ღია წერილი ბატონ დავით სერგეენკოს! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღია წერილი ბატონ დავით სერგეენკოს!

მე არ მაქვს პრეტენზია, რომ თქვენზე მეტი გამეგება იმ საქმეში, რომელსაც თქვენ უძღვებით და არც იმის ილუზია მაქვს, რომ რაიმე ადამიანური თვისებით აღმატებული ვარ ვინმეზე, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად გამაჩნია და მინდა გითხრათ, რომ თუნდაც ის ფსიქოლოგიური დარტყმა, რაც უკვე მიაყენეთ ადამიანებს, საკმარისია იმისათვის, რომ რეფორმა უარყოფითად შეფასდეს.

გასაგებია, რომ სახელმწიფოს განვითარების გარკვეულ ეტაპებზე აუცილებელი ხდება ხოლმე ისეთი ცვლილებები, რომელთა გატარება სახელმწიფოს მომავალი კეთილდღეობისათვის არის საჭირო და ასეთ დროს საზოგადოება გაგებით უნდა შეხვდეს სიახლეებს, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს ნამდვილად არ არის ასეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შემთხვევა.

რატომ ხდება, რომ მინისტრის კაბინეტიდან ადამიანები ვეღარ ხედავენ რეალობას? საიდან მოიტანეთ, რომ საზოგადოების აზრი წამლების რეფორმასთან დაკავშირებით დადებითია? საზოგადოება შოკშია, ბატონო დავით, პანიკაშია, იქნებ გამოიხედოთ კაბინეტიდან და უბრალო მოკვდავთა ცხოვრების დეტალებს ჩაუღრმავდეთ?

ექიმმა რომ უნდა გამოწეროს რეცეპტი ნორმალურ ქვეყანაში, ეს გასაგებია, მაგრამ რეცეპტის გამოწერამდე სულ დალაგებული გაქვთ ჯანდაცვის სისტემა? რატომ იწყებთ ბოლოდან საქმის კეთებას?

იმ ექიმთან მისვლას რომ გზის ფული უნდა, ამაზე გიფიქრიათ? გაჭირვებული ადამიანისთვის ესეც რომ სათქმელი და საფიქრალია, იცით ეს? მერე ექიმთან რომ საათობით რიგში დგომაა საჭირო, ამაზე თუ გსმენიათ რამე? ზოგჯერ აფთიაში შესარბენი დროც კი არ გვაქვს, ისეთ რეჟიმში გვიწევს ადამიანთა უმრავლესობას ცხოვრება, არა თუ ექიმთან ლოდინისა. და მერე ის თუ გსმენიათ, ექიმთა დიდი ნაწილი ამა თუ იმ ფარმაცევტულ კომპანიასთან თანამშრომლობის გამო დაინტერესებული რომ არის გარკვეული პრეპარატების გამოწერით? (მათაც ვერ გავამტყუნებთ - იმდენად მიზერულია მათი ხელფასი, რომ საარსებოს საშოვნელად სხვა გზას ეძებენ).

და აი, ახალი წყარო შემოსავლისა: შენ გინდა ნიმესილი? მხოლოდ ეგ გიყუჩებს ტკივილს? ექიმი კი გეუბნება, რომ ამ პრეპარატს ვერ გამოგიწერს, იმიტომ, რომ საზღვარგარეთ უარყოფითი თვისებები აღმოაჩნდა, ანდა სხვა მიზეზს გეტყვის  და მის ნაცვლად ალტერნატიულ პრეპარატს გამოგიწერს. რა ქნას ასეთ დროს პაციენტმა? ხვეწნა-მუდარა გაჭრის თუ კიდევ სხვა რამე იქნება საჭირო? ვინ აკონტროლებს ამ დროს ექიმს - მის კვალიფიკაციას, მის პატიოსნებას?

კიდევ ბევრნაირი საშიშროება ჩნდება იმისა, რომ თქვენი რეფორმით არაკეთილსინდისიერად ისარგებლებენ ფარმაცევტული კომპანიები. ისედაც ქაოსია ფარმაცევტულ ბაზარზე და ეხლა მთლად საამისო პირობები შეექმნებათ.

რთულია ჩვენი მოსახლეობის ყოფა, ბატონო დავით. ბევრი ტკივილი და გაჭირვებაა თითოეულ ოჯახში. არ შეიძლება ზევიდან უყურო ამ ტკივილს და აიძულო ადამიანები, რომ ის აკეთონ, რაც შენ გინდა. ჩვენ საცდელი თაგვები არ ვართ!

თქვენ შეგეძლოთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაგეწყოთ აქტიური მუშაობა იმ მიმართულებით, რომ დაუშვებელია თვითმკურნალობა, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები არასწორად იღებენ მედიკამენტებს, რომ საჭიროა ექიმთან პერიოდული ვიზიტი და ამაში ჩვენც - მედიასაშუალებები აქტიურად დაგიდგებოდით გვერდში, ასე ავამღლებდით ადამიანთა სამედიცინო კულტურას და მერე ვისაც სურვილი და საშუალება ექნებოდა ექიმის მიერ გამოწერილ წამალს მიიღებდა და ვისაც არა - ისევ ძველებურად იცხოვრებდა. მაგრამ  იძულების ეს მეთოდი, რასაც თქვენ იყენებთ, არ არის გამართლებული! ამ გამწარებულ ადამიანებს ეს ნამდვილად აღარ სჭირდებოდათ!

ჩვენ ქვეყანას არ ესადაგება უცხოეთიდან გადმოტანილი წესები და კანონები, ჩვენ ჩვენი რეალობა გვაქვს და გონიერმა ადამიანებმა ამ რეალობის შესაბამისი კანონები უნდა შექმნან, რომლებიც ხალხს მდგომარეობას შეუმსუბუქებს. ჩვენ ჩვენი სახელმწიფო უნდა შევქმნათ, ჩვენი ჯანდაცვა და ჩვენი ეკონომიკა, რომელიც ვერანაირად ვერ იქნება სხვა ქვეყნის სისტემათა ზუსტი ასლი. მაგრამ ამის შესაქმნელად კანონმდებლებს ადამიანების უნდა ესმოდეთ, ადამიანთა ტკივილი უნდა სტკიოდეთ. მაშინ იქნება კანონები ყველასთვის მისაღები.

ხოდა, ბატონო დავით! მე არ ვიცი ვინ გაწვდით ინფორმაციას საზოგადოებრივი აზრის შესახებ, მაგრამ რეალობა ასეთია:  ხალხი პანიკაშია, აფთიაქებში რიგები დგას და ადამაინები ასობით ლარის პრეპარატებს იმარაგებენ, რომ თუნდაც რამდენიმე თვით დაიცვან თავი თქვენი იძულებისაგან.

საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა უარყოფითად აფასებს ამ ცვლილებას. გაგიკვირდებათ და ექიმთა დიდი უმრავლესობაც ასე ფიქრობს. დასანანია, რომ ამ უარყოფითმა განწყობამ  ხაზი გადაუსვა მთელ თქვენს ნამოღვაწარს, რაც დღემდე გიკეთებიათ საზოგადოებისთვის.

არც ნიშნის მოგებით გესაუბრებით და არც ღვარძლით. მინდა სიმართლე გითხრათ, ბატონო დავით. თუ მოისმენთ ამ სიმართლეს და სხვაგვარად დაინახავთ პრობლემას,  იქნებ უკეთესი იყოს ყველასთვის.

მაპატიეთ, რომ საერთო მღელვარება თქვენამდე მოვიტანე!

ჟურნალ "ოჯახის მკურნალისა" და  მკურნალი.გე-ს მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი