ქიმიოთერაპიის დადებითი და უარყოფითი ეფექტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქიმიოთერაპიის დადებითი და უარყოფითი ეფექტები

ონკოლოგიურ პრაქტიკაში ქიმიოთერაპია მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე კომპლექსურად ოპერაციულ, სხივურ, იმუნო- და ჰორმონთერაპიასთან ერთად. პირველი კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი 1946 წელს დარეგისტრირდა. ეს იყო ემბიხინი, რომელსაც იპრიტისგან იღებდნენ. ემბიხინი თანამედროვე ციტოსტატიკების წინაპრად ითვლება.

- რა უპირატესობა აქვს ქიმიოთერაპიულ მკურნალობას?

- ქიმიური პრეპარატები ძირითადად უშუალოდ სისხლის მიმოქცევის სისტემაში შეჰყავთ. სწორედ ეს იძლევა უპირატესობას რიგ შემთხვევაში სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა მეთოდებთან შედარებით. ქირურგიული ან სხივური თერაპიის დროს ხშირად ვერ ხერხდება ყველა სიმსივნური უჯრედის მოცილება, მათი მოქმედება მიმართულია ერთი კონკრეტული ადგილისკენ. ეს იმით აიხსნება, რომ სიმსივნური უჯრედების გარკვეული ჯგუფი შესაძლოა მოშორდეს პირველად სიმსივნეს და სისხლის მიმოქცევის სისტემის მეშვეობით მოხვდეს ორგანიზმის ამა თუ იმ ნაწილში, სადაც შემდგომ დაიწყებს ზრდას და წარმოქმნის მეორეულ სიმსივნეს - მეტასტაზს. ვინაიდან ქიმიური პრეპარატები გადაადგილდება იმავე გზით, მათ შეუძლიათ დაშალონ ან დააზიანონ ეს უჯრედები ან მეორეული სიმსივნეები ორგანიზმის ნებისმიერ უბანში.

- რამდენად ეფექტიანია ქიმიოთერაპია?

- ქიმიოთერაპიის ეფექტიანობა დამოკიდებულია კიბოს ტიპზე, მდებარეობაზე, განვითარების სტადიაზე, ავადმყოფის საერთო მდგომარეობაზე და სხვა. არსებობს კიბოს რამდენიმე ტიპი, რომლებიც მხოლოდ ქიმიოთერაპიითაც იკურნება, მაგრამ ავთვისებიანი სიმსივნეების უმეტესობის შემთხვევაში ეს შეუძლებელია. ამ დროს ქიმიოთერაპია ტარდება სიმსივნის ზრდის შესაჩერებლად, ანუ იმ უჯრედების დასაშლელად, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს საწყისი კერებიდან სხეულის სხვა ნაწილებში, კიბოს ზრდის შესანელებლად ან სიმსივნით გამოწვეული სიმპტომების (მაგალითად, სიმსივნის ზეწოლით გამოწვეული ტკივილის, ინტოქსიკაციის და სხვა) შესამსუბუქებლად. ქიმიოთერაპიის ნაკლებწარმატებული მოქმედება ამ შემთხვევებში განპირობებულია იმით, რომ სიმსივნურ უჯრედებს ჩამოუყალიბდათ მდგრადობა პრეპარატების მიმართ, ან კიდევ ზოგიერთი კიბოს უჯრედი ქიმიოთერაპიის მიმართ თავიდანვე მდგრადია. მაგალითად, თუ კიბოს უჯრედების 99% მგრძნობიარეა ქიმიოპრეპარატების მიმართ, ქიმიოთერაპია დააზიანებს ამ უჯრედებს, მაგრამ გავლენას ვერ მოახდენს დანარჩენ 1%-ზე, რომლებიც გამრავლებას გააგრძელებენ. ვინაიდან კიბოს უჯრედების მდგრადობის გამომუშავება და უჯრედების არასრული დაზიანება ქიმიოთერაპიის ეფექტურობის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ არჩევენ ხოლმე რამდენიმე პრეპარატს (პოლიქიმიოთერაპია). თითოეული მათგანი ახდენს სპეციფიკურ დამანგრეველ მოქმედებას კიბოს უჯრედებზე. რაკი კიბოს უჯრედებს დაცვის რამდენიმე მექანიზმის შემუშავება უჭირთ, იზრდება მათი დაშლის ალბათობაც.

- როგორ შეიძლება ქიმიური პრეპარატების შეყვანა?

- სამი მეთოდით: სისტემურად, რეგიონულად და ლოკალურად, როგორც პერორალურად (დალევით), ასევე ინტრავენურად (ვენაში შეყვანით). ამ უკანასკნელი მეთოდის მიზანია აქტიური ქიმიური პრეპარატების უშუალოდ სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრა, რათა ქიმიური ნივთიერებები მივიდეს კიბოს უჯრედებამდე, სადაც არ უნდა მდებარეობდეს ისინი. ზოგჯერ ქიმიური პრეპარატები შეჰყავთ უშუალოდ ორგანიზმის სპეციფიკურ უბანში, მაგალითად, პირდაპირ კუჭში ან ზურგის ტვინის სითხეში. ამ მეთოდის მიზანია აღნიშნულ უბანში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევა. ყველაზე მარტივი მეთოდია პრეპარატის მიღება პერორალურად, ტაბლეტების ან სითხის სახით, მაგრამ ეს მეთოდი ინექციასთან შედარებით ნაკლებსაიმედოდ მიიჩნევა, რადგან ამ დროს არ არსებობს იმის გარანტია, რომ წამლის ერთი და იმავე დოზის მიღებისას ორგანიზმი შეიწოვს პრეპარატის ერთსა და იმავე რაოდენობას. ამიტომ შეყვანის ყველაზე გავრცელებული გზა ინტრავენურია. ამ დროს ხდება ქიმიური პრეპარატის შეყვანა ვენური ინექციის ან წვეთოვანი სახით. პროცედურა აუცილებლად უნდა ჩატარდეს საავადმყოფოში სტაციონარულად ან ამბულატორიულად.


- რა ხანგრძლივობითა და პერიოდულობით შეიძლება ჩატარდეს ქიმიოთერაპია და რაზეა ეს დამოკიდებული?

- ქიმიოთერაპიის სიხშირე და ხანგრძლივობა მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რომელი ორგანოს კიბო აქვს ავადმყოფს, რა მოცულობისა, რა მორფოლოგიური შენებისა, გავრცელების რა ხარისხისა, რა გავლენას ახდენს იგი ორგანიზმზე, როგორია ორგანიზმის საერთო მდგომარეობა და ა.შ. ასევე გასათვალისწინებელია, რა წამლების გამოყენება არის დაგეგმილი და რა შედეგები იქნება მიღებული უახლოეს და მოგვიანებით პერიოდებში.

ქიმიოთერაპიის ხანგრძლივობა და ციკლურობა ასევე დამოკიდებულია წამლის შეყვანის გზებზე, სიჩქარესა და დოზაზე. ქიმიოთერაპიის კურსები შეიძლება მერყეობდეს 4-დან 8-მდე. პროცედურები მოიცავს შესვენებისა და განახლების ციკლებსაც. ამ დროს მიმდინარეობს ქიმიოთერაპიის დროს დაზიანებული ჯანმრთელი უჯრედების აღდგენა და ახალი უჯრედების წარმოქმნა, რის შედეგადაც იზრდება ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა. ყოველივე ამის შემდეგ ექიმი-ქიმიოთერაპევტი ადგენს ქიმიოთერაპიის სქემას და ხანგრძლივობას, რომლის დაცვა ავადმყოფისთვის სავალდებულოა.

ექიმს შეუძლია შეწყვიტოს, გადაუვადოს ან შეუცვალოს დანიშნულება ავადმყოფს. ეს ძირითადად განპირობებულია სიმსივნის საწინააღმდეგო წამლების გვერდითი მოვლენებით მოცემულ ავადმყოფთან.

- რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ქიმიოთერაპიის შემდეგ?

- აუცილებელია სისხლის, შარდის საერთო ანალიზი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, ღვიძლის ფუნქციების შესწავლა. გარდა ამისა, პროცესის დინამიკის განსაზღვრისათვის ექიმმა უნდა დანიშნოს ანალიზები შეხედულებისამებრ, მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელია ავადმყოფის სიმპტომატიკა.

- რამდენად ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ქიმიოთერაპია სისხლის წარმომქმნელ პროცესზე?

- ქიმიოთერაპიულმა პროცედურამ შესაძლოა იმდენად დააქვეითოს ძვლის ტვინის უნარი, რომ მან ვერ შეასრულოს თავისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია - წარმოქმნას ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის ერითროციტები. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს სხეულის ყველა ნაწილში ჟანგბადის ტრანსპორტირების შემცირებას, ვეღარ მოხერხდება ქსოვილებიდან ორგანიზმის ცხოველმოქმედების შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგის სრულფასოვანი გამოტანა.

ერითროპოეზს, ანუ სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას თრგუნავს ვინბლასტინი, ვინკრისტინი, მეტოტრექსატი, მიელოსანი, რუბომიცინი, ციკლოფოსფანი და სხვა. ანემიის დროულად გამოსავლენად კვირაში 2-ჯერ უნდა მოხდეს სისხლის უჯრედების რაოდენობისა და სხვა მონაცემების (პარამეტრების) შემოწმება. ერითროციტების რიცხვის საგრძნობლად დაკლების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ერითროციტული მასის ტრანსფუზია.

- რამდენად ხშირია თმის ცვენა ქიმიოთერაპიის დროს? მისი დასრულების შემდეგ ამოდის თუ არა თმა?

- თმის ცვენა ქიმიოთერაპიის ჩვეულებრივი გვერდითი მოვლენაა. თმის ცვენა მარტივი მიზეზით აიხსნება: ქიმიოთერაპიის პროცესში ზიანდება თმის ფოლიკულები, რაც იწვევს მის გაცილებით სწრაფ ცვენას, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება, როცა ძველი ღერები ცვივა და იცვლება ახალამოსული თმით. განურჩევლად იმისა, რა სახის ქიმიოთერაპია უტარდება ავადმყოფს, თმის ცვენა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დროს 7-21 დღის განმავლობაში.

თმის ცვენა შეინიშნება არა მარტო თავზე, არამედ სახეზე, იღლიის ფოსოში, ბოქვენზე, მკერდზე, ხელებზე, ფეხებზე, ამასთანავე, შესაძლოა ჰქონდეს ასიმეტრიული ხასიათი. თმის ამოსვლა იწყება მკურნალობის დამთავრებიდან 3-6 თვის შემდეგ, ზოგჯერ - მკურნალობის პროცესშივე.

- მკითხველებს განსაკუთრებით აინტერესებთ ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტები და გართულებები.

- როგორც ცნობილია, სიმსივნის საწინააღმდეგო წამლებისთვის დამახასიათებელია სწრაფად მზარდ და გამრავლებად უჯრედებზე ზემოქმედება მათი განადგურების მიზნით. ორგანიზმში ყველაზე სწრაფად იზრდება და იყოფა კიბოს უჯრედები, ამიტომ სწორედ მათ ანადგურებენ ქიმიოთერაპიის საშუალებით. ეს პრეპარატები ასევე დამთრგუნველად, ოღონდ ნაკლებ უარყოფითად მოქმედებენ ჯანსაღ უჯრედებზე. ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად ზიანდება სისხლის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების უჯრედები, თმის ფოლიკულები და ასე შემდეგ. განასხვავებენ ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების გამოვლენის 4 პერიოდს:

  • უახლესი პერიოდის გვერდითი მოვლენები (მკურნალობიდან I კვირის განმავლობაში). ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტემპერატურული რეაქციები, მადის დაკარგვა, საერთო სისუსტე, დაღლილობა, გამონაყარი კანზე, გრიპისმაგვარი სიმპტომები.
  • მოგვიანებითი პერიოდის გვერდითი მოვლენები (I კვირის ბოლოდან III კვირამდე) - ლეიკოციტებისა და თრომბოციტების დაკლება, ანემია და ამასთან დაკავშირებული პრობლემები (ინფექციების აღმოცენება და სისხლდენის რისკის მომატება), პირის ღრუსა და ლორწოვანი გარსის ანთებითი და წყლულოვანი პროცესები, ცვლილებები პერიფერიული ნერვული სისტემის და სქესობრივი ფუნქციის მხრივ.
  • გადავადებული პერიოდის გვერდითი მოვლენები (მკურნალობიდან ერთი თვის შემდეგ) - თმის ცვენა, იმუნიტეტის დაქვეითება, გართულებები გულის, ღვიძლისა და ფილტვების, ასევე სხვა ორგანოების მხრივ.
  • გადავადებული შორეული ეფექტი, რაც გამოიხატება რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მეორეული კიბოს აღმოცენებით (ძალზე იშვიათად).

- აქვს თუ არა ქიმიოთერაპიას უკუჩვენებები?

- ქიმიოთერაპიას რამადენიმე უკუჩვენება აქვს. პირველ რიგში არ შეიძლება მისი ჩატარება ხანდაზმულ, მოხუცებულ ასაკში, მძიმე საერთო მდგომარეობის დროს, რომელიც მძიმე დაავადებებით (განსაკუთრებით - ინფექციური, ფსიქიკური დაავადებებით) არის გამოწვეული, ორსულობის დროს, ასევე - დაავადების ტერმინალურ სტადიაში, კახექსიის შემთხვევაში, ძლიერ გამოხატული ფილტვ-გულის უკმარისობის, ღვიძლისა და თირკმელების მძიმე ორგანული დაავადებების, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტის დროს, ძლიერი ანემიის, ლეიკოპენიის, თრომბოციტოპენიის, ძლიერ გამოხატული ანემიის დროს.

- როგორ მოვიქცეთ, რომ ქიმიოთერაპიის კურსი რაც შეიძლება მსუბუქად გადავიტანოთ?

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის ემოციურ მდგომარეობას და მის ფსიქოლოგიურ დახმარებას. ამ დროს გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა, ფსიქოლოგმა. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე სწორ კვებას. საჭიროა ბოსტნეულის, პროტეინით მდიდარი საკვების, ხილის, ხილის წვენების, რძისა და რძის ნაწარმის მიღება. პაციენტი უნდა იკვებებოდეს ხშირად და მცირე ულუფებით. მნიშვნელოვანია დასვენებისა და ძილის სწორი რეჟიმის შერჩევა. უარი უნდა ითქვას თამბაქოსა და ალკოჰოლზე. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისთანავე ავადმყოფმა უნდა მიმართოს თავის მკურნალ ექიმს.