ნეფრიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნეფრიტი

ბევრი გლომერულონეფრიტსა და პიელონეფრიტს ერთმანეთში ურევს. არადა, ეს დაავადებები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება და განსხვავებულ მკურნალობასაც მოითხოვს. საერთო მხოლოდ ის აქვთ, რომ ორივე თირკმლის პათოლოგიაა.

მცირე ფიზიოლოგიური ექსკურსი

თირკმელები ადამიანის ორგანიზმში არსებული სითხის ფილტრაციას და ამ გაფილტრული, მავნე ნივთიერებებით გაჟღენთილი სითხის (შარდის) გამოყოფას ემსახურებიან. გარდა ამისა, ისინი ასრულებენ ენდოკრინულ ფუნქციას, უშუალოდ მონაწილეობენ უამრავი ჰორმონის სინთეზსა და მეტაბოლიზმში. თირკმლის ფუნქციური ერთეული ნეფრონია. ადამიანის თირკმელი დაახლოებით 1 მილიონ ნეფრონს შეიცავს. შარდის წარმოქმნის ფუნქცია სამი ეტაპისგან შედგება. ესენია ულტრაფილტრაცია (გორგლოვანი ფილტრაცია), რეადსორბცია და სეკრეცია. დღის განმავლობაში თირკმელებში 1500 ლ სისხლი გაივლის. აქედან გამოიფილტრება 180 ლ პირველადი შარდი (ულტრაფილტრაცია). შემდეგ, წყლის რეადსორბციის ხარჯზე, მნიშვნელოვნად მცირდება პირველადი შარდის მოცულობა და საბოლოო ჯამში, დღეში 0,5-2 ლ შარდი გამოიყოფა. გლომერულონეფრიტის წარმოშობის მექანიზმზე წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, მარტივად აგიხსნით გორგლოვანი ფილტრაციის არსს. სისხლიდან ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები სპეციალური კაპილარული სისტემის, ე.წ. თირკმლის გორგლების გავლით ხვდება კაფსულებში, ამ მრავალრიცხოვანი კაფსულიდან კი თირკმელში. გორგლების ფორების დიამეტრი იმდენად პატარაა, რომ არ ატარებს ერითროციტებსა და ცილებს, მაგრამ ატარებს სისხლის პლაზმაში არსებულ ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს (ეს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებია). ინფექციებთან მრავალჯერადი ან ხანგრძლივი კონტაქტის გამო ორგანიზმის იმუნური სისტემა შესაძლოა არასწორად ამუშავდეს და დაიწყოს თირკმლის გორგლებში არსებული უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედება. ამის შედეგად თირკმელებში აუტოიმუნური ანთება ვითარდება, რაც სწორედ თირკმლის გორგლებს, ანუ ორგანიზმიდან თირკმელებში მავნე ნარჩენების გადამცემ სისტემას აზიანებს. გორგლების კედლებში განვითარებული ცვლილებების შედეგად წარმოიქმნება ნაპრალები, საიდანაც ახერხებენ გაძრომას ერითროციტები და ცილები. ამის გამო ჩნდება შარდში ცილა (პროტეინურია) და სისხლი (ჰემატურია). ამ დაავადებას ჰქვია გლომერულონეფრიტი (ბერძნულიდან: ნეპჰროს - თირკმელი, გლომერულუს - გორგლები). პიელონეფრიტი (ბერძნულიდან: პყელო - მენჯი და ნეპჰროს - თირკმელი) თირკმელების ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თირკმლის ქსოვილი, ასევე თირკმლის მენჯი და ფიალები. ის ძირითადად ცალმხრივია, იშვიათად - ორმხრივიც. და მაინც, რა იწვევს ამ დაავადებებს? მწვავე გლომერულონეფრიტი შეიძლება განვითარდეს ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ. ჩვეულებრივ, ეს ინფექცია სტრეპტოკოკულია (მაგალითად, ანგინა, ტონზილიტი, ქუნთრუშა), თუმცა დაავადება სხვა ინფექციამაც შეიძლება განაპირობოს - როგორც ბაქტერიულმა, ისე ვირუსულმა და პარაზიტულმა. უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც ვითარდება ხოლმე შრატის, ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგაც. ბოლო წლების გამოკვლევები აჩვენებს მჭიდრო კავშირს არტერიულ ჰიპერტენზიასა და გლომერულონეფრიტს შორის. თუ გლომერულონეფრიტის მიზეზი შეიძლება გახდეს დაღმავალი (ინფექციის გადასვლა ორგანიზმის ზემოთა ნაწილებიდან ქვემოთ) ინფექცია, პიელონეფრიტს უფრო აღმავალი ინფექცია იწვევს. ჯანმრთელ ადამიანს სტერილური შარდი აქვს, მაგრამ ბაქტერიას შეუძლია, ახლომდებარე ორგანოებიდან (მაგალითად, ნაწლავებიდან, სასქესო ორგანოებიდან) ლიმფური და სისხლძარღვოვანი სისტემის საშუალებით მოხვდეს საშარდე გზებში და იქ გამრავლდეს. პიელონეფრიტი სარისკოა მაშინაც, თუ დარღვეულია თირკმელებიდან შარდის გამოყოფა, მაგალითად, კენჭებით, სიმსივნური წარმონაქმნით, სტრიქტურებით საშარდე გზების ობსტრუქციისას, პროსტატის ჰიპერტოფიისას. ეს იწვევს შარდის სტაზს (შეგუბებას) და მასში ბაქტერიების გამრავლებას. პიელონეფრიტით ადამიანი შესაძლოა ნებისმიერ ასაკში დაავადდეს, მაგრამ უფრო ხშირია შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებში, 18-დან 30 წლამდე ასაკის გოგონებსა და ქალებში. ამ დროს პიელონეფრიტის განვითარება უკავშირდება სქესობრივი ცხოვრების დაწყებას, ორსულობას ან მშობიარობას. პიელონეფრიტის განვითარების ალბათობა იზრდება ორგანიზმის იმუნური სტატუსის დაქვეითების, შაქრიანი დიაბეტის, ტუბერკულოზის, ჰიპოვიტამინიოზის და ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს.

რა ხდება ამ დროს

თუ ანგინის, ფილტვების ანთების, ტონზილიტის ან ნებისმიერი სხვა ინფექციური დაავადების გადატანიდან 1-3 კვირის შემდეგ დაგეწყოთ თავის ტკივილი, აგიწიათ სიცხემ, არტერიულმა წნევამ და თავი იჩინა სხვა დამახასიათებელმა სიმპტომებმაც, შესაძლოა, მწვავე გლომერულონეფრიტთან გვქონდეს საქმე. უნდა ითქვას ისიც, რომ თირკმელებში ფილტრაციის სისტემის მოშლის გამო ორგანიზმიდან ჩვეულებრივ რეჟიმში აღარ ხდება სითხის გამოყოფა, რაც გამოიწვევს შეშუპებას და, შესაბამისად, შესაძლოა გულისმიერი ასთმისა და ფილტვების შეშუპების მიზეზად იქცეს. არცთუ იშვიათად მწვავე გლომერულონეფრიტის დროს მცირდება შარდის გამოყოფა, თავად შარდი ხდება ხორცის ნარეცხისფერი, ანუ ვითარდება მაკროჰემატურია. შესაძლოა აღმოცენდეს ტკივილი მუცელსა და წელის არეში და შეტევითი ხასიათის ღებინებაც კი განვითარდეს.  მწვავე სტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტი უნდა ვივარაუდოთ, თუ შეინიშნება:

  • კავშირი სტეპტოკოკურ ინფექციასა და დაავადების გამოვლინებას შორის;
  • მიკრო ან მაკროჰემატურია - სისხლიანი შარდი. ჰემატურიის გარეშე ეს დაავადება უიშვიათესია. ამ დროს დიაგნოზი ისმება თირკმლის ბიოფსიის საფუძველზე;
  • პროტეინურია - შარდში ცილების არსებობა;
  • შეშუპება - დაავადების დასაწყისში სახის, ქუთუთოების, ხელების შეშუპება, რაც თანდათან იმატებს და ვრცელდება ქვედა კიდურებზე. ბავშვებში შესაძლოა ასციტიც განვითარდეს;
  • არტერიული წნევის მატება;
  • ხშირია ოლიგურია (შარდის შემცირება) ან ანურია (შარდი არ გამოიყოფა).

ქრონიკული გლომერულონეფრიტის დროს სიმპტომები გაცილებით სუსტადაა გამოხატული, ის შესაძლოა წლობით გაგრძელდეს, მაგრამ მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შედეგი ძალიან ცუდი იქნება, კერძოდ, აღმოცენდება გულის ან თირკმლის უკმარისობა. თითქმის ყველა პაციენტი, რომელთაც ქრონიკული გლომერულონეფრიტის დიაგნოზს უსვამენ, კითხულობს: რით არის ეს დაავადება საშიში? ყველაზე ხშირად ეს კითხვა მაშინ იბადება, როცა დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მართლაც, როცა ფილტვების ანთება აქვს ადამიანს, ის თავს ცუდად გრძნობს, ახველებს, აქვს სიცხე და ა.შ., ამით ხვდება, რომ ეს სერიოზული დაავადებაა და მკურნალობას მოითხოვს. მაგრამ შარდში არსებული მცირე ცვლილებები, თუ სხვა ჩივილები არ არსებობს, ეგებ არც კი იყოს საშიში და ექიმის ჩარევას არ მოითხოვდეს?! ასე მსჯელობს ქრონიკული გლომერულონეფრიტის საწყის სტადიაზე უმრავლესობა, რაც თირკმელების ქრონიკული უკმარისობით სრულდება. ამიტომ ყველამ, ვისაც კი ქრონიკული გლომერულონეფრიტის დიაგნოზს უსვამენ, უნდა იცოდეს შემდეგი: ეს დაავადება, როგორც წესი, იმუნური ხასიათისაა, ხანგრძლივად მიმდინარე და აზიანებს ორივე თირკმელს.


ქრონიკული გლომერულონეფრიტის დროს თანდათანობით ირღვევა თირკმელების ფუნქცია, ისინი ვეღარ უმკლავდებიან თავიანთ ძირითად დანიშნულებას - ზედმეტი სითხისა და ცხოველმოქმედების პროდუქტებიდან ორგანიზმის გათავისუფლებას. გახსოვდეთ: ორგანიზმში ნებისმიერი ანთებითი პროცესების, მათ შორის გლომერულონეფრიტის, შედეგი არის ქსოვილის სკლეროზირება, ანუ ნაწიბურების გაჩენა. ასეთი სკლეროზირებული ქსოვილი ვეღარ მუშაობს. პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტის მსგავსად, მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე პიელონეფრიტის დროს ტემპერატურა ერთბაშად იმატებს 39-40 გრადუსამდე, ვითარდება სისუსტე, შემცივნება, თავის ტკივილი, ჭარბი ოფლდენა, შესაძლოა გულისრევა და ღებინებაც. ტემპერატურის მატებასთან ერთად აღმოცენდება წელის ტკივილი, გლომერულონეფრიტისგან განსხვავებით, პიელონეფრიტი, წესისამბრ, ცალმხრივია. ტკივილი ყრუა, მაგრამ ინტენსიური. თუ დაავადება შარდკენჭოვანი დაავადების ფონზე ვითარდება, პიელონეფრიტს წინ უძღვის თირკმლის ჭვლის შეტევა. მწვავე პიელონეფრიტი უნდა ვივარაუდოთ, თუ აღინიშნება:

  • დაავადების უეცარი დასაწყისი;
  • მაღალი სიცხე;
  • დიზურია - შარდის გახშირება და ღამის შარდვა;
  • პიურია (შარდში ჩირქის არსებობა), ბაქტერიურია და ჰემატურია.

პროტეინურია, რომელიც მეტადაა დამახასიათებელი გლომერულონეფრიტისთვის, პიელონეფრიტის დროს მინიმალური ხარისხისაა. გლომერულონეფრიტისაგან განსხვავებით, არც შეშუპება და არც არტერიული წნევის მატება პიელონეფრიტის სიმპტომი არ არის. არანამკურნალები პიელონეფრიტი შესაძლოა გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში ან განვითარდეს თირკმელებში ჩირქოვანი პროცესი, რაც გამოვლინდება ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესებით და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებით (დილით 35-36-დან საღამოს 40-41 გრადუსამდე). ქრონიკული პიელონეფრიტი, როგორც წესი, არასწორად ან არასრულყოფილად ნამკურნალები მწვავე პიელონეფრიტის შედეგია. ქრონიკული პიელონეფრიტის დროს შესაძლოა ავადმყოფს გამუდმებით აწუხებდეს წელის ყრუ ტკივილი, განსაკუთრებით - ნესტიან და ცივ ამინდში. გარდა ამისა, ქრონიკული პიელონეფრიტი დროდადრო მწვავდება ხოლმე და მაშინ თავს იჩენს მწვავე პროცესისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

რა ანალიზებია საჭირო

უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ ზემოთ აღნიშნული სიმპტომების აღმოცენებისთანავე საჭიროა უროლოგთან ან ნეფროლოგთან მისვლა. ზუსტი დიაგნოზის დასასმელად უნდა გაკეთდეს შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი, ყურადღებით ინახოს, ხომ არ არის შარდში ცილა, ერითროციტები ან ლეიკოციტები. გლომერულონეფრიტის შემთხვევაში დიაგნოსტირების გადამწყვეტი მეთოდია თირკმლის ბიოფსია. პიელონეფრიტის დიაგნოსტირების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მისი სიმპტომები ჰგავს საშარდე სისტემის სხვა დაავადებების სიმპტომებს, ამიტომ აუცილებელია იმ გამოკვლევების ჩატარება, რომლებიც საშარდე გზების მდგომარეობაზე განსაზღვრულ წარმოდგენას შეგვიქმნის, მაგალითად, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევებისა. გამომწვევი ინფექციის განსაზღვრის მიზნით უნდა დაითესოს შარდი, ხოლო სიმსივნური პროცესის გამოსარიცხად  ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია.

როგორ მკურნალობენ

მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტის მკურნალობა კომპლექსურია და გულისხმობს:

1) ფიზიკური დატვირთვის განსაკუთრებულ რეჟიმს: დაავადების აქტიურ ფაზაში - წოლით რეჟიმს (2-3 კვირა), რემისიის პერიოდში - ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას;

2) დიეტოთერაპიას, რომლის ძირითადი პრინციპებია:

  • საკვები რაციონიდან ავადმყოფისთვის ალერგიის გამომწვევი პროდუქტების გამორიცხვა;
  • საკვებში ცილების რაოდენობის შეზღუდვა;
  • ნატრიუმის შემცველი პროდუქტების (მარილის) შეზღუდვა, რადგან ნატრიუმი შეშუპებისა და ჰიპერტენზიის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია;
  • კალიუმის შემცველი პროდუქტებით რაციონის გამდიდრება, რათა მოხდეს კორტიკოსტეროიდული თერაპიისთვის დამახასიათებელი ჰიპოკალიემიის პროფილაქტიკა;

3) სიმპტომურ თერაპიას დიურეტიკების, ჰიპოტენზიური და სხვა პრეპარატების გამოყენებით;

4) პრეპარატებით აქტიურ ზემოქმედებას თირკმლის გორგლების დაზიანების გამომწვევ იმუნური რეაქციის სხვადასხვა ჯაჭვზე. მაგალითად: ანტიბიოტიკებით (პენიცილინი, ამპიცილინი, ოქსაცილინი, მეტიცილინი, ამპიოქსი) 2-3 კვირის განმავლობაში ითრგუნება ანტიგენური კომპონენტი (სტრეპტოკოკული თუ სხვა); იმუნოდეპრესიული საშუალებები (პრედნიზოლონი, ციტოსტატიკები და ანტიმეტაბოლიტები) თრგუნავენ ანტისხეულების გამომუშავებას;

პიელონეფრიტის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ანთების გამომწვევზე, თანმხლებ დაავადებებზე და ა.შ. გაურთულებელი პიელონეფრიტის მკურნალობა გულისხმობს:

  • ანტიბიოტიკების,
  • დეზინტოქსიკაციური პრეპარატების,
  • იმუნოსტიმულატორული პრეპარატების მიღებას.

უმრავლეს შემთხვევაში 2-3 დღეში ავადმყოფი გამოჯანმრთელდება: ქრება დაავადების სიმპტომები და ლაბორატორიული ანალიზი გამომწვევის არარსებობას ადასტურებს. ზოგჯერ პიელონეფრიტი ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, მაგალითად, როცა შარდის შეფერხების მიზეზი საშარდე გზებში არსებული კენჭებია ან თირკმლის ქსოვილია დაჩირქებული.