საიდან მოდის შიში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საიდან მოდის შიში

მაინც საიდან მოდის შიში?

მოდი, წარმოვიდგინოთ ბავშვის დაბადება. ის მშვიდად მოკალათებულა დედის სხეულში, მაგრამ დგება დრო, როცა ადგილი საკმარისი აღარ არის და პატარა ამ ქვეყანას ევლინება. ამ მომენტში იბადება შიშიც, სიცივის, მტრულად განწყობილი გარემოს შიში. ბავშვი იზრდება, ვითარდება, ემოციურად რეაგირებს მოზრდილი ადამიანის დანახვაზე, სწავლობს თავის დაჭერას, გადატრიალებას, ჯდომას, ცოცვას, თანდათან სცილდება დედას. 8-10 თვის ასაკში ბავშვი არჩევს თავისიანებსა და უცხოებს, მას უჩნდება უცნობი ადამიანის შიში. ის ყველას აღარ აძლევს უფლებას, ხელში აიყვანოს. ერთი წლის ბავშვის მარტო დატოვება საკმაოდ რთულია. ერთი მხრივ იმიტომ, რომ ის უკვე დიდია და დადის, აქტიურად იკვლევს სამყაროს, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ ეშინია. რა ხდება შემდეგ? პატარა იზრდება, 1,5-2 წლის ასაკში მას უკვე შეუძლია რამდენიმე ხანს უფროსების გარეშე ყოფნა, დამოუკიდებლად თამაში, თუმცა ახალ უნარებთან ერთად ახალი შიშიც ჩნდება: ბავშვს ეშინია ბინაში არსებული ხმების, ექიმის, თუ ის ნემსებთან ასოცირდება. 3-4 წლის ბავშვს ეშინია ზღაპრების პერსონაჟების ან სიბნელის, რომლიდანაც ისინი შეიძლება "გამოძვრნენ". ამავე ასაკში პატარებს შეუძლიათ, მშობლების აკრძალვის მიუხედავად, აცოცდნენ სიმაღლეზე (აი, სად ვლინება 3 წლის ასაკის კრიზისი!) და ჩამოსვლის შეეშინდეთ, რადგან ძალიან მაღლა არიან. გავიხსენოთ ჩვენი შიშები 5-6 წლის ასაკში. მრავალ ჩვენგანს, როცა ბებიასთან დატოვებდნენ, ეშინოდა, რომ დედა ან მამა დიდხანს აღარ მოვიდოდნენ. ზოგჯერ პატარა ბავშვს ამ ასაკში სიკვდილის შიში უჩნდება. ის უცნაურ შეკითხვას სვამს: "დედა, მე მოვკვდები?" ეს არ არის გასაკვირი. პატარა ბავშვი ხომ თანდათან აღმოაჩენს ამ სამყაროს და ზღაპრების პერსონაჟთა როლსაც მოირგებს ხოლმე, ისინი კი არა მარტო მღერიან ან ცეკვავენ, ზოგჯერ იხოცებიან კიდეც. ჩამოთვლილი შიშები პათოლოგია არ არის. მაგრამ თუ ბავშვი მუდამ ერთი და იმავე შიშის შესახებ ლაპარაკობს და მას ვერ ძლევს, ესე იგი მას აქვს მყარი ფობია. ამ შემთხვევაში აუცილებელია ბავშვთა ფსიქოლოგის დახმარება.

იყავი თამამი!

როგორ უნდა მოიქცეს მშიშარა ბავშვის მშობელი? აღიარეთ შიშის არსებობა. ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვს აგრძნობინოთ, რომ მისი კარგად გესმით და პატარაობისას თქვენც ბევრი რამისა გეშინოდათ. ეს ბავშვს მისცემს საშუალებას, არ გაამახვილოს ყურადღება საკუთარ შიშზე. გახსოდეთ, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვები რეალურ და წარმოსახვით შიშებს ერთმანეთისგან ძნელად არჩევენ. ამიტომ არის არაფრის მთქმელი პატარა ბავშვისთვის ფრაზა "მონსტრები არ არსებობენ". მისთვის ურჩხული ისეთივე რეალურია, როგორიც სხვა ყველაფერი. ერთად განიხილეთ შიში, სთხოვეთ ბავშვს, სიტყვებით გადმოგცეთ ის. რაც უფრო უკეთ გააცნობიერებს პატარა შიშს, მით უფრო ნაკლებსაშინელი მოეჩვენება ის. მაგალითად, თუ პატარას სიბნელის ეშინია, უნდა ვკითხოთ, რა აშინებს კონკრეტულად. შესაძლოა, ბავშვს კონკრეტული პასუხის გაცემა გაუჭირდეს, ამიტომ რეკომენდებულია, დავუსვათ მიმანიშნებელი კითხვები: "მონსტრების გეშინია?", "ყაჩაღების გეშინია?" როცა ბავშვი თავისი შიშების შესახებ მოგიყვებათ, ეცადეთ იპოვოთ პრობლემის მოგვარების გზა: ჩართული დატოვოთ სინათლე, ბავშვი არ შეუშვათ ბნელ ოთახში მარტო, მისცეთ სასტვენი, რათა საშიშროებისას დაუსტვინოს... დაარწმუნეთ პატარა საკუთარ უსაფრთხოებაში. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენ იცით, როგორ მოიქცეთ და არავითარ უბედურებას არ დაუშვებთ. შიშს ისე არაფერი აძლიერებს, როგორც მოზრდილი ადამიანის დაბნეულობა. თქვენი ამოცანაა ჩაუნერგოთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა, აგრძნობინოთ, რომ თქვენ მას ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავთ.

სკოლამდელთა შიშები

8-10 თვის ასაკში - უცხო ადამიანების შიში; 1 წლის ასაკში - მარტოობის შიში; 1 წლისა და 6 თვის ასაკში - დედის წასვლის, ბინაში ხმაურის, ექიმების, ნემსების შიში; 2 წლის ასაკში - მშობლების მიერ დასჯის, ტრანსპორტის, ზოგიერთი ცხოველის, ნემსების, ექიმთან ვიზიტის შიში; 3-4 წლის ასაკში - ზღაპრული და მულტფილმების პერსონაჟთა შიში, ნემსის, ტკივილის, სიმაღლის, სიბნელის, ჩაკეტილი სივრცის შიში; 5-6 წლის ასაკში - სიკვდილის, ვირტუალური პერსონაჟების, საშიში სიზმრების, თავდასხმის, ომების, ცეცხლის, ხანძრის შიში.

ქვემოთ გთავაზობთ ტესტს, რომლის მეშვეობითაც შეიტყობთ, ვისი ბრალია ბავშვის შიში

1) თქვენი ბავშვი ცელქობს. რას ეტყვით თქვენ?

ა) შენ ცუდი ბიჭი/გოგო ხარ, დაჯექი და დაფიქრდი!

ბ) ცუდად მოიქეცი, დაჯექი და დაფიქრდი.

2) ბავშვმა დახატა მონსტრი და უცებ თვითონვე შეშინდა. როგორ დაამშვიდებთ?

ა) ბავშვს გაართობთ და სურათს დამალავთ.

ბ) თქვენ ერთად გააგრძელებთ ხატვას, მონსტრს სასაცილო არსებად გადააქცევთ და ერთად იცინებთ.

3) თქვენ ძალიან გეშინიათ ტარაკანების, თაგვებისა თუ კალიების. როგორ მოიქცევით, თუ ამ "საშინელებებს" ბავშვის თანდასწრებით დაინახავთ?

ა) შეიძლება ავკივლდე.

ბ) შვილს არ ვაგრძნობინებ, რომ მეშინია.

4) ვიღაცის ძაღლმა დაგიყეფათ და ბავშვს შეეშინდა. ცოტა ხნის მერე ნაცნობი მოგიახლოვდათ. მას ძაღლიც ახლავს. როგორ მოიქცევით?

ა) ნაცნობს სთხოვთ, ძაღლი შორს წაიყვანოს.

ბ) ძაღლს მოეფერებით და იმავეს ბავშვსაც შესთავაზებთ.

5) ბაღიდან მოსული ბავშვი გთხოვთ, მულტფილმი ჩაურთოთ. თქვენ ჩართავთ:

ა) "ტომსა და ჯერის".

ბ) "ფიფქიას და შვიდ ჯუჯას".

6) ბავშვი საშინელ ისტორიას გიყვებათ. როგორ მოიქცევით?

ა) ჩათვლით, რომ ეს სისულელეა და მხიარული სახით ეტყვით ამას პატარას.

ბ) მოუსმენთ და ეცდებით, გაიგოთ, რა აღელვებს მას.

7) ბავშვმა რძე დალია და ახლა გასარეცხი ჭიქით თამაშობს. დეიდამ უთხრა, თუ ჭიქას არ დადებდა, ჭიქიდან ჯინი გამოფრინდებოდა. თქვენ:

ა) იცინით და ეუბნებით, რომ ჭიქა ადგილზე უნდა დადოს.

ბ) ეხვევით და ეუბნებით, რომ მის თავს არავის დააჩაგვრინებთ, მაგრამ ჭიქა ადგილზე უნდა დააბრუნოთ.

8) როცა ტელევიზიით საშინელებათა ფილმს უყურებთ, სად არის ბავშვი?

ა) იქვე თამაშობს.

ბ) თამაშობს თავის ოთახში.

9) ბავშვი საბავშვო ბაღში მიიყვანეთ. უეცრად ის ატირდა და დარჩენაზე უარი განაცხადა. თქვენ:

ა) ჰპირდებით, რომ დარჩებით, მაგრამ როცა ბავშვი გაერთობა, ჩუმად წახვალთ.

ბ) ეუბნებით, რომ აუცილებლად უნდა წახვიდეთ, მაგრამ საღამოს დაბრუნდებით.

10) ბავშვმა საშინელი სიზმრის შემდეგ ტირილით გაიღვიძა. როგორ აწყნარებთ მას?

ა) ეუბნებით, რომ ეს მხოლოდ სიზმარია.

ბ) უყვებით სიზმრის გაგრძელებას, სადაც მის დასახმარებლად კეთილი ფერია მოდის.

11) თქვენმა მეგობრებმა თქვენს შვილს საჩუქრად სათამაშო მოუტანეს, მაგრამ ის შეშინდა და ატირდა. თქვენ:

ა) ეცდებით დაამშვიდოთ და აუხსნათ, რა კარგი სათამაშოა.

ბ) შეინახავთ და რომ დამშვიდდება, აუხსნით, რა კარგი სათამაშო აჩუქეს.

12) თქვენმა მეორეკლასელმა შვილმა ძველი დათუნია მოძებნა და საწოლში ჩაიწვინა. თქვენ:

ა) გაიცინებთ და ეტყვით, რომ ის უკვე დიდია.

ბ) არ შეიმჩნევთ, მაგრამ ეცდებით გაარკვიოთ, რა აწუხებს მას.

ახლა პასუხები შევაჯამოთ

თუ ჭარბობს ა ვარიანტი: თქვენ თავად ხართ ბავშვის მრავალი შიშის მიზეზი, თითქმის ყოველთვის კრიტიკულად აფასებთ ბავშვის საქციელს და ხშირად ეუბნებით, რომ პატარასავით შეშინდა. ეს ამცირებს ბავშვის თვითშეფასებას, რაც შეიძლება შემდგომი შიშისა და კომპლექსის მიზეზად იქცეს. ზოგჯერ ფიქრობთ, რომ ბავშვი სპეციალურად იგონებს ყველაფერს, რათა ფაფა არ ჭამოს ან დასაძინებლად არ დაწვეს. ზოგჯერ ძალიან გინდათ ბავშვს თვალები აუხილოთ, რომ ცხოვრება და ზღაპარი სრულიად სხვადასხვა რამაა, მაგრამ აქ არ ღირს აჩქარება; ჯობს, პატარა ბავშვს საოცრებების სჯეროდეს. გაცილებით უარესია, თუ ამ ასაკში ბავშვი ცინიკოსი გახდება. აბა, დაფიქრდით, განა თავად არ გეშინოდათ, როცა პატარა იყავით? შიში რომ გაქრეს, მიეცით ბავშვს საშუალება დარწმუნდეს საკუთარ უსაფრთხოებაში. უბრალოდ დაუჯერეთ, მოუსმინეთ და იცოდეთ, რომ როდესმე შიშს გაზრდილი ბავშვისა შეეშინდება და გაქრება.

თუ ა და ბ პასუხები თითქმის თანაბარია: თქვენ კარგად იცით, რომ ბავშვისა და მოზრდილის ფსიქიკა ერთმანეთისგან განსხვავდება. შეგიძლიათ ბავშვი გაართოთ, მისი ყურადღება სხვა საგანზე გადაიტანოთ, დაარწმუნოთ ის შიშის უსაფუძვლობაში. მიუხედავად ამისა, თქვენ ყოველთვის არ გჯერათ ბავშვის გულწრფელობის. ის, რასაც თქვენ ტყუილს უწოდებთ, სინამდვილეში ბავშვის ფანტაზიაა, სადაც სიმართლე და გამონაგონი ერთმანეთშია არეული. ბავშვს სჯერა იმისა, რასაც ჰყვება.

ჭარბობს ბ ვარიანტი: თქვენი მთავარი დამსახურება ის არის, რომ ქმნით ატმოსფეროს, რომელშიც ბავშვი თავს კომფორტულად გრძნობს, სჯერა საკუთარი თავის. თუ შეგიძლიათ ერთად იცინოთ იმაზე, რაც ერთი შეხედვით საშიშია, ესე იგი ყველაფერი რიგზეა. სასაცილო საშიში ვერ იქნება!