უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა

გარდა ამისა, საბავშვო მენიუ დაბალანსებული უნდა იყოს ბიოლოგიური თვალსაზრისით და სათანადო რაოდენობის ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებსა და ვიტამინებს შეიცავდეს. თუმცა მეცნიერული ცოდნა საკვების მარგებლობის შესახებ ამით არ ამოიწურება. დიდი ხანია საიდუმლოდ აღარ მიიჩნევა, რომ მრავალი დაავადება თუ დაავადებებისადმი მიდრეკილება ხშირად ბავშვობაშივე ყალიბდება არასწორად შედგენილი რაციონის გამო. დიეტოლოგების დიდი ნაწილი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მენიუს მრავალფეროვნებაზე. ეს გასაგებიცაა - სწორედ სხვადასხვაგვარი პროდუქტების შერწყმით შეიძლება მიიღოს ორგანიზმმა აუცილებელი საკვები და ენერგეტიკული ნივთიერებები. უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელიც ჩვენს სუფრაზე ხვდება? მოდით, განვიხილოთ, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს თანამედროვე საკვები. დღეს თითქმის ყველას რაციონში შეიძლება აღმოვაჩინოთ ესა თუ ის მავნე ნივთიერება. რასაკვირველია, კვების მრეწველობას ბოიკოტს ვერ გამოვუცხადებთ, სხვადასხვა საკვები მინარევის შემცველი პროდუქტები ყოველთვის იარსებებს, სწორედ ამიტომ უნდა გვქონდეს წარმოდგენა პროდუქტების დამუშავების მეთოდებზე, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება მინიმუმამდე შევამციროთ არასასურველი კომპონენტების ეფექტები. ამასთან ერთად, მაქსიმალურად უნდა გავამრავალფეროვნოთ რაციონი და ფხიზლად ვიყოთ მაღაზიასა თუ ბაზარში სურსათის შერჩევისას.

სოლანინი

სოლანინი ალკალოიდის ერთ-ერთი სახეობაა. ის განსაკუთრებით უხვად გროვდება გამწვანებულ ან ძველ კარტოფილში. ადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრისას ამ ნივთიერებას შეუძლია მოწამვლის სიმპტომები - ქოშინი, გულისრევა, ფაღარათი გამოიწვიოს. სოლანინი ყველაზე მეტია მწვანე კარტოფილში. ის მაშინ გროვდება, როცა კარტოფილი სიბნელის ნაცვლად სინათლეზე დევს, თუმცა ჩვეულებრივ პირობებშიც შეიძლება პროდუქტში ალკალოიდის რაოდენობამ თანდათან მოიმატოს. ამის შედეგად ალკალოიდის შემცველობა მაქსიმუმს აღწევს გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში, ამიტომ წლის ამ პერიოდში კარტოფილის გონივრული მოხმარებაა საჭირო. არ გირჩევთ, ეს ბოსტნეული ყოველი კვების დროს მიირთვათ. ჩვეული გარნირი შეცვალეთ ბრინჯით, მაკარონით, მოშუშული ბოსტნეულით, ხოლო წვნიანში კარტოფილის ნაცვლად ბურღული ან პარკოსნები ჩაამატეთ.

როგორ დავიცვათ თავი?

ძირითადი მეთოდი კარტოფილის სწორი შენახვაა. ასე თავიდან ავიცილებთ მის გამწვანებას. თუმცა შეიძლება საკვებად გამოვიყენოთ მწვანე ბოლქვებიც, თუ მწვანე ნაწილს კარგად მოვაჭრით. ალკალოიდის ნაწილი კი ხარშვისას იკარგება. ამრიგად, დაზიანებული ნაწილის მოცილებითა და ნახარშის გადაღვრით საფრთხეს თავიდან ავიცილებთ.

მძიმე ლითონები

მძიმე ლითონებს, განსაკუთრებით - დარიშხანს, ტყვიას, ვერცხლისწყალს, კადმიუმს, უნარი შესწევთ, ნივთიერებათა ცვლის პროცესები დათრგუნონ, ზრდა-განვითარება შეაფერხონ. არსებობს ფაქტორები, რომლებიც აძლიერებს მძიმე ლითონების ზემოქმედებას. არასრულფასოვანი კვება, საკვებ რაციონში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, ცილების დეფიციტი ზრდის ტყვიის ათვისებას. მრავალი მძიმე ლითონის შემცველობა მომატებულია თევზში, განსაკუთრებით - მტაცებელ სახეობებში: ქორჭილაში, ქარიყლაპიაში და ზღვის ისეთ ბინადრებში, როგორებიც არიან კიბორჩხალისებრნი და მოლუსკები. გარდა ამისა, ტყვია ხვდება იმ საკვებშიც, რომელსაც არაკვებითი დანიშნულების ჭურჭელში ამზადებენ და ინახავენ. არანაკლებ საშიშია ტყვია, რომელიც გამოიყენება კონსერვის ქილების სახურავების მისარჩილავად. კონსერვის ქილა ამ თვალსაზრისით საშიშია, როცა გახსნის შემდეგ შიგთავსს მასშივე ვტოვებთ -  ჟანგბადის ზემოქმედებით ტყვია გამოთავისუფლდება. ვერცხლისწყალი გროვდება ცხოველთა თირკმელებსა და ტყის სოკოების გადამწიფებულ ქოლგებში.

როგორ დავიცვათ თავი?

ნუ გამოიყენებთ საკვების შესანახად ჭურჭელს, რომელიც არ არის გამიზნული საკვების შესანახად. კონსერვის შეძენისას ყურადღებით დაათვალიერეთ ქილა. უხარისხო ნაკერი, ჩადრეკილი ზედაპირი საკმაო საბაბია, რომ შეძენაზე უარი თქვათ. არცთუ იშვიათად ასეთი კონსერვები უფრო იაფად იყიდება, მაგრამ ეკონომიით შეიძლება ჯანმრთელობა დავიზიანოთ. კონსერვის შიგთავსი გახსნისთანავე სხვა ჭურჭელში გადაიტანეთ და ასე შეინახეთ. თუ ცხოველის თირკმლის ჭამა გიყვართ, ის გულდასმით დაამუშავეთ - 2-3 საათით ჩაალბეთ წყალში და ამ ხნის განმავლობაში წყალი რამდენჯერმე გამოუცვალეთ, მერე კი ხარშვისას ნახარში 2-ჯერ გადაღვარეთ. ასე ვერცხლისწყლის შემცველობას უსაფრთხო დონემდე შეამცირებთ.


ბიოგენური ამინები

ბიოგენურ ამინებს უნარი შესწევთ გამოიწვიონ სისხლძარღვოვანი რეაქციების დარღვევა, მოახდინონ თავის ტკივილისა და ჭინჭრის ციების პროვოცირება. ზოგიერთ ბოსტნეულსა და ხილში (პომიდორში, ქლიავში, ბანანში), აგრეთვე შოკოლადში ბევრია სეროტონინი. ფერმენტირებულ პროდუქტებში (ქარხნული ყველი) და დამარილებულ თევზში ხშირად აღოჩნდება თირამინი. ჰისტამინით მდიდარია თევზის კონსერვები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიოგენური ამინების შემცველობა თევზის პროდუქციის შენახვისას დროთა განმავლობაში იმატებს.

როგორ დავიცვათ თავი?

არ უნდა გაგვიტაცოს ერთფეროვანმა დიეტამ, რაციონში უნდა იყოს მრავალფეროვანი პროდუქტების განსხვავებული შერწყმა. თუ ბავშვი თავის ტკივილს უჩივის, ეცადეთ გაიხსენოთ, რა ჭამა მან. შესაძლოა დამნაშავე სწორედ მენიუ იყოს.

ციანოგენური გლიკოზიდები

ციანოგენური გლიკოზიდები ზოგიერთი ნივთიერებების ზემოქმედებით შეიძლება საშიშ კომპონენტებად დაიშალოს. ეს ნივთიერებებია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წვენები და ფერმენტები ან მცენარეთა საკუთარი ფერმენტები. ტანგენური გლიკოზიდების ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ამიტომ კარგად შესწავლილი წარმომადგენელია ამიგდალინი, რომელმაც დასახელება ნუშის ლათინური სახელწოდებიდან მიიღო. ტანოგენური გლიკოზიდები კურკოვან კულტურათა ნაყოფშია. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ალუბალი, ქლიავი, ატამი, გარგარი, ბალი და ნუში. საშიში ნივთიერება ყველაზე დიდი რაოდენობით აღმოჩენილია ამ პროდუქტების კურკების შიგთავსში.

როგორ დავიცვათ თავი?

არ შეიძლება დიდი რაოდენობით მივირთვათ ნუშის ან გარგარის კურკა. უმჯობესია, ნუში საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. აღსანიშნავია, რომ კურკიან მცენარეთა კომპოტები და მურაბები არ არის საშიში, რადგან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ამიგდალინის გარდამქმნელი ფერმენტები იშლება.

ობის სოკოების მიერ გამოყოფილი შხამიანი ნივთიერებები

მიკოტოქსინები - ობის სოკოების მიერ გამოყოფილი მომწამლავი ნივთიერებები - თრგუნავენ იმუნიტეტს, იწვევენ ალერგიას და ა.შ. ისინი მოიპოვება ნებისმიერ დაობებულ პროდუქტში, უმთავრესად - მცენარეული ბუნებისაში, თუმცა ობი შეიძლება გაუჩნდეს მაწონსაც და ყველსაც.

როგორ დავიცვათ თავი?

თუ საკვები ინახება სოკოს განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებში - მომატებულ ნესტსა და +2-30 გრადუსამდე ტემპერატურაზე - და ობით იფარება, ჯობს გადავაგდოთ. უნდა ვერიდოთ ნაწილობრივ დაობებული პროდუქტების საღი ნაწილების გამოყენებასაც.

ნიტრატები და ნიტრიტები

აზოტოვანი ნაერთები - ნიტრატები და ნიტრიტები - ორგანიზმში ჭარბად მოხვედრისას საშიშ ნივთიერებებად გარდაიქმნება, რომლებსაც ონკოდაავადებების პროვოცირება შეუძლია. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით მიღებისას ნიტრატები და ნიტრიტები მოწამვლასაც იწვევს. ნიტრიტებით მდიდარია სასუქით მოყვანილი ბოსტნეული, ხოლო ნიტრიტებით - ხორცის გადამუშავებით მიღებული პროდუქტები: ძეხვი, სოსისი. ნიტრიტებს ამ პროდუქტებს საგანგებოდ უმატებენ შენახვის ვადის გახანგრძლივების მიზნით ანუ კონსერვაციისთვის. ნიტრიტები ყველაზე მეტი სათბურში მოყვანილ საადრეო ბოსტნეულშია. აღსანიშნავია, რომ ნიტრატები ბოსტნეულში არათანაბრადაა განაწილებული: კომბოსტოში - გულში, კიტრსა და ბოლოკში - კანში, სტაფილოში - გულში.

როგორ დავიცვათ თავი?

ნიტრატები: ბოსტნეულის გარეცხვა-გაწმენდისას ნიტრატების საშუალოდ 15% იკარგება, მოხარშვისას - 40% ჭარხლიდან, 70-80% კომბოსტოდან, სტაფილოდან, კარტოფილიდან. მცენარეულ ზეთში შეწვა ნიტრატების შემცველობას 15%-ით ამცირებს, ხოლო დამჟავება - 2-ჯერ, თუმცა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ. ნიტრატების შემცველობა მცირდება შენახვის დროსაც - რამდენიმე თვის განმავლობაში 30-50%-ით. განსაკუთრებით ეფექტურია ბოსტნეულის შენახვა დაბალ ტემპერატურაზე. ნიტრიტები: მათგან თავის დასაცავად რეკომენდებულია ზომიერად მივირთვათ ხორცის გადამუშავებით მიღებული პროდუქტები - ძეხვი, სოსისი. ზოგიერთი ნივთიერება ამცირებს აზოტოვანი ნივთიერებების მავნე ზემოქმედებას. ასეთი ნივთიერებებია ჩ და E ვიტამინები, ტანინი, პექტინები, უჯრედისი. სწორედ ამიტომ არის შესაძლებელი მრავალფეროვანი და სრულფასოვანი მენიუთი ადამიანის ორგანიზმზე ნიტრატებისა და ნიტრიტების ნეგატიური ზემოქმედების კომპენსირება.