მტევნების სოკოვანი პათოლოგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მტევნების სოკოვანი პათოლოგია

მტევნების იზოლირებული მიკოზი მხოლოდ მაშინ გვხვდება, როდესაც დაავადების გამომწვევი იმთავითვე უშუალოდ მტევნების კანში იჭრება. ეს შესაძლოა მოხდეს:

  • მანიკიურის გაკეთებისას;
  • ინფიცირებული ხელთათმანების ჩაცმისას;
  • ხელის ჩამორთმევისას;
  • ინფიცირებული პირადი ჰიგიენის ნივთების გამოყენებისას.

სოკო უმეტესად ტერფების კანს, ფრჩხილებს და კანის მსხვილ ნაკეცებს აზიანებს, რომლებიც შემდეგ ადვილად იქცევა ინფექციის წყაროდ. დასახელებული ადგილებიდან მიკოზი თითებშუა არეებსა და ხელის თითებზე გადადის. ცნობილია, რომ ხელის სოკო ბევრს აქვს, თუმცა უმეტესობას არ უვლინდება.

ფაქტორები, რომლებიც ზრდის მიკოზის განვითარების ალბათობას

  • ხანდაზმული ასაკი;
  • პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  • დასუსტებული იმუნური სისტემა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • აუზზე, აბანოსა და საუნაში ხშირი სტუმრობა;
  • ხელების, განსაკუთრებით - თითებშუა არეების, კანის ხშირი დაზიანება;
  • სხვადასხვა ქრონიკული დაავადება.

როგორ ვლინდება

მტევნების მიკოზი თავდაპირველად თითებშუა არეებში კანის აქერცვლით იჩენს თავს. ხშირად თითებშუა უმნიშვნელო ნახეთქები ჩნდება. ასეთ ცვლილებებს ადამიანი, ჩვეულებრივ, ვერც კი ამჩნევს ან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და ყურადღებას არ აქცევს. ხშირად ზიანდება თითებშუა კანის ერთი ნაკეცი. საზოგადოდ, თითზე აღმოცენებული სოკო შესაძლოა სრულიად არ აწუხებდეს ადამიანს, ამიტომ ის არც ექიმს მიმართავს. ზოგს თითებს შორის კანის ცვლილება უფრო მეტად აქვს გამოხატული. კანის აქერცვლა ძლიერდება (ხშირად - ბეჭდისებრი უბნების სახით), ვითარდება ქავილი, ჰიპერკერატოზი (გარქოვანება), რომელიც კანის გასქელება-გამკვრივებით ვლინდება. მიკოზის დამახასიათებელი სიმპტომებია კანის მოლურჯო-მოწითალო ფერი, სიმშრალე და კანის სურათის გაძლიერებაც. თუ შეამჩნიეთ ასეთი ცვლილებები, თუნდაც თითებშუა ერთ უბანზე, აუცილებელია სპეციალისტთან მისვლა, რათა დროულად დაისვას დიაგნოზი და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა. მიკოზის გამო ხშირად ხელის ფრჩხილებიც ზიანდება, იცვლის ფერს, სტრუქტურას, სქელდება, დეფორმირდება, ლაქები და ზოლები უჩნდება.


პათოლოგიური პროცესი ზოგჯერ მტევნის ზურგზეც ვრცელდება. ასეთ დროს კანზე სიწითლე და აქერცვლა შეინიშნება. დაზიანებული უბნები, ჩვეულებრივ, წყვეტილი ანთებითი რგოლითაა შემოფარგლული. საკუთრივ შემომსაზღვრელი რგოლი კვანძებს, ბუშტუკებს ან ქერქს წარმოადგენს. ასეთი დაზიანება შესაძლოა თითებშუა ნებისმიერმა არემ განიცადოს. ელასტიკურობის დაქვეითებისა და გამოშრობა-გამოფიტვის გამო კანზე ხშირად ჩნდება მტკივნეული ნახეთქები. იშვიათად თითებშუა სოკოს სიწითლე და შეშუპება ერთვის. ამას ემატება ეროზია და ღრმა ნახეთქები, ქავილისა და წვის შეგრძნება. მტევნის სოკო ზოგჯერ მრავალრიცხოვანი სქელკედლიანი ბუშტუკებითაც ვლინდება. ეს ბუშტუკები თითებზე და მათ შორის არის განლაგებული, იზრდება და ერთმანეთს ერწყმის. მათი გახეთქვისას ყალიბდება მოვარდისფრო-მოწითალო ეროზიები, ანთებითი პროცესის გაღრმავებისდაკვალად კი სიწითლე განსაკუთრებით იკვეთება.

როგორ სვამენ დიაგნოზს

მიკოზის მკურნალობამდე ექიმმა სპეციალისტმა უნდა შეაფასოს კანის დაზიანების ხარისხი, როგორც ხელის ზურგების, ასევე ხელისგულების მდგომარეობა, გამოავლინოს დაავადების სიმპტომები, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს თითებშუა არეების დათვალიერება-შესწავლას. იმის დასადგენად, რომ დაავადება ნამდვილად სოკოთია გამოწვეული, აუცილებელია ანაფხეკის მიკროსკოპული გამოკვლევა. კანის ანაფხეკს, ჩვეულებრივ, თითებშუა არიდან იღებენ. დიაგნოზის დამოწმება კულტურალურ გამოკვლევას ეფუძნება (სოკო ითესება სპეციალურ საკვებ ნიადაგზე, სადაც ის იზრდება). მკურნალობა მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაინიშნოს, რაც გამომწვევი მიკროორგანიზმის სახეობა განისაზღვრება.

როგორ მკურნალობენ

თითებზე განვითარებულ მიკოზს სპეციალური პრეპარატებითა და მალამოებით ებრძვიან. კანის გავრცობილი დაზიანებისას აუცილებელია სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების შინაგანი მიღებაც. დიდი მნიშვნელობა აქვს დოზისა და თერაპიის ხანგრძლივობის სწორად შერჩევას. მტევნების ადგილობრივი მკურნალობა სპეციალური მალამოების, კრემებისა და ხსნარების გამოყენებას გულისხმობს.

პროფილაქტიკა

მტევნების მიკოზის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:

  • სხეულისა და ხელების ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან დაბრუნების შემდეგ სარეცხი საპნით ან სხვა სადეზინფექციო საშუალებით ხელების საგულდაგულოდ დაბანა;
  • იმუნიტეტის ამაღლება, რისთვისაც უნდა მიიღოთ სრულფასოვანი, სასარგებლო და დაბალანსებული საკვები, უარი თქვათ მავნე ჩვევებზე, ფიზიკურად იაქტიუროთ და ებრძოლოთ სხვა ინფექციურ დაავადებებს.

ერიდეთ მანიკიურის სალონებს, უკიდურეს შემთხვევაში, ყურადღება მიაქციეთ, რომ ინსტრუმენტები დეზინფიცირებული იყოს. ხელს ნუ ჩამოართმევთ საეჭვო პირებს, მით უმეტეს, თუ მტევანზე ნაკაწრი ან სხვა სახის დაზიანება გაქვთ. ნუ გამოიყენებთ სხვის ხელთათმანებს. თუ მიკოზი გაქვთ, იზრუნეთ გარშემო მყოფებზეც, ნუ დაასნებოვნებთ მათ. ნივთებს, რომლებსაც ეხებით, დროდადრო დეზინფექცია ჩაუტარეთ ფორმალდეჰიდით, ქლორჰექსიდინით ან ძმრით. არსებობს სოკოს საწინააღმდეგო სპეციალური სპრეებიც.

რა უნდა გახსოვდეთ

თუ სოკო ერთხელ შეიჭრა კანში, ის თავისთავად არ გაქრება და განადგურდება. მის მოსასპობად სათანადო მკურნალობაა საჭირო. ზოგს მტევნებზე კანის აქერცვლა თუ მცირე ზომის ნახეთქები უმნიშვნელო პრობლემად მიაჩნია. ეს შეცდომაა! კანზე არსებული სოკო ტოქსინებით წამლავს მთელ ორგანიზმს, აქვეითებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ალერგიის განვითარებას. ნებაზე მიშვებულმა სოკომ კანიდან შესაძლოა შინაგან ორგანოებში გადაინაცვლოს, საიდანაც მისი ლიკვიდაცია კიდევ უფრო ძნელია.