის არის, რომ ქსოვილებსა და უჯრედებს მიაწოდოს ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელი ნივთიერებები. „ცოტა, იშვიათად და საჭირო ადგილას” - ასე ლაკონიურად ჩამოაყალიბა ამოცანა მეზოთერაპიის შემქმნელმა, ფრანგმა ექიმმა მიშელ პისტორმა. ინექციის გზით შეყვანილი ნივთიერების კონცენტრაცია ნარჩუნდება რამდენადმე მეტხანს და კანქვეშა შრეში იქმნება დიდი ხნის სამყოფი მარაგი. ამ პროცედურის შემდეგ:

  • უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა;
  • ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა;
  • იკვებება უჯრედები და აღდგება მათი რეგენერაციის უნარი, რაც, თავის მხრივ, აუმჯობესებს კანის მდგომარეობასა და იერსახეს.

თუ პროფესიონალმა სწორად შეარჩია “მეზოკოქტეილი”, ის შეძლებს მოახდინოს ზოგადგამაჯანსაღებელი ეფექტი, კერძოდ, ხელი შეუწყოს ორგანიზმის გაახალგაზრდავებას და იმუნიტეტის ამაღლებას. მეზოთერაპიას ტყუილად როდი უწოდებენ „სილამაზის ნემსებს”. სწორედ ამით განსხვავდება ერთმანეთისგან მეზოთერაპია და კონტურული პლასტიკა, რომელსაც მიეკუთვნება ბოტოქსისა და რესტილაინის ტიპის პრეპარატების ინექცია - მათ მხოლოდ გარეგნული ეფექტი აქვთ.

მეზოკოქტეილის შემადგენლობა

მეზოთერაპიული კოქტეილის შემადგენლობაში მიკროდოზებით შეიძლება შედიოდეს შემდეგი პრეპარატები:

  • L-კარნიტინი;
  • ემბრიობლასტი;
  • ვიტამინები;
  • პლაცენტა;
  • ჰიალურონის მჟავა;
  • მცენარეული ექსტრაქტები, რომლებიც აგვარებს პრაქტიკულად ყველა პრობლემას - არა მარტო კოსმეტოლოგიურს, არამედ სამედიცინოსაც.

თუმცა მეზოთერაპიისგან სასწაულს - პრობლემის უსწრაფესად, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებას - არ უნდა ველოდეთ. მეზოთერაპია ორი სახისაა - ალოპათიური და ჰომეოპათიური. ალოპათიური მეზოთერაპია გულისხმობს კონცენტრირებული პრეპარატების ინექციებს, რომლებიც რამდენიმე სანტიმეტრის რადიუსით მოქმედებს. ექიმმა შეიძლება გამოიყენოს როგორც მზა კოქტეილები, ისე მონოპრეპარატები, რომლებსაც ჩვენების მიხედვით შეურევს. ჰომეოპათიური მეზოთერაპია მთელ ორგანიზმზე ხანგრძლივ ზემოქმედებას ითვალისწინებს. პრეპარატები შეჰყავთ აკუპუნქტურულ წერტილებში დაზიანებული უბნიდან მოშორებით. ამ დროს ხდება ორგანიზმის ბიოენერგეტიკული და ფიზიკური სტიმულაცია. ამგვარი პრეპარატების მომზადება შრომატევადი პროცესია, ხოლო თავად მეთოდი ექიმის მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს. არსებობს პრეპარატების შეყვანის რამდენიმე ტექნოლოგია. ინექციის მანუალური ტექნიკა იძლევა ნატიფი პროცედურების ჩატარების საშუალებას, ამიტომ კარგია სახის, დეკოლტესა და კისრის ზონისთვის. მექანიკური (აპარატული) ტექნიკა გულისხმობს პროცედურების ჩატარებას სპეციალური ინჯექტორით, რომელიც მეზოთერაპიული ნემსებით არის აღჭურვილი. ინჯექტორით მუშავდება დიდი უბნები - დუნდულები, მუცელი, თეძოები. არსებობს არაინვაზიური (უნემსო) ტექნიკაც - სამკურნალო საშუალებები კანში შეჰყავთ ჰაერის ძლიერი წნევით. ეს უმტკივნეულო პროცედურა სუფთა ჟანგბადის გამოყენებით ტარდება და, წესისამებრ, წარმოადგენს სხეულის მოვლისა და მკურნალობის კომპლექსური პროგრამის ნაწილს.

რა საჭიროა მეზოთერაპიული პროცედურები

ყოველგვარი საქმე სისტემურ და რეგულარულ მიდგომას მოითხოვს. ნუ მოსთხოვთ სპეციალისტს, გაგიკეთოთ ერთდროულად ყველა პრობლემის მოსაგვარებელი ნემსი, განსაკუთრებით - თუ ჯერ არ შეგსრულებიათ 30 წელი, რადგან მეზოთერაპია ერთგვარი „სასწრაფო დახმარებაა” და მას ჩვენებისამებრ უნდა მივმართოთ. თუმცა არსებობს ნივთიერებები, რომელთა ნაკლებობასაც შესაძლოა მწვავედ განიცდიდეთ. ამ შემთხვევაში მეზოთერაპიის გარეშე ფონს ვერ გახვალთ. მაგალითად, გაუწყლოებული და მოდუნებული კანისთვის შეუცვლელია ჰიალურონის მჟავა. ის კანის მნიშვნელოვანი დამატენიანებელი კომპონენტია და მისი დაკარგვა დაბერებას ნიშნავს. გარედან შეყვანილი ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, მატებს მას ელასტიკურობას, სიმკვრივეს. კანის ტონუსის აღსადგენად საჭიროა კოლაგენის ფუძეზე დამზადებული პრეპარატების ინექციები, რომლებიც გაააქტიურებს ფიბრობლასტების უჯრედებს, ისინი კი, თავის მხრივ, დაიწყებენ საკუთარი ახალგაზრდა კოლაგენის სინთეზს. ამ მეთოდით შესაძლებელია კანის დაცვა თავისუფალი რადიკალებისგან, უჯრედული გარემოცვის აღდგენა, დაბერების პროცესის შენელება. თუ მუდმივ სტრესს განიცდით, მაგნიუმის პრეპარატები დაგჭირდებათ. მაგნიუმი პირველი მიკროელემენტია, რომელსაც ვკარგავთ სტრესის დროს. მისი დეფიციტის შევსება აუცილებელია სტრესთან საბრძოლველად. გარდა ამისა, მეზოთერაპიისთვის გამოიყენება სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი პრეპარატები, ლიმფოტონიკები, ვენოტონიკები, რეგენერატები, მიორელაქსანტები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ვიტამინები. შედეგად ნორმას უბრუნდება იმუნური და გულ-სისხლძარღვთა სისტემები, უკუვითარდება კუნთური დაძაბულობა. ამგვარად, ანტისტრესული მეზოთერაპია არა მარტო სიმპტომებს უმკლავდება, არამედ მათი აღმოცენების მიზეზებსაც. მეზოთერაპიის შემდეგ საჭიროა შემანარჩუნებელი კურსი, რომელიც, ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, არცთუ იაფია.