როგორ გავარჩიოთ ორთოპედიული მატრასი ჩვეულებრივისგან
სრულფასოვანი, მშვიდი ძილი დღის წარმატებულად დაწყებას ნიშნავს. თეორიულად ეს ყველა ადამიანმა კარგად იცის, თუმცა მაინც ძალიან ხშირად გვესმის ფრაზები: ვერ გამოვიძინე, საშინლად მეძინა, ყოველ დილით წელი მტკივა და ა.შ.
ძილის პროცესის დარღვევა არაერთმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა ფაქტია, რომ სრულფასოვან ძილზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას საწოლი ახდენს. ის საკმაოდ ფართო და მოხერხებული უნდა იყოს. მნიშვნელოვანი ელემენტია ლეიბი. იმაზე, თუ რისგან არის დამზადებული იგი, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, რამდენად ჯანსაღი იქნება ჩვენი ღამის ძილი.
დამტკიცებულია, რომ რბილ ლეიბზე ძილი მავნებელი უფროა, ვიდრე სასარგებლო. უპირველეს ყოვლისა, ეს მავნეა ხერხემლისთვის.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, უმჯობესია, შეიძინოთ ორთოპედიული ლეიბი. ასეთი ლეიბი ადაპტირებულია ადამიანის სხეულის ბუნებრივ ნადრეკებთან და სპეციალურად გათვლილი დრეკადობა აქვს, რის წყალობითაც ხერხემალს ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება.
კარგი, ხარისხიანი ორთოპედიული ლეიბი რამდენიმე ფენისგან შედგება.საქართველოში ორთოპედიული მატრასების საკმაოდ ფართო არჩევანია. თუმცა მატრასის შერჩევისას გარკვეული დეტალების ცოდნა აუცილებელია. "ემბავუდის" წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში გიორგი დაბრუნდაშვილი ამბობს, რომ კარგ ორთოპედიულ მატრასს იაფად ვერავინ შეიძენს, რადგან ის ძვირადღირებული მასალისგან მზადდება.
- "პირველ რიგში, მთავარი არის მომხმარებლის სწორი ინფორმირება, რა არის ორთოპედიული ლეიბი. ფართოდ არის გავრცელებული, რომ 100 და 120 ლარად შეიძლება ორთოპედიული ლეიბის ყიდვა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. უშუალოდ მასალების ღირებულება, რომლისგანაც შედგება ორთოპედიული ლეიბი, უკვე აღემატება ამ თანხებს.
არის სტანდარტული ლეიბები, რომლებიც ღირს 100-დან 200 ლარამდე. რეალურად ორთოპედიული ლეიბები იწყება 200-დან 300 ლარიდან შეიძლება უფრო ძვირიც ღირდეს. მთავარი ის კი არ არის, ადამიანი ჩვენს ორთოპედიულ ლეიბს იყიდის თუ არა, მთავარია ის, რომ ადამიანმა იცოდეს, როგორია ორთოპედიული ლეიბი და არ დარჩეს მოტყუებული, ორთოპედიულ ლეიბს იაფად ვერ შეიძენს.
ჩვენ არ გვინდა, რომელიმე მომხმარებელი დარჩეს მოტყუებული, რომ შეიძენს 100-ლარიან მატრასს და ეგონება, რომ ის არის ორთოპედიული. მაშინ სერტიფიკატი უნდა მოსთხოვოს და შიგთავსი ნახოს, არის თუ არა ხარისხიანი. ყველაზე მთავარი, რითაც შეიძლება განასხვავოს მომხმარებელმა ორთოპედიული ლეიბი ჩვეულებრივისგან, არის სიმყარე. ორთოპედიული ლეიბი არის მყარი. ხშირად ამბობენ, რომ მატრასი რბილია და კომფორტული, მაგრამ ასეთი ლეიბი არ შეიძლება იყოს ორთოპედიული.
არის კომფორტული ლეიბების მიმართულება და არის ორთოპედიული ლეიბების მიმართულება. მაგალითად,
კომფორტული მიმართულების სახეობაა ანატომიური მატრასი. ასეთი მატრასისთვის გამოყენებული ზამბარის მექანიზმები მოთავსებულია ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ტომრებში და მატრასის შიგნით განთავსებულია ვერტიკალურად. ასეთი მექანიზმით აწყობილი მატრასი ადამიანის წოლისას იღებს ადამიანის სხეულის ანატომიურ ფორმას, წონა თანაბრად ნაწილდება მატრასის მთელ ფართობზე, ადგომის შემდეგ კი საწყის ფორმას უბრუნდება. ასეთმექანიზმიანი მატრასის ჩავარდნა გამორიცხულია.
ორთოპედია კი გულისხმობს ხერხემლის სისწორეს და შესაბამისად ლეიბი უნდა იყოს მყარი, რომ წოლისას ხერხემალი სწორ მდგომრეობაში იყოს. თუ ლეიბი არ არის მყარი, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ის ვერ იქნება ორთოპედიული და არ უნდა შევიდეს შეცდომაში".
როგორც გიორგი დაბრუნდაშვილი ამბობს, აუცილებელია კლიენტს ჰქონდეს საშუალება ჭრილში ნახოს, თუ რეალურად როგორ და რისგან არის დამზადებული მატრასი, რომლის შეძენაც სურს. ამისათვის კი სოლიდურ მწარმოებლებს მატრასის ნიმუში ჭრილში ყოველთვის აქვთ წარმოდგენილი.
ნათია ლეშკაშელი