თეორიიდან პრაქტიკისკენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თეორიიდან პრაქტიკისკენ

უფროსებზეა დამოკიდებული, გაუნელდება თუ არა პატარას ადამიანებისადმი ინტერესი. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვის სოციალიზაციისთვის და უბრალოდ იმიტომ, რომ ადამიანი მაშინ არის ჭეშმარიტად ბედნიერი, როცა მას უყვარს და როცა ის უყვართ, როცა მისი ესმით და თავადაც ესმის სხვების, როცა თანაუგრძნობს ადამიანებს. ეს ყველაფერი ერთგვარი ნიჭია და ის ბავშვს რაც შეიძლება ადრე უნდა განვუვითაროთ. სწორედ ამ საქმეში წარუმატებლობაზე მოგვითხრობენ ბავშვების ნახატები, სადაც უსულო საგნების გამოსახულება ავიწროებს ან სრულიად გადაფარავს ოჯახის წევრთა სურათებს. საუკეთესო შემთხვევაში ადამიანები სურათზე გამოსახული საგნების უმნიშვნელო დამატები ხდებიან. თუ ბავშვის ნახატებს შეინახავთ, შეძლებთ, თვალი მიადევნოთ, როგორ იცვლება ადამიანის გამოსახულება მხატვრის ასაკთან ერთად. ის თავდაპირველად წარმოადგენს წრეს ან ოვალს, რომელსაც პირდაპირ უერთდება ხელები და ფეხები (ასე ხატავენ 3-4 წლის პატარები), ბოლოს კი ნამდვილი ადამიანის სახეს იღებს, რომელსაც ტანსაცმლის დეტალებიც კი კარგად აქვს დახატული. ექვსი წლისთვის ბავშვი, როგორც წესი, სრულყოფილად ფლობს ადამიანის თუნდაც რთულ სივრცულ რაკურსებში გამოსახვის ნიუანსებს და რთული ნახატების შესრულებას იწყებს. ამ ნახატებს აქვს მრავალფეროვანი ფონი, რომელსაც ქმნიან შენობები, მანქანები, ცხოველები, ნივთები. ისინი პერსონაჟის პროფესიას ან საქმიანობას გადმოგვცემენ. ასაკის მატებასთან ერთად მხოლოდ ადამიანის გამოსახვის ტექნიკა როდი განიცდის სრულყოფას - ბავშვი ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ნახატზე ასახავს საკუთარ დამოკიდებულებას ამ პიროვნების მიმართ. მხატვარი ყურადღებით იკვლევს ადამიანებს და საკუთარ თავს. წარმოსახვისთვის შეუდარებლად მეტ საზრდოს გვაწვდის ავტოპორტრეტი, რომელიც ზუსტ ინფორმაციას შეიცავს პატარა ბავშვის მომავალი პროფესიული გატაცებებისა თუ ხასიათის შესახებ. ძალიან საინტერესოა ავტოპორტრეტის ევოლუცია, ასაკთან ერთად გემოვნების, მისწრაფებების, ინტერესების ცვლილება. ექვსი წლისთვის საკუთარი ინტერესების გამოსახატავად პატარები უმდიდრეს პალიტრას იყენებენ. გოგონები, წესისამებრ, ხატავენ კაბებს, თაიგულებს, ბიჭები - სხვადასხვა სამუშაო თუ საბრძოლო იარაღს. ზოგჯერ ბავშვები სხვადასხვა ადამიანს ერთნაირად ხატავენ. ეს შესაძლოა ემოციური განვითარების ერთგვარ შეფერხებასთან იყოს დაკავშირებული, თუმცა უფრო ხშირად ამ ერთფეროვნების მიზეზია გამოსახული ადამიანების ერთნაირი სოციალური როლი. მაგალითად, ბავშვმა შესაძლოა ერთნაირად დახატოს თანაკლასელები. მიზეზი გასაგებია - ყველა მოსწავლეა. დახატული ადამიანებისადმი მხატვრის დამოკიდებულებას, გარდა ფერისა, წარმოაჩენს ისეთი დეტალებიც, როგორებიცაა აქსესუარები, ფეხსაცმელი, ღილები, ჯიბეები, საყურეები... ასეთი აქსესუარები საყვარელ ადამიანს უფრო მეტად ამშვენებს, ვიდრე იმას, ვინც პატარას არ უყვარს. ბავშვის ნახატები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ოჯახური ურთიერთობის შესახებ. დედა, რომელიც ამზადებს კერძებს, შლის სუფრას, ალაგებს ბინას და მამა, რომელიც გაზეთს კითხულობს ან მანქანას არემონტებს, თანამედროვე ოჯახური ურთიერთობების ასახვაა. ასეთი ნახატები პროფესიონალი მხატვრების ნამუშევრებზე ნაკლებად როდი მეტყველებს თანამედროვე ყოფაზე. მიუხედავად იმისა, რომ პატარები რეალისტები არიან, ისინი ფანტაზიორობასაც აგრძელებენ. მათ ძალიან მოსწონთ, როდესაც საკუთარი თავისა და ახლობლების ცხოველებად გამოსახვას ავალებენ. თუ პატარა ბავშვს ასეთ დავალებას მისცემთ, სიბრძნე და მოთმინება გმართებთ, თუნდაც პატარამ თქვენთვის სავსებით არასიმპათიური ცხოველის როლი დაგაკისროთ. ერთ დედას მეტისმეტად ეწყინა და აგრესიულად დაიწყო იმის გარკვევა, რატომ დახატა ბავშვმა გველის სახით. არადა, საკმარისი იყო ცოტაოდენი მოთმინება და სიმშვიდე, რათა დედას სასიამოვნო პასუხი მიეღო - ბავშვმა ხაზი გაუსვა მის სიბრძნეს, გრაციოზულობას. შესაძლოა, ახსნა არც ისე საისამოვნო აღმოჩნდეს. მრისხანება ამ შემთხვევაშიც დაუშვებელია. თქვენ ვალდებული ხართ დაუფიქრდეთ მიზეზს. შესაძლოა, სადღაც შეცდით, ბავშვის აზრით, მეტისმეტად მკაცრი ან უსამართლო იყავით. შეეცადეთ, უფრო მომთმენი, რბილი გახდეთ (ოდნავ მაინც!) და ბავშვი აღარ დახატავს ოჯახურ პორტრეტს, რომელზეც ცენტრში უახლოესი ადამიანების ნაცვლად ძაღლი ან თუთიყუში არიან, ვინაიდან ყველაზე მეტ სიახლოვეს სწორედ მათთან გრძნობს. ზოგჯერ ბავშვის ნახატში რომელიმე უფროსი ან თავად ნახატის ავტორი არ ჩანს. პატარები მიზეზსაც განმარტავენ: “დედა ჩემს უმცროს დას ასეირნებს” ან “მე ბებოსთან დამტოვეს”. ჩვეულებრივ, ასე რეაგირებენ უფროსი ბავშვები ოჯახში უმცროსის გაჩენაზე. ეს საგანგაშო სიგნალია მშობლებისთვის და მიუთითებს, რომ უფროსი შვილი თავს ოჯახური ცხოვრებისგან იზოლირებულად, განცალკევებულად, გარიყულად გრძნობს. მშობლები უნდა ეცადონ, უფროსი შვილი საოჯახო საქმიანობაში ჩართონ, დააკისრონ (რასაკვირველია, ასაკის შესაფერისად) პატარაზე ზრუნვის საპასუხისმგებლო მისია. ბავშვი უნდა დარწმუნდეს, რომ მშობლების სიყვარული მის მიმართ კი არ განახევრდა, არამედ გაორმაგდა. ერთი შეხედვით შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ბავშვის ნახატების ანალიზი სულაც არ არის რთული, მაგრამ ამავე დროს მშობლებმა თავი უნდა არიდონ მკაცრ ფორმულირებას და ფსიქოლოგიური დიაგნოზის დასმას, რადგან არსებობს უამრავი ნიუანსი, რომლებსაც მხოლოდ სპეციალისტები, ბავშვთა ფსიქოლოგები იცნობენ. გარდა ამისა, ადამიანი, რომელიც ნახატს აანალიზებს, ბავშვის ქმნილებას საკუთარ პრიზმაში განიხილავს, საკუთარ გამოცდილებას და სულიერ მდგომარეობას უსადაგებს. ამიტომაც არ არის რეკომენდებული შორს მიმავალი დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანა. თუ მიგაჩნიათ, რომ ბავშვის სურათზე რაღაც ძალზე საყურადღებო და, უფრო მეტიც, საგანგაშოა გამოსახული, ჯობს, სპეციალისტს მიმართოთ. იმედია, მისი დახმარებით ყველაფერს დაძლევთ.