თუ ბავშვს მადა დაეკარგა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ ბავშვს მადა დაეკარგა

 

მთავარია, პატარამ წონა ასაკობრივი ნორმის შესაბამისად მოიმატოს. კარგა ხანია დამტკიცებულია, რომ ჯანმრთელობას სიმსუქნესთან, ისევე როგორც ავადმყოფობას სიგამხდრესთან, არაფერი აქვს საერთო. აი, უმადობა კი სულ სხვა საქმეა. თუ ბავშვი ძალიან ცოტას ჭამს და იმასაც გამორჩევით, დედის შეშფოთება გასაგებია - ვიტამინებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების უკმარსობა ხომ იმუნიტეტს აქვეითებს და ორგანიზმს ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს უკარგავს. ამიტომაც უნიშნავენ ასეთ დროს ბავშვს პოლივიტამინებისა და მინერალების ნაკრებს.

სად მიდის მადა?

ბავშვი სიჯიუტის თანდაყოლილი ინსტინქტით იბადება. თუ ჭამას დააძალებენ, ბუნებრივია, პროტესტის განცდა გაუჩნდება და საკვები, რომელიც მასში უსიამოვნო ასოციაციებს იწვევს, შესაძლოა სამუდამოდ შეიძულოს. არსებობს კიდევ ერთი სირთულე: მუდამ ერთი და იგივე საკვები პატარას ადრე თუ გვიან ბეზრდება და მის დანახვაზე უსიამოვნოდ აჟრჟოლებს. ზოგჯერ პაწიას თანდათანობით კი არა, ერთბაშად აძლევენ ახალ საკვებს. მაგალითად, უფრო მაგარს. ის კი თხიერს არის მიჩვეული, მაგარი ლუკმის ღეჭვა უჭირს და ჭამაზე საერთოდ უარს ამბობს. უმადობა კბილების ამოჭრის დროსაც იჩენს თავს, ხვეწნა-მუდარა და დაძალება კი ამ დროს საქმეს სულმთლად აფუჭებს. ავადმყოფობა ხომ მადის ნამდვილი მტერია! უმადობა შესაძლოა გამოჯანმრთელების შემდეგაც გაჰყვეს პატარას. თუ შეეცდებით, მადის გაღვიძების პროცესი დააჩქაროთ და ახალნაავადმყოფარ ბავშვს საკვებს დააძალებთ, საპირისპირო შედეგს მიიღებთ.

როგორ დავიბრუნოთ მადა?

ეს დროსა და მოთმინებას მოითხოვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: თუ უმადობა შინაგან, ორგანულ პრობლემებთან არ არის დაკავშირებული, ის არც ისე საშიშია. პატარების ორგანიზმი აღჭურვილია საოცარი მექანიზმით, რომელიც განსაზღვრავს, როგორი და რამდენი საკვები სჭირდება ბავშვს ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. მაინც არ იქნება ურიგო, წუნიას ექიმი ადევნებდეს თვალყურს. იგი გაარკვევს, რა ნივთიერებები აკლია თქვენ პატარას და გეტყვით, რით შეცვალოთ ის პროდუქტები, რომლებსაც ბავშვი არ ჭამს. თქვენ კი რამდენიმე რჩევის გათვალისწინება მოგიხდებათ:

. საკვები არავითარ უსიამოვნო ასოციაციას არ უნდა იწვევდეს. ბავშვს ისეთი პირობები უნდა შეუქმნათ, რომ თვითონვე მოუნდეს ჭამა.

. გაზარდეთ კვებათა შორის ინტერვალი, რომ პატარას უფრო მეტად მოშივდეს.

. ნუ დააძალებთ იმაზე მეტს, ვიდრე თვითონ ჭამს. ნუ შეეცდებით, მაინცდამაინც 200 მლ აჭამოთ. გვერწმუნეთ, მან უკეთ იცის, რამდენი სჭირდება.

. ბავშვის უმადობას ტრაგედიად ნუ აქცევთ. პირიქით, ჭამის დროს პატარა ზეიმი მოუწყვეთ - კერძი მოურთეთ და გაულამაზეთ, უყიდეთ ლამაზი ბოთლი, თეფში, კოვზი. კვების პროცესი სასიამოვნო უნდა იყოს.

. 2-3 თვე ნუ მისცემთ იმ საკვებს, რომელზეც უარს ამბობს, შემდეგ კი თითო-თითო კოვზი შესთავაზეთ. საზოგადოდაც, საკვები პატარ-პატარა ულუფებით მიეცით, ნუ დაუდებთ თეფშზე წიგნში ამოკითხულ "ნორმას". საკვების მოთხოვნილება ინდივიდუალურია, ისევე, როგორც, მაგალითად, ძილის ხანგრძლივობა.

რა არ უყვართ პატარებს?

. რძე - მასში შედის ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელი თითქმის ყველა საკვები ნივთიერება: ცილა, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკროელემენტები. ბავშვი ამ ნივთიერებებს სხვა საკვებთან ერთადაც მიიღებს, მაგრამ კალციუმის ოდენობით რძეს ვერც ერთი პროდუქტი ვერ შეედრება, ის კი ყველაზე მეტად სჭირდება თქვენს პატარას ჯანსაღი ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის. ბავშვმა დღეში 1 ლიტრამდე რძე მაინც უნდა მიიღოს. თუ რძეს არ სვამს, შეგიძლიათ მასში ბურღული, მაკარონი, ბოსტნეული (კარტოფილი, სტაფილო) მოუხარშოთ. სუნისა და გემოს შესაცვლელად დაუმატეთ სიროფი, მარილი, თაფლი. კაკაოსა და შოკოლადს ორ წლამდე ასაკის პატარებს არ ასმევენ - ეს სასმელი დიათეზსა და კუჭ-ნაწლავის აშლილობას იწვევს. რძიან ფაფას მეტისმეტად ნუ დაატკბობთ, თორემ ბავშვს მადა უფრო წაუხდება. 30გ ყველი იმდენივე კალციუმს შეიცავს, რამდენსაც 200-250 მლ (1 ჩაის ჭიქა) რძე. კალციუმი ხაჭოშიც ბევრია. მართალია, ყველს ვერ შეედრება, მაგრამ, სამაგიეროდ, ცხიმი მასში უფრო ნაკლებია, ვიდრე ყველში, ამიტომ ორგანიზმი მას უფრო ადვილად ითვისებს. 300 გ ხაჭო 1 ჭიქა რძეს იოლად გაუწევს მეტოქეობას. თუ რძე და მისი ნაწარმი ალერგიას იწვევს, ბავშვმა კალციუმი ექიმის მიერ დანიშნული სხვა ფორმით უნდა მიიღოს.

. ხორცი - ეს ის პროდუქტია, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილის მარაგს ავსებს. თუ ბავშვი ხორციან კერძს იწუნებს ან საერთოდ არ ჭამს, შეგიძლიათ, მის ნაცვლად კვერცხი ან რძე მისცეთ. ხორცი აუცილებლად მჭლე, უცხიმო უნდა იყოს, უმჯობესია, დაიწყოთ წიწილის ხორცით, ოღონდ მოხარშვამდე კანი გააცალეთ.

. თევზი, აუცილებლად თეთრი და მჭლე, ბავშვის მენიუს აუცილებელი კომპონენტია. ზოგ ბავშვს თევზი უყვარს, მაგრამ უმრავლესობას არ მოსწონს, ამიტომ მის გემოს თანდათან უნდა შეაჩვიოთ. დაიწყეთ წითელი ხიზილალის ერთი-ორი მარცვლით. დაიხსომეთ: თევზი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც არ არის არც ერთ სხვა პროდუქტში, თანაც მზარდი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

. ბოსტნეული - სიცოცხლის პირველ წელს პატარა მას მოხარშულს, გახეხილს ან ათქვეფილს მიირთმევს, შემდეგ კი უმჯობესია უმი - სალათებისა და წვენების სახით მიაწოდოთ (თუ კუჭის მოქმედება კარგი აქვს). თუ პატარას ბოსტნეული არ მოსწონს, ხილით შეუცვალეთ. ზოგიერთი ხილი გაცილებით მეტ ვიტამინს, მინერალურ მარილსა და უჯრედისს შეიცავს, ვიდრე ბოსტნეული. წლამდე პაწიას უკვე გასინჯული უნდა ჰქონდეს გახეხილი ვაშლი, გარგარი, ატამი, ჭერამი, შავი ქლიავი, ბანანი. წლის ბავშვს ხილი შეგიძლიათ კი არ გაუხეხოთ, არამედ წვრილად დაუჭრათ, ოღონდ ძალიან მწიფე აარჩიეთ და აუცილებლად გაფცქვენით. კენკრა გაუსრისეთ, ალუბალს კი კურკა გამოაცალეთ. ნუ მიაჩვევთ შაქარმოყრილ ხილს.

გაითვალისწინეთ: ზოგიერთი კენკრა, მათ შორის - მარწყვი, ალერგიასა და დიარეას იწვევს. ისარგებლეთ ზაფხულის მოსავლით და ბავშვი თანდათანობით შეაჩვიეთ ყველანაირ ხილს (გარდა ლეღვისა და კარალიოკისა). ხილი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით და მხოლოდ ამის შემდეგ გათალეთ. ნესვი და საზამთრო ახალგაჭრილი შესთავაზეთ და არა რამდენიმე დღე მაცივარში ნამყოფი. ზამთარში ჩირისგან კომპოტი მოუხარშეთ, ოდნავ დაუშაქრეთ და თბილ-თბილი ასვით. თუ პატარა ფაფაზე უარს ამბობს, მის მაგივრობას პური გაგიწევთ. ის ხომ იგივე ფაფაა, ოღონდ გამომცხვარი. შეგიძლიათ, თხლად გადაუსვათ კარაქი (არავითარ შემთხვევაში - მცენარეული მარგარინი!) და გახეხილი ხილი. თქვენს პატარას ისეთივე გემოვნება აქვს, როგორიც თქვენ. ხომ გბეზრდებათ ყოველდღე ერთი და იგივე საკვები? მაშ, რატომ გიკვირთ მისგან? მოითმინეთ, მშვიდად გადაატანინეთ პატარას ეს მძიმე პერიოდი და მერე, როდესაც ენას ამოიდგამს, თვითონვე გაგაგებინებთ, როდის რომელი კერძი მოუმზადოთ.