კომპოტი თუ ხილის წვენი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კომპოტი თუ ხილის წვენი?

- ბავშვისთვის წვენი უნდა შევარჩიოთ მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის (ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის დაავადებები), წელიწადისა და დღის მონაკვეთის გათვალისწინებით. ქარხნული წარმოების წვენებისა თუ სასმელების ყიდვისას არ დაივიწყოთ ვარგისიანობის შემოწმება. თუ 1-დან 3 წლამდე ბავშვისთვის ყიდულობთ, შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს, რომელი ასაკიდანაა რეკომენდებული ეს პროდუქტი. მხოლოდ ასეთი წარწერაა იმის გარანტი, რომ პროდუქტი მცირე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და შესაბამისი სტანდარტებითაა მომზადებული. ასეთი მარკირება აქვს მხოლოდ 3 წლამდე ასაკის ბავშვთა პროდუქტს. ამ ასაკის ზევით პროდუქტი აღარ კლასიფიცირდება “საბავშვოდ” და “უფროსებისთვის”. ასე რომ, წარწერამ “3 წლამდე ბავშვებისთვის” არ უნდა შეგაცდინოთ. პროდუქტზე მითითებული უნდა იყოს “რეკომენდებულია ერთი წლის ასაკიდან”.

- რა რაოდენობით წვენია დასაშვები ბავშვისთვის?

- როგორც ყველასთვის ცნობილია, წყალი ჩვენი ორგანიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალზე 1 წლის ბავშვის მოთხოვნილება, სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე, 100-150მლ-ია.

  • 1-დან 3 წლამდე - 100მლ;
  • 3-დან 7 წლამდე - 80მლ;

ამ რაოდენობას მხოლოდ წყლით არ იღებს ორგანიზმი, მას წვენები და საკვებიც (განსაკუთრებით ხილი და ბოსტნეული) ეხმარება. წყლის გარკვეული რაოდენობა საკვების გადამუშავებისასაც წარმოიქმნება და ორგანიზმში ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების დაჟანგვის დროსაც. სასმელები შეიძლება დაიყოს ცხელ და ცივ სასმელებად. ბავშვების შემთხვევაში ეს დაყოფა პირობითია, რადგან მათ არც ცივ და არც ცხელ სასმელს არ ვაძლევთ. მათთვის ოთახის ტემპერატურის სასმელია რეკომენდებული მხოლოდ. მაცივრიდან გამოღებული თუ გაზქურიდან გადმოდგმული სითხე (წვენი, ჩაი) ოთახის ტემპერატურისა უნდა გავხადოთ და ამის შემდეგ მივცეთ ბავშვს. სასმლის ტემპერატურა უნდა განვსაზღვროთ წელიწადის დროის გათვალიწინებით. წლის ცივ პერიოდში უფრო სასარგებლოა ჩაი, კაკაო, ზაფხულში - ხილის წვენები.

- სეზონის გათვალისწინებით რომელ სასმელს ურჩევთ პატარებს?

- წლის ცივ პერიოდში ორგანიზმი თბილ სასმელს ითხოვს. მოზრდილებისთვის გარკვეულია, რა უნდა მიიღონ ასეთ შემთხვევაში (ჩაი, ყავა და ა.შ.), პატარებისთვის კი სასმლის შერჩევა იოლი არ არის.

ჩაი - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, რომელსაც პატარებსაც ვთავაზობთ. კოფეინისა და ტანინის შეხამებით ეს სასმელი ყავასავით ძლიერმოქმედი არაა. თავის მხრივ კოფეინი ხელს უწყობს მხნეობას, აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი. გარდა ამისა, ჩაი შეიცავს ბაქტერიციდული მოქმედების ნივთიერებებს და ეხმარება ორგანიზმს გაციების დროს. ჩაი შეიცავს ვიტამინებს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას. მეორე მხრივ, ჩაის გადაჭარბებულად მიღება აღაგზნებს ბავშვს, დაურღვევს ძილის რეჟიმს. უარყოფითად იმოქმედებს გულის რიტმზე. ამ ეფექტის თავიდან ასაცილებლად ბავშვს უნდა მივცეთ ბაცი (ნაკლებად კონცენტრირებული) ჩაი ან 2 წლამდე საერთოდ არ დავალევინოთ. ბაცი ჩაის მისაღებად ჩაის ფოთლებზე დასხმულ მდუღარე წყალს დიდხანს ნუ გააჩერებთ, მალევე გადაწურეთ და დაუმატეთ რძე. 3-5 წლის ბავშვებისთვის დღის განმავლობაში შეიძლება 1 ჭიქა (20მლ) ჩაი, ისიც დაძინებამდე 3 საათით ადრე. დიეტოლოგებისა და პედიატრების ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით, ბავშვთა ასაკში ყავა დაუშვებელია! იმიტომ, რომ კოფეინის მაღალი კონცენტრაცია აღაგზნებს მის ნერვულ სისტემას, გაუძლიერებს გულის მუშაობას და მოუმატებს კუნთოვან ტონუსს.

კაკაო - საბავშვო ბაღისა და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის შეუცვლელია. ისიც შეიცავს კოფეინს, მაგრამ უმნიშვნელო ოდენობით, 1%-ზე ნაკლებს. კაკაო შეიცავს კოფეინის მსგავს თეობრომინს, ამიტომ 3 წლამდე მისი მიღება არ არის რეკომენდებული, ასევე დაუშვებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების მქონე პაციენტებისთვის. კაკაოს ფხვნილს აქვს მაღალი კვებითი ღირებულება, შეიცავს ბევრ სასარგებლო ელემენტს, მაგ., კალიუმს, ფოსფორს, რკინას, ნიაცინს, ასევე ფლავანოლს - ანტიოქსიდანტს; აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და კარგად ასათვისებელს ხდის ცილებს. კაკაოს მთავარი მინუსი ისაა, რომ მას ალერგიის გამოწვევა შეუძლია. არაალერგიული ბავშვებისთვის შეიძლება მისი მიღება, 1 ჭიქა - 200 მლ დღეში, კვირაში 3-4-ჯერ. შემოდგომასა და გაზაფხულზე ორგანიზმი განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს, უნდა შეიქმნას ვიტამინების მარაგი, რომ გამოზამთრებულმა ორგანიზმმა ძალები აღიდგინოს. ამ პერიოდში სასურველია ზუსტად შევარჩიოთ სასმელი.

ასკილის ნაყენი (ჩაი) - მისი მომზადება მარტივია. გარეცხილ, გამხმარ 100 გ ასკილს დავასხათ 1 ლ მდუღარე წყალი და მთელი ღამით დავტოვოთ თერმოსში. დილით ნაყენი მზადაა. შეგიძლიათ ზომიერად დაატკბოთ შაქრით ან თაფლით. ასკილი შესანიშნავი პოლივიტამინური საშუალებაცაა. ის ზრდის ინფექციებისადმი ორგანიზმის მდგრადობას, არის მსუბუქი მატონიზებელი, რეგენერაციულ-აღმდგენი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ამშვიდებს, აძლიერებს სისხლძარღვებს. ჩ ვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ის სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე ბავშვებში. 3-5 წლის ასაკში პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია 100 მლ ასკილის ნაყენი, ორჯერ დღეში, ჭამამდე, 2-3 კვირა. ასკილის ნაყენი წელიწადის დროის გათვალისწინებით შეიძლება ცხელიც დალიოთ და გრილიც.


კომპოტი - სხვადასხვანაირი არსებობს. კონსერვირებული ნაკლებად სასარგებლოა, რადგან თერმულად დამუშავებული და ხანგრძლივად შენახული ხილი თუ კენკრა კარგავს კვებით ღირებულებას. უფრო სასარგებლოა ჩირის კომპოტი. მასში ნაკლებია ვიტამინები, მაგრამ მიკროელემენტები (რკინა, რომელიც განსაკუთრებით ბევრია გარგარის ჩირში) შენარჩუნებულია. სასარგებლოა როგორც წვენი, ასევე ნაყოფიც. ჩირი შეიცავს უჯრედისს და აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას. ყველაზე სასარგებლო კი ახალი ხილისგან მომზადებული კომპოტია. ახალი ხილისგან მზადდება კისელიც - წრაწი, რომელშიც უფრო მეტადაა შენარჩუნებული ხილის სასარგებლო თვისებები. ხილის ნახარშს ემატება კარტოფილის ფქვილი - სახამებელი. ხილის კისელი იმდენად მაღალი კვებითი ღირებულებისაა, რომ შუადღეს ერთი ჭიქა სავსებით საკმარისია ბავშვის დასანაყრებლად.

წვენები - ორგანიზმს იმუნიტეტს უნარჩუნებს და ვიტამინებისა და მიკროელემენტების მაღალი შემცველობის წყალობით ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ძალებს აღუდგენს. წვენი უნდა იყოს ახალგამოწურული ან საზამთროდ შენახული. ბავშვისთვის ვარგისი წვენი არ უნდა შეიცავდეს საღებავებს, დანამატებს, კონსერვანტებს. შინ მომზადებული კი მსგავს ნივთიერებებს არ შეიცავს, სასურველია დარწმუნდეთ იმაშიც, რომ გამოწურვიდან ნახევარი საათის შემდეგაც მასში ჩ ვიტამინი შენარჩუნებულია. ბავშვებისთვის რეკომენდებულია ახალგამოწურული წვენის წყალში განზავება, რადგან მჟავე ხილის წვენმა შესაძლოა კუჭ-ნაწლავი გააღიზიანოს.

- ზაფხულის ცხელ დღეებში, კურორტებსა თუ აგარაკებზე, გაცილებით მოსახერხებელია კომპოტისა თუ კისელის მომზადება. ნაყიდი გამაგრილებელი სასმელები პატარებისთვის მიზანშეუწონელია. რას ურჩევთ მშობლებს ასეთ შემთხვევაში?

- ცხელ სეზონზე ბავშვი ხშირად ოფლიანდება, ორგანიზმი სითხეს კარგავს და მისი შევსება აუცილებელი ხდება. გამაგრილებელი გაზიანი სასმელები ზიანის გარდა არაფერს მოუტანს პატარებს. უმჯობესია, ტკბილი გაზიანი (ლიმონათი, კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი და ა.შ.) სასმელები კომპოტებით, ნაყენებითა და მორსით ჩაანაცვლოთ... ყველაზე მარტივი და სასარგებლო კი ჩვეულებრივი წყალია...

წყალი - სასარგებლო სასმლის ძიებისას წყალი რატომღაც ყველას ავიწყდება. არადა, ჩვეულებრივი წყალი გაცილებით უკეთ კლავს სიცხეში წყურვილს და არავითარი უკუჩვენება არა აქვს! შეგიძლიათ ბავშვს ონკანის წყალიც დაალევინოთ და მაღაზიაში ნაყიდი წყაროსა თუ მინერალური. მინერალური წყალი აუცილებლად გაზგასული უნდა იყოს და ისიც - ექიმის რეკომენდაციით. თუ დასასვენებლად ჩვილთან ერთად მიემგზავრებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვისთვის განკუთვნილი ბოთლის წყალი.

მორსი - ეს არის წყლით განზავებული წვენი, რეკომენდებულია 3 წლის შემდეგ. მზადდება უპირატესად კენკრისგან. 200 გ კარგად გარეცხილი კენკრა გამოწურეთ, მოათავსეთ ქვაბში და დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. დაუმატეთ 3 სადილის კოვზი შაქარი, მოურიეთ და გააჩერეთ 1 სთ. გადაწურეთ ნაყენი და დაუმატეთ კენკრის გამოწურული წვენი.

სმუზი - ეს გამაგრილებელი დესერტი გამოიგონეს ამერიკაში. ბლენდერში მოათავსეთ ხილი, კენკრა, ყინული, ცოტა შაქარი. დაბლენდერებული მასა გადაიტანეთ მინის ლამაზ ჭიქებში და სუფრასთან მიიტანეთ ორი საწრუპი მილით. რატომ ორით? ერთში ხილის ან კენრის ნარჩენები რომ გაიჭედოს, ადამიანმა თავი უხერხულად არ იგრძნოს. ბავშვისთვის საუკეთესოა ვაშლისა და ბანანის, მარწყვისა და გარგარის, ალუბლისა და ატმისგან მომზადებული დესერტი. შეგიძლიათ დაუმატოთ იოგურტი, უფრო მოზრდილებისთვის კი - ნაყინი.

ბურახი - არაჩვეულებრივი გამაგრილებელი სასმელია, მზადდება ჭვავის პურის ან მისი ორცხობილას, შაქრისა და სხვა დანამატებისგან. ალკოჰოლი მასში უმნიშვნელოა - 0,4%. სპეციფიკურ გემოს აძლევს არასრული დუღილი. ეს სასმელი მცირე ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლება.

- პატარებს უყვართ ტკბილი სასმელები. რა ოდენობის შაქარია მათთვის დასაშვები?

- პატარებს მართლაც მოსწონთ ტკბილი სასმელი, მაგრამ შაქრის ოდენობა პატარებისა და მოზრდილებისთვისაც შეზღუდული უნდა იყოს. ბავშვი ჩვილობიდან უნდა შევაჩვიოთ ნაკლებად დამტკბარ საკვებს. ამის დარეგულირებას მშობელი თავად შეძლებს გემოს გასინჯვით. უფროსებისთვის დაუმტკბარი, მისაღებია ბავშვისთვის. შეაჩვიეთ დაუმტკბარ მაწონსა და ხაჭოს, სიტკბო ხომ საკვებს პირვანდელ გემოს უკარგავს. მცირე ასაკის ბავშვებს არ სჭირდებათ გამოწურული ხილისა და კენკრის წვენის დატკბობა, ჩაისა და კაკაოსაც ოდნავი სიტკბო აკმარეთ. დაახლოებით 7 წლამდე ასაკის ბავშვისთვის დღე-ღამეში შაქრის ოდენობა 40-50გ-ს არ უნდა აღემატებოდეს, ეს კი დაახლოებით 8-10 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილია.  ცნობილია, რომ შაქარი და მარილი ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მათი შეზღუდვით ჩვენს შვილებს ბევრი დაავადებისგან დავიცავთ. მიეცით პატარებს მაგალითი - იცხოვრეთ ჯანსაღად!