სამკურნალო და დიაგნოსტიკური პუნქცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო და დიაგნოსტიკური პუნქცია

კლინიკებში ხშირად ტარდება ძუძუს, ხრტილის, ლიმფური კვანძების, ღვიძლის, წინამდებარე ჯირკვლის, სახსრებისა და სხვათა პუნქცია. ჩირქოვან ქირურგიაში სადიაგნოსტიკო პუნქცია ჩირქოვანი კერის ან შეშუპების არსებობის დადგენის საშუალებას იძლევა. პუნქციის მეშვეობით განისაზღვრება მსგავსი კერების (მაგალითად, ძვალშიგა ჩირქგროვის, ჩირქოვანი პლევრიტის, ღრმა პარაპროქტიტის, ჩირქოვანი პარანეფრიტის) გახსნის (გაკვეთის) ან დრენირების ჩვენებები. ამავე გზით ექიმები იღებენ ჩირქოვანი კერების შიგთავსს მისი შემდგომი გამოკვლევის მიზნით. პუნქციის მეშვეობით სისხლძარღვთა ქსელში, სხეულის ღრუებსა და ზოგიერთი სახის ძვლებში შეჰყავთ კონტრასტული ნივთიერებები. ამავე გზით სხვადასხვა ორგანოსა თუ ღრუში შესაძლებელია აირების შეყვანა ორგანოთა კონტრასტირებისთვის, რითაც არკვევენ მათ ტოპოგრაფიას, განსაზღვრავენ ფუნქციას, მაგისტრალურ სისხლძარღვებსა და გულში ზომავენ წნევას, მოცირკულირე სისხლის მოცულობას, ქალაშიდა წნევას და სხვა. პუნქციის მეშვეობით ღრუებში შეჰყავთ ოპტიკური ხელსაწყოები (ლაპაროსკოპიის, თორაკოსკოპიის და სხვა გამოკვლევათა დროს). პუნქცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამკურნალო მიზნითაც - წამლების, სისხლის ან სისხლის კომპონენტების, “სისხლის შემცვლელების” სისხლძარღვთა ქსელში შესაყვანად (ვენების კათეტერიზაცია, ვენოპუნქცია, შიდაარტერიული გადასხმა და სხვა). პუნქციის მეშვეობით სამკურნალო პრეპარატები შეჰყავთ უშუალოდ ქსოვილებში, ღრუებში, პათოლოგიურ კერებში, აკეთებენ ადგილობრივ ანესთეზიას, ახდენენ ბლოკადას ნოვოკაინით ან სხვა მსგავსი მოქმედების მქონე ნივთიერებით. პუნქცია ასევე გამოიყენება დონორისგან სისხლის ასაღებად, ჰემოდიალიზის დროს, საკუთარი სისხლის გადასხმისას, ექსუდატებისა თუ ჩირქის ორგანიზმიდან ევაკუაციისთვის. პუნქციის აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს. შედარებითი უკუჩვენებაა პაციენტის გადაჭარბებული მოძრაობითი აღგზნება ან მისი კატეგორიული უარი პუნქციის ჩატარებაზე. ყველა სახეობის პუნქციას ექიმი ატარებს, გამონაკლისი მხოლოდ ვენოპუნქციაა. პუნქციას ატარებენ საპროცედურო, საოპერაციო ან შესახვევი კაბინეტის პირობებში, ასეპტიკისა და ანტისეპტიკის ყველა წესის დაცვით. ვენაპუნქცია გაუტკივარების გარეშე ტარდება, ხოლო სხვა სახის პუნქციები - ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიით. პუნქციისთვის მოწოდებულია სპეციალური ნემსები და ტროაკარები. პუნქციის ჩატარების ზონას თმისგან ასუფთავებენ (პარსავენ). კანს ჯერ 70%-იანი სპირტით ამუშავებენ, შემდეგ - იოდით ან ქლორჰექსიდინით. პუნქციის მიდამოში საფარველ ქსოვილებს ხელით აფიქსირებენ (მაგალითად, ოდნავ ჭიმავენ კანს), რაც უზრუნველყოფს ნემსის გამოღებისას საპუნქციო არხის დახურვას და გამორიცხავს სისხლისა თუ პათოლოგიური სითხის გადმოდენას. პუნქციის დროს ნემსი პათოლოგიურ კერაში ან ქსოვილში გარკვეულ სიღრმეზე შეჰყავთ. იმისთვის, რომ პათოლოგიური სითხის ან სისხლის გადმოდენა არ მოხდეს, ნემსს სპეციალურ გადამყვანს (ადაპტერი) ან რეზინის მილაკს ჩამოაცვამენ, ხოლო შპრიცთან შეერთების შემდეგ ხსნიან. იმისთვის, რომ ნემსში არ მოხვდეს მიმდებარე ქსოვილები, მისი შეყვანა მანდრენთან ერთად ხდება. იმის გასაგებად, მოხვდა თუ არა ნემსი კერაში, რომელიც ჩირქს, სისხლს ან სხვა სითხეს შეიცავს, აუცილებელია შპრიცის დგუშის ამოქაჩვა. პუნქციის შესრულებისას ნემსის შეყვანის სიღრმეს და მის მიმართულებას მანამდე ცვლიან, სანამ შპრიცში მოსაძებნი პუნქტატი არ გამოჩნდება. იმისთვის, რომ პუნქციის ჩატარების სიზუსტემ მოიმატოს, პარალელურად ტარდება ულტრაბგერითი მონიტორინგი ან კომპიუტერული ტომოგრაფია. როდესაც სითხის ამოღება დამთავრდება, ნემსს სწრაფად იღებენ და ჩხვლეტის ადგილს ანტისეპტიკურ ნახვევს ადებენ, ზოგჯერ - დამწოლსაც. აუცილებლობის შემთხვევაში შიგთავსის დრენირებისთვის დგამენ კათეტერს, რომელსაც ძაფით ან ლეიკოპლასტირით აფიქსირებენ კანზე. პუნქციის გართულებებია:

  • მსხვილი სისხლძარღვის დაზიანება;
  • კანქვეშა ჰემატომა;
  • თრომბოზი;
  • გულის, ფილტვისა და სხვა ქსოვილების დაზიანება;
  • დაჩირქება;
  • თრომბოემბოლია;
  • ღრუ ორგანოს დაზიანება და სხვა.

გართულებების პროფილაქტიკა პუნქციის ჩატარების ყველა წესის ზედმიწევნითი დაცვით არის შესაძლებელი. ახლა კი მოკლედ მოგითხრობთ ადამიანის სხეულის ზოგიერთი ღრუს პუნქციის შესახებ.


პლევრული პუნქცია: ჩვენებები და გართულებები

ამ სახის პუნქცია პლევრის ღრუზე ტარდება. პლევრის ღრუში სითხე (ან სისხლი) გროვდება პლევრის ან ფილტვის სიმსივნის, პლევრიტის, ტუბერკულოზის, გულისმიერი შეშუპების, სისხლდენის და სხვათა დროს. პუნქციის ძირითადი ჩვენება პლევრის ღრუში სითხის არსებობაა, რომელიც რენტგენოგრაფიით ან ექოსკოპიით დგინდება. სითხის არსებობა ექიმმა პლევრის ღრუს პერკუსიითაც შეიძლება აღმოაჩინოს. პლევრული პუნქციის გართულებებია: 1. ნეკნთაშუა სისხლძარღვების დაზიანება და ჰემოთორაქსი (ჩვეულებრივ, დიდი); 2. დიაფრაგმის, ღვიძლის, ელენთის, კუჭის დაზიანება დაბალი პუნქციის დროს; 3. ფილტვის დაზიანება და, ამასთან, ჰემოთორაქსის, პნევმოთორაქსის, ჰემოპნევმოთორაქსის განვითარება, პლევრის ინფიცირება შემდგომ ემპიემის განვითარებით, ხანდაზმულ პაციენტებში - ჰაერით ემბოლიის ჩამოყალიბება; 4. პერიკარდიუმის და გულის კუნთის გარეთა შრეების გაჩხვლეტა.

მუცლის ღრუს პუნქცია

ასციტს მუცლის ღრუში დაგროვილ მნიშვნელოვანი რაოდენობის ტრანსუდატს უწოდებენ. ასციტი გვხვდება გულის, თირკმელების, პერიკარდიუმის, ღვიძლის ციროზის, ავთვისებიანი სიმსივნეების, ტუბერკულოზური პერიტონიტის და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს. ასციტის დროს სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებად ითვლება მუცლის ღრუს პუნქცია და იქ არსებული ასციტური სითხის გამოშვება. სითხის გამოშვების შემდეგ უკვე შესაძლებელია მუცლის ღრუს ორგანოების პალპაცია. პუნქცია ტარდება მუცლის ღრუში დიდი რაოდენობით სითხის დაგროვების შემთხვევაში. პუნქციის წინ აუცილებელია შარდის ბუშტის დაცლა. მუცლის ღრუს პუნქციით მიღებულ სითხეს იკვლევენ ცილის ან სისხლის შემცველობაზე. სითხეში სისხლის მინარევი ხშირად ავთვისებიანი სიმსივნის დროს გვხვდება. მუცლის ღრუდან დიდი რაოდენობით სითხის გამოღებამ ან სითხის სწრაფად გამოღებამ შესაძლოა სისხლის მკვეთრი გადანაწილება და შედეგად გულის წასვლა ან კოლაფსი გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში პაციენტი უნდა დააწვინონ და კოფეინი, კორდიამინი ან ეფედრინი შეუყვანონ. სითხის გამოღებისა და დიაგნოზის დასმის შემდეგ ტარდება იმ ძირითადი დაავადების მკურნალობა, რომელიც ასციტის მიზეზად იქცა.

მუხლის სახსრის პუნქცია

ხშირად მუხლის სახსრის პუნქცია ტარდება სინოვიური სითხის გამოსაღებად მისი შემდგომი შესწავლის მიზნით. ზოგჯერ ჩხვლეტით სახსარში კონტრასტული ნივთიერება ან უბრალო ჰაერი შეჰყავთ, რათა აღმოაჩინონ მასში არსებული ტრავმა - მენისკის ან იოგების დაზიანება.

პუნქციის ჩვენებები

პუნქცია აუცილებელი პროცედურაა არა მარტო დიაგნოსტიკისთვის, არამედ თერაპიისთვისაც. სამკურნალო პუნქციას, ჩვეულებრივ, მუხლის სახსრის ჰემატომისგან - რომელიც ნელა გაიწოვება - გასათავისუფლებლად მიმართავენ. ამ დროს საანესთეზიო საშუალებებთან ერთად იყენებენ ანტიბიოტიკებს და იმ ანტისეპტიკურ საშუალებებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია სახსრის შიგნიდან გამორეცხვა. მუხლის სახსრის პუნქციას ქრონიკული პოსტტრავმული სინოვიტის დიაგნოსტირების დროსაც მიმართავენ, რათა სახსრიდან დაგროვილი სითხე ამოქაჩონ. ჰემართროზის (სახსარში სისხლის არსებობის) შემთხვევაში პროცედურის შემდეგ სახსარს აუცილებლად დამწოლი ნახვევი უნდა დაედოს. მუხლის სახსრის პუნქცია ექიმმა შეიძლება დანიშნოს ართროზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვისაც.

პროცედურის შედეგები

მუხლის სახსრის პუნქციას სადღეისოდ სახსრის პათოლოგიის მკურნალობის უფრო ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ. მუხლის სახსრის ჰემატომის მედიკამენტური მკურნალობა ნაკლებეფექტურია. მალამოების გამოყენების შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ მათი შეწოვა ადამიანის ორგანიზმის თავისებურებებზეა დამოკიდებული. ტაბლეტებმა კი შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. რაც უფრო მეტხანს არ გაიწოვება სახსარში ჩაღვრილი სისხლი, მით უფრო ხანგრძლივია ანთებითი პროცესი. ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები სიმპტომებს დროებით ხსნის. ამის გათვალისწინებით, უკეთეს შედეგს სწორედ მუხლის სახსრის პუნქცია გვაძლევს.